"პაემანზე წასვლისას ყოველთვის ვღელავ"
font-large font-small
"პაემანზე წასვლისას ყოველთვის ვღელავ"
რა შემთხვევაში გადავა ამერიკაში საცხოვრებლად ნინო შავგულიძე

სერიალი "იდეალური დედა" ახალი სატელევიზიო სეზონიდან გაგრძელდა, რამაც ტასოს როლის შემსრულებლის - ნინო შავგულიძის ამერიკიდან საქართველოში დაბრუნება დააჩქარა...


- ამერიკაში ჩემი ვიზიტის მიზეზი ჩემი დის მონახულება და მეგობრებთან ერთად დროის კარგად გატარება, დასვენებაა. საქართველოში დაბრუნების მიზეზს რაც შეეხება, ეს ყოველთვის პატრიოტიზმია - სამშობლო მეძახის და დიდი ხნით ვერსად ვჩერდები, რადგან ჩემი ქვეყანა, ქალაქი, მეგობრები, ოჯახი ძალიან მიყვარს. ამიტომ არსად გადახვეწას არ ვაპირებ. საქართველოში მალე დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სერიალი "იდეალური დედაა", რომელიც წინასწარ არ ვიცოდით, ახალი სატელევიზიო სეზონიდან გაგრძელდებოდა თუ არა. როცა დამტკიცდა, რომ გაგრძელდებოდა და გადაღებისთვის სამზადისი დაიწყო, ბილეთი ავიღე და სასწრაფოდ გამოვფრინდი. ჩამოვედი თუ არა, მეორე დღესვე გადაღებაზე წავედი, რომ აკლიმატიზაცია ხალისიანი გარემოთი "გადამეგორებინა". საერთოდ, უსაქმურობას ვერ ვიტან.
- შენი აზრით, რეჟისორების, პროდიუსერების ინტერესს რატომ იწვევ? რა გამოგარჩევს სხვა მსახიობებისგან?
- წარმოდგენა არ მაქვს. ჩემთვის ყოველ ახალ პროექტში მიწვევა სიურპრიზია. იმის მოლოდინი ან პრეტენზია არასოდეს მაქვს, რომ სწორედ მე შემარჩიონ. წარმოიდგინეთ, პირველ სამსახურთან დაკავშირებული შემოთავაზებისას რა ემოციაც გქონდათ, ზუსტად ასეთი ემოცია მეუფლება ყოველ ახალ პროექტში მონაწილეობისას, რადგან ყოველი ახალი როლი დიდი სიურპრიზი და სიხარულია. რით ვარ გამორჩეული, ალბათ ეს რეჟისორებს უნდა ჰკითხოთ. შეიძლება კარგი მსახიობი იყო, მაგრამ ალბათ გააჩნია, რომელ როლს "ერგები". მაგალითად, ჯულიეტას ვერასოდეს ვითამაშებ. ყველა ადამიანს თავისი როლი აქვს - ცხოვრებაშიც და სცენაზეც. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ რაღაცით გამორჩეული ვარ. უბრალოდ, ალბათ არის რაღაც ჩემი, რაღაც - არა.
- მას შემდეგ, რაც ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდი, პროფესიისადმი შენი დამოკიდებულება შეიცვალა?
- არა. ხანდახან ტელევიზორში საკუთარ თავს თვალს რომ მოვკრავ, თითქოს სხვა ადამიანია (იღიმის)... არაფერი შეცვლილა: იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს. იმაზე ორიენტირებული არ ვარ, რომ ფართო საზოგადოებამ აუცილებლად უნდა დამინახოს. მსახიობს ეს არ გაინტერესებს. უშუალოდ მუშაობის პროცესით ინტერესდები; სიამოვნებას, ენერგიას ამ პროცესისგან იღებ და ბოლომდე იხარჯები, ბედნიერი ხარ. ადამიანმა, რომელიც რეალიზებულია და იმას აკეთებს, რაც უნდა, რაღა უნდა შეიცვალოს? ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ბედნიერი, რეალიზებული და თამამი ხარ.
- პიროვნულ ცვლილებას რაც შეეხება?
- ყოველდღე რაღაც იცვლება, რაც ადამიანს რაიმეს გასწავლის. ცხოვრება ძალიან საინტერესოა. მგონია, რომ პიროვნულად გარემოებები გცვლის. მთავარია, ყველა ცვლილება მიიღო. ჩემში მართლა ძალიან რადიკალური ცვლილებები მოხდა. ახალ ნაცნობებთან კომუნიკაციით შეიძლება, ბევრი რამ ისწავლო. ამიტომაც მიყვარს ხალხი, ფუსფუსი, ახალი საზოგადოება, ახალი აზრები, ყველას მოსმენა... ყველას ფსიქოლოგია მაინტერესებს - ვინ რას და რატომ აკეთებს, ვინ როგორ ფიქრობს... ყველა ადამიანი უნიკალურია... საერთოდ, თუ ბევრს ფიქრობ, წარმოუდგენელია, რომ არ შეიცვალო. ცვლილებები აუცილებელია. საკუთარი თავი ყოველდღიურად უკეთესობისკენ უნდა "წაიყვანო". მაგალითად, რაღაცის გამო გაბრაზდი. შემდეგ თუკი იმაზე მუშაობ, რომ არ უნდა გაბრაზდე ან მიზეზს ჩაეძიე - რატომ გაბრაზდი და საკუთარი თავის ფსიქოლოგი ხდები, არ არსებობს, არ შეიცვალო. თუ ისევ ისეთი ვარ, როგორიც 10 წლის წინ ვიყავი, ეს ცუდი იქნება, რადგან ბევრად უფრო ჰუმანური უნდა გავმხდარიყავი. რეალურად, ვერ ვიტყვი, რომ ისეთივე ვარ, როგორიც წლების წინ. ბევრ საკითხთან დაკავშირებით, შეხედულება შემეცვალა...
GzaPress
- თეატრში მუშაობაც განაახლე?
- მოგეხსენებათ, ივლისში, სოხუმის თეატრს თუმანიშვილში "მთვარის მოტაცების" პრემიერა გვქონდა. ახლა სოხუმის თეატრის სცენის ბოლომდე მოწესრიგებას ველით, რომ ეს სპექტაკლი ჩვენს თეატრშიც ვითამაშოთ და კონსტანტინე გამსახურდიას "მთვარის მოტაცების" უკვდავი პერსონაჟები კიდევ ერთხელ გავაცოცხლოთ... ახლახან ახალციხეში, ეროვნული დრამატურგიის ფესტივალზეც ვიყავით. "არაეროვნული" სპექტაკლი - "იაკიში და პუპჩე" (რომელიც დავით საყვარელიძემ დადგა) წავიღეთ, მაგრამ ფესტივალმა მაინც მიგვიღო (იღიმის).
- ზაფხული როგორ გაატარე?
- ნიუ-იორკში ყოველთვის ზაფხულში მივდივარ - თავისუფალი დრო მაქვს. ყოველი ჩასვლისას ახალი შთაბეჭდილებებით სავსე ვბრუნდები უკან, რადგან ყოველი ვიზიტისას "ახალ ამერიკას" ვეცნობი; ამერიკის კულტურის, ისტორიის და ზოგადად, ცხოვრების შესახებ ცოდნას ვიღრმავებ და ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემი აზრით, ადამიანს სამშობლოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეუცვლის, რაც უნდა კარგად გრძნობდეს თავს სხვაგან.
- და მაინც, ამერიკაში ყოველი ვიზიტისას, იქ დარჩენის ცდუნება არ იზრდება?
- არა, პირიქით - ეს ცდუნება მცირდება. იქაურობა ძალიან მომწონს, ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაგრამ რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც უნდა იყო და რა წარმატებაც უნდა გქონდეს ცხოვრებაში, სამშობლოს ვერაფერი შეგიცვლის. რა თქმა უნდა, იმის ცდუნება, რომ ჩვენს ქვეყანასთან შედარებით, იქ კარგი ცხოვრებაა, არის, მაგრამ ადამიანი თავს ყველაზე კარგად მაინც სამშობლოში გრძნობს. ამიტომ ჩემი ტურისტული ვიზიტები მხოლოდ გართობით და ოჯახის წევრების მონახულებით შემოიფარგლება.
- ამერიკაში რომანტიკულ პაემანზე თუ ყოფილხარ?
- ამერიკაში ყოველი შეხვედრა პაემანს ჰგავს. ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველდღე პაემანზე დავდიოდი მეგობრებთან ერთად. იქ დრო სხვაგვარად არის განაწილებული და შეხვედრისას დამოკიდებულებაც იგრძნობა: თუ მეგობარმა შენთვის დრო გამონახა, ე.ი. ბოლომდე შენზე ორიენტირებული იქნება და საუბრისას გაჯეტით არ ისარგებლებს. შესაძლებლობებიც მრავალფეროვანია - უამრავი სახის აქტივობის დაგეგმვა შეგიძლია.
- პაემანზე წასასვლელად როგორ ემზადები საქართველოსა და ამერიკაში?
- პაემანზე წასვლისას ყოველთვის ვღელავ. ამ პროცესს სწორედ ღელვა ხდის სახალისოს. ეს სასიამოვნო სამზადისია, როცა თავში უამრავი აზრი გიტრიალებს. დაკვირვებული ვარ, პაემანზე წასვლის წინ, ჩემს გარეგნობაში ყოველთვის რაღაცას ვცვლი - რაღაც ახალი უნდა იყოს. არ ვიცი, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს, მაგრამ "განახლებულის" შეგრძნება სიამოვნებას მანიჭებს. გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ერთნაირი სამზადისი მაქვს. მთავარია, ის ადამიანი მაინტერესებდეს, ვისაც ვხვდები.
- სიყვარულის გამო შეგიძლია, საცხოვრებლად თუნდაც, ამერიკაში დარჩე?
- სიყვარულის გამო შეიძლება, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დავრჩე. მთავარია, იმ ადამიანთან ერთად ყოფნა მინდოდეს და მის ცხოვრებას მოვერგო. თბილისი იქნება თუ მსოფლიოს სხვა ნებისმიერი ქალაქი, მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი გარემოებებზეა დამოკიდებული. ამიტომ რა შეგემთხვევა, ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავ. შეიძლება, ახლა შეკითხვაზე "არა" გიპასუხო, მაგრამ ხვალ ვიღაც თავდავიწყებით შემიყვარდეს. მივხვდე, რომ მასთან ურთიერთობა საინტერესოა და მინდა, მთელი ცხოვრება დავუთმო. ამიტომ წინასწარ ვერაფერს იტყვი...
- ქართველი მეგობრების შენარჩუნებას ახერხებ თუ მანძილი და დრო ურთიერთობებს აუცხოებს?
- იმდენი ხნით არასოდეს მივდივარ, რომ ვინმე დამავიწყდეს. არც ვიცი, რა დროით უნდა გავემგზავრო, რომ ვინმე დამავიწყდეს, რადგან ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება მეგობრებთან ერთად ყოფნა და მათი მხარდაჭერაა. ამერიკაში ყოფნის დროსაც, დღე არ გადის, ვიდეოზარით ერთმანეთს არ ვესაუბროთ, ყველაფერი არ გავუზიაროთ. ის საკითხები, რაც მაღელვებს და რაზეც პასუხები არ მაქვს, ჩემს მეგობრებს რომ არ გავუზიარო, არ შემიძლია. განხილვის პროცესი ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რადგან მეგობრებს, მათ აზრს ვენდობი. ცხოვრებაში ბევრი შემთხვევა მქონია, როცა რაღაცების გამო აღელვებული ვყოფილვარ, მეგობრებს კი დავუმშვიდებივარ და სწორ გზაზე დავუყენებივარ.
- ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თუ ადევნებ თვალ-ყურს? ყველაზე მეტად რა საკითხი გაღელვებს?
- საზოგადოებაში ვნებათაღელვა რის გამოც უნდა იყოს ატეხილი, ის კონკრეტული საკითხი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მაგალითად, ვიღაცას რაღაც აწუხებს, გამოვედით, გავაპროტესტეთ - ჰოდა, სანამ პრობლემა არ მოგვარდება, საზოგადოება არ უნდა მოდუნდეს. განათლების რეფორმა იქნება თუ საზოგადოებისთვის აქტუალური ნებისმიერი სხვა თემა, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მინდა, საქართველო ყველას აღელვებდეს, სტკიოდეს. ისე რატომ ხდება, რომ ქვეყნიდან ყველა გარბის? არ მინდა, რომ საქართველოდან გავიქცეთ, სამშობლო დავტოვოთ და ხელი ჩავიქნიოთ. აქამდე მოტანილი, ამდენსაუკუნოვანი ქვეყანა ვიღაცას, თუნდაც - რუსეთს რატომ უნდა დავანებოთ? აბა, ჩვენი წინაპრები რისთვის იბრძოდნენ, აქამდე რატომ მოვედით? მწერლები, საზოგადო მოღვაწეები რას შეეწირნენ? უბრალოდ, ჩვენი ვალია, ამ ქვეყანას ბოლომდე ვუპატრონოთ და ბოლომდე გავიტანოთ ის, რისიც გვჯერა...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"პატრიარქის გვარს დასაბამი ქართლის მეფე ვახტანგ გორგასლის ნათლულმა - ღუდუშამ ჩაუყარა"
ჯულიანას ოცნებები და დღევანდელი რეალობა
ვირტუალურ სამყაროში ტროლების თემა აქტუალურია, ვირტუალური სამყარო კი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
50 წელი სცენაზე - გოგი ოსეფაშვილის საინტერესო ცხოვრების გზა
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ხაშურში, ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქალი სიცოცხლეს გამოასალმა.
რატომ არ დადის მეუღლის სპექტაკლებზე ნიაზ დიასამიძე?
"არ მიყვარს, როცა ბავშვებს ატყუებენ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1307 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი