"ზოგჯერ ჩემი ემოციების შესახებ ვწერ, შემდეგ - ვშლი..." - გზაპრესი

"ზოგჯერ ჩემი ემოციების შესახებ ვწერ, შემდეგ - ვშლი..."

გმირ კაპრალსა და წარმატებულ სპორტსმენს - თემო დადიანს წერა მოსწონს, მაგრამ ბოლო დროს ჩანაწერებს იშვიათად აკეთებს. რასაც წერს, იმასაც შლის... ამჟამად, თემო დადიანი მკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება - დაახლოებით ერთ კვირაში რუმინეთში გაემგზავრება. დღის განმავლობაში თითქმის შეუსვენებლად ვარჯიშობს. მიუხედავად ამისა, ჩვენთან წიგნების შესახებ საუბრისთვის მაინც მოიცალა. აღმოჩნდა, რომ შინ წიგნების კუთხე არ აქვს...

- ერთ დროს ჩემს ცხოვრებაში წიგნს დიდი ადგილი ეჭირა, მაგრამ ახლა ამისთვის დრო აღარ მაქვს. კარგა ხანია, წიგნი არ წამიკითხავს, რასაც მოუცლელობას ვაბრალებ, თუმცა ადამიანს თუ გინდა, დროს აუცილებლად გამონახავ. ალბათ, სურვილი აღარ მაქვს.

- რატომ?

- რა ვიცი. უფრო ინგლისურ ენაზე ვკითხულობ რაღაცებს, რომ ინგლისური არ დამავიწყდეს. მაგალითად, ახლა ვკითხულობ ჭე Dიე Aლონე-ს ("ყველანი მარტო ვკვდებით"). მეორე მსოფლიო ომის თემაზეა. მეგობარმა მირჩია, - მოგეწონებაო. ამ წიგნის კითხვა ახლახან დავიწყე. ყოველდღე ვერ ვკითხულობ. როცა შეჯიბრებისთვის ვემზადები, ბევრ ენერგიას ვხარჯავ. დასვენებისას იმის თავიც აღარ მაქვს, წიგნი წავიკითხო. ზოგჯერ უბრალოდ, ვწევარ და არაფერს ვაკეთებ... ახლა მთელი დღეები შეუსვენებლად ვვარჯიშობ. შეჯიბრების მერე, კითხვას გავაგრძელებ (იღიმის)... ისე, ბავშვობიდან ჩემთვის ყველაზე საყვარელი წიგნი "დიდოსტატის მარჯვენაა". ამ ნაწარმოების მიმართ სიყვარული დღემდე შემომრჩა. ალბათ, პირველად სკოლაში სწავლის პერიოდში წავიკითხე და დაახლოებით ოთხჯერ მაქვს წაკითხული. "ვეფხისტყაოსანიც" ძალიან მიყვარს. ალბათ, მიზეზი ის არის, რომ ამ წიგნებში ქართული ვაჟკაცობა, ქართული ხასიათი უფრო დავინახე.

- წიგნების მიმართ ინტერესი როდის გაგიჩნდა? პირველად როდის, როგორ შეარჩიე წასაკითხი წიგნი დამოუკიდებლად?

- სკოლა სოფელში დავამთავრე. ჩემს მეზობლად ერთი კაცი ცხოვრობდა (ცოცხალი აღარ არის, აცხონოს ღმერთმა). წიგნების დიდი თაროები ჰქონდა. 13-14 წლის ვიყავი, როცა ვთხოვე, რომ ჩემთვის წასაკითხად წიგნები მოეცა. "დიდოსტატის მარჯვენაც" მან მათხოვა. თავადაც მირჩევდა, რა წამეკითხა. იმ ადამიანისგან ბევრი წიგნი წამოვიღე, თუმცა ავტორებისა და ნაწარმოებების სახელები აღარ მახსოვს - ნარკოზის, ოპერაციების გამო, ბოლო დროს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს. ახლა ბევრ რაღაცას ვერ ვიხსენებ...

ჩემ მიერ წაკითხული პირველი ლიტერატურული ნაწარმოები დეტექტიური ჟანრის იყო (სათაურს ვერ ვიხსენებ). ძალიან "შემიტყუა". მისი წაკითხვის შემდეგ, იმ კაცთან მეორე წიგნისთვის მივედი, შემდეგ მესამისთვის, მეოთხისთვის... სერიოზულ წიგნებს ვგულისხმობ, თორემ ზღაპრებსა და კლასგარეშე ლიტერატურას სულ ვკითხულობდი, მეხუთე კლასიდან.

GzaPress

- მშობლებს შენთვის წიგნის კითხვის დაძალება დასჭირვებიათ? - არა, არასოდეს. სკოლა ისე დავამთავრე, რომ საუკეთესო თუ არა, საუკეთესო მოსწავლეთა სამეულში მაინც ვიყავი. სწავლა ყოველთვის მიყვარდა. ახლაც მიყვარს, ახლაც ვსწავლობ. მახსოვს, სკოლიდან დაბრუნებული ვისადილებდი, 1-2 საათს დავისვენებდი, მერე კი მომდევნო დღისთვის გაკვეთილებს ვამზადებდი. დისციპლინა ბავშვობიდან "მომყვება", რაც შემდეგ ჯარში გამომადგა და დღესაც მადგება. საერთოდ, დისციპლინა ყველაფერში საჭიროა, მით უმეტეს - ჯარსა და სპორტში.

- მწერლობის, ჩანაწერების გაკეთების სურვილი გაგჩენია?

- სიმართლე გითხრა, კი (იღიმის). მახსოვს, ბავშვობაში 1-2 ლექსიც მაქვს დაწერილი, მაგრამ ის რვეული ვეღარ ვიპოვე, რომელშიც მეწერა. ახლა, როცა ძლიერი ემოციები მომაწვება ხოლმე, ჩანაწერებს ტელეფონში ვაკეთებ. ავღანეთში ყოფნის დროსაც ვწერდი, კვირაში ერთხელ ან ორჯერ, როცა ვიცლიდი. ჩანაწერების კეთება მომწონს, მაგრამ ბოლო დროს თავი დავანებე; თუმცა ზოგჯერ ტელეფონში ჩემი ემოციების შესახებ ვწერ, შემდეგ ვშლი...

- რომელი ავტორის წერის სტილი მოგწონს?

- ასე გამორჩეული ავტორი არ მყავს, მაგრამ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებში ხასიათი გამოკვეთილად ვაჟკაცური, მამაცურია... სხვა ავტორებიც მომწონს, მაგრამ პირველი ვაჟა-ფშაველა გამახსენდა...

- ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციებზე რას გვეტყვი?

- ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების ბევრი კარგი ეკრანიზაცია გვაქვს. ცუდი არ მახსენდება. საერთოდ, ვფიქრობ, რომ წიგნში უფრო მეტი ემოცია "დევს", ვიდრე ფილმში. იცი, რა მხრივ? რაღაცები წიგნში უფრო რეალურია, ფილმს კი ისე იღებენ, რომ ყურებადი იყოს - ამას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ. ლიტერატურული ნაწარმოები უფრო სერიოზული, ემოციურია...

- ცხოვრების რთულ სიტუაციებში წიგნის კითხვა დაგხმარებია?

- კი. თუნდაც, ასე ვთქვათ, ქართული ხასიათის წიგნები და, რა თქმა უნდა, სასულიერო ლიტერატურა. ეკლესიებში პატარა ჩანაწერები იყიდება, რომელთა კითხვაც რთულ პერიოდში ძალიან გამომადგა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გარდატეხის პერიოდში, როცა ახალი დაჭრილი ვიყავი - სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში დამეხმარა.

- ყველაზე მეტად რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს ამსგავსებ საკუთარ თავს? რომელთან პოულობ მეტ საერთოს?

- ვერც ერთთან. ბავშვობიდან ასე ვარ. არასოდეს მითქვამს, მინდა ასეთი ვიყო-მეთქი. უბრალოდ, მე მე ვარ და ბოლომდე მივდივარ.

- ისეთი ლიტერატურული პერსონაჟი თუ გყავს, რომელთან ურთიერთობასაც ისურვებდი?

- სიმართლე გითხრა, არა. ალბათ იმიტომ, რომ წიგნებთან ისე "ახლოს" არ ვარ, რომ რომელიმე მწერლისა თუ ლიტერატურული პერსონაჟის მიბაძვის სურვილი გამიჩნდეს.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- 1-2 წლის წინ რაღაც ხელახლა გადავიკითხე, მაგრამ არ მახსოვს, ვერ მოგატყუებ.

- შინ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გაქვს?

- არც ისე მრავალფეროვანი. წიგნების კუთხე არ მაქვს. მარტო ვცხოვრობ. ამ ბინაში ახალი გადმოსული ვარ. ცოტა ხანში ისევ სხვაგან გადასვლა მინდა. მედლების კუთხეც არ მაქვს. სხვა ბინაში რომ გადავალ, იქ ყველაფერს ძირფესვიანად გავაკეთებ.

- როგორ ფიქრობ, შენს პირად ბიბლიოთეკაში რომელი წიგნები იქნება აუცილებლად?

- ძველი ქართული ნაწარმოებები: "ვეფხისტყაოსანი", "შუშანიკის წამება", აბო ტფილელი"... ჩემს პირად ბიბლიოთეკაში უმრავლესობა ქრისტიანობისთვის თავდადებული ხალხის ცხოვრების და ქართული ხასიათის ამსახველი წიგნები (ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, "დიდოსტატის მარჯვენა"...) იქნება.

- უცხოურ ლიტერატურაზე არაფერი გვითქვამს...

- მაგალითად, "მადამ ბოვარი" ბავშვობაში, ჩემ მიერ წაკითხული მესამე ლიტერატურული ნაწარმოებია. თან, მაშინ წიგნებს რომ ვკითხულობდი, ცალკე რვეულში ჩანაწერებს ვაკეთებდი, რომ არ დამვიწყებოდა, რაც მინდოდა მხსომებოდა, მაგრამ მაინც არ მახსოვს (იცინის). ამას წინათ, ამ ჩანაწერების რვეულს სოფელში ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე...

ეთო ყორღანაშვილი