"თავანში" ჩასაბარებელი ბავშვი და ცოლ-ქმრის კამათის სხვა მიზეზები - გზაპრესი

"თავანში" ჩასაბარებელი ბავშვი და ცოლ-ქმრის კამათის სხვა მიზეზები

ლევან სუხიტაშვილი და მაკა ვასაძე საზოგადოებამ წლების წინ, რეალითი შოუდან - "ამტანი" გაიცნო. უკვე წლებია, ისინი ცოლ-ქმარი არიან. გადავწყვიტეთ, ლევანი და მაკა გამოგვეცადა, რამდენად კარგად იცნობენ ერთმანეთს: მათ ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ერთი და იგივე შეკითხვები დავუსვით...

- როდის გააცნობიერე, რომ ის შენი ნამდვილი სიყვარული იყო? მან როდის გააცნობიერა?

მაკა:

- ერთმანეთი "ამტანში" გავიცანით. შემდეგ პროექტიდან გამომაგდეს. დარჩენილ მონაწილეებს შეეძლოთ, პროექტიდან გასულებს შორის ვინმე მიეწვიათ. ლევანმა მე დამპატიჟა. მასთან რომ შევედი, აი, მაშინ მივხვდი, რომ ის "ის" იყო (იღიმის). თავადაც იმ პერიოდში გააცნობიერა, ოღონდ - ალბათ, ოდნავ ადრე.

ლევანი:

- როცა "ამტანში" ვიყავი და მაკა პროექტიდან გააძევეს, მაშინ მივხვდი, რა... ორივემ იმ პერიოდში გავაცნობიერეთ.

- დაასახელე თქვენი ქორწინების თარიღი.

მაკა:

- 2006 წლის 13 იანვარი. დარწმუნებული ვარ, ეს ლევანს არ ემახსოვრება (იცინის).

ლევანი:

- 13 იანვარი. აუ, წელი ზუსტად არ მახსოვს - 2006 ან 2007.

- რის გამო წუწუნებს ყველაზე ხშირად? შენ რის გამო წუწუნებ?

მაკა:

- სულ ეჩქარება და რომ აგვიანდება, ალბათ, უფრო ამის გამო წუწუნებს. მე მისი დაგვიანების გამო ვწუწუნებ.

ლევანი:

- აუ, იმის გამო წუწუნებს, რომ სახლს ვურევ. მერევა ხოლმე, რა... მე ბევრ რამეზე ვწუწუნებ. უბრალოდ, ვერ ვიხსენებ.

- რა მოსწონს შენში ყველაზე მეტად? შენ რა მოგწონს მასში?

მაკა:

- მაქსიმალურად ვცდილობ, ყველა სიტუაციაში გვერდით დავუდგე. მგონია, რომ ამას ხედავს, აფასებს და მოსწონს. მე მასში თითქმის ყველაფერი მომწონს.

ლევანი:

- აუ, აზრზე არ ვარ. არ ვიცი, გამოკვეთილად რის გამო მოვწონვარ. ალბათ, უბრალოდ ლევანა მოსწონს (იცინის). მე მასში ადამიანური თვისებები და ის ცოლქმრული ურთიერთობა მომწონს, რომელსაც ძალიან უფრთხილდება. ჩემთანაც და შვილებთანაც მეგობრული ურთიერთობა აქვს.

- რა არ მოგწონს მასში? მას რა არ მოსწონს შენში?

მაკა:

- ძალიან ფეთხუმია. ამის გამო რომ ვებუზღუნები, ალბათ, ეგ არ მოსწონს.

ლევანი:

- არ მომწონს, რომ ბევრს წუწუნებს. მას ჩემი "სიმყრალე" (ბილწსიტყვაობა) არ მოსწონს - რაღაცის გამო რომ "გავჭედავ" და ვჩხუბობ... სახლს რომ ვურევ, ეგეც არ მოსწონს.

- რა ჰქვია ლევანის პერსონაჟის ცოლს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"?

მაკა:

- მგონი, ხათუნა.

ლევანი:

- თეკლა. არა, მოიცა 1 წამით... ნინო, თამუნა, ეკა... ქეთი? აუ, არა, რაღაც ბანძი სახელი ჰქვია...

- სიმღერა, რომელიც ორივეს განსაკუთრებულად გიყვართ...

მაკა:

- პირადად მე, "აჭრელებული" გემოვნება მაქვს. მასაც განსხვავებული გემოვნება აქვს, მაგრამ არის პერიოდები, როცა ამ მხრივ, ერთმანეთს "ვემთხვევით" - რაღაც სიმღერას ავიჩემებთ ხოლმე. მაგალითად, მაიკლ ფრენქსის I Wish You Love.

ლევანი:

- მაიკლ ფრენქსის I Wish You Love.

- რომელია მისი საყვარელი ფილმი? შენი?

მაკა:

- მისი საყვარელი ფილმია "ბედნიერებისკენ სწრაფვა" (უილ სმიტი თამაშობს). მე ბევრი ფილმი მიყვარს, მაგრამ ახლა რომელი გითხრა, არ ვიცი - ამოჩემებული არც ერთი არ მაქვს.

ლევანი:

- "მაგდანას ლურჯა" (იცინის)? აზრზე არ ვარ. ბევრი ფილმი უყვარს. მე ძალიან მიყვარს "ბედნიერებისკენ სწრაფვა", რომელშიც უილ სმიტი თამაშობს.

- ბავშვობაში რომელი პროფესიის დაუფლებაზე ოცნებობდა? შენ რომელზე ოცნებობდი?

მაკა:

- რომელზე ოცნებობდა, არ ვიცი, მაგრამ სამედიცინო კოლეჯში სწავლობდა - ექიმობა ნებავდა. მე მხატვრობა მინდოდა და ფაქტობრივად, ვარ კიდეც (გრაფიკული დიზაინერი).

ლევანი:

- მგონი, დიზაინერობა უნდოდა. მე არაფერზე ვოცნებობდი: საკუთარ თავთან დაკავშირებით, გარდატეხის ასაკამდე ყველა პროფესიას განვიხილავდი, მაგრამ არც ერთზე არ მიოცნებია. ამიტომ მერე, შემთხვევით, სამედიცინო კოლეჯში მოვხვდი - ვიფიქრე, იქ გადავწყვეტ-მეთქი. გინეკოლოგობა მინდოდა.

- თავისუფალ დროს ყველაზე მეტად რისი კეთება უყვარს მას? შენ?

მაკა:

- პირადად მე, პროფესიაც და ჰობიც ერთი და იგივე მაქვს. ამიტომ ვერ ვიტყვი, თავისუფალ დროს ვხატავ-მეთქი. როცა მცალია, სადმე წასვლა, მეგობრებთან ერთად გართობა მიყვარს, ასევე - ლევანსაც.

ლევანი:

- ის ხატავს, მე ვთამაშობ (კომპიუტერში ან მობილურ ტელეფონში).

- თქვენი პირველი რომანტიკული პაემანი...

მაკა:

- ბევრი წლის წინ იყო და არ მახსოვს. პროექტი "ამტანი" რომ დასრულდა, სულ ერთად ვიყავით. მერე საზღვარგარეთ გავემგზავრეთ. ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებოდით. ჩემთვის ისეთი ქაოსური პერიოდი იყო, რომ პირველი პაემანი ვერ დავიმახსოვრე.

ლევანი:

- პროექტიდან რომ გამოვედი, პირველად სად ვნახე (ფიქრობს)?.. ცირკთან (იცინის)... ჩემს სახლში? მოიცა... ვერ ვიხსენებ....

- ბოლოს რა გაჩუქა? შენ რა აჩუქე?

მაკა:

- მან სათვალე მაჩუქა: ლევანი თბილისში არ იმყოფებოდა. როცა დაბრუნდა, სათვალე ჩამომიტანა. მე რა ვაჩუქე, არ მახსოვს - კარგა ხანია, მისთვის არაფერი მიჩუქებია.

ლევანი:

- მან რა მაჩუქა, არ მახსოვს. მე სათვალე ვაჩუქე.

GzaPress

- რამდენ კილოგრამს იწონის? შენ რამდენს იწონი? მაკა:

- 68-70 კილოგრამს იწონის. იმედია, ჩემს წონას არ იტყვის. არც ვიცი - სასწორზე არ ვდგები (იცინის).

ლევანი:

- მაკა 73 კილოა, მე - 70.

- ყველაზე ხშირად რის გამო კამათობთ?

მაკა:

- ყოველ დილით ვეხვეწები, რომ დილით ნოე სკოლაში წაიყვანოს, მაგრამ არ მიჰყავს და ამის გამო სულ ვჩხუბობთ (იცინის). კიდევ, იმის გამო ვკამათობთ, რომ ძალიან ბილწი ენა აქვს და მაღიზიანებს.

ლევანი:

- წვრილმანებზე, საყოფაცხოვრებო საკითხებზე, სახლის არევა-დალაგებაზე (მე ვურევ, ის ალაგებს) ვკამათობთ ხოლმე.

- შენი ზოდიაქოს ნიშანი რომელია? მისი?

მაკა:

- მისი - მერწყული, ჩემი - კირჩხიბი.

ლევანი:

- მისი - კირჩხიბი, ჩემი - მერწყული.

- მისი საყვარელი ფერი? შენი?

მაკა:

- მკვეთრი, ჭრელაჭრულა ფერები უყვარს. კონკრეტული საყვარელი ფერი არ აქვს. ჩემი საყვარელი ფერი შავია.

ლევანი:

- მისი საყვარელი ფერი წითელია. არა, გამახსენდა - შავი! ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი.

- მისი საყვარელი კერძი რომელია? შენი?

მაკა:

- მაკარონზე გიჟდება, ისე უყვარს!.. მე გურული ქალი ვარ - მჭადსა და ყველზე ვგიჟდები! ის დავასახელე, რაც არ მბეზრდება, თორემ საერთოდ, ხაჭაპურიც მიყვარს, პიცაც, ხინკალიც...

ლევანი:

- მაკას ყველაფერი უყვარს, რაც "დევს", განსაკუთრებულად ფუნჩოზა - ეს ბოლო დროს ამოიჩემა. მეც ბევრი რამე მიყვარს, განსაკუთრებულად - მაკარონი. სხვათა შორის, კერძების მომზადება მაგრად გამოსდის. ისე არ ხდება, რომ რადგან ცოლი ამზადებს, იძულებული ხარ, ჭამო - მართლა კარგ რაღაცებს იგონებს.

- 20 წლის მერე, თქვენი ცხოვრება როგორი წარმოგიდგენია? მას როგორ წარმოუდგენია?

მაკა:

- მინდა, რომ გარკვეული პერიოდის მერე, თბილისში აღარ ვიცხოვრო - თბილისში ცხოვრება არ მიყვარს, არ მომწონს... შეკვეთილში, ზღვასთან სახლი ავაშენეთ - პატარა ბიზნესს ვიწყებთ. როცა ჩვენი შვილები ისე წამოიზრდებიან, რომ თბილისში ჩემი ყოფნა საჭირო აღარ იქნება, ძირითადად, შეკვეთილში ვიქნები. მგონია, ლევანსაც იგივე უნდა. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე მეუბნება.

ლევანი:

- შეკვეთილში, ჩემს სახლთან ახლოს, ნავში ვიჯდები. ზღვაში ანკესს გადავაგდებ. სპორტულ ჟურნალ "ლელოს" ამოვიღებ, ეზოსკენ გავიხედავ, სადაც მაკა ყვავილების მოვლით იქნება დაკავებული. გავძახებ, - ყავა მომიტანე-მეთქი. პატარა ბილიკი გვექნება გაკეთებული. ამ დროს მაკა უკვე კაი მსუქანი იქნება. შუა ბილიკზე დაიღლება და ჩამოჯდება. ბოლოს ჩემამდე "მოგორდება" - დავიღალე ამ ყავის მოტანითო, მეტყვის და ამის გამო ვიჩხუბებთ (იცინის). მერე ბავშვებიც ჩამოვლენ... ერთით მეტი შვილი გვეყოლება, ვიდრე ახლა გვყავს. მართალია, მაკამ კიდევ ერთი ბავშვის გაჩენაზე უარი მითხრა, მაგრამ ძმაკაცთან წავაგე და "თავანი" მაქვს ჩასაბარებელი - კიდევ ერთი ბავშვი მინდა. რადგან მაკა უარს მეუბნება, სად "გავაკეთებ", მერე პრეტენზია არ ჰქონდეს (იცინის)... 20 წლის მერე, მაკას ჩვენი ცხოვრება ასე წარმოუდგენია: მე კარალეთში "ვგდივარ", იმ ჯერ არდაბადებულ ბავშვთან ერთად, თავად კი შეკვეთილშია და შეზლონგებს აქირავებს (იცინის).

- როგორ ფიქრობ, თქვენი პასუხები რამდენი პროცენტით დაემთხვევა ერთმანეთს?

მაკა:

- 40%-ით.

ლევანი:

- ალბათ 40%-ით.

ეთო ყორღანაშვილი