როლანდ ოქროპირიძის ოცნებები, ბედნიერება და თავისუფლება ლამაზ ჩარჩოში - გზაპრესი

როლანდ ოქროპირიძის ოცნებები, ბედნიერება და თავისუფლება ლამაზ ჩარჩოში

"ვთვლი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე ვცხოვრობთ და ერთ-ერთი საუკეთესო ერი ვართ. საქართველო და ქართველი ხალხი სიგიჟემდე მიყვარს, ჩემი ცუდი სხვის კარგს მირჩევნია", - ამბობს მსახიობი როლანდ ოქროპირიძე. მის შემოქმედებით საქმიანობაში სიახლეა. სერიალში "მისამართის გარეშე" ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. რა დროს კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე, როგორ იხსენებს პირველ სიყვარულს, რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე და რა ეზარება ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1983 წლის 8 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მეზღვაური. სულ მქონდა სურვილი, ბევრი მემოგზაურა, ზღვაში ვყოფილიყავი. თავგადასავლების მოყვარული ვარ. მსახიობობა 15-16 წლის ასაკში მომინდა. პროფესიული არჩევანის გამო არასდროს მინანია, მაგრამ მიფიქრია, ეს სფერო მეტად დაფასებული რომ იყოს, კარგი იქნებოდა.

- სერიალში "მისამართის გარეშე"...

- ...კასტინგით მოვხვდი. მენეჯერმა დამირეკა, მივედი, გავიარე... ბოლოს ამ როლზე ორი მსახიობი დავრჩით, მე და ვანიკო თარხნიშვილი. პირველად ვანიკო დაამტკიცეს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, მან ვერ ითამაშა. შემდეგ მე შემომეხმიანენ, თუ შეიძლება მოდი, ოღონდ არ გეწყინოსო. არ მეწყინება-მეთქი და მივედი, რადგან სხვა დროს პირიქითაც მომხდარა. ამ სფეროში ეს ბუნებრივი ამბავია. ახლა გადაღებები მიდის, საკმაოდ დატვირთულები ვართ.

- ჩემი პერსონაჟი ლევანი...

- ...ოჯახის მოყვარული ადამიანია, პედანტია, უყვარს მეგობრები. რასაც აკეთებს, იმ საქმის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს. რისკიანი ნაკლებად არის. ცდილობს ისე იცხოვროს, შეცდომები არ დაუშვას. დანარჩენს დრო გვაჩვენებს.

- ჩემზე ამბობენ...

- ...უყურადღებოაო, - ამას ამბობს დედაჩემი, ამბობენ მეგობრებიც. სინამდვილეში უყურადღებო კი არ ვარ, არ შემიძლია, ადამიანებს დავურეკო, ხშირად მოვიკითხო და ა.შ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ მახსოვს ან არა მიყვარს. როცა იცი, მისკენ ახალი არაფერია და მაინც ეკითხები, რა ხდება? - აი, ასეთი დიალოგები არ მიყვარს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს პედაგოგებს: მედეა კუჭუხიძეს, გიზო ჟორდანიას.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ქართველი გახლავართ, ეს ძალიან მიხარია. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოჯახი და ჩემს სამშობლოში ვცხოვრობ. ბოლო დროს ქართველებისგან ხშირად მესმის, ჩვენს ეროვნებას აკნინებენ, ჩვენ რა ერი ვართ, ჩვენ რა ხალხი ვართ და ა.შ. თან თითქოს ამით კაიტიპობენ, ეს ძალიან მაღიზიანებს. ვთვლი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე ვცხოვრობთ და ერთ-ერთი საუკეთესო ერი ვართ. საქართველო და ქართველი ხალხი სიგიჟემდე მიყვარს, ჩემი ცუდი, სხვის კარგს მირჩევნია. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ისეთი რამეები მინახავს, ბედნიერი ვარ, რომ მსგავსი რამ აქ არ ხდება. არ მიყვარს საკუთარი მშობლის, ქვეყნის ლანძღვა, ეს რა უბედურებაა, რატომ უნდა ლანძღო? შეიძლება მიანიშნო შეცდომაზე, რომ გამოასწოროს.

GzaPress - თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს... - ...ის, რომ ბევრი რამ მაინტერესებს. მომწონს, რომ ადამიანები მიყვარს. კიდევ ბევრი რამ მომწონს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...უნებისყოფობაა.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ხშირად ვიხსენებ. შეცდომის აღიარება, ბოდიშის მოხდა არ მიჭირს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ძალიან ბევრი რამ, მაგრამ თეორიულად, პრაქტიკაში ამის გამოყენება მიჭირს. თეორიულად ბევრი სიბრძნე ვიცი.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ის ადამიანი შეცდომას გულწრფელად ინანიებს. შეუმცდარი ადამიანი ხომ არ არსებობს, ყველას რაღაც გვეშლება. არის წყენები, რომელსაც ვპატიობ და არის მომენტები, როცა ვეუბნები, მიპატიებია-მეთქი, მაგრამ ვერ ვივიწყებ, გულში მრჩება, ვერ ვშლი. მერე იმ ადამიანთან დისტანციას აუცილებლად ვიჭერ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვფიქრობ ჩემს შვილებზე, ოცნებებზე, ოჯახის წევრებზე, პროფესიაზე, მეგობრებზე...

- ვოცნებობ...

- ...ქალაქთან ახლოს მქონდეს საკუთარი სახლი, ლამაზი ეზოთი. მყავდეს ინგლისური ბულდოგი და კარგი ცხენი. 3 შვილი მყავს და მინდა, კიდევ ბევრი შვილი მყავდეს.

- ვიბნევი...

- ...ძალიან, ძალიან იშვიათად. სცენაზე არ ვიბნევი, რადგან მოუმზადებელი არასდროს გავდივარ. გადაღების დროს შეიძლება ტექსტი დამავიწყდეს, რომელიც იმწუთში მაქვს ნასწავლი, მაგრამ ამას დაბნეულობა კი არა, "გაჭედვა" ჰქვია.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ჩემს მეუღლესა და რამდენიმე მეგობართან ერთად კოსტა-რიკაში ვიყო.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უზრდელობას, თავხედობას, ბოროტ ტყუილს. საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ, როცა ვიღაც შეურაცხყოფას მაყენებს მე ან ჩემს ქვეყანას, ამ დროს ძალიან ცუდი ვხდები.

- მეზარება...

- ...დილით ადრე გაღვიძება; იმ საქმის კეთება, რომლის განწყობაც არ მაქვს.

- სიყვარული ეს...

- ...რა არის, ძალიან რთული სათქმელია, რთული ასახსნელია. სიყვარულია, როდესაც საკუთარ თავში ის ადამიანი გიყვარს, როცა მის მიმართ პასუხისმგებლობა გაქვს და პატივს სცემ. პატივისცემის გარეშე სიყვარული არ არსებობს.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ბაღში დავდიოდი, იმ გოგოს კიბის საფეხურზე ამოსული ია მოვუწყვიტე და მივეცი. მან ლოყაზე მაკოცა, სიხარულისგან გავგიჟდი. მეტი არაფერი მითქვამს... მეორედ რომ შემიყვარდა, 13 წლის ვიყავი. ლექსი, რომელიც მომწონდა, წიგნიდან გადავწერე და მივუტანე. მერე ჩემთვის წყნარად ვიჯექი, მოვიდა და ის ფურცელი თავზე დამახია (იცინის). ეგეც კი მახსოვს, მწვანე კალმით დავუწერე. თამამი გოგო იყო, მოვიდა, ეგ როგორ გამიბედეო? ეს ფურცელი წვრილად დაკუწა და თავზე დამაყარა, მეჩხუბა.

- ვრისკავ...

- ...ყოველთვის გააზრებულად. ფრთხილი ადამიანი ვარ. თუ ვიცი, ჩემი ქმედებით ვინმეს ან რაიმე ძვირფასს საფრთხე შეიძლება დაემუქროს, არავითარ შემთხვევაში არ ვრისკავ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...უნებისყოფობაა. ფეთქებადი ხასიათიც მაქვს, მაგრამ ამას სისუსტედ არ ვთვლი.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...გულის სიღრმეში, რა თქმა უნდა, მიხარია, მაგრამ ამ განცდას ყოველთვის ჩრდილავს უხერხულობა. ამ დროს ვეღარ ვხვდები, რა უნდა გავაკეთო, როგორ მოვიქცე. ბედნიერი უნდა იყო, მაგრამ თვითკმაყოფილ იდიოტს არ უნდა ჰგავდე. სიხარული რომ არ გამოხატო, ეგეც უხერხულია. მოკლედ, ზომიერებაა საჭირო.

- მეშინია...

- ...საყვარელი ადამიანების დაკარგვის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დაგვიანების გამო. არაპუნქტუალური ვარ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...უკვე აღარაფერს, მაგრამ ერთი პერიოდი მინდოდა, ისეთი მწვანე თვალები მქონოდა, როგორიც დედას აქვს. ამაზე უარს ახლაც არ ვიტყოდი. მაშინ ბებიაჩემის ცისფერი თვალებიც ძალიან მომწონდა.

- ვუფრთხილდები...

- ...გულის წადილს ნიავსაც კი არ ვაკარებ (იცინის).

- ვნანობ...

- ...ბევრ რამეს, მაგრამ ვეღარაფერს ვიზამ. ზოგიერთ სიტუაციაში სხვაგვარად მოვიქცეოდი.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...უცხო ენები.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...სხვა ცუდად იქცევა, მით უმეტეს, თუ ის ჩემიანია, ახლობელია. ქაჯობას ვერ ვიტან.

- თავისუფლება...

- ...უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ქცევებზე აღებული უდიდესი პასუხისმგებლობაა. თუ თავისუფლება არ ემსახურება სიყვარულს ქვეყნის, მეგობრის, ქალის, კაცის მიმართ, მაშინ ის თავისუფლება არ არის, ავაზაკობაა. მგონია, რომ თავისუფლებას ლამაზი ჩარჩოები აქვს. თითოეული ჩვენგანისთვის თავისუფლებას აუცილებლად სარგებელი უნდა მოჰქონდეს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბევრს ვიმოგზაურებდი და აუცილებლად ვიქნებოდი ქველმოქმედი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს საუკეთესო "წამალი" ბუნებაში ხეტიალია. "წამალია" იმ საქმის კეთებაც, რომელიც მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს. ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება ბუნებაში ყოფნა და ნადირობაა.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბავშვობაში მამა ხშირად მეუბნებოდა, უზრდელი არასდროს იყო და ცოლად გურული ყელმაღალი ქალი მოიყვანეო. ყელმაღალი გასაგებია, მაგრამ მაინცდამაინც გურული რატომ? - არ ვიცი. რა თქმა უნდა, ამას ხუმრობით ამბობდა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...დიდ მადლობას, რომ ამ ინტერვიუთი დაინტერესდით. მიუხედავად იმისა, რომ ცოტათი რთულია ამ პროფესიას ემსახურო, მაყურებლის სიყვარული ყოველთვის მაძლიერებს, ისე ვერაფერს გავაკეთებდი. ვგრძნობ, ბევრ ადამიანს ვუყვარვარ. მადლობა თქვენ ამ სიყვარულისთვის, მეც მიყვარხართ და მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასები ხართ.

თამუნა კვინიკაძე