"მერაბ კოსტავა გმირი იყო"
font-large font-small
"მერაბ კოსტავა გმირი იყო"
გელა ჩარკვიანი ეროვნული მოძრაობის ლიდერებზე

დიპლომატი, მწერალი, პუბლიცისტი, მუსიკოსი - გელა ჩარკვიანი ამჯერად მისი თანაკლასელების, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას შესახებ გვესაუბრება. "მიუხედავად იმისა, რომ მე და ზვიადი იდეოლოგიურად ძალიან განსხვავებულები ვიყავით, მის როლს მიუკერძოებლად ვუდგები - საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებაში ზვიადის წვლილი დიდია. მერაბ კოსტავა კი გმირი იყო. დამოუკიდებლობის იდეის ერთგულები იყვნენ ბავშვობიდან", - აღნიშნავს გელა ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. არაერთგზის რეპრესირებული, დაპატიმრებული და გადასახლებული, სამშობლოში ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, კვლავ განაგრძო სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. 1989 წელს იგი ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
GzaPress
"ზვიადი დამოუკიდებლობის იდეის ერთგული იყო სკოლის მერხიდან"
- ხშირად მითქვამს, რომ პოლიტიკა მოდუსია და იდეოლოგია - ატრიბუტი. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, მამაჩემს ვკითხე, ამ ყველაფერზე რას ფიქრობ-მეთქი? მიპასუხა, - არ მეგონა, საბჭოთა ხელისუფლება ასეთი სუსტი თუ იქნებოდაო. გამსახურდიას ხელისუფლებაზე რაიმე განსაკუთრებული საუბარი არასდროს გვქონია, ეს არაეთიკურიც იქნებოდა, რადგან ჩვენ ოჯახებით მეტ-ნაკლებად ახლოს ვიყავით. დედაჩემი - თამარ ჯაოშვილი და ზვიადის დედა მირანდა ფალავანდიშვილი კლასელები იყვნენ. სხვათა შორის, მათი ჩანაწერები სასკოლო ალბომებში, ახლაც მაქვს სადღაც შენახული. მახსოვს, რომ ერთ-ერთი პირველი ბავშვი, რომელიც გავიცანი, ზვიადი იყო. ალბათ, ოთხი წლის ვიქნებოდი. ისინი კიკეთში იყვნენ, ჩვენ - წყნეთში და სტუმრად ჩამოვიდნენ.
მე და ზვიადიც კლასელები ვიყავით, ოღონდ ექვსი კლასი, მე მეშვიდე კლასიდან მოსკოვში გადავედი, მამაჩემის გათავისუფლების გამო. თბილისში როცა ჩამოვდიოდი, კლასელებს ყოველთვის ვნახულობდი. მახსოვს, სამი წლის მერე რომ ჩამოვედი, მთაწმინდაზე ავედით ბიჭები, ჩვენი თავები უკვე დიდები გვეგონა და ცოტა ღვინოც დავლიეთ (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ დიდობაში უკვე, მე და ზვიადს განსაკუთრებული მეგობრობა და ახლობლობა გვაკავშირებდა, რადგან იდეოლოგიურად ძალიან განსხვავებულები ვიყავით. თუმცა, მიუხედავად ამისა, მის როლს მიუკერძოებლად ვუდგები. დღეს ბევრი მხოლოდ ცუდ მხარეს ხედავს, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებაში, ჩვენთან კომუნიზმის დამარცხებასა და ეროვნული თვითშეგნების წამოწევაში ზვიადის წვლილი რომ დიდი იყო, ეს ფაქტია. იგი დამოუკიდებლობის იდეის ერთგული გახლდათ ბავშვობიდან, სკოლის მერხიდან. მთელი ცხოვრება ამას შესწირა და როგორ შეიძლება ეს არ დავაფასოთ? ეს საქართველოს ისტორიაა და რა შუაშია ამასთან შენი პირადი მიდგომები?

"პოემებს ერთად ვწერდით და პერსონაჟებს ვხატავდით"
- უფრო ადრე, ბავშვობისას, მე და ზვიადი ძალიან ახლოს ვიყავით. ერთად ვწერდით პოემებს, რომლებსაც მესამე წელია ვეძებ და ვეღარ ვიპოვე, სად არის. ჩვენს მეგობრებს სახელებს ვარქმევდით და ერთი-ორს დღემდე შემორჩა, ზოგი სამწუხაროდ, უკვე გარდაიცვალა. ამას იმიტომ ვაკეთებდით, რომ მერე, პერსონაჟებად იმ სახელებით ვაქცევდით ხოლმე. ერთ-ერთ ბიჭს ზვიადმა "ყანეული" შეარქვა, ვითომ წყნეთის მეფე იყო, ვირ-ნიანგი, ორივეს ჰგავდა - ვირის ყურები ჰქონდა და ნიანგის პირი, მარშალის თუ გენერალისიმუსის "პაგონები" ეკეთა. "ყანეულს" ახლაც ვხატავ ხოლმე (იცინის). ამ ყველაფერს ორივე ვხატავდით. სხვათა შორის, ამის გამო პატარა უსიამოვნებაც შეგვხვდა: ნახატი დედაჩემმა იპოვა და, - ეს რომ ნახონ, ვინმე იფიქრებს რომ "დიდ ბელადზეაო". მაშინ სხვა დრო იყო, ამის წარმოდგენა ახლა ძნელია. ჩვენ არ შევეშვით და მაინც ვხატავდით. სხვათა შორის, ის პოემები პოეტური თვალსაზრისით, ტექნიკურად ძალიან კარგი იყო. ახლაც მახსოვს ზეპირად. ზოგჯერ ერთსა იმავე სიუჟეტს ვწერდით, ცალ-ცალკე და სხვადასხვანაირი გამოდიოდა. მოკლედ, ბავშვობისას ასეთი სიახლოვე გვქონდა და მერე თანდათანობით "გავირიყეთ" და ბოლოს მაინცდამაინც თბილი ურთიერთობები უკვე აღარ გვქონდა.
GzaPress
"მერაბი მოსკოვში მესტუმრა..."
- მერაბთან უკეთესი ურთიერთობები მქონდა, მისი ხასიათიდან გამომდინარეც. ის ჩვენთან მეორე კლასში გადმოვიდა... 1956 წელს, თბილისში სტალინთან დაკავშირებული დემონსტრაციები იყო და ამ ყველაფერში ჩემი კლასელები მონაწილეობდნენ, მათთვის თემა სტალინი კი არა, საქართველოს დამოუკიდებლობა იყო. მაშინ მე თბილისში არ ვცხოვრობდი, მოსკოვში გახლდით. თითქმის მთელი ჩემი კლასი დააპატიმრეს, მათ შორის, გურამ დონაჩაშვილი. ისიც ჩემი კლასელი იყო, ოღონდ, მას შემდეგ გადმოვიდა, რაც მე წავედი. სხვათა შორის, ჩვენ ახლაც სულ ვიკრიბებით. 19 მაისი ჩემი კლასის დღედ მაქვს დაწესებული და აი, ამ მაგიდის გარშემო, სადაც ახლა ჩვენ ვსხედვართ, ჩემი კლასელები ვიკრიბებით, ვინც ვართ დარჩენილები. შარშან თერთმეტნი ვიყავით... თითქმის ყველა ერთსა და იმავე ადგილას ჯდება ხოლმე.
მოკლედ, ამ 1956 წელს, დემონსტრაციაზე გამოსული ხალხი დახვრიტეს, ჩემი კლასელები კი დააპატიმრეს. მაშინდელი მედია მთლიანად "დაკეტილი" იყო, არავითარი დამოუკიდებლობის დოზა, მხოლოდ პარტიული აპარატის ბრძანებებზე გახლდათ დამოკიდებული. გგონიათ, ეს ამბავი სადმე დაიწერა ან რაიმე ითქვა? არა. ხმა არავის ამოუღია! ამაზე წარმოდგენაც არ გვქონდა. ჩვენ მოსკოვში ვცხოვრობდით, მაგრამ გაზეთ "კომუნისტს" ვიღებდით და იქ დედაჩემმა ერთ ფელეტონს მიაქცია ყურადღება - "სარეველა" ერქვა. დავიწყეთ კითხვა და ვხედავ, მთელი ჩემი კლასია მოხსენიებული და ყოველნაირად გალანძღული. მივხვდი, რომ სწორედ იმ მოვლენებზე იყო საუბარი. კიდევ კარგი, ისინი არ დახვრიტეს. ბევრი ჩაერია. კონსტანტინე გამსახურდია მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და გამოუშვეს ბიჭები, მაგრამ მე ხომ ეს არ ვიცოდი.
ერთ დღესაც, სკოლაში ვარ, რომელიც ცეკას სახლების ეზოში იყო და მასში ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლების შვილები სწავლობდნენ. ფორტეპიანოზე მხოლოდ მე ვუკრავდი (იცინის), ინგლისურიც მხოლოდ მე ვიცოდი, რადგან იქ ეს ნაკლებად იყო, საქართველოში კი უფრო აქტიურად დაჰყავდათ ბავშვები ინგლისურზე, მუსიკაზე. პირველად იმათ კონცერტზე მოცარტი რომ დავუკარი, გაოცებულები იყვნენ. მოკლედ, მე და ჩემი კლასელი, რომელიც ჩემთან ერთად, პიონერის დოლზე უკრავდა, ჯაზს ვასრულებდით. დარბაზისკენ მივიხედე და ამდენ ღია ფერის, ქერათმიან ხალხში ერთი შავთმიანი ზის (იცინის). დიდად არ მივაქციე ყურადღება და როცა დავამთავრე, ავდექი და რას ვხედავ, კოსტავა არ დგას?! მე ვუთხარი, ბიჭო, შენ ციხეში მგონიხარ და აქ რა გინდა-მეთქი? გამოგვიშვესო, მითხრა. ჩემთან მისულა სახლში და დედაჩემს უთქვამს, რომ სკოლაში ვიყავი.
სხვათა შორის, მერე ძალიან კარგი დრო ვატარეთ, "ვეჩერინკებზე" დამყავდა ხოლმე (იცინის). კოსტავასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ის ძალიან მუსიკალური ბიჭი იყო, აბსოლუტური სმენა ჰქონდა. მუსიკაზე ხშირად გვისაუბრია და მოსკოვში ყოფნის ეპიზოდები ჩემს წიგნშიც შევიტანე. მაშინ მითხრა, კონცერტზე რომ შემოვედიო, ჯერ ფა მაჟორში უკრავდი და როცა დაამთავრე, რე მაჟორშიო. გადავირიე, აბსოლუტური სმენა გაქვს-მეთქი?! აბა, გამსინჯეო და მართლაც ასე იყო! სხვათა შორის, ეს პიანინო, რომელიც ახლა მიდგას სახლში, სწორედ მაშინდელია, იქ იყიდა დედაჩემმა და წამოვიღეთ.
GzaPress
"კოსტავა გმირი იყო!"
- ყველასთვის ცნობილია, მერაბის საოცარი პრინციპულობისა და ვაჟკაცობის ამბავი. აბსოლუტურად უკომპრომისო იყო თავის იდეებში. კოსტავა გმირი იყო! გმირის ტიპაჟი - იდეის გამო თავს რომ გაწირავს. სწორედ ასეთი ადამიანები იყვნენ გმირები, მაგალითად, ჯორდანო ბრუნო, რომელმაც რა იდეის გამო გაწირა თავი? რომ დედამიწა ტრიალებს. კოსტავაც ასეთი ტიპისაა.
ბოლოს მერაბ კოსტავა 9 აპრილის წინაღამეს ვნახე. სიმართლე გითხრათ, ქუჩის აქციებზე თითქმის არასდროს ვყოფილვარ. მაშინ უბრალოდ, მე და ჩემი მეგობარი ოთარ წერეთელი მივედით, 7 თუ 8 აპრილი იყო და მერაბი იქ შემხვდა. ერთადერთი, რაც იმ აქციიდან მახსოვს, იყო ის, რომ მთავრობის სასახლეს მუშტი დაუქნია - ჩვენ მაინც მოვუგებთ ამათო! ასე დამთავრდა ეს ყველაფერი. მერაბი ისე გარდაიცვალა, რომ იმ აქციის შემდეგ აღარ მინახავს.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მემკვიდრეობა სხვა პასუხისმგებლობას მაკისრებს"
"ალბათ რთული იქნება, ვიღაც ისე შევიყვარო, როგორც მიყვარდა"
"პატრიარქის გვარს დასაბამი ქართლის მეფე ვახტანგ გორგასლის ნათლულმა - ღუდუშამ ჩაუყარა"
ჯულიანას ოცნებები და დღევანდელი რეალობა
ვირტუალურ სამყაროში ტროლების თემა აქტუალურია, ვირტუალური სამყარო კი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
50 წელი სცენაზე - გოგი ოსეფაშვილის საინტერესო ცხოვრების გზა
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ხაშურში, ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქალი სიცოცხლეს გამოასალმა.
რატომ არ დადის მეუღლის სპექტაკლებზე ნიაზ დიასამიძე?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1329 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი