"თელაველებმა გურჯაანის მხარეს ცალხელა კაცი დააყენეს, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ ჩაეკიდათ" - გზაპრესი

"თელაველებმა გურჯაანის მხარეს ცალხელა კაცი დააყენეს, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ ჩაეკიდათ"

ბესო ბერულაშვილის იუმორი გამორჩეული და განსაკუთრებულია. მისი სახალისო ისტორიები, სხარტულები და ანეკდოტები საქართველოს ყველა კუთხეში ლამის ზეპირად იციან. შესაძლოა, ჩვენმა მკითხველმა არ იცოდეს, რომ ბატონ ბესოს ერთი "საიდუმლო" აქვს: "როდესაც რეგიონებში ჩავდივარ, ყოველთვის მთხოვენ, რაღაც სასაცილო მოვუყვე, მაგრამ რა იციან, რომ მათთვის ვარ ჩასული, რომ ჩემი იუმორის წყარო ხალხში აღმოჩენილი მარგალიტებია", - აღნიშნა მან ჩვენთან საუბრისას.

- ბატონო ბესო, რომელი კუთხის იუმორი მოგწონთ გამორჩეულად?

- რადგან კახელი ვარ და ამ კუთხის იუმორს ყველაზე კარგად ვიცნობ, კახეთით დავიწყებ. იმედია, საქართველოს სხვა კუთხეების მკვიდრები არ გამინაწყენდებიან, რადგან კახურ იუმორს ერთი საინტერესო თვისება გამოარჩევს: სხვაგან ანეკდოტს ან სხარტულას იმიტომ გიყვებიან, რომ გაგეცინოს, კახეთში კი, გიყვებიან, როგორც ჩვეულებრივ ამბავს - სერიოზული სახით და შეკრული კოპებით... შენ სიცილით იხრჩობი, მთხრობელს კი შეიძლება უკვირდეს, ამ კაცს რა აცინებსო. კახელი თან ხუმრობს, თან რაღაც სიბრძნეს გეუბნება და ამ ყველაფერს სერიოზული სახით აკეთებს. მე კამოს ქუჩაზე გავიზარდე, მაგრამ კახეთში ხშირად ჩავდიოდი, კერძოდ, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში. იქ ბავშვობაში უამრავი კარგი ანეკდოტი და სხარტულა მაქვს მოსმენილი. მაგალითად: ერთხელ ორი ბიჭის ჩხუბს შევესწარი. ერთი ეუბნება მეორეს: - ჩემთან და ცეცხლთან თამაში არ შაიძლება, გაიგეეე? - მეორე კი პასუხობს: - ჩემს დარტყმულზე და დათვის დაგლეჯილზე ექსპერტი ერთნაირ ცნობებს იძლევა. რომ დაგკრავ, იქნებ იფიქრო, "შტეფსელში" ორი თითი შავყავ, თუ რა მომივიდაო?!

- გამოდის, რომ იუმორის გრძნობა უმეტესობას აქვს?

- ბავშვობიდან ასეთები არიან. კახეთში ხშირად იმიტომ ჩავდივარ, რომ ასეთი მარგალიტები მოვისმინო: ერთხელ, სუფრასთან ვზივარ, ჭიქა ცარიელი მაქვს და არ ვისხამ. თამადამ დამისხა, მერე თავი გადაიქნია და საყვედურნარევი კილოთი თქვა, - როგორი თამადა არ მინახავს - ჭიქაზე რომ ბულბულს დაისვამს, მჭევრმეტყველი, ლაღი, ლამაზი სიმღერა და ლექსი რომ იცის, კარგი იუმორიც აქვს და არ თვრება, მთვრალი თამადაც მინახავს და სუფრაზე ჩაძინებულიც, მოჩხუბარიც და მშვიდიც, მაგრამ თამადა რომ თავისი ხელით ღვინოს ასხამდეს, პირველად ვხედავო... კახური იუმორის საუკეთესო მაგალითია მსახიობი გეგე სულხანიშვილი, რომლის სხარტულები ყოველთვის განსაკუთრებულია.

- როგორ სხარტულებს ანიჭებთ უპირატესობას?

- საერთოდ არ მიყვარს წინასწარ დაზუთხული ისტორიები, ექსპრომტად გამოთქმული ხუმრობა ყველაზე კარგია. ამის ოსტატები არიან ვახო ტატიშვილი, ჯემალ ბაღაშვილი და სხვები. ვახო ტატიშვილის ერთ სკეტჩს მოგიყვებით: რა კარგი რამეა სკლეროზი, ყოველდღე ახალ-ახალ ამბებს იგებ და სულ გიხარია. მაგალითად, გუშინ გავიგე, თურმე იური გაგარინი კოსმოსში გაფრენილა და თქვენ არ იცით, რა გახარებული ვარო.

მე და გეგე სულხანიშვილი სუფრასთან ხშირად ვართ ერთად. ერთხელაც, ვქეიფობთ მე, გეგე და მამუკა მესხი, რომელიც ჩემი მეგობარია. მამუკამ დალია, აღარ გვისმენდა და როგორც იტყვიან, თავისთვის "აჯაზებდა". გეგემ უყურა, უყურა ნასვამ თანამესუფრეს და მითხრა: პორტიდან გემი რომ გადის და ნაპირს შორდება, ზუსტად ასე შორდება სამი ჭიქის მერე სუფრას მამუკა მესხიო. სხვათა შორის, მე ბევრი მსახიობი ვიცი, რომელიც სცენაზე იუმორის ლომია, მაგრამ სცენიდან რომ ჩამოვა, ბაჭიაც არ უნდა იყოს. ამ მხრივ არაჩვეულებრივი იყო რამაზ ჩხიკვაძე, რომელიც ყოველდღიურ ყოფაში და სუფრასთან ნამდვილ სპექტაკლებს დგამდა. მისი ნიჭიერება მხოლოდ სცენით არ შემოიფარგლებოდა.

ისევ ჩემს კახელებს დავუბრუნდები: თელაველებსა და გურჯაანელებს შორის არსებული პაექრობა იუმორში ყოველთვის აისახება. მაგალითად: 2008 წლის ომის დროს მთელმა საქართველომ პროტესტის ნიშნად ცოცხალი ჯაჭვი რომ გააკეთა, თელაველებმა გურჯაანის მხარეს ცალხელა კაცი დააყენეს, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ ჩაეკიდათ. მოგვიანებით, ამაზე ყველა ბევრს იცინოდა. გურჯაანელები ხუმრობენ: მართალია, გეგე თელავში ცხოვრობს, მაგრამ დედა ჰყავდა გურჯაანელი და ამიტომაც უყვარს ყველასო... მოკლედ, კახური იუმორი ამოუწურავი და განსაკუთრებულია.

GzaPress

- კიდევ რომელ კუთხეებში ხუმრობენ კარგად? - მთის იუმორი სრულიად განსხვავებულია. მე დედა მოხევე მყავდა, პრაქტიკულად იქ გავიზარდე და ვიცი, მოხევეებს ძალიან კარგი იუმორი აქვთ. იუმორის ნამდვილი აკვანია ქუთაისი. ჩემი სამივე მამიდა ქუთაისშია გათხოვილი, იქ ძალიან დიდი სანათესავო მყავს და ვიცი, საოცარი, სხარტი იუმორი აქვთ. ქუთაისელები ყოველ მეორე წინადადებაში "გეხუტუნეს" გეძახიან. - რაფერ ხარ, გეხუტუნე? ჩამოი, გეხუტუნე? - გეკითხებიან და გრძნობ, რომ ამ სიტყვას მთელი სულითა და გულით ამბობენ. ქუთაისს ჰყავდა საოცარი იუმორით დაჯილდოებული კაცი - სულხანა მამისეიშვილი - ღმერთმა აცხონოს, ჩემი მაგარი ძმაკაცი იყო! ეგ რომ ხუმრობდა, მე ვისვენებდი და სიცილით ვკვდებოდი. ბევრმა არ იცის, მაგრამ თავისებური, სხვებისგან განსხვავებული იუმორი აქვთ გორსა და ხაშურში.

- მეგრელების იუმორი ალბათ, სულ სხვაა...

- გეთანხმებით. მეგრელებმა გვარიც კი შემიცვალეს: ცხენისწყალს რომ გავცდები, ბერულაშვილი კი არ ვარ, მე ვარ ბესო ბერულავა. ყოვლად დაუშვებელია, ამისთანა გონებაგახსნილი კაცი კახელი იყოსო, - მიმტკიცებენ. სხვათა შორის, ჩუმლაყში, იმ უბანს, სადაც ჩემი გვარი ცხოვრობს, მეგრელიანთ უბანს ეძახიან. ეს რომ გაიგეს, კიდევ უფრო დარწმუნდნენ ჩემს "მეგრელობაში". სამეგრელოში ერთი ძალიან მაგარი ძმაკაცი მყავს - ოთარ ჭითანავა, რომელიც იუმორის ოსტატია. ერთხელ მის ეზოში ჭა გაწმინდეს და ფსკერზე დამხრჩვალი ქათმები იპოვეს. ოთარს ეს ამბავი რომ უთხრეს, ყველას მრავალმნიშვნელოვნად გადახედა და თქვა: "მეც არ მიკვირდა, ჩაის რომ ვსვამ, ბულიონის გემო რატომ დაჰყვება-მეთქი?"

- ბატონო ბესო, გურულ იუმორზე რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?

- გურულების ენაკვიმატობაზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილა. ამიტომ, მხოლოდ ერთ ამბავს მოვყვები: მე მყავს საოცარი მეგობარი ომარ ურუშაძე, საქართველოს სახალხო არტისტი. ის ოზურგეთის თეატრის მსახიობია. მეტისმეტად პუტკუნა ცოლი ჰყავს, რომელსაც ნანუშკის ეძახიან. ერთხელ შევხვდი და ვკითხე, - ომარ, ცოლი როგორ გყავს-მეთქი? დამწუხრებული სახე მიიღო, ცრემლები გადმოყარა და მითხრა: - ბესია, ვერაა კარგად საქმე, რაცხა სჭირს მაგას და რამე რომ მოუვიდეს, ვერ ვიცოცხლებო. - ნუ გეშინია, ქვეყანას ვიცნობ, ყველანაირად მხარში ამოგიდგები და იმკურნალებს, ოღონდ მითხარი, რა სჭირს ნანუშკის-მეთქი. - არ ვიცი, ერთ თვეში მოულოდნელად დაიკლო 300 გრამი და ძალიან ვნერვიულობ. ექიმებმა მირჩიეს, ჰაერის გამოცვლა მოუხდება და ამ ზაფხულს ბახმაროში უნდა წავიყვანოო. ამ დროს ნანუშკის ოთხად გადაკეცილი ხაჭაპური ეჭირა ხელში და გემრიელად მიირთმევდა...

- ალბათ, გურულებთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენოთ იმერლები.

- დიახ. მართალია, წეღან ქუთაისელებზე ვისაუბრეთ, მაგრამ მათზე არანაკლებ სხარტი იუმორი აქვთ ზესტაფონელებს. მათი კილოკავი თითქოს ხუმრობისთვისაა გაჩენილი. ზესტაფონშიც მყავს ერთი ძმაკაცი - საშა გველესიანი, საუკეთესო იუმორისტი და ძალიან მაგარი პოეტი. ერთხელ რესტორანში "სტაიანშჩიკი" დაგვადგა თავს. ეზოში მანქანა გვყავდა დაყენებული და მოგვთხოვა, გადაიხადეთო. - მომისმინე ახლა ძმაო, ერთადერთი, რისი გადახდის საშუალებაც მაქვს, საბანია, სხვა არაფერიო, - უთხრა საშამ გაოცებულ "სტაიანშჩიკს".

ამას წინათ ნიკა არაბიძე მიყვებოდა: ერთ ჩემს იმერელ ნაცნობს ტვინის ტრეპანაცია გაუკეთეს და ნახევარი ტვინი ამოაცალეს, თითქმის ყველაფერი დავიწყებული ჰქონდაო. ეს კაცი რესტორნის მეპატრონეა და ერთმა ახლობელმა უთხრა, - ძმურად, ერთი ათი კაცისთვის ნისიად პურ-მარილი გამაშლევინე და მერე გადაგიხდიო. - ერთხელ ნისიად გამაშლევინე სუფრა და 400 ლარი ხომ გაქვს ჩემი ვალიო? - ჰკითხა მან. - შე უპატრონო, ნახევარი ტვინი ამოგაჭრეს და მაინცდამაინც ჩემი ვალი რამ დაგამახსოვრაო? - ჰკითხა გაოცებულმა ნისიად მოქეიფემ.

ასე ხუმრობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თუმცა, ბოლოს აუცილებლად უნდა ვახსენო თბილისური იუმორი და განუმეორებელი კოლორიტი, რომლის საუკეთესო გამოხატულება იყო ბიძინა კვერნაძე, გიზო ნიშნიანიძე, ნიაზ დიასამიძე და სხვები... მე ერთი ოცნება მაქვს: ძალიან მინდა ეს მარგალიტები შევკრიბო და გამოვცე. გიზო ნიშნიანიძე რომ არ ყოფილიყო, მომავალ თაობებს არც ნიაზ დიასამიძე ეცოდინებოდა და არც სხვა კოლორიტული ადამიანები, რომლითაც დღეს მთელი საქართველო ამაყობს.

ხათუნა ჩიგოგიძე