"დაბადების დღეს ტრადიციულად მილოცავს 4 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი" - გზაპრესი

"დაბადების დღეს ტრადიციულად მილოცავს 4 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი"

მის ცეკვას მხოლოდ აღტაცებისა და აღფრთოვანების შემცველი სიტყვებით ახასიათებენ. მან ცეკვით მოიარა მსოფლიო, ჯერ როგორც ქართული ნაციონალური ბალეტის (სუხიშვილები) სოლისტმა მოცეკვავემ და შემდეგ, როგორც ანსამბლ "რუსთავის" მთავარმა ქორეოგრაფმა. იგი დღესაც ჩვეული ენერგიით ატარებს რეპეტიციებს და ანსამბლის მოცეკვავეებს ამზადებს კონცერტებისთვის, იქნება ეს საქართველოში თუ გასტროლზე. საუკუნის მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძე იუბილარია, 24 ოქტომბერს მას 78 წელი შეუსრულდა. რამდენიმე წლის წინ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიუძღვნეს წიგნი "ფრიდონ სულაბერიძე".

ფრიდონ სულაბერიძე:

- ჩემს ბავშვობაში გაჭირვებული დრო იყო და დაბადების დღეებს ვერ ვიხდიდით. ყველა მილოცავდა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. რომელიმე გამორჩეულ დაბადების დღეს ვერ გავიხსენებ. თუმცა დედა ახერხებდა ყოველთვის რაღაცას და ზოგჯერ მჩუქნიდა ტანსაცმელს ან მოჰქონდა რაიმე ნივთი... მე მაინც გახარებული ვიყავი, რადგან დედის საჩუქარი ყველაზე ძვირფასია.

შარშან 77 წლისა გავხდი და მთელი "რუსთავის" ანსამბლი დავპატიჟე. თბილი საღამო გამოვიდა, მომეფერნენ, მომილოცეს და საჩუქარიც მომართვეს. თამადა ჩვენი მოცეკვავე შოთა კობერიძე იყო. სიხარულისა და სიყვარულის დღემ დიდებულად ჩაიარა, ბევრი ცეკვისა და სიმღერის თანხლებით.

სუხიშვილებში როცა ვცეკვავდი, რამდენჯერმე საზღვარგარეთ (ერთხელ ამერიკაში ვიყავით) ყოფნას დაემთხვა ჩემი დაბადების დღე. ასეთ დროს მთელი ანსამბლი ერთვებოდა იმ მხრივ, რომ ზოგს ღვინო მოჰქონდა, ზოგს კონიაკი ან შამპანური. დაბადების დღეს სიმბოლურად აღვნიშნავდით ხოლმე. რა თქმა უნდა, იმის დრო არ გვქონდა, რომ დავმსხდარიყავით და გვექეიფა. ყოველდღე კონცერტები და რეპეტიციები ტარდებოდა, სულ ფორმაში უნდა ვყოფილიყავით.

დაბადების დღე ახალგაზრდებს უხარიათ, ჩემი ასაკის ხალხს წლების მატება და დაბერება არ გვახარებს. სიბერე არ ვარგა! კი ბატონო, მეუბნებიან, რომ ასაკი არ მეტყობა, ალბათ იმიტომ, რომ სპორტულად ვცხოვრობ. მთელი ანსამბლის გოგო-ბიჭებს (50 მოცეკვავეა) უნდა გავუძღვე, არა მაქვს უფლება ჩემი გასაკეთებელი საქმე არ ვაკეთო. ამიტომ აღარ ვფიქრობ ასაკზე და სულ რიტმში ვარ. ყოველი კონცერტის წინ, ახალ სცენასთან მორგებაა საჭირო. ეს იოლი სულაც არაა, მაგრამ ჯერ არ მიჭირს და მერე ვნახოთ.

მეგობრებისა და ახლობლების გარდა, დაბადების დღეს ტრადიციულად მილოცავს 4 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი. მათთვის საყვარელი ბაბუ ვარ. ისინი ტელეფონზე მესაუბრებიან და მეფერებიან, ხოლო როცა მესტუმრებიან, მაშინ იშლება სუფრა. ჩვენი გვარისა და ქართველების გამრავლებას ვისურვებ ხოლმე, საქართველოს გამთლიანებას და სხვა ტრადიციულ სადღეგრძელოებს ვამბობ.

GzaPress ანზორ ერქომაიშვილი: - ჩვენ ერთად ვსწავლობდით კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში, პარალელურ კურსზე ვიყავით. თავიდანვე ისეთი კარგი მოცეკვავე იყო, რომ ბრწყინავდა, პედაგოგებს ძალიან მოსწონდათ. მერე მე კონსერვატორიაში წავედი, ფრიდონი ანსამბლში სუხიშვილებთან, სადაც გამოჩნდა მისი დიდი ნიჭიერება. ჩემი აზრით, ყველა დროის უდიდესი მოცეკვავეა; რასაც ის ასრულებდა, ეს უმაღლესი დონე იყო.

როცა ანსამბლი "რუსთავი" შეიქმნა, ფრიდონი მოცეკვავედ მოვიწვიეთ, კარგა ხანს წამყვანი სოლისტი იყო, შემდეგ მთავარ ქორეოგრაფად დავაწინაურეთ და მას მერე, დღემდე მოდის ანსამბლთან ერთად. "რუსთავის" 40 წლის საიუბილეოდ გამოსულ წიგნში ფრიდონ სულაბერიძის მოღვაწეობის შესახებ ვრცელი მასალაა გადმოცემული. მან "რუსთავთან" ერთად მთელი მსოფლიო მოიარა, ამჯერად უკვე როგორც ქორეოგრაფმა. ჩვენ 50 წლის მეგობრობა გვაკავშირებს. წელს აპრილში ანსამბლის 50 წლის იუბილე გადავიხადეთ. 24 ოქტომბერს - ფრიდონისა და ჩემი დეიდაშვილის, ბადრი თოიძის დაბადების დღეებს ერთად აღვნიშნავდით ხოლმე. ფრიდონს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და მრავალ წარმატებას!

P.S. ჟურნალის რედაქცია ბატონ ფრიდონს ულოცავს დაბადების დღეს, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით.

ნანული ზოტიკიშვილი