ვინ "სცემა" ციაკო ფიფიას გადასაღებ მოედანზე - გზაპრესი

ვინ "სცემა" ციაკო ფიფიას გადასაღებ მოედანზე

ციაკო ფიფია იმ იუმორისტთა შორის არის, ვინც "რუსთავი 2"-ში დარჩენას "მთავარ არხზე" გადასვლა ამჯობინა. ამჟამად "ახალი შაბათის შოუს" მსახიობს სამუშაო დღის ბოლოს ვესაუბრეთ, თუმცა დაღლა არ ეტყობოდა...

ბავშვობის დროინდელი ოცნებები და დღევანდელი რეალობა

- ბავშვობაში მომღერლობა ძალიან მინდოდა, თუმცა ამ პროფესიისგან "შორს ვარ". საერთოდ, სცენაზე ტრიალ-ბზრიალი, თამაში, ყურადღების ცენტრში ყოფნა მომწონდა. "ცოცხალი", აქტიური ბავშვი ვიყავი, პირველობა მიყვარდა. აქტიური და ქოთქოთა დღესაც ვარ და ნაწილობრივ, ოცნება ამიხდა: რეალურად, ახლა იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს - ტელევიზიაში ვმუშაობ, იუმორისტი ვარ. მომღერლობაზე ოცნება ოცნებად დამრჩა - ამ მხრივ განვითარებაზე არც მიფიქრია. თეატრალურ უნივერსიტეტშიც არ ჩამიბარებია - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. წესით, ეკოლოგი უნდა ვიყო. უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე "მანსანკანის" გუნდში ამიყვანეს. ჩემი კარიერული წინსვლაც აქედან დაიწყო: ჟიურიში ვანო ჯავახიშვილი და ალექს მალხაზიშვილი იყვნენ. პირველად ვანო დერეფანში შემხვდა და მითხრა: გაკვირდებით, ძალიან მოგვეწონეო. ზუსტად 3 დღე ნერვიულობისგან ფეხები მიცახცახებდა - ვაიმე, მაკვირდებიან, რა მეშველება-მეთქი (იღიმის)?!. "კომედი ჯგუფში" მალევე ამიყვანეს, ოღონდ თავდაპირველად გადაცემისთვის - "ტესტი იუმორზე" ვმუშაობდი, რომელიც "კომედი არხზე" გადიოდა. შემდეგ "კომედი შოუში" გადამიყვანეს.

"კომედი ჯგუფი" და "ახალი შაბათის შოუ" - "რუსთავი 2"-დან "მთავარ არხზე" გადასვლა, ჩემი აზრით, ყველამ დამოუკიდებლად გადაწყვიტა. პირადად მე, ამაზე დიდხანს არ მიფიქრია - ზუსტად ვიცოდი, რომ "მთავარ არხზე" გადავიდოდი. "კომედი ჯგუფში" ერთი ოჯახივით ვიყავით. ისეთი გრაფიკი გვქონდა, დროს სულ ერთად ვატარებდით. გარკვეულწილად, ეს შეიცვალა - გავიყავით: ნაწილი "მთავარ არხზე" წავედით, ნაწილი - დარჩა, მაგრამ ეს ჩვენს მეგობრობასა და ურთიერთობაზე არ ასახულა. ჩვეულებრივად, ვმეგობრობთ. უბრალოდ, რა თქმა უნდა, იუმორის სფეროში კონკურენტები ვართ, რადგან ახლა სხვადასხვა არხზე, სხვადასხვა გადაცემაზე ვმუშაობთ. ისინიც და ჩვენც ვცდილობთ, ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენცია გავუწიოთ, რაც მგონია, ხალხისთვის კარგია - უფრო მეტი საშუალება აქვთ, ბევრი იცინონ. ვფიქრობ, კარგი დასაწყისი გვაქვს. ძალიან მოწადინებულები და შრომისუნარიანები ვართ.

- აღნიშნე, "კომედი ჯგუფიდან" წასვლაზე ბევრი არ მიფიქრიაო, მაგრამ მიზეზი არ გითქვამს: რატომ ამჯობინე "მთავარი არხის" გუნდთან მუშაობა?

- ჩემი თავი აქ უფრო მეტად დავინახე. უფრო საჭიროდ მივიჩნიე "მთავარ არხზე" გადავსულიყავი.

იუმორისტული პერსონაჟები - ჩემ მიერ განსახიერებული პერსონაჟებიდან ყველაზე მეტად "სვეტსკი" რძალი, სოფიკოს შვილი და ჯეირანი ჯეკო მიყვარს. "სვეტსკი" რძლის რეალურ პროტოტიპს ვიცნობ.

- არ აპროტესტებდა, რომ მას ასახიერებდი?

- არა, პირიქით: სკეტჩი ეთერში რომ გავიდა, თავად დამირეკა - ეს ხომ მე ვიყავიო (იცინის)? - კი, შენ იყავი-მეთქი, - დავუდასტურე, თუმცა ამ პერსონაჟის თვისებები მხოლოდ ჩემი ნაცნობისგან არ "ამიღია". "სვეტსკი" რძლის მსგავსი გოგონები მართლა არსებობენ: თბილისიდან სოფელში გათხოვილები, რომლებმაც ბევრი რაღაც არ იციან. მაგალითად, ძროხის დანახვისას რომ ამბობენ, - ვაიმე, ძროხა?! არ მიკბინოსო (იცინის). სოფელში ჩასვლისას მე და ჩემს სადაქალოსაც ბევრი რამ გვიკვირდა, თუმცა ძალიან "უწუპუწუ" გოგო არ ვარ. სოფელში ცხოვრება, შრომა ჩემთვისაც რთულია. ისეთ ადამიანებს დადებითად აღვიქვამ და ვაფასებ, რომლებიც საკუთარ მიწა-წყალს არ ტოვებენ, შრომობენ...

- სოფიკოს შვილის, რომელსაც დედამისი (თათია სულუაშვილის პერსონაჟი) თავში ურტყამდა, განსახიერება მტკივნეული იყო?

- ვაიმე, მტკივნეული?! მართვის მოწმობის აღების გამოცდის სკეტჩის ჩაწერისას, გადასაღებ მოედანზე პირველად რომ გავედით, მსახიობები ავტომობილში თბილად ვისხედით, მაგრამ გარეთ მყოფი ოპერატორი ბიჭები დავტანჯეთ, რადგან ალბათ, 40 დუბლი ჩავწერეთ. სულ მეცინებოდა. თათიამ პირველად რომ დამარტყა, ასეთ ძლიერ დარტყმას არ ველოდი. სიცილი რომ აგვიტყდა, ვეღარ გავჩერდით. წარმოიდგინე, 40 დუბლის განმავლობაში თავში თქაფათქუფი გამდიოდა. თითქოს ეპიზოდის გადაღებას ბოლომდე მივიყვანდით, მაგრამ სადღაც მაინც გამეცინებოდა ხოლმე. მერე ისევ თავიდან ვიწყებდით... ეს ეპიზოდი არასოდეს დამავიწყდება. გადაღების მერე ვფიქრობდი, ტვინის შერყევა ხომ არ მაქვს-მეთქი?..

"მთავარ არხზე" პირველად ეთერში მოღალატე ცოლის როლით გამოვჩნდი, რომლის ქმარიც გამოძახების სერვისში მუშაობს და ცოლის საყვარელმა გამოიძახა! ზუსტად ისეთი ქალი, როგორიც "ჩემი" მოღალატე ცოლია, არ მინახავს, მაგრამ ვიცნობ ქალებს, რომლებიც ქმრებს წარბის აწევით აჩერებენ (იცინის)...

- "მოზვინული" ქმრის როლის შემსრულებელიც "მთავარი არხის" გუნდშია, მაგრამ საერთო სცენები არ გქონიათ...

- ძველ პერსონაჟებს არ ვეხებით - ყველა პერსონაჟი იქ, "რუსთავი 2"-ზე დავტოვეთ და გადავწყვიტეთ, მუშაობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. ახლა ხალხს უფრო მეტად ვაკვირდები. ვცდილობ, ხალხმრავალ ადგილებში ვიარო, რომ ახალი ტიპაჟები შევქმნა.

GzaPress "მეუღლეს არ უნდა, გამხდარი ვიყო" - ძალიან გამხდარი არასოდეს ვყოფილვარ. ძვალმსხვილი ვარ. საერთოდ, მამაჩემის "მხარეს", ვინც კი ქალბატონები ვართ, ყველას ფეხების პრობლემა გვაქვს - კაი "დრაგუნია" ფეხები გვაქვს, მაგრამ - წვრილი წელი. ჩემს წონაზე საუბრისას უცებ წამოვხტები ხოლმე - არა, ფეხები კი არა, წელს დახედეთ, როგორი წვრილი მაქვს-მეთქი (იცინის), თუმცა ვაღიაროთ, რომ "პუტკუცა" ვარ. გემრიელ საჭმელზე უარს ვერ ვამბობ, რა ვქნა? ვიტყვი, - მორჩა, ხვალიდან სწორად კვებას ვიწყებ-მეთქი, მაგრამ გემრიელი საჭმელი თუ დავინახე, პირობას გადავთქვამ ხოლმე. თან, ცომეული ძალიან მიყვარს. ბავშვობაში არ მყვარებია. არ ვიცი, გარდატეხის ასაკში რა დამემართა, რომ ცომეული ასე შემიყვარდა და რა თქმა უნდა, ეს ჩემს წონაზეც აისახა - "განზე გავედი". მერე, სხვათა შორის, იდეალური ორსულობა მქონდა, რადგან საბოლოო ჯამში, 9 კილო მოვიმატე. აქედან 4 კილო ჩემი შვილი იყო. ზედმეტი კილოგრამები სამშობიაროში "დავტოვე". მერე, კარგი ჭამა-სმა ისევ რომ დავიწყე, გენაცვალე, წონაში ისევ მოვიმატე და "განში გავედი" (იცინის)... კიდევ, იცი, რა არის? ჩემს მეუღლეს არ უნდა, გამხდარი ვიყო. ქალისთვის კი ყოველთვის სასურველია, მეუღლეს მოსწონდეს, ქმრისთვის იდეალური იყოს. გოგას რომ უნდოდეს, ზუსტად ვიცი, ძალიან მოვინდომებ და წონაში დავიკლებ. ვფიქრობ, გოგას ხომ მოვწონვარ? ახლა გემრიელ საჭმელს შევჭამ, რა პრობლემაა-მეთქი...

გარეგნობასთან დაკავშირებული სუსტი წერტილი - ყოველდღიურად მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ. კოსმეტიკით გადატვირთვა არ მიყვარს, მით მეტეს - სოლარიუმში ხშირად დავდივარ. "ზაგარი" ჩემი სუსტი წერტილია. ზაფხულიც ამიტომ მიყვარს, რომ უკვე აპრილიდან მზის გულზე გაშოტვა შემიძლია. კანის დასატენიანებლად საბავშვო კრემს ვიყენებ, რადგან მოგეხსენებათ, სოლარიუმში ვიზიტები სახის კანს აშრობს. თუმცა ვიზაჟისტები მეუბნებიან, რომ გამომშრალი კანი არ მაქვს. მყავს მანიკიურის, პედიკიურის პირადი სპეციალისტი, კოსმეტოლოგი (რომელთანაც წარბებს ვისწორებ) და სტილისტი. ყოველთვის გრძელ, შავ თმას ვატარებდი. ერთადერთხელ მქონდა თაფლისფერი. ახლა მოკლედ შევიჭერი. სიახლე კიდევ მინდა - შავმა თმამაც დამღალა, მაგრამ წარბები და წამწამები ძალიან შავი მაქვს, შავგვრემანი ვარ. ამიტომ სხვა ფერი "სხვაგან წამიყვანს"...

ჩაცმის სტილი - მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია. ყველაზე კომფორტულად სპორტულ სამოსში ვგრძნობ თავს. თუმცა, როცა საჭიროა, კლასიკურადაც მაცვია. ძალიან მომწონს შავი, წითელი და თეთრი.

ეკრანს მიღმა საქმიანობა - ეკრანს მიღმა მაქვს სამსახური, რომელსაც საკუთარ სახლად აღვიქვამ - ბავშვთა გასართობ ცენტრში წამყვანად ვმუშაობ. ვერ აღვწერ, იქაურობა როგორ მიყვარს! საერთოდ, ბავშვებთან ურთიერთობა მომწონს. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ. დღეს ჯერ ტელევიზიაში ვიყავი. იქიდან დაღლილი 9 საათზე, პირდაპირ გასართობ ცენტრში მივედი და დაბადების დღის წვეულების წამყვანი ვიყავი. სულ ვამბობ, ბავშვები ძალას მაძლევენ-მეთქი. ცენტრში დამჯდარი ბატარეასავით მივდივარ, იქიდან კი "დატენილი" გამოვდივარ... კიდევ, გათამაშებების წამყვანი ვარ, ოღონდ - კლასიკურად ჩაცმული და "მოწკეპილი". სამივე სამსახური მიყვარს, მაგრამ ბავშვთა გასართობი ცენტრი - ყველაზე მეტად!..

ოჯახი - საოცარი ოჯახი, სასწაული ბიჭები - შვილი და ქმარი მყავს. ჩემი ბიჭუნა 2 წლის არის. მეუღლე, როცა შეყვარებულები ვიყავით, ფეხბურთელი იყო. ჩემს დედამთილს დედამთილად ვერ აღვიქვამ - ხათუნაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს! გარეგნობითაც და ხასიათითაც ძალიან ვგავართ. გვეკითხებიან, - დედა-შვილი ხართო? ჩემი პირველი მესაიდუმლეები დედა, დეიდა და ჩემი დედამთილი - ხათუნა არიან. ხათუნას ვეუბნები, - ღმერთქალი ხარ-მეთქი, რადგან ფაქტობრივად, ჩემი შვილის დედაა: ძიძა არ ამაყვანინა. ჩემს შვილს დღემდე მასთან სძინავს. კერძო სახლში ვცხოვრობთ. ქვედა სართულზე ხათუნა, ჩემი მამამთილი და პატარა ალექსანდრე არიან, ზემოთ - მე, გოგა და გოგას ბებო. როგორც ყველა ქალი, თავდაპირველად, მეც ვნერვიულობდი - გათხოვების მერე, ახალ ოჯახთან შეგუება რთული იქნება-მეთქი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა: ისე მივლიან, როგორც პატარა ბავშვს. ყველა მეხმარება. გადასარევი მამამთილი მყავს. ჩემი ქმარიც და მეც ძალიან ბავშვურები ვართ. გოგასთვის პირველ ადგილზე "ფლეისთეიშენია" (იცინის)... დედა ამერიკაში მყავს. მთელი გულით და სულით ვისურვებ, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, რომ ჩვენი ქვეყნიდან საზღვარგარეთ, ემიგრაციაში ვინმეს წასვლა საჭირო არ იყოს. მინდა, ჩვენს შვილებს ისეთი მომავალი ჰქონდეთ, რომ ყველაფრის მოგვარება საზღვარგარეთ წასვლის გარეშე შეძლონ.

ეთო ყორღანაშვილი