დედა-შვილის მეგობრულ-დაქალური ურთიერთობა - გზაპრესი

დედა-შვილის მეგობრულ-დაქალური ურთიერთობა

11 წლის ქეთა გელოვანი მსახიობ ანანო სირბილაძის გოგონა გახლავთ. ანანო სერიალ "იდეალურ დედაში" მონაწილეობს, ქეთას სახით კი მას ობიექტური შემფასებელი ჰყავს. დედა-შვილი რედაქციაში გვესტუმრა...

ანანო:

- ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე მართლაც შვილის დაბადება იყო, როცა ბავშვი გულზე დამაწვინეს და დედობრივი სითბო ვიგრძენი. უკვე მე-12 წელია, ის შეგრძნება არ მავიწყდება. როცა შვილი გიჩნდება, აცნობიერებ, რომ დედა ხარ და უკვე არსებობს ადამიანი, ვისთვისაც ცხოვრობ. შვილის გაჩენის შემდეგ ქალის ცხოვრება იცვლება: იმაზე ხარ "გადართული", რომ შენს შვილს ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს, ყველაზე კარგი იყოს და ცდილობ, მაქსიმალური მისცე, რაც შეგიძლია.

- ქეთა, შენ და ანანოს როგორი ურთიერთობა გაქვთ?

ქეთა:

- ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. დედაჩემი მკაცრიც არის, კეთილიც და როცა საჭიროა, ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ძალიან კარგი ადამიანია. ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც თანატოლებს. ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ - შეგვიძლია, ერთმანეთს საიდუმლოები გავუმხილოთ, როგორც მეგობრებმა.

- შენიშვნებს რასთან დაკავშირებით გაძლევს?

- უფრო - სწავლასთან დაკავშირებით. ასევე, თუ ცუდად მოვიქეცი და ამას თავად ვერ მივხვდი, მაშინ. ვცდილობ, მისი შენიშვნები გავითვალისწინო.

GzaPress ანანო: - ცდილობს, მაგრამ პირველი რეაქცია ასეთი აქვს - "აუ, დედაა!.." საერთოდ, დაქალური ურთიერთობა რომ გვაქვს და უცებ დედა "ვხდები", მერე ჩემგან შენიშვნა ყურში ხვდება - ჩემი დაქალი რა შენიშვნებს მაძლევსო (იცინის)?! საკუთარ თავს ებრძვის, მაგრამ მართლა ცდილობს, რაღაცები გაითვალისწინოს. ვცდილობ, მეგობრულ-დაქალური ურთიერთობით საქმის კურსში ვიყო, ჩემი შვილი რას აკეთებს, ვისთან ურთიერთობს. თავადაც ანალოგიურად იქცევა. ერთმანეთს თითქმის არაფერს ვუმალავთ. საერთოდ, არ მიყვარს, როცა ბავშვებს ატყუებენ. მირჩევნია, ერთმანეთი ტყუილში არ გამოვიჭიროთ და ჩვენ შორის არსებული ნდობა არ დაინგრეს.

- სკოლაში სწავლის გარდა, რას საქმიანობ?

ქეთა:

- ჰიპ-ჰოპს ვცეკვავ. ჩემი მასწავლებლები, ტყუპი ძმა - გიო და თოკა ძალიან მიყვარს. სულ ვცდილობ, კარგად ვიცეკვო, რადგან გადაღებებიც გვაქვს ხოლმე. მართლა პროფესიონალები არიან. ბავშვებს კარგად ეწყობიან და ასწავლიან. მათი დედა - თამუნაც სტუდიაშია ხოლმე. ისიც მსახიობია. მასთან მეც ვმეგობრობ. ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანების სტუდიაში დავდივარ. თუ ჩვენს ინტერვიუს ნახავენ, მადლობას ვუხდი, რომ ბავშვების მიმართ ასეთი კეთილები არიან... წინათ ბევრ ადგილას დავდიოდი: ხატვაზე, ცურვაზე, სამეჯლისო ცეკვაზეც...

ანანო:

- მაგრამ მიხვდა, რომ "ჩა-ჩა-ჩას" ჰიპ-ჰოპი ურჩევნია. ბოლოს და ბოლოს, იმ საქმეს მივაგენით, რაც ქეთას ძალიან უყვარს. ბოლო დროს აღმოვაჩინეთ, რომ ფოტოგრაფიის ნიჭი აქვს: ტელეფონით ისეთი ფოტოები გადაიღო, ვფიქრობთ, პროფესიონალს მივაბაროთ. უბრალოდ, ჯერ ისეთი ასაკი აქვს, რომ ეს მისთვის ძალიან ადრეა...

ქეთა:

- თავდაპირველად დიზაინერობა მქონდა გადაწყვეტილი. შემდეგ, პირველად ბებიაჩემის დაბადების დღეზე ფოტო გადავიღე. მერე უკვე ტელეფონს ვატრიალებდი, ვზომავდი, ფოტოებს დედასაც ვუღებდი... მოკლედ, ფოტოების გადაღება მომინდა.

ანანო:

- იცი, რა ვქენით? როცა მიხვდა, რომ ფოტოგრაფია უყვარს, ვუთხარი, - შენი მოდელი ვიქნები. რაც გინდა, ჩამაცვი და სადაც გინდა, გადამიღე-მეთქი. ისე პროფესიონალურად მეუბნებოდა, გადაღებისას რა როგორ გამეკეთებინა, რომ ძალიან სასაცილო იყო (იღიმის). კარგია, როცა ბავშვს რაღაც აინტერესებს. როგორ შეიძლება, ინტერესი არ განვუვითარო და არ ვასწავლო?!

- ქეთა, დედიკოს პროფესია მოგწონს?

ქეთა:

- დედიკოს პროფესია მცირე ასაკიდან მომწონს. საერთოდ, ყველა ბავშვს უნდა, რომ ტელეეკრანზე ჩანდეს, მსახიობი იყოს. მეც მინდოდა, დედის მსგავსად, მსახიობი გამოვსულიყავი, მაგრამ დედამ მითხრა, - შენ ცეკვა უფრო შეგეფერება. მე მსახიობი ვიქნები, შენ - მოცეკვავეო (იცინის). დედის საქმიანობა მომწონს. მინდა, რომ უფრო წარმატებული გახდეს და ფოტოები გადაგვიღონ.

- ქეთას მსახიობობა რატომ გადააფიქრებინე?

ანანო:

- ჩემი პროფესია მიყვარს, მაგრამ როგორი წარმატებული მსახიობიც უნდა იყო, ეს პროფესია მაინც არასტაბილურია: შეიძლება წლები ისე გავიდეს, რომ როლი არ გქონდეს, ერთ წელიწადში კი ძალიან დაკავებული იყო. ვერ ვიტყვი, ბავშვობიდანვე მსახიობური ნიჭი აქვს-მეთქი. ნიჭს უფრო სხვა მიმართულებით ავლენს. თუ სადმე მონაწილეობა მოუნდება, კასტინგების მეტი რა არის? მივიყვან. ჩემი აზრით, მისთვის აუცილებელი არაა, პროფესიით მსახიობი იყოს...

- მოდი, ცოტა რამ ერთმანეთის უარყოფითი თვისებების შესახებაც მითხარით...

ქეთა:

- ზოდიაქოს ნიშნებით ერთმანეთს ვერ ვეწყობით.

ანანო:

- ძალიან პატარა იყო, როცა მითხრა: დედა, შენ გველის წელში დაიბადე, მე - ვირთხის. გველი ვირთხას ჭამსო (იცინის). მასზე უფროსი ვარ და თამამად ვერ მეტლიკინება, თორემ ისეთი ხასიათი აქვს, რომ - ოჰოჰო!.. იცის, რა უნდა და ისე უნდა იყოს, როგორც უნდა. ძალიან მიზანდასახულია. მაგალითად, მისთვის ჰოვერბორდს დიდხანს არ ვყიდულობდი. ბავშვს რაღაც ოცნება ხომ უნდა დარჩეს, რომ იმით შეაშინო, - აი, იცოდე, არ გიყიდიო? ჰოვერბორდი ბაბუამისს მაინც აყიდვინა (იცინის). რაღაც რომ უნდა, ვერ გადავაფიქრებინებ ხოლმე...

ქეთა:

- სრულიად ვეთანხმები, ვერაფერს დავამატებ (იცინის)...

ანანო:

- ჩემ შესახებაც თქვი, დე, არ გეჩხუბები (იცინის)...

GzaPress ქეთა: - დედაჩემს ფეხშიშველ სიარულზე გართულება აქვს. სულ მეუბნება, რომ "ჩუსტები" ჩავიცვა. მე ფეხშიშველი სიარული მიყვარს. საზღვარგარეთ მოგზაურობისას დედა წინდებს ყიდულობს. შინ დაბრუნებული მეუბნება: - ქეთა, ნახე, ეს თეთრი წინდები ჩემია, შავი კი შენიო... თეთრებს არავინ მაცმევს (იცინის).

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- დედაჩემისთვის უფრო მისაღებია, რომ წიგნები ვიკითხო. ცუდად არ ჩამითვალოთ, მაგრამ საერთოდ, წიგნების კითხვა არ მიყვარს. ინფორმაციების მოძიებას, პროექტების კეთებას ვამჯობინებ. მირჩევნია, თავისუფალ დროს კომპიუტერში 3-საათიანი პროექტი მოვამზადო, ვიდრე წიგნები ვიკითხო.

ანანო:

- როცა ქეთა სკოლაში მიდის, იმ დროს ძირითადად მძინავს. ერთ დილას გავხედე და, ჩემი ლეპტოპი იღლიაში ამოუდვია. ამიხსნა, - გუშინ იმხელა პროექტი გავაკეთე, რომ ამას სახლში ვერ დავტოვებო. "ფლეშკაზე" გადაწერა ვერ მოიაზრა (იცინის).

ქეთა:

- ისტორიის მასწავლებელი - ნანა ჯოლბორდი ძალიან კარგი პედაგოგია. უყვარს, როცა ბავშვები კარგად სწავლობენ. პროექტი საქართველოს ერთ-ერთი კუთხის - კახეთის შესახებ აუცილებლად უნდა მომემზადებინა და სკოლაში მიმეტანა. მიყვარს, როცა შრომას მიფასებენ. მასწავლებელს ჩემი პროექტი მოეწონა... ასევე, თავისუფალ დროს ხანდახან ცეკვაში ვვარჯიშობ, ხან ვჭრი, ვკერავ, სუვენირებს ვაკეთებ...

ანანო:

- ერთხელ ხელსახოცით, თვალის ლაინერით და ნაყინის ჩხირით ანგელოზი გააკეთა. ასეთი რაღაცების კეთება მოსწონს.

ქეთა:

- ბიძაჩემი პროგრამისტია. ვეუბნები ხოლმე, - საიტი გამიკეთე, ჩემი ნამუშევრების ფოტოები უნდა განვათავსო-მეთქი. მიზანი მაქვს, რომ ცნობილი გავხდე... დედაჩემს რაც შეეხება, შანსი არ არის, რომ თავისუფალ დროს კომპიუტერთან დაჯდეს ან ტელეფონი აიღოს ხელში, სულ წიგნებს კითხულობს. შინ 100-ზე მეტი თარო გვაქვს, რადგან როცა ახალი წიგნები გამოდის, დედა პირველი ყიდულობს და შინ მოაქვს. 500-გვერდიან წიგნს 1 საათში კითხულობს (იცინის).

- სერიალ "იდეალურ დედას" უყურებ?

- კი, ძალიან მომწონს. კიდევ ის მომწონს, რომ იაკო ჭილაია დედაჩემის ჯგუფელია და ძალიან კარგია, რომ რეალურად მეგობრები სერიალშიც მეგობრების როლს ასრულებენ.

- დედიკოს "ეკრანულ შვილზე" ხომ არ ეჭვიანობ?

- არა, პირიქით - მომწონს, რომ დედაჩემის პერსონაჟს შვილი ჰყავს. საერთოდ, ისეთი ბავშვი არ ვარ, ვინც ადვილად ეჭვიანობს, მით უმეტეს - უაზროდ ეჭვიანობა არ მჩვევია.

ანანო:

- ელენეს შვილი - გიორგი ძალიან საყვარელია! ცოტათი პუტკუნაა. თან, ხალიც აქვს. ყველა სცენაში ლოყებზე ვჩქმეტდი. ბოლოს რეჟისორმა მითხრა, - მოდი, ბავშვს თავი დაანებე, ნუ ჩქმეტო (იცინის). გადაღებისას გიორგი "დედას" რომ მეძახის, მინდა დავჩქმიტო, ისეთი საყვარელია.

ქეთა:

- ბოლო სერიაში დედა ძალიან ბუნებრივი იყო. მომწონს, რომ ახალ სეზონზე უფრო ხანგრძლივი სერიებია. სერიალიც ბევრად უფრო საინტერესო გახდა და დედაც ბევრად უფრო ლამაზია.

ეთო ყორღანაშვილი