ზუკა ცუხიშვილის ყველაზე "დიდი სიგიჟე", პირველი შეხვედრა შვილთან... - გზაპრესი

ზუკა ცუხიშვილის ყველაზე "დიდი სიგიჟე", პირველი შეხვედრა შვილთან...

"ჩემი და ლისას პირველი შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. მშობიარობას ვერ დავესწარი, იმ საღამოს გიჟივით, შეუჩერებლად დავდიოდი, ნერვიულობისგან 3 კილო დავიკელი. შვილი პირველად რომ დავინახე, ვიტირე... პირველად ხელში რომ დავიჭირე, ჩემს ხელისგულებზე დაეტია. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ხელში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და სიყვარული მეჭირა", - ასე ემოციურად იხსენებს შვილთან შეხვედრის პირველ წუთებს მსახიობი ზუკა ცუხიშვილი. როგორ აღმოჩნდა სერიალში "მისამართის გარეშე", მართლა შეუძლია თუ არა გემრიელი ბურგერების მომზადება და რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1995 წლის 22 ნოემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ფეხბურთელი, მაგრამ მსახიობი გამოვედი. ფეხბურთზე დავდიოდი, სათამაშოდ კიევში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ვეღარ წავედი და აღარ ვიცოდი, რა მეკეთებინა. მერვე კლასი რომ დავასრულე, სხვა სკოლაში გადამიყვანეს. იქ აკაკი წერეთლის "გამზრდელი" დაიდგა, რომელშიც ბათუს როლი ვითამაშე. ეს ის როლი აღმოჩნდა, რომელმაც ჩემი მომავალი პროფესია განსაზღვრა. გადავწყვიტე, ბედი სამსახიობოზე მეცადა.

- სერიალში "მისამართის გარეშე"...

- ...შემთხვევით მოვხვდი. იმ პერიოდში მეუღლესა და შვილთან ერთად, სოფელში დასასვენებლად ვიყავი. დათა თავაძე სპექტაკლს "ცრუ განგაში ცხრა მთას იქით" დგამდა, "მასოვკისთვის" დახმარება მთხოვა. თბილისში დავბრუნდი, სერიალის კასტინგი სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა. პირველი ტური გავიარე. მეორე ტური რომ ჩანიშნეს, გერმანიაში ვიყავი. მენეჯერმა მომწერა და ვუპასუხე, 3 სექტემბერს ვბრუნდები-მეთქი. დაგვიანებულია, მანამდე შეიძლება საპილოტეც გადაღებული გვქონდესო. შემდეგ ჩემი ამბები ისე აეწყო, რომ დროზე ადრე დაბრუნება მომიხდა. მენეჯერს მივწერე, 21 აგვისტოს თბილისში ვიქნები-მეთქი. მე და კიდევ ერთი მსახიობი დაგვიბარეს, შემდეგ კი როლზე დამამტკიცეს.

- ჩემი პერსონაჟი გიორგი...

- ...ჩემთვის საინტერესოდ სათამაშო ტიპაჟია. მისი მსგავსი ამ ქვეყანაში ბევრია. გიორგისი კარგად მესმის. ის მარტო ცხოვრობს, სხვა პასუხისმგებლობა არ აკისრია. ახლობელთან ერთად დაიწყო ბიზნესი, არ გამოუვიდა, შემდეგ ბანკის ვალი "შეეტენა" და თავის დაღწევას ცდილობს. ზარმაცია, მაგრამ ბევრი დადებითი თვისება აქვს, კარგ ბურგერებს აკეთებს. რაღაცნაირი ქარიზმა გააჩნია.

- რეალურ ცხოვრებაში ბურგერების...

- ...გაკეთება არ ვიცი, მაგრამ რაც ამ პერსონაჟს ვასახიერებ, ბურგერების აწყობითაც დავინტერესდი.

GzaPress - ჩემზე ამბობენ... - ...რომ ვარ უჟმური, შრომისმოყვარე და ძალიან გამხდარი. ზოგჯერ მართლა უჟმური ვარ, მით უმეტეს, როცა შინ დაღლილი ვბრუნდები. ვბუზღუნებ და მერე საკუთარ თავს ვეუბნები, რა გაბუზღუნებს? წადი რა, დაიძინე.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს მეუღლე, შვილი, ოჯახის წევრები. ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანები ჩემ გვერდით არიან. ჩემი მეუღლე გახლავთ მსახიობი ანანო ვარძიელი. ჩვენს შვილს ლისანდრა ჰქვია, ლისას ვეძახით, წლისა და 10 თვის არის.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...არის სიმშვიდე. მაგრამ აქ, გადასაღებ მოედანზე მშვიდი არასდროს ვარ, აქ ემოციები მჭირდება. მომწონს, რომ შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა შემიძლია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...სიზარმაცეა, მაგრამ არა პროფესიული საქმიანობის დროს.

- ვრისკავ...

- ...ხშირად, მაგრამ იმ ნაბიჯს არასდროს ვდგამ, რომელიც ოჯახის რომელიმე წევრს შეიძლება ცუდად შეეხოს.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო პირველ კურსზე, როცა გოგი თოდაძის "მატყუარებში" ვითამაშე. ეს იყო დიდი გამოცდილება და წინ გადადგმული ნაბიჯი.

- პოპულარობა...

- ...ვერ ვიტყვი, რომ დიდად მხიბლავს. ხალხის სიყვარული უფრო კარგია, მაგრამ ისეთ რეჟიმში მიწევს გადაღებები, სულ სხვადასხვა ლოკაციაზე ვარ და ხალხის რეაქცია რომ გავიგო, შემოქმედებითი ჯგუფის წევრების გარდა, სხვას ვერავის ვნახულობ.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ფეხზე მყარად ვმდგარიყავი. დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლეს, მხარში დგომით და ჩემს პატარა შვილს, რომელიც ძალას მმატებს, ცხოვრების სტიმულია. მადლობა ბებიას და ბაბუას. ყველაფერს ამ ადამიანებისთვის და ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებ.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვიმოგზაურო. ფრენის მეშინია, მაგრამ დედა და ძმა გერმანიაში მყავს, 5 წელია დავფრინავ. სიამოვნებით წავიდოდი დომენიკის რესპუბლიკაში. ეგზოტიკა მიზიდავს. ამ ქვეყანაში ჩემი მეგობარი იყო და შთაბეჭდილებები რომ გამიზიარა, იქ მოგზაურობა ძალიან მომინდა.

- წონასწორობას ვკარგავ...

- ...უსამართლობის დროს, მაგრამ ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო. ამ დროს განმარტოება არ მიყვარს, მირჩევნია, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო.

- სიყვარული ეს...

- ...რა არის ავხსნა? არ შემიძლია (პაუზის შემდეგ), არ შემიძლია (პაუზის შემდეგ), მართლა არ შემიძლია. სიტყვებით როგორ ვთქვა?

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ჩემი ბაღელი იყო? ახლა რომ ვფიქრობ, მგონია, რომ არც არავინ მყვარებია, პირველი სიყვარული ჩემი მეუღლეა, ცოლად ამიტომ მოვიყვანე.

- შეყვარებულს სიგიჟეები...

- ...ჩამიდენია (ფიქრობს). გთხოვ, სიყვარულის თემას "გადავახტეთ"... ჩემი ყველაზე დიდი სიგიჟე ჩემი შვილი, ლისანდრაა.

- ჩემი და ანანოს სიყვარულის ამბავი...

- ...თეატრალურიდან დაიწყო. ჯგუფელები ვიყავით, ვმეგობრობდით, მერე ჩვენ შორის გრძნობა გაჩნდა და დავოჯახდით.

GzaPress - რომანტიკოსი... - ...ვარ, მაგრამ სულ რომანტიზმის განწყობა არ მაქვს, ზოგიერთ მომენტში მიმძაფრდება...

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...საჭმელს რატომ არ ჭამო? ჩემი სიგამხდრე მომწონს. ზოგჯერ სიზარმაცის გამოც მსაყვედურობენ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...არც კი ვიცი, რა ვერ ვისწავლე? პუნქტუალური ვარ. არასდროს ვაგვიანებ. ვისწავლე, სახლიდან რომ გამოვდივარ, გარეთ ბევრი ადამიანი შემხვდება და ისე უნდა ჩავიცვა, არავინ შევაშინო. ძალიან ბევრი რამ მაქვს ნასწავლი და რა ვერ ვისწავლე (პაუზის შემდეგ)? ხომ გითხარი, ეს ჩემი პირველი ინტერვიუა და ცუდი რესპონდენტი ვიქნები-მეთქი.

- ჩვევად მაქვს, სცენაზე ყოველი გასვლის წინ...

- ...პირჯვარს ვიწერ.

- თავისუფლება...

- ...ყველასთვის სხვადასხვაგვარია. თავისუფლებაა, როცა შეგიძლია ნებისმიერი რამ აკეთო. პასუხისმგებლობა, ჩარჩოებში მოქცევა და კლიშეები თავისუფლების რაღაც დონეზე შეზღუდვაა. თავისუფლები მხოლოდ ველურ ბუნებაში მცხოვრები ტომები არიან. ცივილიზებულ სამყაროში თავისუფლები ვერ ვართ, გვინდა თუ არა, ჩარჩოებში ვექცევით.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...სულ დავარიგებდი, ადამიანებს დავეხმარებოდი. ცხოველებზეც ვიზრუნებდი. ბორბლებიან სახლს ვიყიდდი და ჩემს ანანოსთან და ლისასთან ერთად, ბევრს ვიმოგზაურებდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ვერ გადავაბიჯებ ჩემს პრინციპებს, მორალს, ადამიანობას.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ის ადამიანი გულწრფელად ინანიებს.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვიხსენებ მაშინ, როცა გასარისკია და ვფიქრობ, შეცდომას ხომ არ ვუშვებ?

- ვიბნევი...

- ...როცა ადამიანებს ძალიან მარტივ რამეს ვეუბნები და ვერ იგებენ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...არ მიყვარს. ჩემზე კარგად არავინ იცის, როგორ ვთამაშობ. ერთი ერთზე საუბრისას, შეფასებების მოსმენა ყოველთვის მსიამოვნებს, მით უმეტეს, თუ ის ადამიანი კომპეტენტურია.

- ვუფრთხილდები...

- ...ყველაზე მეტად ჩემს ოჯახს. მინდოდა და მეგონა, უფრო კარგი მამა ვიქნებოდი, მაგრამ ცუდიც არ ვარ. ბავშვს დამოუკიდებლად შემიძლია მოვუარო, ხშირად ვეთამაშები.

- ჩემი და ლისას პირველი შეხვედრა...

- ...ძალიან ემოციური იყო. მშობიარობას ვერ დავესწარი. იმ საღამოს შეუჩერებლად, გიჟივით დავდიოდი, ნერვიულობისგან 3 კილო დავიკელი. სამშობიაროში რომ შევედი, ბავშვი ანანოს გვერდით იწვა. ანანოს ვაკოცე. შვილი პირველად რომ დავინახე, ვიტირე. მერე გარეთ გამოვედი და კიდევ უფრო ვიტირე. პირველად ხელში რომ დავიჭირე, ჩემს ხელისგულებზე დაეტია, ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ხელში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და სიყვარული მეჭირა.

- საკუთარ გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...თმა მცვივა და ამ პროცესს შევაჩერებდი. წონაში არ მოვიმატებდი.

- ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.

- ...ეს მე ვარ. შეიძლება ეგოისტურად გამომდის, მაგრამ ასეა. ყველას ვუსმენ: მეუღლეს, დედას, ძმას, მაგრამ ჩემს აზრსაც წინ ვახვედრებ. საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ვიღებ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ჩემი ძმა გერმანიაში რომ მიდიოდა, 18 წლის ვიყავი. ჩემთვის არ უთქვამს, მაგრამ ჩემს ძმაკაცს უთხრა, ზუკას მიმიხედეო. ეს სიტყვები სულ მახსოვს.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ეს ჟურნალი "გზაა", თქვენ კი სულ წინსვლას და ბედნიერ გზას გისურვებთ! მხოლოდ მიზნისკენ სწრაფვა არაფერია, გვერდითაც ხშირად უნდა გავიხედოთ და წაქცეულ ადამიანებს თუ დავინახავთ, წამოვაყენოთ!

თამუნა კვინიკაძე