როგორ აფასებენ პოპულარული მამაკაცები ქალთა მკვლელობისა და ძალადობის ფაქტებს? - გზაპრესი

როგორ აფასებენ პოპულარული მამაკაცები ქალთა მკვლელობისა და ძალადობის ფაქტებს?

ვინ იცის, მერამდენე შემთხვევაა ეს საქართველოში, როცა ქმრები ყოფილ "მეორე ნახევრებს" უმოწყალოდ უსწორდებიან. ოჯახური ძალადობა მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მოვლენაა, რომელსაც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ებრძვიან. არის თუ არა ქალზე ძალადობა საქართველოში და რატომ უსწორდებიან ქმრები ყოფილ მეუღლეებს ასე დაუნდობლად? - ეს შეკითხვა პოპულარულ ქართველ მამაკაცებს დავუსვით, რომლებმაც ეს მოვლენა მწვავედ გააკრიტიკეს...

"თუ ადამიანი მოძალადეა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს"

არჩილ სოლოღაშვილი, მსახიობი: - ეს ძალიან მძიმე თემაა! ვერ ვიტყვი, სად იზრდებიან ან ყალიბდებიან მოძალადე მამაკაცები, რისი დამსახურებაა ეს - იმ უბნის, იმ გარემოსი, სადაც იზრდებიან თუ - გენეტიკის... მე ამის ექსპერტად ვერ გამოვდგები, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: მშობლები ბავშვებს უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდონ. მნიშვნელობა არა აქვს, ქალი იქნება თუ კაცი, მოძალადე ორივე შეიძლება იყოს. არავინ იცის, სხვის ოჯახში რა ხდება, მაგრამ სიკვდილს არავინ იმსახურებს. თუ ადამიანი მოძალადეა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

"ქალზე ძალადობის ძირები ჩვენს კულტურაში არ არის"

გია ბაღაშვილი, ხელოვნებათმცოდნე, მუსიკოსი: - ქალებზე ძალადობამ მართლაც იმატა და ეს შემაძრწუნებელი ფაქტია. ამდენი ძალადობრივი სიკვდილი ნამდვილი ეროვნული ტრაგედიაა, თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვა: ქალზე ძალადობის ძირები ჩვენს ტრადიციულ კულტურაში საძიებელი არ არის. პირიქით, ქალის პატივისცემა, მის მიმართ სათუთი გრძნობების გამოხატვა, მოფრთხილება, დაცვა, მისთვის თავდადება - აი, ეს თემებია ისტორიულად დამახასიათებელი ქართული ხასიათისთვის, ჩვენი ხელოვნებისა და კულტურისთვის. საუკუნეების განმავლობაში, ამ ფასეულობებით ზრდიდა ქართველი დედა ვაჟს. ზოგადად, ძალადობაა გაზრდილი, როგორც ფიზიკური, ისე - ფსიქოლოგიური. გაიხსენეთ, მკვლელობის, დაჭრის, ჩაგვრისა და ე.წ. ბულინგის გახშირებული შემთხვევები მოზარდებში. ჩემი აზრით, ძალადობის ზრდის მთავარი მიზეზი, ერთი მხრივ, მწვავე სოციალური პრობლემები - უმუშევრობა, სიღატაკე, სოციალური უთანასწორობაა, მეორე მხრივ კი - წლების განმავლობაში მიმდინარე მიზანმიმართული შეტევა ტრადიციულ ღირებულებებზე, მათ შორის, ოჯახის ინსტიტუტსა და ეკლესიაზე.

"ხშირად ქალები ბევრად უფრო დაუნდობელნი არიან ქალების მიმართ" GzaPress

გია ბუღაძე, მხატვარი: - 21-ე საუკუნის საქართველოში ქალები ბევრად უფრო პრინციპულები, გონიერები და შრომისუნარიანები არიან, მამაკაცების უმრავლესობას კი, მხოლოდ ტრადიციული შეხედულებები შემორჩა, მათ უმეტესობას არც შემოსავალი აქვს, არც ქონება და არც - ღირსეული მდგომარეობა. მამაკაცი თავის ადგილზე აღარ დგას და დაჩაჩანაკებულია. როცა ცოლი უფრო ძლიერია, ეს ზოგიერთ მამაკაცში აგრესიას და ბოღმას იწვევს. ის ქალები, რომლებიც ყოფილი ქმრების მსხვერპლად იქცნენ, სწორედ ასეთები იყვნენ: გაბედულები, ძლიერები და საქმიანები... ზოგიერთი უცხოეთიდან იყო ჩამოსული და სამშობლოში თავის დამკვიდრებას ცდილობდა. როგორც წესი, ქალებზე დაბოღმილი, დასუსტებული და გაუნათლებელი მამაკაცები ძალადობენ. ძლიერ მამაკაცებს ჭკვიანი ქალებისა არ ეშინიათ, პირიქით, პატივს სცემენ და უყვართ. როცა ადამიანი ჩლუნგი, ხეპრე და გაუნათლებელია, ყველაფერს იკადრებს. ჯერ რომ სიცოცხლეს მოუსწრაფებ და მერე ყოფილი მეუღლის სახელს ჩირქს მოსცხებ, კაცი კი არა, არარაობა ხარ, აბა, რა ხარ?! რას ვიზამთ, სავსეა ქვეყანა სუსტი და მხდალი მამაკაცებით, ისინი ვერ ეგუებიან, რომ ცოლი უფრო წარმატებულია, უფრო ლამაზია და საზოგადოებაში ჩანს. ყველაზე მეტად კი, იცით, რა მაკვირვებს? - ხშირად ქალები უფრო თავგამოდებით იცავენ მოძალადე მამაკაცებს და მსხვერპლს კიცხავენ - მსხვერპლს, რომელმაც გაბედა და ახალი ცხოვრების დაწყება სცადა. ქალები ბევრად უფრო დაუნდობლები არიან ქალების მიმართ, რაც მაკვირვებს. როგორც ჩანს, ეს დახურული, გაუნათლებელი საზოგადოების დამახასიათებელი ნიშანია.

"დიდი ხნის გაშორებული ქმარი რატომ უნდა აკონტროლებდეს ყოფილ ცოლს?!"

რატი დურგლიშვილი, მომღერალი: - მე ბოლომდე ვერც ვუყურე სიუჟეტს, სადაც რამდენიმე კვირის წინ მოკლულ გოგონაზე საუბრობდნენ. ასეთი ფაქტები შემზარავია ნებისმიერი ადამიანისთვის. როდესაც შენს მეორე ნახევარს ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებ და ფიზიკურად კი არა, თუნდაც სიტყვიერად შეურაცხყოფ, ეს უკვე ძალადობაა. სულ სხვა საკითხია, რომ ხშირად პოზიციებს არც ერთი მხარე თმობს და კონფლიქტიც ამის გამო წარმოიშობა, მიუხედავად ამისა, ქალზე ძალადობა მაინც დაუშვებლად მიმაჩნია. მე ვერ წარმომიდგენია, მამაკაცმა ქალზე ხელი როგორ უნდა აღმართოს ან ეს აგრესია საიდან მოდის. ისიც არ მესმის, 5-6 წლის გაშორებული ქმარი რატომ უნდა აკონტროლებდეს ყოფილ ცოლს და რატომ უნდა აკვირდებოდეს მის ცხოვრებას. ალბათ, ეს უფრო ეგოიზმის დამსახურებაა. მესაკუთრეობის განცდა ძალიან ცუდი რამ არის. არავის აქვს უფლება, მეორე ადამიანი თავის საკუთრებად მიიჩნიოს და ახალი ცხოვრების დაწყების უფლება წაართვას. ოჯახები იშლება, ადამიანები ერთმანეთს შორდებიან და უცხონი ხდებიან, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის გაუგებარია. ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ კონფლიქტი ქალის პროვოცირებულია. მე ეს საკუთარ თავზე გამომიცდია და ვიცი, ასეთ დროს ადამიანმა ყველაფერი ცივი გონებით უნდა განჭვრიტოს და კონფლიქტი გონივრულად გადაწყვიტოს.

"აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საზოგადოების ნაწილი მსხვერპლს კიცხავს" GzaPress

ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი: - სრულიად აღმაშფოთებელი ფაქტები ხდება ქვეყანაში, სადაც თავს დებენ იმაზე, რომ აქ ქალის კულტია, სადაც პირველად ქალის სადღეგრძელოს სვამენ. თავს ვდებთ ჩვენს რაინდულ თვისებებზე, ქალის დაფასებასა და პატივისცემაზე და ამ დროს მამაკაცები ყოფილ ცოლებსაც არ ინდობენ. ჩემთვის ისიც გასაოცარია, რომ ქმრებს ჰგონიათ, "ყოფილის" ბედსა და მომავალზე ძველებურად უნდა "იზრუნონ", თუ ამას ზრუნვა ჰქვია. ისინი უჩვეულო სიჯიუტეს იჩენენ იმ ქალის მიმართ, ვისთანაც საერთო აღარაფერი აქვთ. ეს ხომ სრული აბსურდია? როდესაც ადამიანები ერთმანეთს შორდებიან, ორივე თავისუფალია და სრული უფლება აქვს, თავისი ცხოვრება ისე ააწყოს, როგორც თვითონ სურს და უკეთესად მიაჩნია. აღმაშფოთებელია ისიც, რომ საზოგადოების ნაწილი მსხვერპლს კიცხავს და მიწასთან ასწორებს. ეს ამ საზოგადოების უმწიფრობაზე მიუთითებს. ვერავინ და ვერაფერი ამართლებს მკვლელობას და ძალადობას, ამის გამართლება ადამიანურ ლოგიკას არ ექვემდებარება და ჩემი ღრმა რწმენით, დაუშვებელია.

"უიმედობისა და უსახსრობის გამო ხალხში დიდი აგრესიაა დაგროვილი" GzaPress

გიორგი გუგავა, პოლიტიკოსი: - რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს მართლაც უბედურებაა, მაგრამ ამის მიზეზი არ არის ჩვენი ტრადიციები ან ჩვენი ეთნოკულტურა. მძიმე სოციალური გარემო წარმოშობს ასეთ უმძიმეს ფაქტებს და სწორედ ეს გარემო ხდება ძალადობის მთავარი წყარო. ძალიან ხშირია ძალადობა ბავშვების, მოხუცების, ქალების მიმართ, ოჯახის წევრები ერთმანეთს არ ინდობენ და კლავენ. თითქოს ყველანი აშლილ ფსიქოლოგიურ გარემოში ვიმყოფებით და ეს იმ უიმედობით, სასოწარკვეთით არის განპირობებული, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს. ეს აგრესია უმძიმესი ფორმით ვლინდება და პერიოდულად საშინელი ტრაგედიის მოწმენი ვხდებით. მოძალადის ჩამოყალიბებაში წვლილი მიუძღვის ოჯახს, სკოლას, გარემოს და იმ მახინჯ სტერეოტიპებს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია დამკვიდრებული. უმძიმესი სოციალური გარემო კი, ჩახმახის როლს ასრულებს. აგრესიული ფონი, უიმედობა, უსასოობა და ძალადობის პროპაგანდა იწვევს ისეთ სავალალო ფაქტებს, რომლის მოწმენიც ვართ.

P.S. ქალთა მკვლელობისა და ძალადობის შემთხვევებს ყველა ქვეყანაში თავისებურად აპროტესტებენ. მაგალითად, თურქეთში, 2018 წელს, ქმრების მიერ მოკლულ 440 ქალს პატივი მიაგეს და სპეციალური მემორიალი შექმნეს: ერთ-ერთ შენობას 440 წყვილი ქუსლიანი ფეხსაცმელი მიამაგრეს. მემორიალი საკმაოდ დამთრგუნველი და სევდიანი გამოდგა. იდეა თურქეთში არსებული ტრადიციის გამო წარმოიშვა - როცა ამ ქვეყანაში რომელიმე ოჯახის წევრი კვდება, მის ფეხსაცმელს, გლოვის ნიშნად, სახლის გარეთ დებენ ხოლმე. მემორიალისთვის ინსპირაცია სწორედ ეს ჩვეულება გახდა. მემორიალი სექტემბერში, სტამბოლის ცენტრში მოეწყო და ფეხსაცმელები შენობაზე რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება გამოფენილი - ასეთია ამ ორიგინალური იდეის ავტორების ჩანაფიქრი.

ხათუნა ჩიგოგიძე