მაია გელოვანის ბედნიერება და დაუვიწყარი ამბები - გზაპრესი

მაია გელოვანის ბედნიერება და დაუვიწყარი ამბები

"სერიალში "იდეალური დედა" ჩემი პერსონაჟი ახლა "იბადება", საინტერესო სათამაშო ტიპაჟია, მისგან სრულიად განსხვავებული ვარ", - ამბობს მსახიობი მაია გელოვანი. როგორ დაიწყო მისი და ნიაზ დიასამიძის სიყვარულის ამბავი, რა არის სიყვარული, თავისუფლება, რა მოგონებები აკავშირებს მიშა თუმანიშვილთან? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1976 წლის 13 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. არაჩვეულებრივი დეიდა მყავდა, რომელიც ოპერის მომღერალი იყო. მისი ყველა როლი მომწონდა. ოპერაში 5 წლიდან დავყავდი, კულისებში გავიზარდე და ამ პროფესიით მაშინ მოვიწამლე. მსურდა ვოკალისტი გამოვსულიყავი, მაგრამ საამისო მონაცემი არ აღმომაჩნდა. შემდეგ გულმა დრამატული თეატრისკენ გამიწია, იქ სიმღერა დიდ აუცილებლობას არ წამოადგენდა, ამიტომ სამსახიობოზე ჩავაბარე.

GzaPress- ეს პროფესია ისეთივე რომანტიკულია, როგორიც გარედან ჩანს...

- ...არ აღმოჩნდა, აქ თავის დასამკვიდრებლად დიდი შრომაა საჭირო. ერთ დღეს ცისფერი და ვარდისფერი გაქრა, მიწაზე აღმოვჩნდი. მანამდე არც მეგონა, ასეთი რამეები თუ ხდებოდა. თეატრალურში მიშა თუმანიშვილის და გოგი მარგველაშვილის ჯგუფში ვსწავლობდი. მარგველაშვილმა მასწავლა, მსახიობობა მტაცებლების პროფესიაა. აქ რომ გადარჩე, მტაცებელი ცხოველი უნდა იყოო. მე ასეთი ვერ გავხდი. ერთადერთი, რაც ვისწავლე, ეს თავდაცვაა. თავს პირველი არავის ვესხმი. თავდაცვის უნარი ავტომატურად გამოვიმუშავე. დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს ძალიან კარგია. როცა ყველაფერი ლანგარზე დევს, ის საინტერესო არ არის, ბრძოლით მოპოვებულს მეტი ხიბლი აქვს. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ... ჩემ გარშემო ბევრი ადამიანია, რომლებიც მიყვარს და მათგანაც დიდ სიყვარულს ვგრძნობ. ხშირად ვფიქრობ, ნეტავ ასეთი სიყვარული რით დავიმსახურე-მეთქი? ბავშვობიდან სიყვარულით განებივრებული ვარ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...სიცოცხლე ძალიან უყვარსო. სულ ვცდილობ, ადამიანში მაქსიმალურად კარგი დავინახო. ვიღაცაზე რომ ვბრაზდები, მაშინაც მის გამართლებას ვცდილობ. არ ვიცი, ეს რამდენად კარგია.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ადამიანების სიყვარულია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...უკეთესი იქნებოდა, მეტად თავდაჯერებული ვყოფილიყავი. როდესაც რაიმეს ვაკეთებ, სულ ვფიქრობ, კარგია თუ არა? სწორად ვიქცევი თუ არა? საკუთარ აზრს თავს არავის ვახვევ. ზოგჯერ ინტუიციას ბრმად უნდა მიჰყვე, მე კი ამას ვუფრთხი.

- შეცდომების დაშვების...

- ...ყველაზე მეტად შვილების გამო მეშინია. ისინი ჩემს ქმედებას, ქცევებს იმდენად სხვაგვარად აფასებენ, მეშინია, რაიმე არასწორი არ გავაკეთო. თუმცა, იმასაც ვაცნობიერებ, რომ ისინიც და მეც დამოუკიდებელი ადამიანები ვართ. რა არის თავისუფლება? თავისუფლებაა, როცა შენი სივრცე გაქვს, ამ სივრცეში აკეთებ საქმეს, მაგრამ როცა ოჯახს ქმნი და შვილები გიჩნდება, პასუხისმგებლობები იმდენად იმატებს, რომ ეს თავისუფლებაც იკარგება, იზღუდება. ასეთ საკითხებზე ზედმეტად ბევრს ვფიქრობ, არადა, საჭიროა, ზოგჯერ მსახიობმა უნდა იხულიგნოს.

- ვრისკავ, როცა...

- ...საქმე ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ტკივილს ეხება. ამ დროს არაფერს ვუფრთხი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...არც კი ვიცი, რა გავიხსენო (პაუზის შემდეგ)? როდესაც მაყურებელს პერსონაჟი სერიალიდან და ფილმიდან უყვარდება, კარგია, მაგრამ როცა თეატრში მოდის და სპექტაკლიდან უყვარდება, ეს მეტად სასიამოვნოა, სხვა ხიბლი აქვს. ქუჩაში მაყურებელს არაერთხელ გავუჩერებივარ და სიყვარული გამოუხატავს. ალბათ ესაა წარმატება, მაშინ ვხვდები, ტყუილად არ მიშრომია. მაინც მგონია, რომ წარმატებები წინ მაქვს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი...

- ...თავად მე მიმიძღვის. თეატრალურში იმ წლებში ვსწავლობდი, როცა რთული პერიოდი იყო. რა თქმა უნდა, პირველი ვინც მახსენდება, მიშა თუმანიშვილია. 18 წლის ვიყავი, როცა მის სპექტაკლში "ამფიტრიონი" მოვხვდი. თეატრის კარგი, ცუდი, წარმატება, წარუმატებლობა, სიხარული, ტკივილი, ყველაფერი ერთად, დიდი რაოდენობით შემომაყარა. მეუბნებოდა, შენ აქ უნდა იჯდე და ყველაფერი ნახოო. მე კი იმდენად სულელი გოგო ვიყავი, გარეთ ბავშვებთან გაქცევა მინდოდა. მესამე კურსზე ვიყავი, როცა ბატონი მიშა გარდაიცვალა.

- ამბავი, რომელიც მიშა თუმანიშვილთან დაკავშირებით სულ მახსოვს...

- ...ტრადიცია ჰქონდა, ყოველ ახალ წელს, მოსწავლეები და მისი თეატრის მსახიობები, მასთან სახლში მიდიოდნენ. ოჯახში მათ ახვედრებდა გაშლილ სუფრას, სადაც ყოველთვის იყო წითელი ღვინო და ვაშლი. სვამდნენ ღვინოს, მიირთმევდნენ ვაშლს და თითქოს ეს ფიცის დადების ცერემონიას ჰგავდა. მასთან სტუმრობის ბედნიერება წილად მეც მხვდა. მივედი საოცრად დაბნეული, პატარა გოგო და იმ ბუმბერაზი მსახიობების გვერდით ვიყავი, ვისზეც მაშინ ვგიჟდებოდი, ვის სპექტაკლებზეც გავიზარდე. არ ვიცი, ალბათ ნერვიულობისგან, ჭიქა წამექცა და წითელი ღვინო თეთრ სუფრაზე დაიღვარა. ძალიან შემრცხვა, განვიცადე, გავწითლდი. ბატონმა მიშამ ეს შეამჩნია, მოვიდა და, - მოდი, ახლა მე და შენ დავხატოთო, სუფრაზე ღვინოს ასხამდა და "ხატავდა". უყვარდა ადამიანები, რომლებიც მუდამ ახალგაზრდულები იყვნენ. მაშინ ასაკით პატარა ვიყავი, თან - ბავშვური. ეს ძალიან მოსწონდა, აღფრთოვანებული იყო. ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის გოგი მარგველაშვილს, მან არაჩვეულებრივად იცის სტუდენტებთან ურთიერთობა, მუშაობა. მისი მადლიერი ვარ.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვიმუშაო საინტერესო კინორეჟისორთან და კარგ ფილმებში, საინტერესო როლები შევასრულო.

- მეშინია...

- ...სიკვდილის, ავადმყოფობის, ახლობლების დაკარგვის... ძალიან მშიშარა ვარ, ბევრი რამის მეშინია.

- ბოლოს ვიტირე...

- ...რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვნახე პოსტი, რომელიც ჩვენს კოლეგას ეხებოდა, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭია, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, დახმარება სჭირდება და ამ ამბავმა ამატირა.

- როცა წონასწორობას ვკარგავ...

- ...ვყვირი, ხმამაღლა ვლაპარაკობ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ადამიანს, რომელსაც ძალიან მარტივ რამეს ვეუბნები და არ ესმის.

GzaPress - სიყვარული ეს... - ...არის ძალიან დიდი ძალა. ჩემს წარმოდგენაში სიყვარული არის დედამიწის მსგავსი ბურთი, ოღონდ შიგნით ცეცხლია, ვულკანია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...არ გამოვხატავდი, ყველაფერი ჩემში შიგნით ხდებოდა, არ ვლაპარაკობდი.

- ჩემი და ნიაზის (მომღერალი ნიაზ დიასამიძე) სიყვარულის ამბავი დაიწყო...

- ...პირველად ერთმანეთს საერთო მეგობრის, არაჩვეულებრივი მსახიობისა და პოეტის, ნიკო გომელაურის ოჯახში შევხვდით. ერთმანეთი გავიცანით, მაგრამ შემდეგი 2 წელი არანაირი ურთიერთობა არ გვქონია. შემდეგ ისევ შევხდით და ჩვენი სიყვარულის ამბავიც ამის შემდეგ დაიწყო, რამდენიმე თვეში დავქორწინდით. "ბურთში" რომ "ვულკანია", აი, მაგის ენერგეტიკაა მთავარი, უხილავი ძაფები იბმება, რომელიც მერე რაღაცებს გაკეთებინებს. ნიაზი ჩემს სპექტაკლებს არასდროს ესწრება. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, მოვიდა და როცა ჩემი სცენაზე შესვლის დრო დადგა, დარბაზიდან გავიდა. გასვლის დროს თვალი მოვკარი, არც ვიცოდი, მოსული თუ იყო. უზომოდ ემოციურია, საკუთარ თავს ეკრანზე არ უყურებს. ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს, როცა მარტოა. მისი კარგად მესმის. არსებობს რაღაც სივრცე, რომელიც ჩემია, იქ აღარ იჭრება. თავად მის ყველა კონცერტს ვესწრები, თამამად და ამაყად ვიტყვი, მისი შემოქმედების პირველი შემფასებელი და გულშემატკივარი ვარ.

- ჩვენი შვილები...

- ...თემური 18 წლის არის, ანდრია - 12-ის. ყველანი ემოციურები ვართ. ანდრიას სპექტაკლში არ უნდა აღიქვას დედა პერსონაჟი. ნერვიულობს, გაორება ემართება. თემურიკო ანდრიას ასაკში რომ იყო, "მელოტ მომღერალ ქალს" ვთამაშობდი. ამ სპექტაკლში, ჩემი პერსონაჟი ორსულად რჩება. იმ დროს, ანდრიაზე მართლა ორსული ვიყავი და როცა ჩემმა სასცენო პარტნიორმა, ვანიკო თარხნიშვილმა მკითხა, - ეს ბავშვი ვისია? ვუპასუხე, - შენია. უეცრად დარბაზიდან თემურიკოს ხმა გაისმა, - "ეს ბავშვი შენი არ არის!" მთელი დარბაზი იცინოდა. როცა ანდრია ნიაზის კონცერტს ესწრება, მის მიმართ იმდენად ეგოისტური დამოკიდებულება აქვს, არ უნდა მამა დარბაზს, მსმენელს "გაუნაწილოს". უფროსს მუსიკალური მონაცემები აქვს, დრამზე უკრავს და ელექტრომუსიკითაა გატაცებული.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ფულზე ლაპარაკი. ასე გამზარდეს, თანხაზე ყურადღების გამახვილება სირცხვილიაო. არადა, საჭიროა იცოდე საკუთარი თავის შეფასება, ჰონორარზე ლაპარაკი.

- სცენაზე ყოველი გასვლის წინ...

- ...ჩემი პატარა, რიტუალური სავარჯიშოები მაქვს.

- ბედისწერის...

- ...მჯერა. ბედისწერაა, რომ ჩემს მეუღლეს შევხვდი; ბედისწერაა, რომ ახლა აქ ვარ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...დავეხმარებოდი ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ. მათ სიცოცხლეს გავუხანგრძლივებდი, ტკივილს შევუმსუბუქებდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...რომ მითხრან, ფილმს იღებენ, რომელსაც პუტინი აფინანსებსო, არ ვითამაშებ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ მიზანდასახული და მებრძოლი უნდა ვიყო. ვიღაცის და რაღაცის გამო უკან არ უნდა დავიხიო.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვწითლდები. მიუხედავად იმისა, რომ სასიამოვნოა, მერიდება.

- ვიბნევი, როცა...

- ...შენიშვნას დაუმსახურებლად მაძლევენ. რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ძაღლი მომიახლოვდა, რაღაცნაირად უკან დავიხიე, შემეშინდა, ვიღაცამ მისაყვედურა, - ქალბატონო, რას აკეთებთ, ძაღლს რატომ იშორებთო? თავი უხერხულად ვიგრძენი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს საუკეთესო "წამალი" რეპეტიციაა. ასეთი მომენტი მქონია. მამა რამდენიმე წლის წინ გარდამეცვალა. დღეს მისი დაბადების დღეა. მოულოდნელად გავიგეთ, რომ უმძიმესი დიაგნოზი ჰქონდა. პირადად მე მითხრეს, მაქსიმუმ 3 თვე იცოცხლოსო. ძალიან მძიმედ ვიყავი, წამი არ იყო ამ ტკივილის გარეშე, მხოლოდ თეატრი და რეპეტიცია მშველოდა. ამ პროფესიაზე ასე ამიტომ ვგიჟდები.

GzaPress - ვუფრთხილდები... - ...სიყვარულს, ურთიერთობებს, ადამიანებს.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...იყო პერიოდი, როცა ძალიან მინდოდა ცხვირის ფორმა შემეცვალა, მაგრამ რაც მამა გარდაიცვალა, ამ ცხვირზე ვგიჟდები, რადგან თემურის ცხვირი მაქვს, ახლა ძალიან მიყვარს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ სახლში მივედი და ავწუწუნდი, - რამდენი საქმეა, სულ გადარბენაზე ვარ, ბავშვები წაიყვანე, მოიყვანე, მერე თეატრში გავარდი. აღარ შემიძლია, დავიღალე-მეთქი. ბებიამ მისაყვედურა, - შენ ამის თქმას, ამაზე წუწუნს როგორ ბედავ? ახალგაზრდა ხარ, სამსახური გაქვს, შვილები გყავს, ეს ბედნიერებაა, შეიძლება ამისგან დაიღალო? ამით უნდა იხარო, ბედნიერება შეირგეო. მისი სიტყვები არაერთხელ გამხსენებია.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მინდა თეატრში იაროთ, განსაკუთრებით - ახალგაზრდებმა! მინდა ერთმანეთის მიმართ მეტად ლმობიერები ვიყოთ.

"იდეალურ დედაში" უარყოფით პერსონაჟს ვთამაშობ. ისეთი კომენტარები წავიკითხე, გავოგნდი. ჩემს შვილსაც წაუკითხავს, გადიდებული თვალებით მეუბნებოდა, - შენზე რაებს წერენო? ვეცადე ამეხსნა, რომ ჩემზე კი არა, პერსონაჟზე წერენ, დამემშვიდებინა. მერე ამაზე დიდხანს ვფიქრობდი. დღეს ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფას იმდენად იოლად აყენებენ, რომ შედეგზე არ ფიქრობენ. შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი ან საჯარო მოხელე, მაგრამ მას ხომ ოჯახი აქვს, შვილები ჰყავს, კრიტიკასაც თავის ჩარჩოები უნდა ჰქონდეს, ჯანსაღი უნდა იყოს!

თამუნა კვინიკაძე