"უარყოფითი კომენტარების წერით ტროლები ტყუილად იხარჯებიან" - გზაპრესი

"უარყოფითი კომენტარების წერით ტროლები ტყუილად იხარჯებიან"

"იმედის" ტელევიზიიდან პროდიუსერ მაია სტეფნაძის გათავისუფლებას უხმაუროდ არ ჩაუვლია. თუმცა, ახალი სატელევიზიო სეზონიდან ის "TV პირველის" ეთერში, გადაცემის წამყვანის ამპლუაში გამოჩნდა. სოციალურ ქსელში ამას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კომენტარებიც მოჰყვა... ქალბატონ მაიას ინტერვიუსთვის შინ ვესტუმრეთ...

- "ფეისბუკზე" თქვენ მიერ გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც როგორც აღნიშნავთ, "იმედიდან" თქვენი გათავისუფლების მიზეზი გახდა, "TV პირველის" მფლობელს, პანკისში განვითარებული მოვლენების გაშუქებისათვის მადლობას უხდიდით. ახლა უკვე სწორედ "TV პირველის" თანამშრომელი ხართ. გადაცემის წამყვანობასთან დაკავშირებული შემოთავაზება ტელევიზიისგან მიიღეთ თუ თავად მიხვედით იდეით?

- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ უკვე სახალხო დამცველმაც კი დაადასტურა, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი გავხდი, ანუ "იმედი" დისკრიმინატორი აღმოჩნდა. ინგა გრიგოლია ჩემი დიდი ხნის მეგობარია. წლების წინ, პირველად ტელევიზიაში პროდიუსერად მუშაობა სწორედ მის გადაცემაში - "ღამის მზერა" (ტელეკომპანია "მზეზე") დავიწყე. როდესაც "იმედიდან" გამომიშვეს, ჩემს დასაც კი ვერ ვუთხარი, ისეთ შოკში ვიყავი. აღდგომის დღესასწაულები იყო. არ მინდოდა, ოჯახს ენერვიულა, ამიტომ მომხდარს მთელი კვირა ვმალავდი. ინგას შეხვედრა და მოსმენა ვთხოვე. ჩემი სიტუაცია გულთან მიიტანა... 15 აგვისტოდან ინგამ "TV პირველის" დამფუძნებელთან - ვატო წერეთელთან მიმიყვანა, რომელსაც თქვენი ნახსენები პოსტის დაწერისას არ ვიცნობდი. ვატომ გადაცემის წამყვანობა შემომთავაზა. ამას მართლა არ ველოდი, რადგან მომზადებული მივედი - პროექტებით, იდეებით, მან კი პირდაპირ მითხრა, - არა, გასართობი გადაცემა მინდა, რომლის წამყვანიც შენ იქნებიო. სერიოზული შოკი მივიღე. ინგას და ვატოს თანადგომა იმ მძიმე პერიოდში არასოდეს დამავიწყდება. ამ 2 ადამიანის მიმართ მადლიერების გამოხატვას მძიმე შრომით, ჩემი გადაცემის "ფეხზე დაყენებით" ვცდილობ...

პირველი, რაც ამ შემოთავაზების მიღების მერე გავაკეთე, "სასტიკი" დიეტის დაცვა დავიწყე. ძალიან კარგი დიეტოლოგი - ნანა მიქაუტაძე მყავს, რომლის დარიგებების გათვალისწინებით, უკვე 17კგ დავიკელი. დიეტას ვაგრძელებ, ჯანმრთელობის პრობლემებით მომატებული ზედმეტი წონა წარსულში რომ დარჩეს.

- თქვენი გადაცემის პროდიუსერობასაც ითავსებთ?

- გადაცემის ავტორი, წამყვანი, პროდიუსერი თავად ვარ. მონტაჟში, "გადაფარვებშიც" ჩართული ვარ. სხვა გადაცემებში რამდენიმე დამხმარე მყავდა, აქ კი - ჯერჯერობით მხოლოდ მე ვარ (იღიმის). სტაჟიორი გოგონა - ანი მონასელიძე უნდა დამხმარებოდა, მაგრამ საოცარი რამ მოხდა: გადაცემის ჩაწერის წინადღეს ბრმა ნაწლავის შეტევა დაემართა და ოპერაცია დასჭირდა. 2 კვირა სამუშაოდ ვერ გამოვიდა. ასე რომ, მე და ჩემი მემონტაჟე - ნინო ხარაბაძე სრულიად მარტონი ვიყავით.

- როგორ ფიქრობთ, ტელესივრცეში არსებული კონკურენციის პირობებში, თქვენი გადაცემა სხვებისგან რით განასხვავდება?

- ეს მაყურებელმა უნდა მითხრას... დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაყურებელს, რადგან გადაცემა ცოტა ხნის წინ დაიწყო, "ფეისბუკზე" კი უკვე დიდი გამოხმაურება აქვს, "ლაივებს" ბევრი უყურებს. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავარ. მსურს, მაყურებლებს ბევრი შემეცნებითი ინფორმაცია მივაწოდო. ასეც დავიწყე: პირველი გადაცემის თემა ის იყო, რომ ცხოვრება ბუმერანგია, შემდეგი - იქნება ის, რომ სამყაროს მიზიდულობის კანონი მართავს, ანუ რასაც ფიქრობ, ის მოდის. მინდა, რომ ჩემი ხანგრძლივი და ძალიან საინტერესო ცხოვრების განმავლობაში რაც ვისწავლე, მაყურებელს გავუზიარო.

- სოციალურ ქსელში უარყოფითი კომენტარებიც იყო. რაიმე ღირებული შენიშვნა თუ ამოიკითხეთ, რომელსაც გაითვალისწინებთ? საერთოდ, კრიტიკას როგორ იღებთ?

- დღეს, როდესაც სოციალური ქსელები ტროლებმა მოიცვეს, თუ კომენტარის ავტორს არ ვიცნობ და მას პატივს არ ვცემ, საერთოდ არ ვკითხულობ. ამიტომ უარყოფითი კომენტარების წერით ტროლებიც ტყუილად იხარჯებიან (იცინის). როდესაც ინგა გრიგოლიას ტოქშოუებში რესპონდენტის ამპლუაში დავდიოდი და საკუთარ აზრს გამოვხატავდი, ბევრ ბოროტულ კომენტარს წერდნენ: ვაიმე, ეს ბაბა იაგა გაიყვანეთ, ქალია თუ კაცი, ვერ გავიგეთო... თავდაპირველად, ამის გამო, ჩემი მეგობრები ძალიან შეწუხდნენ. მათი დამშვიდება თავად მიწევდა - ხალხო, რით ვერ გამიცანით? ასეთი სუბიექტური, უარყოფითი ინფორმაცია ჩემზე არ მოქმედებს-მეთქი. როცა ადამიანი იმიტომ წერს, რომ გული მატკინოს, მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან საკუთარ თავს კარგად ვიცნობ; ასევე ვიცი, გარეგნობაში რა მაქვს კარგი და რა - ცუდი. როდესაც სხვის სახელს ამოფარებული შეუმდგარი ადამიანი ცდილობს, ბოღმა ჩემზე გადმოანთხიოს, მის გამო თავს ვერაფრით შევიწუხებ.

GzaPress

- საკუთარ თავთან რა შენიშვნა გაქვთ? - ხომ გახსოვთ, "კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს"? ჩემს გადაცემაში აღმოვაჩინე, რომ მე ვარ "ქალი, რომელიც სულ ლაპარაკობს" (იცინის). ცოტა არ იყოს, რესპონდენტის ამპლუიდან ვერ გამოვდივარ. თუმცა, ნელ-ნელა ყველაფერს "ვალაგებ". ვხვდები, რომ მოცემულ სიტუაციაში თავს ვერ ვაკონტროლებ. თან, პროდიუსერიც არ გვყავს, რომელიც "ყურზე მეჯდება" და საჭირო დროს მეტყვის, - მაია, გაჩერდი, რესპონდენტს საუბარი დააცადეო. თავდაპირველად, ჩემი და და შვილები მეხმარებოდნენ: და "ყურზე მეჯდა", შვილები სტუმრებს ხვდებოდნენ, მაგრამ ყველას ხომ თავისი ცხოვრება აქვს? ახლა ყველაფერთან დამოუკიდებლად გამკლავება მიწევს.

- პროდიუსერად მუშაობისას ცხადია, მეტყველების გაკონტროლება არ გიწევდათ, თუმცა ახლა წამყვანი ხართ, ეთერში კი სლენგურ გამოთქმებს ხშირად იყენებთ...

- XXI საუკუნეა და არ ვაპირებ, სხვა ადამიანის სახე ხელოვნურად "მივიკერო" - რაც ვარ, ეს ვარ. მგონია, ჩემში ბევრი ღირსებაც არის და ბევრი უარყოფითი თვისებაც. არა მგონია, დღეს მაყურებლებისთვის გაუგებარ ენაზე ვსაუბრობდე - როგორც ყველა, მეც ისე ვლაპარაკობ.

- გიორგი ვარდოსანიძის დაოჯახების ამბავი, რომელიც ყველამ თუ არა, ბევრმა ვიცოდით, თქვენს გადაცემაში შეიტყვეთ. თუმცა, ეს პირდაპირი ეთერი არ ყოფილა და რა თქმა უნდა, შეგეძლოთ, ეპიზოდი გადაცემიდან "ამოგეჭრათ". ასე რატომ არ მოიქეცით?

- ამ ინფორმაციის გაგებისას შოკი მივიღე. გადაცემის ჩაწერიდან გამოსულმა ვნახე, რომ ერთ-ერთ საიტს 2017 წელს გიორგი ვარდოსანიძის დაოჯახების შესახებ დაუწერია. რატომღაც, ეს თემა გააქტიურებული არ იყო. გიორგიმაც ზუსტად ეგ თქვა: არ მინდა, ჩემს პირად ცხოვრებაში ზედმეტად ჩაერიონო. მოკლედ, 2017 წელს ეს ამბავი გამომეპარა. გადაცემის ამ ეპიზოდის მეორე ვარიანტი იქვე ჩავწერე: ვეუბნებოდი, - ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ დაოჯახებული ხარ-მეთქი, მაგრამ მერე ტყუილს სიმართლის ჩვენება ვარჩიე. ალბათ, მაყურებელი გაერთო. არა მგონია, ამას ვინმე გაეღიზიანებინა.

- უთქვენოდ მომზადებულ გადაცემას - "სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად" როგორ აფასებთ?

- ამ გადაცემაში ბევრი ნიჭიერი ადამიანი მუშაობს, გიას მეთაურობით. საკუთარ თავზე იმხელა წარმოდგენა არ მაქვს, რომ ვიფიქრო, - ვაიმე, მე რომ წამოვალ, ქვეყანა დაიქცევა-მეთქი (იცინის).

- ქართულ ტელესივრცეში შეუცვლელი ტელეწამყვანი გეგულებათ?

- ინგა გრიგოლია. ბევრ ადამიანს დიდი პოტენციალი აქვს - მათ დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ინგას პირადი საკითხების გადადება, რესპონდენტთან ყველა საკითხზე "მიწოლა" შეუძლია. ზოგჯერ მიფიქრია, რესპონდენტის ამპლუაში მისი შვილიც რომ იყოს და ისეთ თემაზე ესაუბრებოდეს, რაც ქვეყნის საჭირბოროტო საკითხს გადაწყვეტდა, ინგა არც მას დაინდობს-მეთქი. სწორედ ამიტომ, მას "ნაცები" "ქოცს" ეძახდნენ, "ქოცები" კი - "ნაცს". ის ყველა ხელისუფლებისთვის საშიში ჟურნალისტი და ტელეწამყვანია. მასთან ბევრი წელი მიმუშავია. მისი ობიექტურობით ყოველთვის გაოცებული ვრჩები.

- საინტერესოა, თქვენს გადაცემას ინგა გრიგოლია როგორ აფასებს და თქვენთვის ნომერი პირველი შემფასებელი ვინ არის?

- ნომერი პირველი შემფასებელი ჩემი და გახლავთ. როცა გადაცემის შინაარსზე შეკითხვა მიჩნდება, მას ვურეკავ... თავად მთელი ცხოვრება პიარის სფეროში იყო. ახლა თავისი პატარა სარეკლამო სააგენტო აქვს. მკაცრად მაფასებს, თუმცა მეფერება კიდეც (იცინის)... ყოველთვის ვცდილობ, მისი შენიშვნები გავითვალისწინო. ბევრს ლაპარაკობ, რესპონდენტს ლაპარაკს არ აცდიო, - ამის გამო სულ მეჩხუბება.

- ეკრანს მიღმა თქვენი ცხოვრება როგორია?

- 3 შვილი და შვილიშვილი მყავს. თავისუფალი დროს მაქსიმალურად, მათ გარემოცვაში ვატარებ. ჩემი შვილი ხატვით არის დაინტერესებული. ვცდილობ, მასთან ერთად საინტერესო გამოფენებს დავესწრო ან კონცერტზე წავიდე... ბევრი ინტერესი გვაქვს. წლების განმავლობაში გამოვიმუშავე, ერთი კარგი რამ: სამსახური და სახლი მკვეთრად გამიჯნული მაქვს; საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს სამსახურში ვტოვებ, სახლში კი ჩვეულებრივი მაია ვბრუნდები, რომელსაც ოჯახის წევრები წლების განმავლობაში მიცნობენ. ასეთი დამოკიდებულება ყველაფერს ძალიან "მილაგებს", ანუ საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში არ ვარ.

- დაბოლოს, რაიმე მნიშვნელოვანის თქმა ხომ არ გინდათ, რის შესახებაც მე არ მიკითხავს?

- თუ შეიძლება, შეკითხვას დაგისვამთ: რა შენიშვნას მომცემდით, როგორც წამყვანს?

- იმას, რაც თავადაც აღნიშნეთ - ბევრს ვლაპარაკობო და სლენგურად მეტყველებთ ხოლმე, თუმცა უკვე აღნიშნეთ, რომ თქვენი სტილია. აქვე გკითხავთ: როგორ ფიქრობთ, ასეთი დამოკიდებულება გამართლებულია, როცა მაგალითად, მოზარდისთვის, რომელსაც ჟურნალისტობა აქვს გადაწყვეტილი, შესაძლოა მისაბაძი იყოთ?

- ჟურნალისტობაზე მეოცნებე ასეთ ახალგაზრდას ვეტყოდი, რომ ამერიკული შოუები ჩართოს, უყუროს და ამ შოუებში ბევრ საინტერესოს აღმოაჩენს, მათ შორის - სლენგსაც.

ეთო ყორღანაშვილი