"მე და ჩემს მეუღლეს ამ თემაზე უთანხმოება ხშირად მოგვსვლია" - გზაპრესი

"მე და ჩემს მეუღლეს ამ თემაზე უთანხმოება ხშირად მოგვსვლია"

"აქვს უნარი, თავი მოაწონოს მისთვის საჭირო ადამიანს, ზოგჯერ ზედმეტად თავხედია, რაც საზოგადოებაში ცუდ რეპუტაციას უტოვებს. თავისუფლების უსაზღვრო სიყვარულის გამო არ შეუძლია კომპრომისზე წასვლა, ამიტომ ხშირად პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს. წყენას იოლად ივიწყებს, საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები თხის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი ფიტნესინსტრუქტორის, გიორგი ორბელაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, მაგრამ ჩემი ნიშნის დახასიათება არაერთხელ მაქვს წაკითხული. ზოგიერთი დეტალი ჩემს ხასიათთან თანხვედრაში მოდის.

- როგორ ფიქრობ, იღბლიანი ხარ?

- ყველა ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას ევლინება, უკვე იღბლიანია. ძალიან ხშირად მაქვს განცდა, რომ სამყარო ხელს მიწყობს წარმატებებში.

- "თითქოს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ საკუთარი სიმორცხვისა და მორიდებულობის გამო ზოგჯერ უსუსურ სიტუაციაშიც ვარდება".

- მორცხვი არ ვარ, უბრალოდ, ადამიანის ზედმეტად შეწუხება არ მიყვარს. ისე ვიქცევი, როგორც მინდა, რომ მომექცნენ. გამორიცხულია, ვინმეს გამორჩენის მიზნით დავუახლოვდე ან სანაცნობო წრე, მეგობრები კარიერის აწყობაში გამოვიყენო.

- "აქვს ქარიზმა, თავი მოაწონოს მისთვის საჭირო ადამიანს".

- ალბათ სიმართლეა, ასეთი მომენტები ცხოვრებაში არაერთხელ მქონია.

- "ის საოცარი მანიპულატორია".

- შეგნებულად არავისი გრძნობებით არ ვმანიპულირებ, მაგრამ მსგავსი შემთხვევა უნებურად მომხდარა.

- "უყვარს წუწუნი, სხვებისთვის გულის აჩუყება".

- არ არის სიმართლე. წუწუნი არ მიყვარს, არასდროს გამჩენია სურვილი, ვინმეს თავი შევაცოდო. ყველაზე რთულ და გამოუვალ სიტუაციაშიც კი ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო და გამოსავალი ვიპოვო.

- "აქვს მოთხოვნილება რჩევებს ეკითხებოდნენ. როცა ასე ხდება, უხარია".

- მსგავსი სურვილი არასდროს გამჩენია.

- "ის იშვიათადაა ინიციატორი. ყოველთვის ურჩევნია, ვინმეს გაკვალულ ბილიკებზე იაროს".

- ხანდახან სხვის გამოცდილებას ვიყენებ, ზოგჯერ კი ინიციატივის საკუთარ თავზე აღების სურვილი მიჩნდება. სიტუაციის და მდგომარეობის მიხედვით ვიქცევი.

- "მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს გემოვნება, ნიჭი, არისტოკრატიზმი და არაერთი კარგი თვისება, მაინც ესაჭიროება ადამიანი, რომელიც უხელმძღვანელებს და მიმართულებას მისცემს".

- დავეთანხმები. კარგია და მომწონს, როცა გვერდით ასეთი ადამიანები მყავს.

- დაგვისახელეთ ისინი?

- ოჯახის წევრები და მეგობრები.

- "თუ სითბო მოაკლდება, ბუზღუნა და პრეტენზიული ხდება".

- კი ავბუზღუნდები ხოლმე, მაგრამ ეს ჰოროსკოპის ბრალი არა მგონია იყოს. დიდხანს დედისერთა ვიყავი და ამავე დროს - ორივე მხრიდან ბებიებისა და ბაბუების პირველი შვილიშვილი. 9 წლის შემდეგ ჩემი და დაიბადა. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი, მზრუნველობას, სითბოს და ყურადღებას მიჩვეული ვარ. არ მსიამოვნებს, როცა ეს მაკლდება, მაგრამ დრამატულად არ აღვიქვამ.

GzaPress

- "ზოგჯერ ზედმეტად თავხედია, რაც საზოგადოებაში ცუდ რეპუტაციას უტოვებს". - ტყუილია, თავხედი საერთოდ არ ვარ.

- ცინიზმი გჩვევია?

- ცინიკოსი მხოლოდ ორ შემთხვევაში ვარ, როცა ადამიანთან ვკამათობ და ის აშკარად არაარგუმენტირებული მოკამათეა, სურვილი მიჩნდება, ცინიზმით დავჩრდილო. მეორე შემთხვევაა, როცა არაპროფესიონალთან მაქვს საქმე, რომელიც პროფესიონალობას იბრალებს.

- როცა ცინიზმის ობიექტი თავად ხდები, როგორი რეაქცია გაქვს?

- ასეთ სიტუაციას ვერ ვიხსენებ, რადგან არ მახსოვს, ე.ი. არ მტკენია. ყოველთვის მგონია, რომ მართალი ვარ და სხვა თუ ჩემდამი ცინიკურად განეწყობა, ეს არც ხელს შემიშლის და არც დამაბრკოლებს.

- "გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება უჭირს".

- მირჩევნია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების წინ კარგად დავფიქრდე, აზრი სხვასაც ვკითხო. გადაწყვეტილებებს ხშირად სპონტანურადაც ვიღებ.

- "პესიმიზმისკენაა მიდრეკილი".

- პესიმისტი - ნაკლებად, ერთდროულად ოპტიმისტიც ვარ და რეალისტიც.

- "ბევრი ნაცნობი, მაგრამ ცოტა მეგობარი ჰყავს".

- ვერ ვიტყვი, რომ ცოტა მეგობარი მყავს. ჩემი ახლობელი 1 და 2 ადამიანი კი არ არის, ფართო სამეგობრო წრე მყავს.

- "ხშირად ძალიან რომანტიკული პარტნიორია.

- რომანტიკოსი არ ვარ.

- მეუღლე?

- ის რომანტიკულია, ერთმანეთს ვაბალანსებთ.

- არარომანტიკული ბუნების გამო, მისგან საყვედურები მიგიღია?

- მიმიღია, მაგრამ ეს ჩემი ხასიათია და არ ნიშნავს იმას, რომ უხეში ვარ ან რომანტიზმს ბოლომდე მოწყვეტილი. ყვავილების ჩუქება და მსგავსი საქციელების ჩადენა არ შემიძლია.

- "მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი".

- მთლად ასეც არ არის. თუ დამჭირდება, ეშმაკობაც შემიძლია, არც მოუხერხებლობას ვუჩივი. რაიმე თუ მოვინდომე, ყოველთვის გამომდის. ეშმაკობაც შემიძლია, უბრალოდ, ამას არ ვაკეთებ.

- "წყენას იოლად ივიწყებს, საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს".

- არაფერიც არ მავიწყდება, გონებაში რჩება, გულში არაფერს ვიტოვებ.

- ფიცხი და ფეთქებადი ხარ?

- არა, მშვიდი უფრო ვარ.

- "ის არ განეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც სხედან და ელიან, თავს ბედნიერება როდის დაატყდებათ. ურჩევნია, ბედნიერებისთვის თავად იბრძოლოს".

- ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერებისთვის დიდად მებრძოლი ადამიანი ვარ, მოლოდინი უფრო მაქვს, ბედნიერება თავში როდის "დამეცემა".

- ჯიუტი ხარ?

- ძალიან ჯიუტი ვარ.

- "ხშირად გულუბრყვილო და ბავშვურად გულწრფელია".

- ასეა, ადვილად მიმნდობიც ვარ.

- "ის ადამიანებს ორ კატეგორიად ყოფს: მტრები და მეგობრები".

- ასე არ არის, მე ასე ვყოფ: მეგობრები და ყველა დანარჩენი. მგონია, რომ მტრები არ მყავს.

- "თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას".

- ყოველთვის ასეა, ამის გამო უსიამოვნებაც ბევრჯერ მქონია. პირად ურთიერთობაში, სამეგობროში, სამსახურში ვცდილობ, სამართლიანი ვიყო.

- "მისთვის ნებისმიერი სახის გამოწვევა მისაღები და სტიმულის მიმცემია".

- ნამდვილად ასეა, ყველა ახალი გამოწვევა მახალისებს და სტიმულს მაძლევს. ყოველთვის მაქვს სურვილი, ჩავერთო ახალ საქმეებში, რაც ყოველდღიურობას მრავალფეროვანს გახდის. ერთფეროვნება მალე მბეზრდება.

- "ჩემი ცოლის დაქალები" ახალი გამოწვევაა?

- რა თქმა უნდა. სერიალიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ფიტნესინსტრუქტორის როლზე ბიჭი სჭირდებოდათ. მივედი, გავისაუბრეთ და იმ დღესვე მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს. გადაღების პროცესი საინტერესო იყო. მიუხედავად იმისა, რომ კამერასთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს, სერიალის გადაღებისას სპეციფიკა სხვაა.

- ნინო გაჩეჩილაძე როგორი პარტნიორია?

- ძალიან კარგი პარტნიორია. ნინოც და რეჟისორიც დამეხმარნენ, რომ თამაში გამიოლებოდა. ყველაფერი იმდენად მოულოდნელად მოხდა, მოსამზადებელი დროც კი არ მქონდა.

- ამ სერიალს მანამდე უყურებდი?

- სოციალურ ქსელში მხოლოდ ეპიზოდებს ვნახულობდი.

- როგორ ფიქრობ, თქვენს რომანს გაგრძელება ექნება?

- არ ვიცი, ალბათ ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად საინტერესო იქნება.

- "უზომოდ კომუნიკაბელურია".

- რატომ არ უნდა ვიყო?

- "ხშირად სხვის პირად ცხოვრებაში სრულიად უბოდიშოდ ერევა".

- ტყუილია, მსგავსი შემთხვევაც კი არ მახსენდება, ასევე ძალიან არ მომწონს და არ მიყვარს, როცა ჩემს პირად ცხოვრებაში სხვა ერევა. ამის უფლება არავის აქვს.

- "თავისუფლების უსაზღვრო სიყვარულის გამო, მას არ შეუძლია კომპრომისზე წასვლა, რის გამოც, ხშირად პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს".

- ნამდვილად ასეა.

- რას ადასტურებ, თავისუფლების სიყვარულს, თუ პრობლემებს პირად ცხოვრებაში?

- პრობლემები პირად ცხოვრებაში არ მაქვს, თავისუფლება კი მართლა ძალიან მიყვარს. ყოველთვის მინდა ვაკეთო ის, რაც მინდა და მოვიქცე ისე, როგორც მსურს. არ მინდა, ვინმე (არ აქვს მნიშვნელობა, ის ადამიანი ვინ იქნება) ჩემს გადაწყვეტილებებში ჩაერიოს, თუ დახმარებას თავად არ ვითხოვ.

- ასეთი დოზით თავისუფლებას, შენი მეუღლე გაგებით ეკიდება?

- მე და ჩემს მეუღლეს ამ თემაზე უთანხმოება ხშირად მოგვსვლია, მაგრამ სერიოზულ პრობლემად არ გვიქცევია.

თამუნა კვინიკაძე