"ნამდვილი სიმდიდრე ის წუთებია, რომლებიც დიდი არტისტების გვერდით გავატარე" - გზაპრესი

"ნამდვილი სიმდიდრე ის წუთებია, რომლებიც დიდი არტისტების გვერდით გავატარე"

ახლახან თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში მსახიობისა და რეჟისორის, გოგი ოსეფაშვილის სასცენო მოღვაწეობიდან 50 და დაბადებიდან 70 წლის იუბილე აღინიშნა. კოლეგებმა, გულშემატკივარმა და მაყურებელმა თეატრალიზებული წარმოდგენა იხილა, რომელმაც გოგი ოსეფაშვილის, როგორც რეჟისორისა და მსახიობის სხვადასხვა დროს შექმნილი როლები გააერთიანა. მსახიობმა სხვა როლებთან ერთად, 20 წლის ასაკში შესრულებული პირველი როლი (ამირან შალიკაშვილის სპექტაკლიდან - "პოემა ვაზზე") და უახლესი როლი დავით შალიკაშვილის სპექტაკლიდან "მოხუცი და ზღვა" გაითამაშა. მსახიობის მთავარი პარტნიორი სცენაზე მსახიობი ქეთი ქიტიაშვილი გახლდათ.

პანტომიმის თეატრის პირველი თაობის წარმომადგენელს პროფესიული თუ პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალებზე ვესაუბრეთ.

- ბატონო გოგი, თქვენს პროფესიულ არჩევანს ხელი იმ ფაქტმაც შეუწყო, რომ მამა მსახიობი იყო?

- მამა მიხეილ ჭიაურელის მიერ შექმნილი მუსიკალური თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი და წამყვანი მსახიობი გახლდათ. ჩვენს სახლში ხშირად იკრიბებოდნენ მსახიობები. მოგვიანებით, თავისი პირადი შეხედულებების გამო, მამამ თეატრი დატოვა და მუშაობა ოკამის ღვინის ქარხანაში, დირექტორის მოადგილედ დაიწყო. ასე რომ, კარგი ღვინო დამატებითი მოტივი გახდა მსახიობებისთვის, ჩვენთან სტუმრად უფრო ხშირად მოსულიყვნენ (იცინის). ელბაქიძის დაღმართზე ვცხოვრობდით. ჩვენი ხშირი სტუმრები გახლდნენ: ვერიკო, ვასო და გიორგი შავგულიძე. მამა სასტიკი წინააღმდეგი იყო მსახიობი გავმხდარიყავი, თუმცა, მაინც "ჩემი გავიტანე". ახლა ვხვდები მიზეზს. მსახიობობა მართლაც, ურთულესი პროფესიაა, საკუთარ თავს არ ეკუთვნი. ვფიქრობ, თუ გამორჩეული ნიჭი არ გაქვს, ამ საქმით არც უნდა დაკავდე. გატაცებული ვიყავი ფეხბურთით. თეატრების შეჯიბრებისას აქტიურად გამოვდიოდი პანტომიმის თეატრის სახელით.

- პანტომიმი როგორ გახდა თქვენი პროფესიული ინტერესის მთავარი წყარო?

- პანტომიმის ფაკულტეტი სერგო ზაქარიაძის სახელობის თეატრალურ სასწავლებელში ჩემი სწავლის პერიოდში გაიხსნა. ოთხი მსახიობის, მათ შორის, ამირან შალიკაშვილის გამოსვლა ვნახე და ეს საკმარისი აღმოჩნდა, პანტომიმით "მოვწამლულიყავი". სამწუხაროდ, ამირან შალიკაშვილმა მიღებაზე სასტიკი უარი განმიცხადა - სამსახიობო-სარეჟისოროზე სწავლობ და მანდვე განაგრძეო. მისსავე კურსელს ვთხოვე, დამხმარებოდა. თავისუფალ მსმენელად მიმიღო და სადღაც ბოლოში დამსვა (იცინის). იმდენად დიდი იყო ჩემი მონდომება და ისეთი მოწესრიგებული მივდიოდი ყოველ რეპეტიციაზე, ნელ-ნელა "გადმოვლახე" ოთხი "კორდონი" და წინა რიგებში აღმოვჩნდი... ინსტიტუტის დასრულების შემდეგ დრამის თეატრში მანაწილებდნენ, მაგრამ ჩემივე თხოვნით, განაწილების გარეშე დამტოვეს და პანტომიმის დასის წევრი გავხდი. ნოველებში უკვე ვმონაწილეობდი. მალე ფილარმონიასთან არსებული პანტომიმის ჯგუფი გავხდით, 3-6 თვით დავდიოდით გასტროლზე რუსეთში. სულ რაღაც სამ წელიწადში კი (1976 წელს) ბატონი ამირანის ძალისხმევით, სახელმწიფო თეატრად ჩამოვყალიბდით. ხშირად იბეჭდებოდა ჩვენ შესახებ რუსეთის ცენტრალურ პრესაში. თვითმყოფადი, ქართული დასი ვიყავით.

GzaPress

- საზღვარგარეთ ხანგრძლივი დროით დარჩენა გიჭირთ... ამ "სენს", გარკვეულწილად, შეეწირა თქვენი პროფესიული წინსვლა და მასშტაბი? - ასეა. ამას უკვე ავადმყოფობა ჰქვია. ყოველი გასტროლისას ერთი სული მქონდა, ამა თუ იმ ქვეყნიდან რაც შეიძლება მალე გამომეღწია. რეზო გაბრიაძესთან ერთად მარიონეტების თეატრში ვმუშაობდი, ინგლისსა და საფრანგეთში სამთვიან გასტროლზე გახლდით. იმის ნაცვლად, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები მენახა, ხეებს შევცქეროდი და მათ ვორონცოვზე გაზრდილ ხეებს ვადარებდი... 90-იანი წლების გაუსაძლის პირობებშიც იგივე მემართებოდა. ამერიკაში დარჩენა რამდენჯერმე შემომთავაზეს. ჩემი არაერთი სტუდენტი საზღვარგარეთ წარმატებით აგრძელებს მუშაობას. იქ ნამდვილად არაჩვეულებრივი გარემო და პირობებია იმისთვის, რომ შენს საქმეში მაქსიმალურად დაიხარჯო, მაგრამ მე სულ რაღაც მაკლია... ბერძნები ამბობენ, პედაგოგობა ღმერთების რისხვააო. ასეცაა, უდიდესი მისიაა, ადამიანი სწორ გზაზე დააყენო. სხვათა შორის, ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, პედაგოგის ყოველი სტუდენტის წარმატება პედაგოგის ბიუჯეტზე ირიცხება. ჩემი ქალიშვილი და შვილიშვილები ისრაელში ცხოვრობენ. ხშირად ჩავდივარ, თუმცა გამორიცხულია დარჩენაზე ვიფიქრო.

- არაერთ საინტერესო პიროვნებასთან გიმუშავიათ. ალბათ, ერთგვარ მნიშვნელოვან პროფესიულ გამოცდილებად ესეც შეიძლება მივიჩნიოთ...

- ნამდვილად ასეა. მიხეილ თუმანიშვილი მახსენდება. 1991 წელი იყო, უშუქობა, არეულობა. დარბაზში შეშის ღუმელი გვედგა. მან დაიწყო სპექტაკლზე მუშაობა, რომლის მთავარი თემა სიყვარული გახლდათ. სპექტაკლის დადგმის პროცესი, ზოგადად, სამ, მაქსიმუმ, ექვს თვეს მოიცავს. მან კი ეს პერიოდი ერთ წლამდე გააგრძელა. მე პლასტიკაზე ვმუშაობდი. თეატრალური ინსტიტუტის რვა სტუდენტს ხელში სარკეები ჰქონდა, მთელი დეკორაცია ამაზე ავაგე. ყველა სცენა სარკის სხვადასხვა მდგომარეობით იყო გამოსახული. თითქმის ვასრულებდით მუშაობას, როცა ერთ დღესაც მოვიდა და სარკეები აღარ გვინდა, მოხსენითო... ვიმეორებ, მთლიანი სპექტაკლი სარკეებზე გახლდათ აგებული. ხმა ვეღარ ამოვიღე. როცა მიზეზი ჰკითხეს, უპასუხა, გუშინ რობიკოს დადგმული სპექტაკლი ვნახე, მსახიობს ხელში სარკე ეჭირაო. როგორც იქნა, გადაწყვეტილება შევაცვლევინეთ. ავუხსენით, რომ ჩვენი სპექტაკლისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ერთ ეპიზოდში ჩანდა მსახიობი სარკით. დილის 10 საათზე სცენაზე ბოლთას ვცემდი... გავიგონე, დარაჯს გაუწყრა. მივხვდი, ვერ იყო ხასიათზე. შემოვიდა, დამინახა და მომმართა: ბატონო გოგი, თქვენ არ გინდათ, რომ ეს სპექტაკლი გამოვიდეს?! უყვარდა ადამიანები, ვინც მასთან კონფლიქტში შედიოდა. თუ დაუმტკიცებდი შენს სიმართლეს, აფასებდა. თავი ვერ შევიკავე და ვუთხარი, ბატონო მიშა, ერთ-ერთი, ვისაც ყველაზე მეტად უნდა სპექტაკლი მალე დაიდგას, მე ვარ, რადგან სხვა რეჟისორი მელოდება-მეთქი. მართლაც, სანდრო მრევლიშვილი "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილს" დგამდა, სადაც გოგი გეგეჭკორი თამაშობდა და ძალიან მინდოდა მასთანაც მემუშავა. მივხვდი, ზედმეტი მომივიდა. ის კი დაჯდა, თავისი კრიალოსანი ამოიღო და სიტყვა აღარ უთქვამს... ერთხელ, რეპეტიციის შემდეგ თეატრიდან ერთად გამოვედით. ზამთარი იყო, ციოდა. გაჩერდა, კედელს მიაცქერდა. კედელზე ეწერა: "მე შენ მიყვარხარ". აი, ეს არის მხოლოდ, რამაც შეიძლება ჩვენ გადაგვარჩინოსო, - მომმართა. მახსოვს, სტუდენტებს ეუბნებოდა: ინსტიტუტის დასრულების შემდეგ პირველი ათი წელი თქვენი წარმატება იქნება შემთხვევითი, შემდგომი ათი წელი იქნება როლის შემთხვევითი ჩავარდნა, ანუ ოთხი ინსტიტუტში გატარებული და კიდევ 20 წელი ივარაუდა მოსამზადებელ პერიოდად. ბედნიერი ვარ, რომ მუშაობა უდიდეს რეჟისორებთან თითქმის ყველა თეატრში მომიხდა. ოპერის თეატრშიც დავდგით გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი". სცენაზე კი ისეთი დიდი მსახიობების გვერდით ვიდექი, როგორებიც: გიზო სიხარულიძე, ლენა ყიფშიძე, დათო დვალიშვილი, მამუკა კიკალეიშვილი, გივი ბერიკაშვილი გახლავთ. ლენა ყიფშიძე წაიკითხავდა თუ არა, მაშინვე გააზრებული ჰქონდა როლი. ერთხელ, როცა მსახიობები "ბრიგადით" სათამაშოდ წავიდნენ, მე და ზურა ყიფშიძემ სიგარეტები და ლუდები ავიღეთ და როცა უკვე სიგარეტის კვამლში ერთმანეთს ვეღარ ვხედავდით, მოულოდნელად დაბრუნდნენ. კარგა ხანს ვუყურებდი მაგიდის გარშემო მორბენალ ზურას, რომელსაც უკან ლენა ყიფშიძე მისდევდა...

იშვიათი, გამორჩეული ნიჭისა და პასუხისმგებლობის მქონე მსახიობი იყო გიორგი შავგულიძე. მოგეხსენებათ, მოქეიფე კაცის სახელი ჰქონდა, მაგრამ გამორიცხული იყო დაელია, თუ იცოდა, რომ სპექტაკლი გახლდათ დანიშნული. სპექტაკლის დაწყებამდე ორი საათით ადრე მოდიოდა თეატრში. კიბის ქვეშ ერთკაციანი საგრიმიორო თავადვე მოიწყო. კონკრეტული როლისთვის რომ თმას შეიღებავდა, გრიმს გაიკეთებდა, "აზიაცკებს" ჩაიცვამდა, თავად მსახიობები ვერ ცნობდნენ, ისეთ გარდასახვას ახერხებდა. მისი თეატრში მოხვედრის შესახებაც ცნობილია: პროფესიული განათლება არ ჰქონდა. ქუთაისში ხიდიდან ხტებოდა, როცა შემთხვევით, კოტე მარჯანიშვილმა დაინახა. ისეთი პლასტიკა ჰქონდა, დაკვირვებულმა თვალმა მასში მსახიობი ამოიცნო...

- ოჯახზე გვითხარით...

- მე და ჩემი მეუღლე წლების მანძილზე პანტომიმის თეატრში ერთად ვმუშაობდით. ბალერინა იყო, ვახტანგ ჭაბუკიანის კლასი ჰქონდა დამთავრებული. თეატრში ოთხი ბალერინა გვყავდა. მთელი დღეები ვმუშაობდით, თეატრიდან თითქმის არსად გვიხდებოდა გასვლა და მოხდა ისე, რომ თეატრის მსახიობების შვიდი ოჯახი შეიქმნა. ამირანმა ერთხელ გვითხრა, ისე არ მოხდეს, შვიდი გოგო ერთად გამომეცალოს ხელიდან, მოილაპარაკეთ, რომ დეკრეტში რიგრიგობით გავიდნენო. შვილები თან დაგვყავდა. სპექტაკლის დროს ხშირად როიალზე ეძინათ. ამირანი ყურადღებას იჩენდა ბავშვების მიმართ - სულ ამბობდა, მთავარია, ბავშვებს არაფერი მოაკლდეთო და მაქსიმალურად გვიწყობდა ხელს, გასტროლისას შესაბამის პირობებს გვირჩევდა. ერთხელ, პეტერბურგში გასტროლისას, სლავა პალუნინმა ბავშვის ეტლი მომიტანა, "პრაკატით" აუღია. ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი მყავს.

შორენა ლაბაძე