"ბედნიერი დედიკო და ცოლი ვიქნები" - გზაპრესი

"ბედნიერი დედიკო და ცოლი ვიქნები"

სახელი, გვარი: ჯულიანა ბარ-გნარი.

ასაკი: 28 წლის.

საქმიანობა: ცეკვა. სამეჯლისო-სპორტული ცეკვების პედაგოგი. ოთო ფოლადაშვილთან ერთად აქვს სტუდია. პერიოდულად მონაწილეობს სატელევიზიო პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები", რომლის ორგზის გამარჯვებულიც გახლავთ. ასევე, სწავლობს სტომატოლოგიის ფაკულტეტზე.

ჰობი: ხატვა. ზაფხულობით, როცა სტუდიაში ნაკლებად დატვირთულია, ხატვის შემსწავლელ კურსებს ესწრება.

ცხოვრების დევიზი: "ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანი საკუთარი თავის წინაშე მართალი უნდა იყოს, მისი ყველა ქმედება კი - გულწრფელი".

- ბავშვობაში როგორი ოცნებები გქონდა და დღევანდელი რეალობა როგორია?

- ბავშვობაში ჩემი ყველაზე ძლიერი სურვილი 24 საათი ცეკვა იყო. ბუნებრივია, მაშინ ჩემი რეჟიმი სკოლაში სიარულს, მეცადინეობას მოიცავდა. ეს ხომ ცეკვას უშლიდა ხელს? რა თქმა უნდა, ვოცნებობდი, - ნეტავ, ოდესმე ის დრო თუ დადგება, როცა სულ დარბაზში ვიქნები და ვიცეკვებ-მეთქი (იღიმის)? ალბათ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ დღეს სტუდია მექნებოდა, უამრავი მოსწავლე მეყოლებოდა და ჩემი პროფესიით, ხალხის დიდ სითბოს, სიყვარულს მოვიპოვებდი. რაზეც ვოცნებობდი, ამიხდა, ოღონდ - იმაზე უკეთ, ვიდრე წარმომედგინა.

- საკუთარ თავს კარგად იცნობ?

- მიმაჩნია, რომ საკუთარი თავის ყველას კარგად ესმის: იცის, რაზეა წამსვლელი და რაზე - არა. ამიტომ ვფიქრობ, საკუთარ თავს კარგად ვიცნობ. უბრალოდ, დროთა განმავლობაში, ადამიანის შეხედულებები იცვლება. გარკვეული საკითხების შესახებ, 16 წლის ჯული სხვაგვარად ფიქრობდა. არ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩემი გადადგმული ნაბიჯები ახლა მაოცებს.

- შენი საყვარელი ტელეგადაცემა რომელია?

- "ცეკვავენ ვარსკვლავები" (იცინის).

- შენი პიროვნული თვისებებიდან ყველაზე მეტად, რა გეამაყება?

- საერთოდ, ადამიანებში გულწრფელობა მხიბლავს და ვაფასებ. ვცდილობ, მეც ასეთი ვიყო. მიმაჩნია, რომ ჩემი ქმედებები ძალიან გულწრფელი და ალალია. ნებისმიერ ურთიერთობაში ყალბი არ ვარ და ამით ვამაყობ.

GzaPress

- ბოლოს როდის და რის გამო იტირე? - ჰოროსკოპის მიხედვით, კირჩხიბის ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ემოციური გახლავართ (იღიმის). ამიტომ ტირილისთვის მცირე მიზეზი მჭირდება. შეიძლება, მულტფილმის სიუჟეტმაც კი ამატიროს.

- დაფიქრებულხარ იმ ცხოველის ბედზე, რომლის დანაწევრებულ სხეულსაც კერძის სახით თეფშიდან მიირთმევ?

- არა. ემოციურობასთან ერთად, ძალიან გურმანი ვარ. ამაზე არ მიფიქრია და რა ვქნა (იცინის)? როცა ვჭამ და ვხედავ, კერძი ლამაზად გამოიყურება, მადას არ ვიფუჭებ - იმაზე არ ვფიქრობ, რა იყო მანამდე, ვიდრე მოამზადებდნენ.

- ბოლოს რა გაჩუქეს?

- სპა სალონის სარელაქსაციო ვაუჩერი.

- ფილმის პერსონაჟი შეგყვარებია?

- არა, მაგრამ ძალიან მომწონებია. საერთოდ, ვინმეს სერიოზულად შესაყვარებლად დრო მჭირდება. ჰიტ ლეჯერის პერსონაჟის მიმართ დიდი სიმპათია გამჩენია.

- ბოლოს დედამ რის გამო გისაყვედურა?

- ვაიმე, ყოველდღე მსაყვედურობს (იცინის), ოღონდ - რა თქმა უნდა, წვრილმანების გამო. ვერ აღგიწერ, ისეთი გიჟური გრაფიკი მაქვს. თან, ახლა პროექტი - "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაიწყო... ჩემს კვებასთან დაკავშირებით, დედაჩემს ყოველთვის გართულება აქვს. ინტერესდება, დროულად ვჭამე თუ არა ან საერთოდ, ჭამა მოვასწარი? ვხვდები, ასე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის გამო იქცევა, მაგრამ ზოგჯერ ჭამის დრო მართლა არ მაქვს. ამიტომ ბრაზდება და მსაყვედურობს. ბოლო საყვედურიც ამ თემას ეხებოდა.

- ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ფერის ტანსაცმლის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?

- მიმაჩნია, რომ შავი სამოსი აბსოლუტურად ყველა სიტუაციას უხდება - შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ყოველთვის ფორმაში იქნები. ჩემს გარდერობს რომ გადავხედო, ღია სამოსიც მაქვს, მაგრამ მაინც შავი დომინირებს. მიყვარს შავი კაბები, სპორტული ტანსაცმელი...

- მილიონი დოლარი რომ მიგეღო, როგორ გაანაწილებდი? შენს ცხოვრებას როგორ წარმართავდი?

- აუცილებლად სახლს ვიყიდდი და ვიმოგზაურებდი. როდესაც საზღვარგარეთ მივდივარ და ქალაქებს ვნახულობ, დიდ სიამოვნებას ვიღებ. რა თქმა უნდა, ზაფხულობით საზღვარგარეთ, მზის გულზე, ოკეანის სანაპიროზე, კუნძულებზე ყოფნა მომწონს, მაგრამ ეს სხვა სარელაქსაციო ადგილებია. იმ ქალაქებში ყოფნა მიყვარს, სადაც უშუალოდ იმ კონკრეტული ქვეყნის მკვიდრი ხალხი ტრიალებს და ვხედავ, როგორ ცხოვრობენ, როგორი ადამიანები არიან. ამით უფრო დადებითად ვიმუხტები. ამიტომ, ამ ფულს ალბათ მოგზაურობაშიც დავხარჯავდი.

- ყველაზე უცნაური ქათინაური, რომელიც მიგიღია...

- არ მახსენდება... ალბათ გოგონებს ძალიან უხარიათ, როცა ეუბნებიან, - მაგრად გახდიო. ბოლო დროს ხშირად მეუბნებიან, - აუ, როგორ გახდიო!.. ალბათ, სახეზე მაწერია, რომ არ მსიამოვნებს. ამიტომ დასძენენ ხოლმე, - არა, არა, მაგრად გამოიყურებიო (იცინის)!

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?

- საერთოდ, რასაც ხელს ვკიდებ, ყველაფერს მაქსიმალურად ვასრულებ. ამიტომ სკოლაშიც ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვიყავი.

- რომ შეგეძლოს, შენი ცხოვრების რომელ ეპიზოდს და როგორ შეცვლიდი?

- რა თქმა უნდა, იმას ვერ გეტყვი, რომ არაფერი მინანია. უბრალოდ, როცა დღეს ჩემს წარსულ ცხოვრებაზე ვფიქრობ, თუ როგორ ჩამოყალიბდა დღევანდელი ჯულიანა ბარ-გნარი, რომელმაც შეიძლება, საკუთარ შეცდომებზე ისწავლა და დღეს ასეთი ამიტომ არის, ზუსტად ამის გამო, არაფერს შევცვლიდი, რომ აქამდე ასეთი მოვსულიყავი. თუკი არასწორ ნაბიჯებზე სწავლობ და ცდილობ, დაშვებული შეცდომები არ გაიმეორო, ეს გაკვეთილია, რომლითაც იზრდები, ერთი საფეხურით მაღლა დგები...

- შენი სახელი მოგწონს?

- ძალიან. საერთოდ, ბავშვობიდან ყველაფერი გამორჩეული მომწონდა, თუნდაც - ტანსაცმელი და ის, რომ სამეჯლისო ცეკვებზე დავდიოდი, მაშინ დიდად არავინ იცოდა "სამეჯლისო ცეკვები" რას ნიშნავდა, რადგან მახსოვს, მე და დედას ხშირად გვეკითხებოდნენ, - ბალეტის სახეობააო (იცინის)?.. ეს განსაკუთრებულობა მსიამოვნებდა, რომ კლასში, ცეკვაზე, შეჯიბრებაზე ჯულიანა მარტო მე მერქვა. ახლა, როცა საკუთარ თავს ვუყურებ, ვერც კი წარმომიდგენია, სხვა რა სახელი შეიძლებოდა მრქმეოდა. გვარიც ისეთი მაქვს, რომ ბევრს ფსევდონიმი ჰგონია, მაგრამ - არა: ასეთი ორიგინალური გვარ-სახელი მაქვს (იცინის).

- შენი საყვარელი მოცეკვავეები ვინ არიან?

- ბევრი საყვარელი მოცეკვავე მყავს. ისინი ჩვენს სფეროში ლეგენდები არიან. იულია ზაგორუშენკოს გამოვარჩევ, რადგან ჩემთვის ის ფანტასტიკური ქალია. მის მიერ შესრულებულ ცეკვაში ის ეშხი და ქალურობა იგრძნობა, რაც სამეჯლისო ცეკვების შემსრულებელს უნდა ჰქონდეს. ასევე, მომწონს ინა ჟელიაზკოვა.

- გამარჯვებას როგორი "გემო" აქვს?

- მშვიდი "გემო" აქვს. სხვათა შორის, ბევრი მეკითხება, - ალბათ, გამარჯვებულს ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ შეიძლება გაგიჟდე, რადგან ბევრს შრომობო. ალბათ, სპორტსმენი, რომელმაც წაგების "გემოც" იცის და ისიც გაცნობიერებული აქვს, შეიძლება, ბოლომდე დაიხარჯოს, მაგრამ მაინც წააგოს, ჯილდოს სხვაგვარად იღებს. როცა ვაგებ, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც მაწუხებს. ვფიქრობ, ე.ი. ბოლომდე არ დავიხარჯე, ჩემს ნაშრომს რაღაც დავაკელი, სხვამ უფრო მეტი იშრომა და სასურველი შედეგი მიიღო-მეთქი. თუნდაც ვხედავდე, რომ კონკურენტს რაღაცით ვჯობივარ, მაინც ვფიქრობ, რომ "10 თავით მაღლა" არ ვიყავი. ამიტომ, როცა პირველ ადგილს ვიკავებ, რაღაცნაირად ვმშვიდდები - უბრალოდ, ის მივიღე, რაც მეკუთვნოდა. ეს სიმშვიდეც დიდი ბედნიერებაა.

- 20 წლის შემდეგ, შენი ცხოვრება როგორ წარმოგიდგენია?

- უფრო შემდგარი ადამიანი ვიქნები. საკუთარი კომპანია მექნება, ოღონდ - ჯერ არ გეტყვი, რისი. ასევე, ჩემი მაღაზია მექნება. ვეცდები, ძალიან მაგარ ფორმაში ვიყო. დიდი სახლი მექნება. 4 შვილი მეყოლება. ძალიან ბედნიერი დედიკო და ცოლი ვიქნები (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი