"ტემპერამენტიანი ვარ, აქტიურიც, თავნებობას კი ვაკონტროლებ" - გზაპრესი

"ტემპერამენტიანი ვარ, აქტიურიც, თავნებობას კი ვაკონტროლებ"

"ხშირად სვამს კითხვებს: რატომ? რისთვის? ღირს თუ არა? პერიოდულად მისთვის სულიერი სიცარიელისა და მარტოობის განცდა უცხო არ არის. საკითხის ყველა მხრიდან შესწავლის, ნერვების კონტროლისა და მიზნის ზუსტი დაგეგმარების საფუძველზე, მას შესწევს უნარი ნებისმიერი ბრძოლა მოიგოს. ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ სასწორს, ეს კი მსახიობ თამუნა ლეკვეიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ვერ ვიტყვი, რომ ასტროლოგიით დიდად ვინტერესდები, თუმცა ჩემი ნიშნის დახასიათება წაკითხული მაქვს. მაიმუნის წელში დაბადებული სასწორი ვარ. ასტროლოგები სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებზე ამბობენ, რომ გადაწყვეტილებების მიღება გვიჭირს. თუმცა, ჩემს შემთხვევაში ასე არ არის.

- "უყვარს ადამიანები და არა - ხალხმრავლობა".

- მართალია, ხალხმრავლობაც არ მეზარება, მაგრამ ჩემთვის უფრო კომფორტული იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნაა, ვინც ძალიან ახლობელია და მიყვარს.

- "ჭკვიანი, მაგრამ ადვილად მიმნდობი და გულუბრყვილოა".

- არც ადვილად მიმნდობი ვარ და არც - გულუბრყვილო. ადამიანებს გაცნობისთანავე არ ვუმეგობრდები. პიროვნებამ ნდობა ჩემში თანდათან უნდა მოიპოვოს.

- "მას მოპაექრის საკუთარ სიმართლეში დარწმუნების შესანიშნავი უნარი გააჩნია".

- შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ასი შემთხვევიდან ასივე ასეთი შედეგით სრულდება.

- "მოუსვენარია, თუმცა საქმის დროს აჩქარება არ უყვარს".

- მოუსვენარი საერთოდ არ ვარ და შესაბამისად, არც საქმის კეთების დროს მჩვევია აჩქარება.

- "მერყევია, გადაწყვეტილების მიღებამდე საქანელასავით ირწევა".

- ამბობენ, რომ ეს თვისება სასწორისთვის ყველაზე მეტად გამოკვეთილია, რასაც არ ვეთანხმები. უმეტეს შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღება არ მიჭირს, მით უმეტეს, თუ საქმე სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში შეიძლება გამიჭირდეს, როცა რაიმეს შეძენა მინდა და 2 ნივთიდან ერთ-ერთი უნდა ავირჩიო.

- "ის ისწრაფვის ჰარმონიისკენ და არასდროს ცდილობს ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენას".

- ჩემს პროფესიაში, შთაბეჭდილების მოხდენის გარეშე არაფერი გამოვა.

- გადაღლილობის დროს შენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- შინ, ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა. ამ დროს ვისვენებ, მშვიდად ვარ.

- "საკითხის ყველა მხრიდან შესწავლის, ნერვების კონტროლისა და მიზნის ზუსტი დაგეგმარების საფუძველზე, მას შესწევს უნარი, ნებისმიერი ბრძოლა მოიგოს".

- აჩქარება არ მიყვარს და მიზნის მიღწევაში, ყველაზე მეტად ეს თვისება მეხმარება. როგორც ყველას, მეც მაქვს ისეთი მიზნები, რომლისთვისაც ჯერ არ მიმიღწევია. თუმცა, ყველაზე მეტად რაც მსურდა, მივაღწიე.

- "ხშირად სვამს კითხვებს: რატომ? რისთვის? ღირს თუ არა?

- მართალია, ბევრი შეკითხვის დასმა მიყვარს. ადამიანებს ბრმად არასდროს ვეთანხმები და არც ვეწინააღმდეგები, ის შეკითხვები უნდა დავსვა, რომელიც მებადება და შთაბეჭდილება მიღებული პასუხებიდან მექმნება.

- გამბედაობა გაკლია?

- 100%-ით გამბედავი ვერა, მაგრამ 80%-ით ნამდვილად ვარ.

- "მისი გაუბედაობა ზოგჯერ ყოველგვარ ზღვარს სცდება".

- არ ვეთანხმები.

- "ჭკვიანი, მოხერხებული და გამომგონებელია".

- მოხერხებულობა არ მაკლია, გამოსავალს მარტივად ვპოულობ, თან კარგ გამოსავალს.

- "მას ყველაფრის გაკეთება და მიღწევა იმ წუთშივე, მომენტალურად სურს და ყველაზე უმნიშვნელო წინააღმდეგობაც კი ხასიათს უფუჭებს".

- ტყუილია, ესეც სულსწრაფი ადამიანების თვისება მგონია, ჩემი არაა.

- "ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია".

- მშვიდი უფრო მეტად ვარ. თავნებობას ვაკონტროლებ. როგორ შეიძლება, თავს ყოველთვის ყველაფრის უფლება მისცე?.. ტემპერამენტიანი ვარ, აქტიურიც.

- "არ იცის წყენის გულში ჩადება".

- უცნაურობა მჭირს, შეიძლება გამახსენდეს, რომ იმ ადამიანმა მაწყენინა, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ, რა. გამოდის, რომ გულში ჩადება არ ვიცი, საქმე ძალიან მტკივნეულ თემას თუ არ ეხება.

- "ძალიან ცნობისმოყვარეა. ზოგჯერ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა უყვარს".

- მართლა ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, მაგრამ არა ისეთი უტაქტო, რომ ვინმეს საქმეში ჩავერიო, ეს გამორიცხულია. ზოგადი მოვლენების მიმართ ინტერესი ყოველთვის მაქვს. მინდა ვიცოდე, გარშემო რა ხდება და სულ ესაა ჩემი ცნობისმოყვარეობა. როცა სხვა ადამიანი ჩემი პირადი ცხოვრებით ინტერესდება და უტაქტო შეკითხვებს მისვამს, თავს ვარიდებ, არ ვპასუხობ, ეს უსიამოვნო მომენტია. კონფლიქტური სიტუაციები არ მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერი საქმე დაძაბულობის გარეშე მოვაგვარო, ლავირების უნარი მაქვს.

GzaPress

- როგორ ფიქრობ, წარმატებული რის გამო ხარ? - შრომისმოყვარეობის, ნიჭის, მონდომების, საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნის გამო.

- "ის წარმატებულია თავისი ამბიციური ბუნების გამო".

- ზედმეტად ამბიციური არ ვარ. ადამიანს ამბიცია საერთოდ თუ არ აქვს, მგონია, რომ ის წარმატებას ვერასდროს მიაღწევს.

- "ერთგული შეყვარებულია. ყველა დეტალს აკვირდება და პასუხისმგებლობით ეკიდება".

- ერთგული ნამდვილად ვარ, ყველა დეტალს კი იმ შემთხვევაში ვაკვირდები, თუ შინ ძალიან დაღლილი არ ვბრუნდები.

- ეს პარტნიორისთვის დამღლელი არ არის?

- ალბათ არის, რამდენჯერმე უთქვამს კიდეც.

- "ისეთივე წარმატებით ხარჯავს ფულს, როგორც გამოიმუშავებს".

- ამ შემთხვევაში 100%-ით მაიმუნი ვარ. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც დანაზოგს ინახავენ, ეს არაფრით შემიძლია. საკუთარი შემოსავლის დიდ ნაწილს ოჯახს, შვილებს ვახმარ.

- "არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია ხალხთან ისე მარტივად კომუნიკაცია, როგორც მაიმუნს. მას შეუძლია გაგაცინოს, როცა ტირილის განწყობაზე ხარ".

- მართალია, უმეტეს შემთხვევაში, ეს ბუნებრივად ხდება, მაგრამ ყოფილა მომენტები, როცა სიტუაციის განმუხტვის მიზნით მიმოქმედია, ადამიანს რომ დავხმარებოდი.

- "ის კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას".

- არა, ეს ჩემი თვისება ნამდვილად არ არის.

- როგორ ფიქრობ, ქალსა და მამაკაცს შორის, იდეალური სიყვარული გონებიდან უფრო მოდის თუ გულიდან?

- ალბათ, გულიდან მოდის. გონებით რომ იმსჯელო, შეიძლება ურთიერთობა ვერც განვითარდეს ან ძალიან მალე დასრულდეს. როცა გული გეუბნება, ამ შემთხვევაში ვერაფერს აკეთებ.

- "მაიმუნისთვის უდიდესი სიყვარული მოდის გონებით და არა - გულით".

- ჩემს შემთხვევაში, ასე არ არის.

- "მას შეუძლია იყოს მაცდური, გულუხვი, სასტიკი - გააჩნია სიტუაციასა და მიზანს, რომელიც იმ წუთში აქვს დასახული".

- ვეთანხმები, მაგრამ ჩემი მაცდურობა როგორია ან რაში მდგომარეობს, ახსნა გამიჭირდება.

- "მორიდებული და დაკომპლექსებული ადამიანები მისი მხრიდან დაცინვის ობიექტი ხშირად არიან".

- გამორიცხულია, ვინმეს დავცინო. ჩემთვის ბულინგი და ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია. ასეთი ადამიანების მიმართ ყოველთვის თანაგრძნობის განცდა მიჩნდება.

- "გასაჭირში ჩავარდნილს სიამაყე არ აძლევს უფლებას, სხვებისგან დახმარება ითხოვოს".

- მართალია, დახმარება იშვიათად მითხოვია.

- საჭიროება უფრო ხშირად გქონია?

- ხშირად - არა, მაგრამ როცა მქონია, მაშინაც არ მითხოვია.

- "უბოროტო ბუნებიდან გამომდინარე, მტერი და მით უმეტეს, აშკარა მტერი იშვიათად ჰყავს.

- მართლა ასეა, ვეთანხმები.

- ადამიანებს პირდაპირ ეუბნები იმას, რასაც მათზე ფიქრობ?

- ასე იმ შემთხვევაში ვიქცევი, როცა მასზე ჩემი ფიქრები დადებითია. თუ უარყოფითია, არაფერს ვეუბნები.

- ერთ ადგილას დიდი ხნით გაჩერება გიჭირს?

- არა. სამსახურიც ისეთი მაქვს, ჩემი არც ერთი დღე ერთფეროვანი არ არის. სადმე ბანკში რომ მემუშავა, ალბათ ერთფეროვნებას ვერ გავუძლებდი და სამსახურს შევიცვლიდი.

- "პერიოდულად მისთვის სულიერი სიცარიელისა და მარტოობის განცდა უცხო არ არის".

- იშვიათად, მაგრამ ასეთი შეგრძნებები მქონია. ესეც ჩემი ხასიათის თავისებურებაა.

- "იტანჯება, როცა მისთვის არავის სცალია".

- ასეთი დრამატული მდგომარეობა არ მაქვს.

- "ბუნებით მაქსიმალისტია. მისთვის ოქროს შუალედის პოვნა რთულია. როგორც საქმეში, ასევე პირად ურთიერთობებში, უკიდურესობები ახასიათებს".

- უკიდურესობები ნაკლებად მახასიათებს, ძალიან ძლიერი მაქსიმალისტიც არ ვარ.

- მისი ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე.

- მართალია.

- ეს მოულოდნელობები უმეტესად როგორია?

- პოზიტიური. მოულოდნელობა იყო ჩემი "რუსთავი 2"-დან წამოსვლაც. ახლა ახალ გარემოში თავს კარგად ვგრძნობ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. იმის განცდა, რომ რაღაც ახალს აშენებ, სასიამოვნოა, ყველანი მეტად მოტივირებულები ვართ.

თამუნა კვინიკაძე