რა უმძაფრებდა მსახიობობაზე ოცნებას მარი არღუთაშვილს - გზაპრესი

რა უმძაფრებდა მსახიობობაზე ოცნებას მარი არღუთაშვილს

მსახიობ მარი არღუთაშვილის ცხოვრება მისი პერსონაჟისგან - ნათიასგან (სერიალი "იდეალური დედა") ძალიან განსხვავდება. თავისი ცხოვრების სტილის შესახებ მსახიობი თავად გვესაუბრა...

ბავშვობის მძიმე ეპიზოდი და გამძაფრებული ოცნება

- 90-იანი წლების უბნელეს და უშავეს გარემოში გავიზარდე. როგორც კი ჩემს ბავშვობას ვიხსენებ, ცუდი შეგრძნება მეუფლება, რადგან საშინელი პერიოდი იყო. ზოგად ფაქტებს ნოსტალგიით ვიხსენებთ, თორემ პირადად ჩემი ბავშვობა ბედნიერი და ლაღი არ ყოფილა. რაც თავი მახსოვს, მსახიობობაზე ვოცნებობდი. ეს ოცნება ამიხდა... გორში გავიზარდე. კიდევ, ბავშვობის პერიოდიდან, მძიმედ მახსენდება, რომ საბავშვო თეატრალურ სტუდიაში სიარული ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ დავდიოდი, რადგან სტუდია ფასიანი იყო, ჩემს ოჯახს კი ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. ეს ფაქტი ოცნებას კიდევ უფრო მიმძაფრებდა... სტუდენტობის პერიოდში თბილისში ვცხოვრობდი. ახლა, რაკი გორის და თბილისის თეატრებში ვმუშაობ, ასევე - სერიალ "იდეალურ დედაში" ვარ დაკავებული, გორი-თბილისის გზაზე სისტემატურად სიარული მიწევს. - 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში გორში იმყოფებოდი?

- არა. ზუსტად მახსოვს, 6 აგვისტოს, მე, ჩემი და და მეგობრები ბათუმში, დასასვენებლად გავემგზავრეთ. ომის დროს იქ ჩავრჩით. ოჯახის და სახლის შემდეგ, თეატრზე ვნერვიულობდი - შენობა გადარჩებოდა თუ არა. თან, კომუნიკაცია ძალიან ჭირდა - ოჯახის წევრებს ყოველ წუთს ვერ ველაპარაკებოდით. წამოსვლასაც ვერ ვბედავდით. არც გვიშვებდნენ, რადგან გზები გადაკეტილი იყო, გზებზე მაროდიორობდნენ... მოკლედ, ბათუმში 10 დღით დასასვენებლად წასულები, ომის გამო, იქ 26 დღით ჩავრჩით.

"გზაში გამომიძინია კიდეც"

- დღესდღეობით, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ისაა, რასაც ჩემს სამუშაო სფეროში ვაკეთებ: როგორც მსახიობი, 2 თეატრში (გორსა და თბილისში) ვარ დაკავებული, სერიალისთვის გადაღებები მაქვს. კარგია, როცა ადამიანი საქმეში რეალიზებული და საკმაოდ დატვირთული ხარ, მაგრამ სირთულე ახლავს, გზის სახით, რადგან საკუთარი ავტომობილი არ მყავს. თან, რაღაცნაირად, ავტომობილის მართვის შიშიც მაქვს. ამიტომ მგზავრობა "თბილისი-გორის" ტაქსით მიწევს, რაც დიდ დისკომფორტს მიქმნის. სხვა მხრივ, თეატრებიდანაც და სერიალიდანაც ხელს მიწყობენ. ამისთვის მართლა ძალიან მადლიერი ვარ. - როგორ ცდილობ, მგზავრობისას დრო ნაყოფიერად გამოიყენო?

- მგზავრობისას ძირითადად, სცენარს ვკითხულობ. ზოგჯერ, უკან დაბრუნებისას, ძალიან დაღლილი ვარ ხოლმე. ხშირად ყოფილა შემთხვევა, გზაში გამომიძინია კიდეც. მძღოლები უკვე მცნობენ (იცინის).

- ალბათ, მხოლოდ იმის გამო არ გცნობენ, რომ მათი ხშირი მგზავრი ხარ...

- თავდაპირველად მცნობდნენ იმიტომ, რომ ხშირი მგზავრი ვიყავი. სამწუხაროდ, თეატრში არ დადიან და მათი მესმის: მძღოლებს იმის დრო და ფუფუნება არ აქვთ, რომ თეატრში იარონ და მსახიობებს სცნობდნენ. სერიალიდან უფრო მცნობენ. უთქვამთ, - აუ, თქვენ ის არ ხართ? გვიყვარხარო და ა.შ.

"იდეალური დედა"

- სერიალის მეორე სეზონზე, მსახიობები ერთმანეთს მონატრებულები შევხვდით, რადგან პირველ და მეორე სეზონს შორის საკმაოდ ხანგრძლივი წყვეტა იყო. სამეგობრომ ერთმანეთი მანამდეც ვნახეთ, მაგრამ გადასაღებ მოედანზე შეხვედრა სხვა იყო!.. ჩვენი ურთიერთობა უფრო გაღრმავდა, დავახლოვდით... ახლა ჩემი გმირის ოჯახში მატებას ველით - ნათია ორსულადაა. მას ფანტასტიკური ქმარი ჰყავს. მეგობრები, ნაცნობები მეუბნებიან, - რა მაგარი კოტიკო გყავსო (იცინის)... სერიალი საინტერესოდ განვითარდა, ამბები უფრო "გაიშალა", პერსონაჟები დაემატა... "იდეალურ დედას" მაყურებლის ამპლუაშიც ვუყურებ და ძალიან მომწონს. - თავად თუ გინდა გვერდით ისეთი კოტიკო, როგორიც სერიალში "გყავს"?

- ვაიმე, არ ვიცი. საერთოდ არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი, როგორი ქმარი მინდა მომავალში. არც იმაზე მიფიქრია, რომ კოტიკოს მსგავსი ქმარი მყავდეს, რადგან როცა გადასაღებ მოედანზე ვარ, ვფიქრობ, რომ ნათია ვარ, ქმარი და ასეთი ღვთისმოშიში, მორწმუნე ოჯახი მყავს (იღიმის)...

- ორსული ქალის როლი იოლად მოირგე?

- სეზონის დაწყებისთანავე, ჩემს პერსონაჟს წოლითი რეჟიმი ჰქონდა. ახლა უკვე ადგა (იღიმის)... ორსული ქალის როლის შესრულება მსახიობისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. როცა წარმოიდგენ, რომ მუცელი გაქვს, ჯდომის, სიარულის მანერა გეცვლება. ნათიას საინტერესო ორსულობა აქვს: ჰორმონები "უთამაშებს" და ამის გამო, არაადეკვატური სიცილი და ტირილი ახასიათებს, რაზეც ძალიან ვხალისობთ (იცინის)...

"ხშირად მაკიაჟითაც დამიძინია"

- ჩემი თმა იმის ფუფუნებას მაძლევს, რომ როგორც გაშრება, ისე ვატარო: ხვეული თმა მაქვს. მაკიაჟი ძალიან მიყვარს. თეატრში, როგორ სახასიათო როლსაც უნდა ვასრულებდე, გრიმს თავად ვიკეთებ, ხანდახან - გადაღებაზეც. ყოველდღიურად მსუბუქი მაკიაჟი მიყვარს. ისე ხდება, რომ თითქმის ყოველდღე სასცენო ან გადაღებისთვის საჭირო მაკიაჟის გაკეთება მიწევს... სახის კანს წინათ უფრო ცუდად ვექცეოდი, რადგან მის მოვლას ყურადღებას არ ვაქცევდი - ხშირად მაკიაჟითაც დამიძინია, რაც ჩემი აზრით, გამოუსწორებელი შეცდომაა და ასე არავინ უნდა მოიქცეს. ახლა ვცდილობ, სახის კანს მაქსიმალურად მოვუარო, გავიწმინდო, დამატენიანებელი კრემი გამოვიყენო... ასე ვთქვათ, "გადაყოლილი" არ ვარ, მაგრამ იმაზე მეტად ვზრუნავ, ვიდრე 5-10 წლის წინ ვზრუნავდი...

"უკვე ჯანსაღად ვიკვებები"

- რადგან უკვე ჯანსაღად ვიკვებები, ჩემი დილა საუზმით იწყება. მანამდე ყავით და ფორიაქით - სად და რომელ საათზე ვიყავი წასასვლელი - იწყებოდა. რაღაცნაირად, კვებას ბევრ რამეს ვუკავშირებ, რადგან რაც ჯანსაღად კვება დავიწყე, ძილი, ნერვული სისტემა მომიწესრიგდა, დილით დაღლილი აღარ ვიღვიძებ, უფრო მხნედ ვარ... ეს მომწონს. პირველ რიგში, წონაზე ფიქრი დავიწყე, რადგან ზედმეტი კილოგრამები მაწუხებს. ნელ-ნელა ყველაფერი "დალაგდა". საათობრივად ვიკვებები. რეპეტიციებს შორის, თუ მაქვს საშუალება, იმ კონკრეტულ ადგილს ვესტუმრო, სადაც ჩემთვის სასურველი საკვებია, იქ ვსადილობ; თუ მთელი დღე გადაღებაზე ან რეპეტიციაზე ყოფნა მიწევს, მაშინ ვცდილობ, შინ მომზადებული საჭმელი კონტეინერით წავიღო. - კვების რეჟიმი თავად შეარჩიე თუ დიეტოლოგები დაგეხმარნენ?

- სპეციალისტები დამეხმარნენ: მირჩიეს, როგორ ვიკვებო, რომ დავაბალანსო წყალი, საკვები...

- შენი ცხოვრების ჯანსაღ წესში გარკვეული ადგილი ვარჯიშსაც უჭირავს?

- ვარჯიში ძალიან მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ, სისტემატურად ვერ ვახერხებ.

"ყოველდღიურობისგან გამორჩეულად რომ გამოვიყურები, თავადაც მომწონს"

- აქსესუარები და სამკაული არ მიყვარს. ჩაცმის სტილს რაც შეეხება, შეიძლება, დღეს სპორტული სამოსი მეცვას, ხვალ კი ქუსლიანი ფეხსაცმელების მორგება მომინდეს. მრავალფეროვანი სტილი მაქვს. ჭრელი სამოსი მიყვარს. გარშემო მყოფები აღნიშნავენ ხოლმე, - ჭრელი სამოსი "შენიაო" (იღიმის), თუმცა "ჩემი" რა არის, ზუსტად ვერ ვხვდები, მრავალფეროვნება მიყვარს. - შოპინგზე რას გვეტყვი?

- მაღაზიაში თუ ჩემთვის სასურველი სამოსი დავინახე, მთავარია, მოვიზომო. თუ მომერგო, ვყიდულობ. შოპინგის დროს ვერანაირ ხალისს ვერ ვგრძნობ. საათობით მაღაზიებში სიარული არ შემიძლია.

- სადღესასწაულო სამოსს როგორ არჩევ?

- სპონტანურად. ვიცი, რომ ასეთ სიტუაციას ქუსლიანი ფეხსაცმელი, ელეგანტური სამოსი უხდება. ყოველდღიურობისგან გამორჩეულად რომ გამოვიყურები, თავადაც მომწონს და გარშემო მყოფებზე ეფექტსაც ახდენს ხოლმე (იღიმის). თუ დრო მაქვს, შეიძლება, კაბა შევიკერო.

GzaPress ოჯახი

- ოჯახში მე, დედ-მამა და ჩემი და ვართ. ოჯახის წევრებისგან დიდ გულშემატკივრობას, მხარდაჭერას ვგრძნობ, განსაკუთრებით - ჩემი დისგან, რომელიც საზღვარგარეთ არის. ისეთი რეჟიმი მაქვს, რომ კვირის განმავლობაში შეიძლება, შინ მხოლოდ დასაძინებლად მისვლამ მომიწიოს, მაგრამ მერე, 3-4 დღე სულ სახლში ვიყო და დრო ოჯახის წევრებთან ერთად გავატარო. - დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო, მნიშვნელოვანი თარიღების ოჯახთან ერთად აღნიშვნა გამოგრჩენია ან ვერ მოგიხერხებია?

- არც გვაქვს ტრადიცია, რომ თარიღები ერთად აღვნიშნოთ. რაღაცნაირად, მცირე ასაკიდან, ასე ვთქვათ, "სახლიდან გასული" ვარ და ასეთი საშიშროების წინაშე არ დავმდგარვარ.

არასტანდარტული სამუშაო განრიგი და დასვენება-გართობა

- დასვენებას მხოლოდ ზაფხულში ვახერხებ, ისიც - 1 თვით. მინდა, არდადეგები მრავალფეროვანი იყოს, რაც ხან გამოდის, ხან - არა. პირველ რიგში, აუცილებლად ზღვაზე მივდივარ. შემდეგ, თუ მოვახერხე, მთაში მივემგზავრები - მთა, ლაშქრობებიც მიყვარს. მოკლედ, თუ ზღვაზეც და მთაშიც დასვენებას ვახერხებ, არდადეგებს ნაყოფიერად მივიჩნევ... გართობას რაც შეეხება, სტანდარტული სამუშაო განრიგი არ მაქვს. ამიტომ ჩემი მეგობრებისთვის თუ დასვენება პარასკევი საღამოდან იწყება, შეიძლება, მე პარასკევს, შაბათს და კვირას რეპეტიციები ან სპექტაკლები მქონდეს. მიუხედავად ამისა, მეგობრების ნახვას და მათთან ერთად გართობას მაინც ვახერხებ: ვინმესთან სახლში, ბარში, კინოთეატრში ან თეატრში მივდივართ ხოლმე. - ბავშვობის მეგობრების შენარჩუნება შეძელი?

- რა თქმა უნდა, ოღონდ - დაფანტულები ვართ: ზოგი საზღვარგარეთაა, ზოგი საქართველოს სხვა კუთხეში ცხოვრობს, რადგან გათხოვდა... შეხვედრას იშვიათად ვახერხებთ. საზღვარგარეთ მყოფებს ინტერნეტით ვეკონტაქტები... ბოლო წლებში ბევრი საინტერესო მეგობარი შევიძინე. მათთან ერთად დროის გატარება ძალიან კარგია.

- მრავალფეროვანი სამეგობრო გყავს?

- ძალიან. მყავს როგორც მსახიობი მეგობრები, ასევე - რეჟისორები, ბანკის თანამშრომლები, სამშენებლო კომპანიებში დასაქმებულები, პედაგოგები, ემიგრანტები, დიასახლისები (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი