რატომ მოსწონთ ცნობილ ადამიანებს შოპინგი? - გზაპრესი

რატომ მოსწონთ ცნობილ ადამიანებს შოპინგი?

ალბათ, არ არსებობს ქალი, რომელსაც შოპინგი არ ახალისებს და აბედნიერებს, რადგან ის მშვენიერი საშუალებაა ყოველდღიური სტრესისა და დაძაბულობისგან თავის დასახსნელად. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შოპინგი ადამიანს სასიცოცხლო ძალებით აღავსებს და ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება. როგორც ამბობენ, შოპინგი მამაკაცებისთვის არანაკლებ სასარგებლოა, ვიდრე ქალებისთვის. რა დამოკიდებულება აქვთ ცნობილ ადამიანებს შოპინგთან და რამდენად ხშირად სტუმრობენ მაღაზიებს? - ამის შესახებ ისინი თავად გვიამბობენ.

"ძალიან პრაქტიკული ადამიანი ვარ"

გვანცა დარასელია, ტელეწამყვანი: GzaPress - შოპინგი ძალიან მიყვარს და ამ პროცესისთვის ყოველთვის წინასწარ ვემზადები. ახალი ტანსაცმლის, ახალი ნივთების შერჩევას დიდ დროს ვანდომებ, ამ დროს მარტო უნდა ვიყო. კამპანიასთან ერთად ვერ ვშოპინგობ, რადგან მაღაზიებში ჩემებურად "ბოდიალი" მომწონს. ზოგჯერ ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ მივდივარ, რაღაცას მოვისინჯავ და შეიძლება, იმავე მაღაზიას ხელახლა მივუბრუნდე. სულ პატარა, მინიმალური რაღაც რომ შევიძინო, მაინც ვმშვიდდები და ვწყნარდები. უცხოეთშიც ასეა: მე და ჩემი მეუღლე ორ ბანაკად ვიყოფით, რომ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ. ის თავის საქმეებზე მიდის, მე - ჩემს საყიდლებზე. იმიტომ, რომ შოპინგის დროს ერთმანეთს ნერვებს ვუშლით. მაღაზიებში სიარულს დიდი დრო უნდა, მით უმეტეს, რომ ძალიან პრაქტიკული ადამიანი ვარ და იშვიათად ვყიდულობ ისეთ ნივთს, რომელსაც მერე ვერ გამოვიყენებ. ძალიან ბევრს ვფიქრობ, ესა თუ ის ნივთი შევიძინო თუ არა. ამიტომ, საყიდლებზე მირჩევნია მარტომ ვიარო. ყოველდღე ეთერში მიწევს ყოფნა და ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ვცდილობ, პრაქტიკული სამოსი შევიძინო. როცა რაიმეს ვყიდულობ, ათასგვარი პარამეტრით ვზომავ, ამიტომ, მირჩევნია, არავის ვენდო და ყველაფერი ჩემი გემოვნებით შევიძინო. ბოლო ხანებში ნახევრად სპორტულ ტანსაცმელზე გადავედი და ძირითადად, ამ სტილის სამოსს ვყიდულობ. რაც შეეხება ფეხსაცმელს, მთავარია, კომფორტული იყოს. ამიტომ, ქუსლიანი ფეხსაცმელი მხოლოდ ღონისძიებების წაყვანისას ან საზეიმო დღეებში მაცვია.

"ამ დროს გონება ისვენებს..."

ნანიკო ხაზარაძე, ჟურნალისტი: GzaPress - მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ახალი ნივთის შეძენა არ უყვარდეს. გამონაკლისი არც მე ვარ. ზოგჯერ მაღაზიებში უმიზნო ბოდიალი და თვალიერებაც მიყვარს, რადგან ამ დროს გონება ისვენებს. როცა თავისუფალი დრო მაქვს, სამსახურიდან გამოვდივარ, მაღაზიებში შევდივარ და ვათვალიერებ. ამოჩემებული მაღაზიები არა მაქვს, არც - ამოჩემებული ბრენდები, თუმცა, ადგილობრივ ტანსაცმელს იმდენად არ ვეტანები, უფრო უცხოური ბრენდების პროდუქციას ვყიდულობ. შეკერვითაც არასოდეს ვიკერავ. ყველაფერს შეკერილს ვყიდულობ. თუ რაიმეს შევიძენ და ვეღარ ვიყენებ, მაშინვე გავაჩუქებ ხოლმე. ჩემთვის იდეალური ჩაცმულობა სპორტულია - ეს ყველაზე მისაღები და მოხერხებული სამოსია ჩემთვის. მუდმივად ამ სტილს ვინარჩუნებ და არ ვღალატობ.

"შეკერვის პროცესი უფრო მომწონს"

ეკა მამალაძე, მომღერალი: GzaPress - ახალი ტანსაცმელი ჩემს განწყობაზე მართლა დადებითად მოქმედებს. ზოგიერთი მშვიდდება მაღაზიებში სიარულით, ზოგი პირიქით - იღლება, რადგან ეს სერიოზული დატვირთვაა. მე მაგალითად, ე.წ. შოპინგი ძალიან მიყვარს, დედაჩემი კი - ვერ იტანს. სხვათა შორის, ტანსაცმელს ხშირად ვიკერავ, ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართველ დიზაინერებს და მათი შეკერილი სამოსი ხშირად მაცვია. სულაც არა მაქვს გართულება იმაზე, რომ ტანსაცმელი მაინცდამაინც მოდური უნდა იყოს. შეიძლება, მოდური სამოსი შეიძინო, მაგრამ ვერ მოირგო და საერთოდ ვერ ჩაიცვა. უკვე ჩემი, ჩამოყალიბებული სტილი მაქვს და ვიცი, რა უნდა ვიყიდო, თუმცა შეკერვის პროცესი უფრო მომწონს. საკონცერტო კაბებსაც და ყოველდღიურ სამოსსაც ჩვენი დიზაინერები მიკერავენ.

"მაღაზიებში დიდხანს ბოდიალი არ მიყვარს"

ნიკა ხაჩიძე, პროდიუსერი: - შოპინგი მეც მომწონს, მაგრამ ძვირად ღირებული და იაფფასიანი ბრენდები ჩემთვის არ არსებობს. მთავარია, მომეწონოს. მაღაზიებში დიდხანს ბოდიალი არ მიყვარს, ყოველთვის ვიცი, რაც უნდა ვიყიდო, მივდივარ და ვყიდულობ. ახალი სამოსი, ახალი ნივთები განწყობაზე ძალიან კარგად მოქმედებს და მეც, ნებისმიერი რამის შეძენა კარგ ხასიათზე მაყენებს. საუცხოო განცდაა, როცა ახალი და სასურველი სამოსი გაცვია. თბილისში არის მაღაზიები, სადაც ვიცი, რა უნდა შევიძინო. თუ საზღვარგარეთ ვარ, იქ უკვე ისეთი ნივთები შეიძლება ვიყიდო, რაც ჩემთვის უცხოა. ტყუილად მაღაზიებში სიარული ჩემი სტიქია არ არის... გარდა ამისა, მყავს დიზაინერი, რომელთანაც სამოსს ვიკერავ. როგორი დამოკიდებულება მაქვს ე.წ. მეორადი ტანსაცმლის მიმართ? - ძალიან კარგი. მთელი სტუდენტობის პერიოდში მეორად ტანსაცმელს ვიცვამდი და ახლაც არ ვიტყოდი უარს, თუ კარგ, გამორჩეულ სამოსს გადავაწყდები.

"ახალი ნივთების, სამოსის შეძენა ძალიან მახალისებს"

ნუცა ჯანელიძე, მუსიკოსი: GzaPress- რა თქმა უნდა, შოპინგი მიყვარს. უკეთესია, როცა ფულით შევდივარ და ჩემთვის სასურველ ნივთს ვყიდულობ, მაგრამ ისიც არ არის ცუდი, როცა უბრალოდ, დასათვალიერებლად შევდივარ. როგორც წესი, ვარჩევ და ვფიქრობ, რომელი მაღაზია ან რომელი ბრენდი ჯობია. როცა ფული მაქვს, პირდაპირ მივდივარ და ვყიდულობ. ყოფილა შემთხვევა, როცა ე.წ. მეორადების მაღაზიაში მიყიდია რაღაც და ძალიან კმაყოფილი დავრჩენილვარ. ადგილობრივი წარმოების სამოსიც მიყიდია, მომხდენია, გამომდგომია და მყვარებია, გამოწერითაც შემიძენია სამოსი და კმაყოფილი ვყოფილვარ. ერთი სიტყვით, ახალი ნივთების, სამოსის შეძენა ძალიან მახალისებს და სად, როგორ შევიძენ, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს.

"ტანსაცმლის ყიდვით რომ "კაიფობენ", ეს ჩემთვის უცხო მოვლენაა"

ზალიკო სულაკაური, მხატვარი: - ამბობენ, რომ მხატვრები ჩაცმას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ეს ყველას როდი ეხება. მაგალითად: ნიკო ფიროსმანს ყოველთვის მოხდენილად ეცვა და იმდროინდელ თბილისში ყველაზე მოდურად ჩაცმული გამოდიოდა. მე პირველ კატეგორიას ვეკუთვნი: შემიძლია ერთი და იგივე ტანსაცმელი მეცვას, ოღონდ მთავარია, სუფთა და მოწესრიგებული იყოს. ე.წ. შოპინგი და მაღაზიებში სიარული სასტიკად არ მომწონს. ჩემი ცოლი თუ წამიყვანს ძალით და სამოსსაც ის ამირჩევს, მეც მორჩილად მივყვები და რასაც მიყიდის, იმას ვიცვამ. ამით შემოიფარგლება ჩემი შოპინგი. არიქა, "გავიშმოტკო" და ბოლო მოდის ტანსაცმელი მეცვასო - ეს ჩემი სტიქია არ არის. მთავარია, ჩემი სამოსი მორგებული და კომფორტული იყოს, თორემ ტანსაცმლის ყიდვით რომ "კაიფობენ", ეს ჩემთვის უცხო მოვლენაა. "ჩაშმოტკვა" და "ჩაპრანჭვა" ჩემი საქმე არაა. მაღაზიებში სიარული და ძებნის პროცესი კი საერთოდ მკლავს.

მანანა სოლოღაშვილი, ფსიქოთერაპევტი:

- როგორც ყველა ფსიქოლოგი, მეც ვაღიარებ, რომ შოპინგს ერთგვარი ფსიქოთერაპიული ეფექტი მოაქვს, რადგან ამ დროს შენი თავისთვის რაღაცას აკეთებ და ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაგაქვს. ეს ყველას შველის, როცა რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს. თანაც, შოპინგის დროს საკუთარ თავს საჩუქარს უკეთებ - ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ შოპინგი ადამიანზე დადებითად მოქმედებს. გავრცელებულია შეხედულება, რომ შოპინგი უფრო ქალებს მოსწონთ, მაგრამ მამაკაცებიც არ არიან გულგრილნი მის მიმართ. ზოგჯერ ეს პროცესი ფსიქოთერაპიულ სეანსსაც კი ჩაანაცვლებს ხოლმე. ამიტომ, ჩემს პაციენტებსაც ვურჩევ და მეც ვცდილობ, შოპინგით განწყობა გავიუმჯობესო, როცა ეს მჭირდება. ახალი სამოსი, ნებისმიერი სასიამოვნო სიახლე ადამიანზე კარგად მოქმედებს. მით უმეტეს, თუ ისეთ რაიმეს შეიძენს, რომლის შეძენაც სურდა. თუ ადამიანს ლამაზად ჩაცმა უყვარს და მატერიალური საშუალებაც აქვს, მაშინ უნდა იშოპინგოს - რატომაც არა?..

ხათუნა ჩიგოგიძე