ხელნაწერი წიგნი, ქართული სუფრის "აკადემია" და საოცნებო როლი - გზაპრესი

ხელნაწერი წიგნი, ქართული სუფრის "აკადემია" და საოცნებო როლი

ცნობილი მსახიობის - ზურა ინგოროყვას "წიგნის თაროთი" დავინტერესდით და მსახიობისთვის შთამბეჭდავი წიგნების გარდა, ზურა ინგოროყვას ცხოვრების საინტერესო დეტალების შესახებაც შევიტყვეთ...

- ძირითადად, ადამიანის განათლება-განვითარების 99% 30-33 წლამდე ხდება. შეიძლება, მერე რაღაცებს კითხულობ, მაგრამ გონებაში ისე აღარ ილექება, როგორც - 30-33 წლამდე, რადგან ჩვენი ტვინი "უკან მიდის"... კითხვა ძალიან მიყვარს, მაგრამ დილით რეპეტიცია 11 საათზე მაქვს. ამიტომ მინიმუმ, 9-ზე მაინც უნდა ავდგე... შინ დილის 3 საათზე ვბრუნდები. წინათ წიგნთან რა დოზითაც მქონდა "ურთიერთობა", ახლა იმის ნახევარიც არ მაქვს, სამწუხაროდ, მაგრამ შეძლებისდაგვარად, წიგნის კითხვას დროს მაინც ვუთმობ - ამის გარეშე არ შეიძლება: გარდა იმისა, რომ კითხვა მსიამოვნებს, ეს აუცილებელიც არის.

- წიგნთან "ურთიერთობა" როგორ დაიწყეთ? გახსოვთ, პირველად რომელი ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხეთ?

- წიგნის კითხვა საბავშვო ზღაპრებით დავიწყე. განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ნოდარ დუმბაძის ლექსების კრებული - სქელყდიანი, ძალიან ლამაზად გაფორმებული წიგნი იყო. შემდეგ, 10-11 წლის ვიყავი, როცა საბჭოთა კავშირში აკრძალულ წიგნზე - "მონანიება" ლეგენდები დადიოდა. ეს იყო დეტექტივი ქართველი, ე.წ. რამკიანი ქურდის შესახებ. თან, ნამდვილი ამბავი იყო - მგონი, რომელიღაც გამომძიებელმა დაწერა. უფროსი თაობის წარმომადგენლებს შორის, სულ ამ წიგნთან დაკავშირებული საუბარი მესმოდა - სად ვიშოვოთო? არ მახსოვს, მამაჩემმა თუ ჩემმა ძმამ ხელნაწერი "მონანიება" მოიტანა: ჩვეულებრივ, წიგნის ყდა ჰქონდა გაკეთებული, ოღონდ - შიგნით ხელით იყო ნაწერი ანუ ვიღაცას ნაბეჭდი წიგნი ხელში ჩაუვარდა და თან კითხულობდა, თან - გადაწერა. სწორედ ეს წიგნი წავიკითხე, რომელმაც ძლიერი შთაბეჭდილება დამიტოვა. მახსოვს, ზამთრის საშინელი ამინდი იყო. ელექტროგამათბობელთან წამოწოლილი, ცრემლმორეული ვკითხულობდი. ამ წიგნს არანაირი ლიტერატურული ღირებულება არ ჰქონია. მასში აღწერილი ნამდვილი ამბავი ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს შეემთხვა, რომელიც ტრაგიკული პიროვნება იყო, შინაგანად - რაინდი. წაკითხულმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. შეიძლება ითქვას, წიგნის მოყვარული მას შემდეგ გავხდი.

- შემდეგ, წასაკითხ ლიტერატურას როგორ არჩევდით?

- ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ყველა წიგნის მოყვარული იყო: მშობლები, უფროსი და-ძმა... დედ-მამას ხელოვნებასთან დაკავშირებული პროფესია არ ჰქონდათ, მაგრამ შინაგანად ორივე დიდი ხელოვანი იყო. დედა ძალიან კარგად მღეროდა. მამას გიტარაზე დაკვრა არსად უსწავლია, მაგრამ კარგად უკრავდა და მღეროდა. ჩემმა და-ძმამ კონსერვატორია დაამთავრა. შინ 24 საათის განმავლობაში, ტრადიციული ქართული სუფრა იყო გაშლილი. ხომ გაგიგონიათ, - ქართული სუფრა აკადემია იყოო? მე ამ "აკადემიაში" ბევრი რამ შევიძინე (იღიმის). ჩვენს სახლში კარგი საზოგადოება იკრიბებოდა. ისეთ გარემოცვაში გავიზარდე, სადაც ყოველ საღამოს საუბრობდნენ საქართველოზე, სამშობლოს სიყვარულზე, ლიტერატურაზე, მხატვრობაზე, თეატრზე, კინოზე... ფაქტობრივად, უკვე გამზადებული ინფორმაცია მქონდა, ხვალ-ზეგ რა უნდა წამეკითხა, მათგან ვიღებდი წასაკითხ ლიტერატურას. მაგალითად, საღამოს დოსტოევსკის თუ ახსენებდნენ, ვინტერესდებოდი და დოსტოევსკის შემოქმედებას ვეცნობოდი. გარდა ამისა, თანაკლასელებში გამიმართლა: წაკითხულს ერთმანეთს ვუზიარებდით, ვარჩევდით, ვმსჯელობდით - ეს გვსიამოვნებდა...

სამწუხაროდ, ახლა სუფრა უკვე სმასა და სიმთვრალესთან ასოცირდება. მაშინ სუფრასთან წამითაც ვერ მოიწყენდი. დღეს, როცა საქეიფოდ მეპატიჟებიან, უმეტესწილად ნახევარ საათში ცუდად ვხდები - ვერ ვჩერდები და მოვდივარ.

GzaPress

- ასაკისთვის შეუსაბამო წიგნი წაგიკითხავთ, რომელიც მაშინ სათანადოდ ვერ გაგიგიათ? - კი, დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელის" კითხვა რომ დავიწყე, მივხვდი, ჩემთვის ადრე იყო, მაგრამ მაინც ვკითხულობდი. რაღაცებს ვერ მივხვდი. მოგვიანებით ეს წიგნი ხელახლა წავიკითხე. კიდევ, ჯეიმს ჯოისის "ულისეს" დავასახელებ, რომლის კითხვაც დაახლოებით 12-ჯერ დავიწყე და გადავდე. გარკვეული პერიოდის მერე, მივხვდი, "ულისეს" კითხვას რატომ ვიწყებდი: სტუდენტობის პერიოდშიც და მერეც, სიურრეალისტური ხელოვნებით გატაცებული ვიყავი. როგორც ჩანს, შინაგანად ამისკენ მქონდა მიდრეკილება. აბა, "ულისეს" კითხვა 12-ჯერ რატომ უნდა დამეწყო?!.

- ბოლოს და ბოლოს, ამ ნაწარმოების კითხვა დაასრულეთ?

- რა თქმა უნდა! მეორე-მესამე კურსზე ვიყავი, როცა "ულისე" ავიღე და თავიდან ბოლომდე წავიკითხე. მივხვდი, რომ მინიმუმ, კიდევ ერთხელ უნდა წამეკითხა. ვერ გეტყვით, ისე მომეწონა, გავგიჟდი-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სიურრეალისტურ ხელოვნებაში "შესრუტული" ვიყავი. განცვიფრებული დავრჩი - ამ ნაწარმოებმა არაფერი დამიტოვა, გარდა იმისა, რომ ბევრ ინფორმაციას იძლევა, საინტერესო ფორმითაა გადმოცემული. "ულისეს" კითხვით დიდი სიამოვნება ვერ მივიღე. ალბათ, ამის მიზეზი კითხვის ბევრჯერ დაწყება-გადადება იყო.

- რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის სცენაზე ან კინოში განსახიერებაზე თუ გიოცნებიათ?

- როგორც მაყურებელს, თეატრი ბავშვობიდან მიყვარდა. კომუნისტური რეჟიმის დროს, სკოლის მოსწავლეები ვალდებული ვიყავით, თეატრის მთელი წლის აბონემენტი გვეყიდა. დაახლოებით 10 სპექტაკლი იყო. თვეში ერთხელ, ბავშვები ავტობუსით თეატრში მივდიოდით. თან, 2-3 გაკვეთილი გვიცდებოდა და ესეც მსიამოვნებდა (იღიმის)... მეცხრე-მეათე კლასში ვიყავი, როცა მსახიობობა გადავწყვიტე: მე და ერთი გოგო, რომელიც მიყვარდა, ვსეირნობდით. მისი ნაცნობი შეგვხვდა და გვითხრა, - აკადემიაში სახალხო თეატრი იქმნება, დარბაზი მოგვცეს, მუშაობას ვიწყებთ და ხომ არ შემოგვიერთდებითო? იმ გოგომ უარი უთხრა, მე კი ვიფიქრე, - რატომაც არა? შიგნიდან ვნახავ, თეატრში რა ხდება და რაც მთავარია, იქ ბევრი გოგო იქნება-მეთქი (იცინის)... წარმოიდგინეთ, მეცხრე-მეათე კლასის მოსწავლე ვარ, თეატრში მივდივარ და მაშინვე რაინდის როლს მაძლევენ. ეს მესიამოვნა. რეპეტიცია პირდაპირ სცენაზე გვქონდა. აი, სწორედ მაშინ, "სცენის მტვრით მოვიწამლე" და მას შემდეგ, თეატრის გარეშე ერთი დღეც არ მიცხოვრია... არსებობენ პერსონაჟები, რომლებსაც ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოუხდენიათ. მსახიობისთვის სათამაშოდ მერკუციოს როლი უფრო კარგი "გასაკეთებელია", ვიდრე რომეო, მაგრამ პიესის კითხვისას ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რომეო უნდა მეთამაშა. ამ როლს "დავღეჭავდი", ძალიან მაგრად ვითამაშებდი!.. საბედნიეროდ, უკვე იმდენი როლი მაქვს ნათამაშები, 5 მსახიობს რომ ეყოფა მთელი კარიერის განმავლობაში, მაგრამ აი, "რომეო და ჯულიეტა" ჰორიზონტზეც კი არ გამოჩენილა... ისეთ პიესებშიც მითამაშია, რომელშიც "რომეო და ჯულიეტადან" ნაწყვეტები ყოფილა... მერე, 90-იან წლებში, როცა ჩვენს ქვეყანაში არეული სიტუაცია იყო, ჩემი ძმა ჰოლანდიაში ცხოვრობდა - ემიგრანტი იყო. მასთან წავედი, მაგრამ საქართველოდან შორს კვირაზე დიდხანს ვერ ვჩერდები. სწორედ ჰოლანდიაში შემომთავაზეს რომეოს როლი, მაგრამ წამოვედი...

- თქვენი სამაგიდო წიგნი რომელია?

- ე.წ. თეატრალურ ქვეყნებში, სტუდენტებიც და არტისტებიც ქართული ან ინგლისური სასცენო მეტყველების სახელმძღვანელოთი სწავლობენ. წარმოგიდგენიათ, რა მდიდრები და ბედნიერები ვართ? დარწმუნებული ვარ, ახლა ეს ფაქტი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმაც არ იციან, სამწუხაროდ. ბაბულია ნიკოლაიშვილი, ვინც ქართული "სასცენო მეტყველება" შექმნა, ჩემი პედაგოგი გახლდათ. ის თეატრალური ინსტიტუტის პირველი გამოშვების წარმომადგენელი იყო. მისი პედაგოგი მალიკო მრევლიშვილი გახლდათ, რომელიც ოცნებობდა, სასცენო მეტყველების სახელმძღვანელო შეექმნა. ამაზე მუშაობა დაიწყო კიდეც - საწყისი შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ "სასცენო მეტყველებაში" "ა" მალიკო მრევლიშვილმა შექმნა, დანარჩენი "32 ბგერა" კი - ბაბულიამ. ამბობენ, ქართული "სასცენო მეტყველება" ბევრად უკეთესია, ვიდრე ინგლისურიო. ბაბულიამ ეს სახელმძღვანელო, ხათხა-იოგაზე, სუნთქვით ვარჯიშებზე დაყრდნობით შექმნა (ინდოეთში დადიოდა, მთავარ იოგთან ჰქონდა ურთიერთობა). წარმოგიდგენიათ, სად მიაგნო?!. მეტყველების გარეშე, მსახიობი "ნულია". მსახიობის ოსტატობისთვის აუცილებელია მეტყველება, მერე - სასცენო მოძრაობა, რიტმიკა, ცეკვა, პლასტიკა და ა. შ. 8-9 საგანია, რომელსაც ჩვენი პროფესიის ადამიანი უნდა ფლობდეს. წინათ მეტყველების საგნის შესწავლას ბევრი დრო ეთმობოდა. მერე, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას (პოლიტიკას არ ვეხები), ჩვენი თეატრალური უნივერსიტეტი ბოლივიის სისტემის მიმდევარი გახდა: ბოლივიის უნივერსიტეტს თავისი სისტემა აქვს შემუშავებული. მისი წარმომადგენლები იმისკენ იღვწიან, რომ ეს სისტემა სხვაგანაც დაამკვიდრონ. მაგალითად, თეატრალური უნივერსიტეტი ამ სისტემის მიმდევარი თუ გახდება, ფულს მისცემენ. როგორც ჩანს, ეს ფული ცოტა არ არის, რადგან მის მისაღებად ქართული თეატრალური უნივერსიტეტი ამ სისტემაზე გადავიდა და გადაწყვიტა, სწავლების პროგრამიდან "მეტყველება" ამოეღო (ბოლივიის სისტემაში "მეტყველება" არ შედის), ანუ 3-4 წელი, ჩვენს თეატრალურ უნივერსიტეტში "მეტყველებას" არ ასწავლიდნენ. ახლა ეს საგანი დაბრუნდა, მაგრამ არ ასწავლიან: ჩემმა შვილმა წელს თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა დაამთავრა, მაგრამ 4 წლის განმავლობაში, მეტყველების გაკვეთილი სულ ხუთჯერ ჩაუტარდა - ეს არის კატასტროფა, რაც ყველაზე მეტად მტკივა... ჩემი სამაგიდო წიგნი ბაბულია ნიკოლაიშვილის "სასცენო მეტყველებაა". თან, მან მაჩუქა. წიგნზე მისივე ხელმოწერაა... ასევე, ჩემს სამაგიდო წიგნებს შორის არის მაქს ფიშის "ვიქნები თუნდაც განტენბაინი", მიგელ დე უნამუნოს "ბურუსი". ქართველ მწერლებს რაც შეეხებათ, ვაჟა-ფშაველა ჩემთვის ყველაფერია! გარდა იმისა, რომ მისი პოეზია მიყვარს, მისი წერილებიც ძალიან მომწონს... ასევე, მიყვარს გალაკტიონი, ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ჯავახიშვილი... "კვაჭი კვაჭანტირაძეში" ვითამაშე. თან, როგორც ამბობენ, ძალიან კარგი სპექტაკლი იყო. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ამ ერთხელ გავკადნიერდები და ვიტყვი: მეც ვგრძნობდი, რომ კარგად ვთამაშობდი...

ეთო ყორღანაშვილი