"ვეთანხმები, სიყვარული მსხვერპლით იზომება" - გზაპრესი

"ვეთანხმები, სიყვარული მსხვერპლით იზომება"

"საყვარელი ადამიანისთვის იმდენი და ისეთი სიგიჟე თუ უცნაურობა ჩამიდენია, საჯაროდ რომ ვერაფრით ვილაპარაკებ, თანაც ყოველთვის გამმართლებია. ახლა აქ, სადმე ხე რომ იყოს, სამჯერ დავაკაკუნებდი", - ამბობს მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი. არის თუ არა ახლა შეყვარებული, რას თვლის საკუთარი ხასიათის ძლიერ მხარედ, როგორ ახასიათებს პარტნიორს "ცეკვავენ ვარსკვლავებში", რას უფრთხილდება ყველაზე მეტად და რას არ გააკეთებს არასდროს, არანაირი თანხის სანაცვლოდ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1998 წლის 1-ლი ნოემბერი. იუბილარი ახლახან ვიყავი. ეს დღე ძალიან მიყვარს. ბევრ დადებით ემოციას ვიღებ და მიხარია.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...შოუმენი. სულ მინდოდა, ეკრანზე ვყოფილიყავი, რა სფეროში - არ მქონდა განსაზღვრული, მაგრამ აუცილებლად ტელევიზორში უნდა ვყოფილიყავი. ბავშვობის სურვილი ამისრულდა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ძალიან მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ მყავს კარგი მეგობრები, ოჯახის წევრები ჯანმრთელად არიან. ხშირად ჩემი წარმატებებიც მაბედნიერებს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ასეთი არაერთია და გაერთიანებული ფორმით შეიძლება, ნებისყოფა ეწოდოს. ეს ჩემი ძლიერი მხარეა, რაც დიდ როლს თამაშობს და მეხმარება წარმატებების მიღწევაში. უზომოდ შრომისმოყვარე და მიზანდასახული ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ამას ჩემთვის დავიტოვებ და საჯაროდ არ გავამხელ. ყველა ჯანსაღი ადამიანი ებრძვის საკუთარ თავში იმ თვისებას, რომელიც არ მოსწონს.

- ვრისკავ, როცა...

- ...ვხვდები, რომ მიზანს მივაღწევ. სიახლეებს და ახალ გამოწვევებს არასდროს ვუშინდები, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მივიღო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ოჯახის წევრებს. ცხოვრების ყოველ ეტაპზე ახალი მიზანი მაქვს. შესაბამისად, ყოველი მიზნის მიღწევა მორიგი წარმატებაა. 5 წლის ვიყავი, სამეჯლისო ცეკვებში საქართველოს ჩემპიონი რომ გავხდი, საქართველოს თასი მოვიგე. 6 წლისა კავკასიის ჩემპიონი გავხდი. ბავშვობიდან სულ წარმატებებს ვაღწევ. ამ გადმოსახედიდან უკვე სხვა მიზნები მაქვს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვიყო წარმატებული. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოხვედრა წარმატება იყო. პროექტის მეორე სეზონი რუსკა მაყაშვილთან ერთად მოვიგე და ამ პროექტის გამარჯვებული დამერქვა. შემდეგ "ყველაზე ძლიერში" მონაწილეობას დავთანხმდი და ეს პროექტიც მოვიგე - ეს ურთულესი დღეები იყო; სირთულე ეკრანზე სრულად ნაჩვენები კიდევ არ იყო. ახლა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ამ სეზონზე ვარ ორიენტირებული. ამ ყველაფრის პარალელურად, დავასრულე ბაკალავრიატი და მაგისტრატურაში ბიზნესის ადმინისტრირებას ვსწავლობ. წარმატება იყო, როდესაც "მარაოზე" 3 წელი ორი გადაცემა მიმყავდა და საკუთარი თავი წამყვანის ამპლუაში მოვსინჯე. მინდა, განვითარება განვაგრძო, სირთულეებს არასდროს ვუშინდები.

GzaPress - მეშინია... - ...ფობიები არ მაქვს. "ყველაზე ძლიერში" ჩემი თავი სხვაგვარად დავინახე; აღმოვაჩინე, რომ შიშის გრძნობა დათრგუნვილი მქონია. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. რა თქმა უნდა, პატარ-პატარა ადამიანური შიშები მეც მაქვს, მაგრამ ისეთი, რომელიც დამაბრკოლებს, შემაფერხებს, ჩემში არ არსებობს. სიტუაციას ყოველთვის რეალურად აღვიქვამ და საქმეზე მაქსიმალურ კონცენტრირებას ვახდენ. ჩემს ადამიანურ განცდებში შიში ბოლო ადგილზეა.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...რეპეტიციაზე, დარბაზამდე ვეღარ მივაღწიე. ალბათ, ღამის გათენება მომიწევს.

- ვნანობ...

- ...არაფერს.

- როცა წონასწორობას ვკარგავ...

- ...მაქსიმალურად ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო, საკუთარ თავზე კონტროლი არ დავკარგო, მოვლენას ცივი გონებით შევხედო, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ამას ვერ ვახერხებ - უმეტესად მაშინ, როცა საშინელ უსამართლობას ვაწყდები. უსამართლობასა და ადამიანის ჩაგვრაზე თვალის დახუჭვა არ შემიძლია, ყოველთვის ვრეაგირებ.

- სიყვარული ეს...

- ...ძალიან ინდივიდუალურია ისევე, როგორც ბედნიერება. სიყვარულია, როცა იღვიძებ, იძინებ, რაღაცას აკეთებ, უნებურად სულ მასზე გეფიქრება, სულ გინდა გვერდით გყავდეს, სულ გენატრება... სიყვარული არის ერთგულება. გელა ჩარკვიანს ძალიან კარგად აქვს ახსნილი, რა არის სიყვარული. ის ამბობს: სიყვარული მსხვერპლით იზომებაო. ვეთანხმები, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ გრძნობისთვის შენ რა მსხვერპლის გაღება შეგიძლია. ეს მსხვერპლი, რაც უფრო დიდია, გრძნობა მით უფრო ძლიერია.

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ თუ არა? სულ შეყვარებული ვარ. შეიძლება ამ ეტაპზე ჩემი გრძნობა იმ ფაზაში არ არის, რასაც ვლაპარაკობდი, მაგრამ... სიყვარული ჩემი ცხოვრების თანამგზავრია. ამ გრძნობის გარეშე არასდროს არაფერი გამომივიდოდა. ვინც მიყვარს, იმ ადამიანის მიმართ საოცრად მზრუნველი ვარ. თავს გადავდებ იმისთვის, რომ მას ვასიამოვნო, ბედნიერება მივანიჭო, მის გაბრწყინებულ თვალებს ვხედავდე. მაქსიმალურად მხარში ვუდგები.

- საყვარელი ადამიანისთვის სიგიჟეები, უცნაურობები...

- ...იმდენი და ისეთი ჩამიდენია, საჯაროდ რომ ვერაფრით ვილაპარაკებ და ყოველთვის გამმართლებია. ახლა აქ, სადმე ხე რომ იყოს, სამჯერ დავაკაკუნებდი.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დაგვიანებების გამო, მაგრამ ეს ჩემი არაპუნქტუალურობის კი არა, ძალიან გადატვირთული გრაფიკის გამო ხდება. ვინმემ ერთი დღე, ჩემთან ერთად რომ იაროს, ალბათ დღის ბოლოს წაიქცევა.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ასეთი რამ არ არსებობს; რაც მოვინდომე, ყველაფერი ვისწავლე.

- თავისუფლება არის...

- ...საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა. თავისუფლება საკუთარი სურვილების კონტროლია, ზოგჯერ რაც გინდა, იმაზე უარი უნდა თქვა და მოიქცე პირიქითაც. ემოციების მართვა უნდა შეგეძლოს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...საკუთარი თავის განვითარებაში კიდევ უფრო მეტ თანხას ჩავდებდი. 21-ე საუკუნეში კარგი განათლებაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა თავი შემდგარ პიროვნებად იგრძნოს. აუცილებლად განვავითარებდი სამეჯლისო სპორტულ ცეკვებს. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი საზღვარგარეთ გასვლა, კონკურსზე წარდგენა რა თანხებთან არის დაკავშირებული. აუცილებლად დავეხმარებოდი ბავშვებს და მოხუცებს, ვისაც ამის საჭიროება ექნებოდა. ქველმოქმედებაში ძალიან დიდ თანხას დავხარჯავდი და ამ ყველაფრის შემდეგ, პირად კომფორტზეც ვიზრუნებდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არასოდეს თქვა არასოდესო, მაგრამ მოღალატე ვერასდროს გავხდები, ეს ჩემი ცხოვრების დაუწერელი კანონია.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი რამ. არა მხოლოდ - ჩემს, სხვის შეცდომებზეც ბევრი მაქვს ნასწავლი.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...რა თქმა უნდა, მსიამოვნებს, თუმცა მორიდების გრძნობაც მაქვს.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ამაზე არასდროს მიფიქრია. თუ რაიმეს ცვლილების აუცილებლობა და საჭიროება დადგება, შევიცვლი, ჯერ ყველაფერი მაკმაყოფილებს.

- ვიბნევი...

- ...ძალიან იშვიათად.

- მეზარება...

- ...დილით ადრე ადგომა მეზარებოდა და ეს "პრობლემა" მოვაგვარე. იყო პერიოდი, როცა მას ჩემს ტანჯვა-წამებად აღვიქვამდი. მერე მივხვდი, დღე-ღამეში 24 საათი არაფერია. ვისწავლე, დილით ადრე ადგომაა საჭირო, რომ გეგმა, რომელიც მაქვს, არ დავარღვიო და ყველაფერი მოვასწრო.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს. ჩემთვის ნებისმიერი ადამიანი და მასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბავშვობაში დედამ მითხრა, შენს ლექსიკონში სიტყვა "ვერ" არ უნდა არსებობდესო. როცა სხვებისგან მესმის: "ამას ვერ შევძლებ", "ამას ვერ გავაკეთებ", ძალიან არ მსიამოვნებს. სიტყვა "ვერ" მთრგუნავს. მთავარია მოინდომო, ყველაფერი გამოგივა - საკითხისადმი ასეთი მიდგომა, ჩემი ცხოვრების წესად იქცა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...უღრმესი მადლობა, რომ ეს ინტერვიუ წაიკითხეთ; მადლობა გულშემატკივრობისა და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენგან ყოველდღიურად ვგრძნობ. მეც ძალიან მიყვარხართ!

თამუნა კვინიკაძე