"უკვე მეუღლის გვარს ვატარებ, მაგრამ კარიერული წინსვლისთვის ამას ზიანი არ მოუყენებია" - გზაპრესი

"უკვე მეუღლის გვარს ვატარებ, მაგრამ კარიერული წინსვლისთვის ამას ზიანი არ მოუყენებია"

ლოლიტა მაჭავარიანი "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი სეზონის ერთ-ერთი მოცეკვავე გახლავთ. მისი მეწყვილე მომღერალი თემურ თათარაშვილია. ლოლიტა ტელეეკრანზე რამდენიმე წლის წინ, პროექტში - "შენ შეგიძლია ცეკვა" გამოჩნდა, თუმცა მაშინ გვარად ცინცაძე გახლდათ...

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოხვედრის წინა პირობა ნამდვილად პროექტი - "შენ შეგიძლია ცეკვა" იყო, რომელშიც ვმონაწილეობდი. სწორედ ამ პროექტის გამო, "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროდიუსერებს ჩემ შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდათ: იცოდნენ, როგორი მოცეკვავე ვიყავი, საიდან მოვდიოდი... ვიდრე გაირკვეოდა, ვინ ვისთან ერთად იცეკვებდა, ნოე სულაბერიძემ დამირეკა - "ცეკვავენ ვარსკვლავებთან" დაკავშირებით ჩემთან გასაუბრება სურდა. გასაუბრების კონკრეტულ დროზე უცებ შევთანხმდით. ადგილზე მისულს მითხრეს, რომ თუ პროექტში მონაწილეობის სურვილი მექნებოდა, ისინი მზად იყვნენ, ჩემთან ეთანამშრომლათ. სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრი არ მიფიქრია, რადგან ეს პროექტი მოცეკვავისთვის მართლაც სასურველია. შესაბამისად, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოხვედრა ყოველთვის მინდოდა. წელს ასე მოულოდნელად გადაწყდა, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობ და თან, არაჩვეულებრივ ადამიანთან - თემურ თათარაშვილთან ერთად. ასე თუ ისე, მის შესახებ ინფორმაცია მქონდა: ვიცი, რომ ლეგენდარული მომღერალია. კონკურსში მასთან ერთად მონაწილეობა მიხარია.

- როგორი მოსწავლეა?

- თემურის პიროვნული თვისებების გამო, მასთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. ისეთი დადებითი პიროვნებაა, რომ მასთან ურთიერთობა, რეპეტიცია, მოძრაობების ახსნა სასიამოვნოა. ძალიან მონდომებული და შრომისმოყვარეა. თავიდან ბოლომდე გააზრებული აქვს, სად და რისთვის მოვიდა. რა თქმა უნდა, როცა ადამიანი მოცეკვავე არ არის, მარტივად დაიღლება, მაგრამ თუ თემური უკიდურეს დაღლილობამდე არ მივიდა, მანამდე არ მეტყვის, - ლოლიტა, ცოტა ხანს დავისვენოთო. საქმეს ბოლომდე ვაკეთებთ. როცა თავადაც ვხვდები, რომ კაცი უკვე ძალიან ცუდად არის, ვეუბნები, - მოდი, რამდენიმე წუთით შევისვენოთ და მუშაობა მერე გავაგრძელოთ, საკვები მიირთვი ან ძალა მოიკრიბე-მეთქი. მოკლედ, ერთმანეთს კარგად გავუგეთ.

- კინოტურს როგორ გაართვით თავი?

- როდესაც გავიგეთ, რომ რომ კინოტურში "ლამაზმანი და ურჩხული" შეგვხვდა, ეს არჩევანი, რომელიც ქორეოგრაფებმა შემოგვთავაზეს, ორივეს მოგვეწონა. ვფიქრობ, ელეგანტური და ლამაზი მოძრაობებით გაჯერებული ჩვენი ნომრით, მაყურებელმა სიამოვნება მიიღო.

- ცოტა რამ ჟიურის წევრების შესახებ გვითხარი: მაგალითად, როცა შეიტყვე, რომ ჟიურის წევრებს შორის ხოაკინ კორტესი იქნებოდა, როგორი რეაქცია გქონდა?

- როდესაც გავიგე, რომ ცეკვის მეფედ აღიარებული ხოაკინ კორტესი ჟიურის ერთ-ერთი წევრი იქნებოდა, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა. მის წინაშე ნომრის წარდგენისას არ ვღელავდი, პირიქით - მინდოდა, საკუთარი თავი მაქსიმალურად წარმომეჩინა, რომ მისგან რეალური შეფასება მიმეღო. როგორც მაყურებელმა ნახა, პირველივე ეთერიდან მისი ყურადღება დავიმსახურე, რაც ძალიან მახარებს - ე.ი. პროექტში ერთ-ერთი შესამჩნევი მოცეკვავე ვარ. ჟიურის დანარჩენ წევრებს რაც შეეხებათ, მათ ისეთი დადებითი განწყობილება, საუბარი, გამომეტყველება აქვთ, რომ სურვილი მიჩნდება, საკუთარი თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინო და მათგან მეტი დადებითი შეფასება მივიღო. ძალიან კარგი ჟიურია.

- პროექტის მონაწილეებს შორის მეტოქეობა იგრძნობა?

- ჩვენ შორის ისეთი გულთბილი დამოკიდებულებაა და ერთმანეთს ისე ვეხმარებით, რომ მეტოქეობა არც იგრძნობა. სარეპეტიციო დარბაზში დადებითი აურაა. შეიძლება, ეტაპია ასეთი - პროექტი ჯერ ქარცეცხლში არ შესულა, ანუ იმას ვგულისხმობ, რომ ბევრ კონკურსანტს "ცეკვავენ ვარსკვლავები" ჯერ არ დაუტოვებია.

GzaPress

- პროექტში - "შენ შეგიძლია ცეკვა" მონაწილეობისას, ბათუმში ცხოვრობდი. გვიამბე, მას შემდეგ შენი პირადი ცხოვრება და კარიერა როგორ განვითარდა? - ქუჩაში დღემდე მაჩერებენ - შენ ის გოგო არ ხარ, "შენ შეგიძლია ცეკვაში" რომ მონაწილეობდი და რომელსაც ხელი სთხოვესო? ეს ხალხს ისე ახსოვს, რომ გაოგნებული ვარ და, რა თქმა უნდა, ბედნიერებას მანიჭებს. ახლაც, როცა უკვე "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოვჩნდი, საჯარო ადგილებში ხშირად მაჩერებენ - შენ ის გოგო არ ხარ? თავიდანვე გგულშემატკივრობდითო (იღიმის). ჩემს პირად ცხოვრებას რაც შეეხება, უკვე შევუღლდი იმ ყმაწვილთან, ვინც მაშინ ხელი მთხოვა. თითქმის 2 წელია, ქორწინებაში ვიმყოფებით. ეს ისეთი ბედნიერი პერიოდია, რომ ყოველი დღე სიყვარულითაა გაჯერებული და ბედნიერებას მანიჭებს... კარიერულ წინსვლას რაც შეეხება, ქორწინების შემდეგ, საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, ცეკვის სტუდია გავხსენი, რომელიც ამ დრომდე ძალიან კარგად მუშაობს. ნელ-ნელა "წინ წავალთ", რადგან ბავშვებიც იზრდებიან და უფრო მეტად ვითარდებიან.

- შენს ბათუმელ აღსაზრდელებს რა ბედი ეწიათ?

- სამწუხაროდ, ბათუმიდან წამოსვლის შემდეგ, ბათუმის სტუდიის მიტოვება მომიხდა. ჩემი აღსაზრდელები ჩემს მასწავლებელს (რომელიც ბათუმში მყავდა) გადავაბარე.

- საზოგადოებამ ლოლიტა ცინცაძედ გაგიცნო. მეუღლის გვარზე გადასვლისას არ გიფიქრია, რომ ეს შეიძლებოდა, შენი პოპულარობისთვის წამგებიანი ყოფილიყო?

- ქორწინების შემდეგ, უკვე მეუღლის გვარს ვატარებ, თუმცა ამას ჩემი კარიერული წინსვლისთვის არანაირი ზიანი არ მოუყენებია. გარკვეულ პერიოდში ველოდებოდი, რომ ხალხი ვერ მიხვდებოდა, ლოლიტა მაჭავარიანი ვინ იყო, თუმცა არანაირი გაუგებრობა არ ყოფილა.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეებს საკმაოდ დატვირთული რეჟიმი გაქვთ. პლუს, სტუდიასაც უძღვები. ამ ყველაფერს ოჯახზე მზრუნველობას როგორ უთავსებ?

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" სამუშაო რეჟიმი მართლაც დატვირთულია - თითქმის დღის ნახევარს სარეპეტიციო დარბაზში ვატარებთ. ჩემს სტუდიებს რაც შეეხება, თბილისის მასშტაბით, 5 ფილიალი მაქვს. ცხადია, შეუძლებელია, ხუთივეს ერთდროულად გავუძღვე. დამხმარეები მყავს, რომლებიც ამ პერიოდში მეხმარებიან. იმ ფილიალს არ ვტოვებ, რომელშიც ბავშვები კონკურსებისთვის ემზადებიან. ვცდილობ, მათთან ვიყო, რადგან წინ კონკურსები გველოდება. ოჯახზე მზრუნველობას რაც შეეხება, ოჯახის წევრები, ჩემი მეუღლის მშობლები ძალიან მეხმარებიან - თავს არ ზოგავენ და ნერვიულობის საშუალებას არ მაძლევენ.

- დაბოლოს, შენი და თემურ თათარაშვილის შანსებს პროექტში როგორ შეაფასებ?

- ვფიქრობ, ჩემი და თემურის წყვილი შედგა, რადგან ასე თუ ისე, ლამაზი, სანახაობრივი ნომრები გამოდის. შესაბამისად, ტურიდან ტურამდე შეფასებებიც მაღლა იწევს, რაც ძალიან მახარებს, ანუ ნომერში "ჩადებული" შრომა, ენერგია ჩანს და აფასებენ. ჩვენს შანსებს რაც შეეხება, რეალისტი ვიქნები და ვიტყვი: ალბათ, კიდევ რამდენიმე ტურიც და, პროექტს გამოვეთიშებით, რადგან ვარსკვლავების სახით, ძალიან ძლიერი კონკურსანტები არიან - ამას თავად თემურიც აღიარებს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ძალა არ დავიშუროთ, რათა ჩვენ მიერ შესრულებული ნომრების ხილვით მაყურებელმა რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღოს.

ეთო ყორღანაშვილი