რატომ თქვა გოგა გველესიანმა უარი პოლიტიკოსადქცეული მეცენატის დახმარებაზე - გზაპრესი

რატომ თქვა გოგა გველესიანმა უარი პოლიტიკოსადქცეული მეცენატის დახმარებაზე

მსახიობ გოგა გველესიანს იმ საკითხებზე ვესაუბრეთ, რაც დღესდღეობით, ყველაზე მეტად აწუხებს... მოგეხსენებათ, გოგა რუსთაველის თეატრის მსახიობი აღარ არის. მსახიობმა თეატრიდან მისი გათავისუფლების მიზეზზეც ისაუბრა...

- ყველაზე მეტად გაუსაძლისი გაძვირებული ცხოვრება და ქვეყნის ერთიანობის პრობლემაა: მცოცავი ოკუპაცია მოიწევს და მოიწევს... ქვეყანაში აშკარად რეგრესია. ქუჩაში ხალხი სასოწარკვეთილი სახით დადის. ყველა გაღიზიანებული, ჩაფიქრებულია. კაცი რომ 3-4 კარტოფილს იყიდის, ეს უკვე უმძიმეს სიტუაციაზე მიანიშნებს. ადამიანის უფლებებზე, ფასეულობებსა და ღირებულებებზე არაფერს ვამბობ - ამაზე საუბარი რომ დავიწყო, მაშინ ნორმალურ ქვეყანაში გვიცხოვრია. სავალალო სიტუაციაში ვიმყოფებით, ასე მგონია.

- ბოლო გახმაურებული მოვლენა რა იყო, რამაც შეგაშფოთათ და თქვენი გაღიზიანება გამოიწვია?

- დარწმუნებული ვარ, შემთხვევითობა იყო, მაგრამ მაინც, ადამიანებს თვალები დასთხარეს და დაზარალებულად არ ჩათვალეს. თან, რის გამო? ადამიანები პარლამენტის სპიკერის სავარძელში გავრილოვის გამოჩენას აპროტესტებდნენ. ამაზე მეტი ცინიზმი რა უნდა იყოს?!. თუნდაც, ახლახან აქცია რომ დაარბიეს: წინა ხელისუფლების დროს, ტერიტორია 4 თვის განმავლობაში გადაკეტილი იყო. მახსოვს, როცა იძახებდნენ, "სასწრაფო" ავადმყოფთან ვერ მიდიოდა, ისეთი პარალიზებული იყო იქაურობა. იმას კი არ ვამბობ, რომ ასეთი სიტუაცია კარგია, მაგრამ როდესაც ხალხი უკვე ამ ზომამდე მიგყავს, ე.ი. რაღაც შენი ბრალია და დათმობაზე უნდა წახვიდე, ხალხს მოუსმინო... საერთოდ, ჟინიანი ადამიანები ვართ. თუკი რაღაცას ვიტყვით, გვპასუხობენ: - მაშინ რომ ასე იყოო?!. ვიძახოთ: "მაშინ რომ ასე იყო", "ახლა რომ ასე არის" და ჯიბრით, "ოცნებას" ხმა მივცეთ, რადგან "ნაციონალები" არ გვინდა. ან ქვეყანას მთლიანად "ნაციონალური პარტია" თუ "ოცნება" რატომ უნდა მართავდეს? ან რატომ არ უნდა მოვიდეს "ნაციონალი", თუკი გაიზარდა, განვითარდა? ან - "ოცნების" დეპუტატი, თუკი ის ქვეყნისადმი სხვაგვარად მიდგომას, აზროვნებას დაიწყებს? საერთოდ, ყველა პოლიტიკოსმა უნდა მოგვისმინოს, ყველანაირად კომფორტი შეგვიქმნას და არა - დისკომფორტი. ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, დისკომფორტში რომ ვიყოთ.

GzaPress

- გარკვეული პოლიტიკური სახეების აქციაზე გამოჩენა ხალხის ნაწილს ისე აღიზიანებს, რომ პრობლემის გაპროტესტების საშუალებას არ აძლევს. - იცით, ამაზე რას გეტყვით? ის რატომ არ აღიზიანებთ, რომ "ოცნებას" "მოქალაქეთა კავშირის" ხალხი პარლამენტში უზის? "მოქალაქეთა კავშირის" დროს მოდულის შენობიდან ხალხი არ ცვიოდა, მაშინ ადამიანებს არ ხოცავდნენ?! იმას კი არ ვამბობ, რომ "ნაციონალების" მმართველობისას ცუდი არ ხდებოდა. მოდი, ვთქვათ: ხელისუფლებაში "ნაციონალების" მოსვლის დასაწყისი აღმშენებლობის პერიოდი იყო - რაღაცები მართლა კეთდებოდა. მერე უკვე სიტუაცია აირია, თუ "თავში აუვარდათ". ამის გამო, მთლიანად ქართველი ხალხისგან საკადრისი პასუხი მიიღეს კიდეც. მეგონა, ეს ხელისუფლება იმ კარგს მაინც დატოვებდა, რაც "ნაციონალების" მმართველობის დროს იყო და ბევრად უფრო განვვითარდებოდით, რადგან ბატონი ივანიშვილი გვეუბნებოდა, - გაზი, ელექტროენერგია, ბენზინი ბევრად უფრო იაფი უნდა იყოსო. ბევრად იაფი კი არა, ის ფასებიც კი (ყველაფრის) სანატრელი გაგვიხადა, რაც "ნაციონალების" დროს იყო - გაგვამათხოვრა. ხელფასები შეგვიმცირეს. ნებისმიერ დასაქმებულ ადამიანს ის საფიქრალი არ უნდა ჰქონდეს, კომუნალური გადასახადები როგორ გადაიხადოს და რა ჭამოს. ჩაცმას აღარც განვიხილავ, დიდი ხანია. სოციალურად დაუცველსა და პენსიონერზე აღარაფერს ვამბობ...

- ამჟამად, თქვენი შემოსავლის წყარო რა არის?

- ჩემი ხელფასი, კულტურის სამინისტროს დახმარება. რადგან ბანკის ვალი - 21 ათასი ლარი ვალი მაქვს, ხელფასიდან 380 ლარი მექვითება და 150 ლარის ამარა ვრჩები. ამიტომ, კულტურის სამინისტრო 250 ლარით მეხმარება. გამოდის, რომ 350 ლარით ვცხოვრობ.

- ამას როგორ ახერხებთ? ვიცი, რომ ოთხფეხა მეგობრებიც გყავთ...

- დიახ, მათ საჭმელს თვეში 200 ლარამდე სჭირდება. როგორ ვახერხებ და, მეგობრების დახმარებით. უკვე მრცხვენია. ვერ წარმოიდგენთ, როგორ სიტუაციაში ვარ. ყოველთვიურ დახმარებას ხან ვინ მაძლევს, ხან - ვინ. ჩემს გაბის, ბარლის და გრეტას შვილები რომ ეყოლებათ, თავი ამით უნდა ვირჩინო, გაყიდული ლეკვებით თავის რჩენა კი როგორ წარმოგიდგენიათ? მაგრამ დროდადრო ამით რაღაც შეღავათი მექნება. აბა, რა გავაკეთო? ხელფასი რომ "ჯდება", ჩემს ვალს (რომელიც 10-წლიანია) პროცენტი "ეჭრება". პირველი, რასაც ვაკეთებ, ძაღლებისთვის საკვების ყიდვაა, რომ მშივრები არ მყავდეს. რა თანხაც მრჩება, იმით ვჭამ, კომუნალურ გადასახადებს ვიხდი, ტელეფონი ჩართული უნდა მქონდეს და ტელევიზორი როგორ არ მქონდეს?!. ტანსაცმელი და ყოველთვიური დახმარება მეგობრებისგან მაქვს. მათ შორის ბიზნესმენი არც ერთი არ არის: ყველა მსახიობი, რეჟისორი ან მხატვარია. ასეთი ხალხი მეხმარება და მარჩენს.

- 2018 წლის მიწურულს გესაუბრეთ, - რუსთაველის თეატრში შემცირება ახსენეთ. როგორ განვითარდა მოვლენები?

- ზაფხულში, შვებულებაში მყოფს უწყება მომივიდა, რომ რობერტ სტურუამ თეატრიდან გამიშვა. რეჟისორს ვერც ერთი მსახიობი ვერ შეედავება, რატომ მიშვებო? - აღარ მჭირდები და გიშვებო, - პასუხად მიიღებს, მაგრამ ჯერ ერთი, შეტყობინების ფორმა არსებობს: ადამიანი უნდა დაიბარო, შეამზადო, რომ უთხრა, - სამწუხაროდ, აღარ მჭირდები, რამე მოიფიქრე, მოიძიეო... კონტრაქტი მიმთავრდებოდა. დეკემბრამდე 5 თვე იყო დარჩენილი, რაღაც რომ მეშოვა. სოფელში წავედი და იქ შემატყობინეს, რომ თეატრიდან გამიშვეს. მიზეზი არც მიკითხავს. თეატრში საერთოდ დაუკავებელი მსახიობები ჰყავს და მე გამიშვა, მაგრამ ვიცი, რატომაც: ივანიშვილის დახმარებაზე უარი ვთქვი. ასე ვთქვათ, "ნაცად" მოვიაზრები. თეატრში პოლიტიკურ თემაზე არასოდეს მიკამათია, ამას ვერავინ იტყვის. როცა იგინებოდნენ, ჩუმად ვიყავი და ეს სიჩუმე არ მაპატიეს.

ივანიშვილის დახმარებაზე უარი მას შემდეგ ვთქვი, რაც ყოფილი მეცენატი პოლიტიკაში მოვიდა: მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსისგან (ვინც არ უნდა იყოს) ფული არ უნდა ავიღო. მეცენატის მადლიერი ვარ და ვიქნები. როცა ვნახე, რომ ეს კაცი მეცენატი აღარ არის - პოლიტიკოსია, თავს უფლება არ მივეცი, მისგან დახმარება მიმეღო. აბსოლუტურად არავის შეურაცხვყოფ, ამით საკუთარ თავს არავისზე წინ არ ვაყენებ, მაგრამ ის ფული არ შემერგებოდა, ვერ მოვიხმარდი... მოვიფიქრე და თეატრის მაშინდელ დირექტორს - ზაალ ჩიქობავას ვუთხარი, რომ ჩემთვის განკუთვნილი დახმარება თეატრის შტატგარეშე თანამშრომლებისთვის გადაენაწილებინა. მიპასუხა, - არა, არ გამოვა. თავად უნდა აიღო და მერე ვის აჩუქებ, შენი საქმეაო. ასე არ მინდოდა... ახლა ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირს (მაშინაც მიჭირდა), რაღაცნაირად ვარ, რა... ისევ ის გოგა ვარ, ვინც ვიყავი. ცხოვრება გამოცდებს ყველას გვიწყობს. თუ ეს გამოცდები სანიმუშოდ ვერ ჩავაბარე, ყოველ შემთხვევაში, რაღაცებში არ ჩავჭრილვარ მაინც.

GzaPress

- ამჟამად, სად მუშაობთ? - დავით დოიაშვილმა სპექტაკლში - "ფსკერზე" (მაქსიმ გორკი) მიმიწვია. ფაქტობრივად, ის მინახავს და მაცოცხლებს - ფინანსურადაც და შემოქმედებითაც. ერთ სპექტაკლში ვთამაშობ. შესაბამისად, ხელფასი დაბალი მაქვს, მაგრამ საყვარელ საქმეს ვაკეთებ... როგორც საკუთარ თავზე, ახლობელზე საუბარიც მიჭირს: მადლობა ღმერთს, რომ ისეთი ნიჭიერი რეჟისორი და პიროვნება გვყავს, როგორიც დათო დოიაშვილია, რომელიც ჩემი მეგობარი გახლავთ... მიმაჩნია, რომ რაც უფრო დიდი ხელოვანი ხარ, საზოგადოებაზე მით უფრო დადებითი ზეგავლენა უნდა მოახდინო. ასეთი პიროვნება გენიალური გია ყანჩელი გვყავდა. დღესდღეობით, საპირისპირო ხელოვანები გვყავს (ვინაობის დასახელებით არ დავწვრილმანდები), რომლებიც საზოგადოებაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ.

- მუსიკისა და დრამის თეატრის ოფიციალური თანამშრომელი ხართ?

- ვარ, მაგრამ ჩემი ხელფასი სპექტაკლში დაკავებაზეა დამოკიდებული. დავით დოიაშვილი ჩემი ძმაკაცი რომ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ სპექტაკლში და იმ როლით დამაკავოს, რომელშიც "ვერ მხედავს". მადლობის მეტი მისთვის არაფერი მეთქმის. სხვათა შორის, სხვა თეატრებთან შედარებით, მუსიკისა და დრამის თეატრში ყველაზე დაბალი ხელფასებია. ისეთი ფუფუნება არ გვაქვს, როგორიც რუსთაველის, მარჯანიშვილის და სხვა თეატრებს აქვს.

- პრობლემებზე ვისაუბრეთ, გამოსავალს რაში ხედავთ?

- სამწუხაროდ, იმ კატეგორიის ქვეყანაში ვართ, რომელიც გვინდა თუ არა, პოლიტიკაზეა დამოკიდებული. უბრალოდ, პოლიტიკოსები უნდა მიხვდნენ, რომ ჩვენ უკვე ცოტათი სხვა, უფრო მეტი მოთხოვნები გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, უკაცრავად, მაგრამ სლენგს გამოვიყენებ, "დაჩმორებულები" ვართ. ახლა აპათიაში ვიმყოფებით. იმაზე ვფიქრობთ, ტელევიზორი რამდენ ხანს ვამუშაოთ, გათბობა ეკონომიურად გამოვიყენოთ... საშინელ სიტუაციაში ვართ... არიან ადამიანები, ვისთვისაც ეს ყველაფერი ზღაპარია. ამას ვხედავ და არც შურით ვარ განწყობილი მათ მიმართ, ვინც სხვა ცხოვრებით ცხოვრობს... მაგრამ ის ადამიანები, ვინც ვმუშაობთ, ჩვენი ქვეყნისთვის რაღაცას ვქმნით, ამ ხელისუფლებას ასე მათხოვრებად არ უნდა ვექციეთ. ვინც მათ ტაშს უკრავს, ისინი მათხოვრებად ქცეულები არ არიან... ვინც ხელისუფლებაში მოვა, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის სივრცეში ჩვენს დაბრუნებას არავინ შეეგუება. ეს 30 წელი (სიცივე, შიმშილობა, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დროებით დაკარგვა...) ტყუილად არ "გადაგვიყრია". არ უნდა გვეგონოს, რომ რუსეთი რამეს დაგვიბრუნებს. ჩვენი ერთადერთი ხსნა ნატო და ევროკავშირია.

ეთო ყორღანაშვილი