თათა ხორგუაშვილის ახდენილი ამერიკული ოცნება - გზაპრესი

თათა ხორგუაშვილის ახდენილი ამერიკული ოცნება

ბავშვთა და მოზარდთა მუსიკალური ფესტივალი "ნიუ-იორკის მარგალიტი" წელს განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა ქართველებისთვის. 2019 წლის გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდნენ: მარიამ აბულაძე, თამარ ლილუაშვილი და თათა ხორგუაშვილი, რომელიც უკვე 2 წელია, რაც მშობლებთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს და სწავლობს. ამ წარმატებაზე სასაუბროდ სწორედ თათას დავუკავშირდით და ამერიკული შთაბეჭდილებების შესახებაც ვკითხეთ.

- 3 წლიდან ვმღერი. მუსიკალური შვიდწლედი კასპში დავამთავრე, ხშირად ვმონაწილეობდი სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსსა თუ ფესტივალზე. 10 წლის რომ ვიყავი, საბავშვო ევროვიზიის შესარჩევ კონკურსზე გარკვეული ეტაპები გავიარე, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო ტური ვეღარ გადავლახე. მამას ახალგაზრდობაში თავისი ბენდი ჰყავდა, რამდენიმე საკრავს ძალიან კარგად ფლობს - ფორტეპიანოს, გიტარას, დრამს და ეტყობა, მისგან დამყვა მუსიკისა და სიმღერის სიყვარული. პროფესიით ჟურნალისტია, შემდეგ ჩემი პროდიუსერობა ითავა და ლას-ვეგასში ერთად ჩამოვედით.

- რა გახდა ლას-ვეგასში წასვლის მიზეზი?

- საქართველო უნდა წარმედგინა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალზე - "ზემსკოვების აკადემია". ნებისმიერი ჟანრის კომპოზიცია შეგეძლო შეგესრულებინა, მე ბიონსეს ღუნნინგ ვიმღერე. 24 ქვეყანა მონაწილეობდა და გრან-პრი ავიღე. რუსეთში ერთ-ერთ მუსიკალურ ფესტივალზე მიმიწვიეს, მაგრამ წასვლა ვერ მოვახერხე. რაკი დედაც აქ იყო, ამერიკაში დავრჩი და მე-11 კლასში გავაგრძელე სწავლა. სკოლის გუნდში ვმღეროდი, ვიყავი სოლისტი.

- ახლა წლევანდელ წარმატებაზეც გვიამბე.

- "ნიუ-იორკის მარგალიტზე" შარშანაც გავიმარჯვე და წელსაც, თან როგორც წინა წლის გამარჯვებული, მიწვეულ სტუმართა შორისაც ვიყავი. ფესტივალი ოქტომბრის ბოლოს ჩატარდა. გასვლას არ ვაპირებდი, რადგან მოუმზადებელი ვიყავი, პედაგოგიც კი არ მყავდა, მაგრამ დედას უარი ვეღარ ვუთხარი, მთხოვა, - გადიო. თან ვიფიქრე, ვცდი და თუ არაფერი გამოვიდა, ამით ხომ არც არაფერი დამაკლდება-მეთქი. ნინო ქათამაძის "ქუჩაში ერთხელ" ვიმღერე და პირველი ადგილიც ავიღე. ოღონდ, რადგან საცხოვრებელ ადგილად ამერიკა მეწერა, ამერიკის სახელით მივიღე მონაწილეობა. ცოტა არ იყოს, გული კი დამწყდა, მაგრამ არა უშავს, მაინც ყველამ გაიგო, საქართველოდან რომ ვარ. საერთოდ, ზედმეტად ემოციური არ ვარ, მიჭირს გრძნობების გამოხატვა, მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო ეს გამარჯვება, რომ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. ბოლოს სამმა გამარჯვებულმა ვიმღერეთ: მე, იტალიელმა გოგომ და თამუნა ლილუაშვილმა.

GzaPress

- თათა, ამჟამად რას საქმიანობ, რა გეგმები გაქვს? - რადგან ვერ ჩამოვყალიბდი, რომელი ფაკულტეტი ამერჩია, წელს ვესწრები მარკეტინგის, ბიზნესისა და ფსიქოლოგიის ლექციებს და მერე გადავწყვეტ, რომელი უფროა ჩემი. ვატყობ, ფსიქოლოგიამ გამიტაცა.

- მანდ დარჩენას აპირებ?

- არა მგონია, საცხოვრებლად სამუდამოდ აქ დავრჩე, თუმცა მივეჩვიე აქაურობას... საქართველოში არიან ჩემი ახლობლები და ეს მაწუხებს, მენატრებიან. ამ გამარჯვების შემდეგ ახალი შემოთავაზებები მაქვს - მომავალ წელს იტალიასა და მაკედონიაში მუსიკალურ ფესტივალზე კვლავ ამერიკა უნდა წარვადგინო. ახლა ვმეცადინეობ ვაგო ოჰანიანთან - ის გახლავთ ბარიტონი, ნიუ-იორკის ოპერის სოლისტი, ნიუ-იორკისა და სომხეთის მუსიკალური გუნდის დირიჟორი.

- ამერიკულ შთაბეჭდილებებზეც მითხარი რამე, რა მოგეწონა, რა არ მოგეწონა.

- ყველაზე მეტად რამაც აქ გამაოცა, ქუჩებში ადამიანების გაღიმებული სახეების დანახვა იყო. თავიდან, რა თქმა უნდა, იყო პრობლემები, ინგლისური ენა ისე არ ვიცოდი, რომ სკოლაში ყველა საგანი წარმატებით დამეძლია, მაგრამ ესეც შევძელი. გამაკვირვა მასწავლებლებისა და მოსწავლეების დამოკიდებულებამ. აქაური სწავლების სისტემა ძალიან განსხვავდება ქართული მოდელისგან. შეიძლება ითქვას, თავისუფლებაა - გინდა ისწავლი, გინდა არა, დავალებებს არავინ გიმოწმებს, აქტიურობაში გიწერენ ქულებს და არა დავალებებში. თუ თავს კარგად ვერ გრძნობ და კლასიდან გასვლა გინდა, შეგიძლია ადგე და გახვიდე ნახევარი საათით. თუ ვთქვათ, დედა გირეკავს, შეგიძლია უპასუხო, არც ამის გამო მოგცემენ შენიშვნას. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ყველა სწავლობს. სიმკაცრეა დასწრების მხრივ. მარტო 5 გაცდენის უფლება გაქვს და თუ მეტს გააცდენ, ქულების 20% გაკლდება. გაკვეთილები ისე ხალისიანად ტარდება, შეუძლებელია, არ დაგაინტერესოს. სხვათა შორის, ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა ამერიკაში ცხოვრება. მეგონა, აქ ყველა სურვილი ამიხდებოდა. ჰოდა, ეს ოცნება რეალობად მექცა. მთავარია, ადამიანმა მოინდომოს და ხელშეწყობა ჰქონდეს, აუცილებლად მიაღწევს იმას, რაც უნდა და რაზეც ოცნებობს.

- წარმატებებს გისურვებ!

ნინო ჯავახიშვილი