"გარკვეულწილად იურისტობაც შევითავსე" - გზაპრესი

"გარკვეულწილად იურისტობაც შევითავსე"

მარიამ ქურდიანი ადრე ვერც წარმოიდგენდა, ოდესმე თავისი საყვარელი კულინარიული გადაცემის, "მასტერშეფის" მონაწილე თუ გახდებოდა. მანამდე რამდენიმე პროფესიას დაეუფლა, ამჟამად პირველი არხის ჟურნალისტია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

- ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაში ვსწავლობდი თეატრმცოდნეობაზე, დოქტურანტურა კი - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობით დავამთავრე. ხელოვნებათმცოდნეობა ძალიან მომწონდა, მინდოდა კიდეც ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და ამიტომაც ჩავაბარე თეატრმცოდნეობაზე, მაგრამ საქართველოში, ასე ვთქვათ, ნაკლებად საჭირო პროფესიაა. ერთი პერიოდი სტაჟიორად ვიმუშავე ტელევიზიაში, 19 წლის ვიყავი მაშინ. მომეწონა ჟურნალისტობა, განსაკუთრებით დამაინტერესა სამართალმა, კრიმინალმა და უკვე 7-8 წელია, ვმუშაობ.

- რა გასწავლა ამ წლებმა ან რა უნარები უნდა ჰქონდეს ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტს?

- პირველ რიგში, გამძლეობა უნდა გქონდეს. ხშირად გიწევს ყინვაში საათობით გარეთ დგომა, ადვოკატისა თუ პატიმრის მოლოდინში; კარგად უნდა შეისწავლო საქმე, რადგან ერთმა არასწორმა კითხვამ შესაძლოა მთლიანი სიუჟეტი ყირაზე დაგიყენოს. როდესაც იურისტთან მიდიხარ, აუცილებელია იცოდე მინიმუმ სისხლის სამართლის კოდექსი, არავინ რომ არ მოგატყუოს და ხელი რომ შეგეშალოს საქმიანობაში. კიდევ იმიტომაც, რომ მაყურებელს სანდო და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდო. გამოდის, გარკვეულწილად იურისტობაც შევითავსე (იცინის).

- სიუჟეტი, რომელიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდა, რომელია?

- ასეთი რამდენიმეა, მაგალითად, მაგდა პაპიძის საქმე, რომელზეც ვმუშაობდი, როგორც "მოამბის" ჟურნალისტი; სერგო თეთრაძის წამების საქმე, რომელშიც მაღალჩინოსნები იყვნენ ბრალდებულები და ბუტა რობაქიძის საქმე. ამ საქმეებმა ემოციურად ძალიან იმოქმედა ჩემზე.

- საფრთხე თუ შეგქმნია შენი საქმიანობის გამო?

- იყო მუქარის შემცველი ტექსტები, ეს არ გააკეთო, ამას გიზამ, იმას გიზამო. სიტყვიერად ზემოქმედებდნენ, თუმცა მე არასდროს შემშინებია, მას შემდეგაც კი, რაც შვილები მეყოლა. როდესაც საქმის მასალებს ეცნობი, შიში არ გახსოვს ან რაც უფრო მეტად გეშინია, მით მეტად გინდა, სიმართლე გაიგო და გამოიძიო, რა ხდება სინამდვილეში.

- ალბათ, არც ჟიურის წევრების გეშინია, არა?

- არ მეშინია, სხვათა შორის, არც ლევანის სიმკაცრის. ეს ეპიზოდი დროის სიმცირის გამო ამოჭრეს - წინსაფარს რომ მაძლევდნენ, თან მეკითხებოდნენ, ვინ ვიყავი და რას ვსაქმიანობდი. ჩემი საქმეებითაც დაინტერესდნენ და რამდენიმე ისეთი საქმე გავიხსენე, მგონი, პირიქით, ისინი შევაშინე. ამას ხუმრობით ვამბობ, შიში არა, მაგრამ რიდი კი სამივესი მაქვს - მინდა, მათ ჩემი ნახელავი მოვაწონო და გული მწყდება, თუ რამე ისეთი არ გამომივიდა, როგორიც მინდოდა და როგორიც მათ მოეწონებოდათ. ბევრად პოზიტიურები არიან, ვიდრე მეგონა. ერთი ეგ არის, ლუკას ძალიან მწარე ენა აქვს. ამას ჩემზეც ამბობენ, მაგრამ დამიჯერეთ, ასე არ არის (იცინის).

- შენი საქმიანობიდან და სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, როდისღა ახერხებდი სამზარეულოში ტრიალსა და მზადებას?

- "მასტერშეფს" ყოველთვის ვუყურებდი. ალბათ, არ არსებობს გადაცემა, რომელიც ნანახი არ მაქვს. საერთოდ, მიყვარს კულინარიული გადაცემები და ხშირად ვუყურებ. რას წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე "მასტერშეფის" მონაწილე თვითონაც გავხდებოდი. ბავშვობაშივე მიყვარდა სამზარეულოში ტრიალი. დედის მხრიდან ბებია და თვითონ დედაც გემრიელად ამზადებდნენ და ძალიან მსიამოვნებდა, მათ რომ ვეხმარებოდი. ყოველდღე ვერა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი, მეგობრებისთვის რამე მომემზადებინა. მერე დავოჯახდი და უფრო ხშირად მიწევდა სადილების კეთება. მიყვარდა ექსპერიმენტები, დავინტერესდი მოლეკულური სამზარეულოთი. ფეხმძიმობის პერიოდში ვერაფერს ვჭამდი, ჩემი გაკეთებული რამდენიმე კერძი მომწონდა მხოლოდ. "მასტერშეფის" პირველ სეზონს თვალყურს ვადევნებდი, მაგ პერიოდში მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ და ბუნებრივია, მონაწილეობას ვერ შევძლებდი. მშობიარობიდან 2 კვირაში, მეორე სეზონზე მიღება გამოაცხადეს. ანკეტა გავგზავნე, მაგრამ არ ველოდი, რომ დამიკავშირდებოდნენ. თუმცა დამირეკეს და მეც უკან აღარ დავიხიე.

- ათეულში მოხვედრას თუ ელოდი?

- სიმართლე გითხრა, შეფ ლევანმა "არა" რომ მითხრა, იმედი დავკარგე, მაგრამ სპაგეტის ტურმა გადამარჩინა. ქართულის მერე იტალიური სამზარეულო განსაკუთრებულად მიყვარს და შეიძლება ითქვას, ამ ტურში გამიმართლა. ალბათ, გემრიელი გამოვიდა, რაკი ათეულში მოვხვდი.

- მეუღლეს შენი ნახელავიდან უფრო მეტად რა უყვარს ან საერთოდ, როგორ მიიღო ეს ამბავი?

- ჩემს მეუღლეს ძალიან მოსწონს, რასაც ვამზადებ, განსაკუთრებით, იტალიური კერძები და ლობიოს გუფთა. ლობიოს გუფთა დიდი პოპულარობით სარგებლობს მეგობრებში, მაგრამ რეცეპტი საიდუმლოა, არ ვამხელთ. მე თვითონაც მსიამოვნებს, როდესაც ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს ვუმასპინძლდები. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის დრო ყოველთვის არ მაქვს. ვცდილობ, კვირაში ორჯერ მაინც მოვამზადო ოჯახური სადილი.

GzaPress

- ბარემ ოჯახის წევრებიც გაგვაცანი. - უფროსი გოგონა, ტაისია 6 წლისაა, ბიჭი დამიანე - 5 თვის. მეუღლეს, ლევან ბადურაშვილს ჩემსავით ბევრი პროფესია აქვს, ამჟამად კი ოჯახურ ბიზნესშია ჩართული. ჯერ ანკეტა შევავსე და ლევანს მერე ვუთხარი, როცა დამირეკეს. სულ ვამბობდი, რომ მინდოდა მონაწილეობა, მაგრამ მეორე სეზონზევე თუ ვცდიდი ბედს, არ ელოდა. გაუხარდა, მაგრამ ახლა, ცოტა არ იყოს, წუწუნებს, ნაკლები დრო რომ მრჩება ოჯახისთვის.

- ძალიან ხალასი და მხიარული ჩანხარ. ასეთი ხარ სინამდვილეშიც?

- მაყურებლები კი ამბობენ და აკომენტარებენ ჩემზე, რას იტყლარჭებაო, მაგრამ არავის ვბაძავ, უბრალოდ, ძალიან ემოციური ვარ, კომუნიკაბელური, მიყვარს იუმორი, არავის ზევიდან არ ვუყურებ. ალბათ ცუდი თვისებებიც მაქვს, მაგრამ შინ თუ ვავლენ. ვთქვათ, შეიძლება ვიყო წუწუნა, პრეტენზიული, მაგრამ მხოლოდ ოჯახში. "მასტერშეფი" შოუა, გვინდა, საინტერესო იყოს თქვენთვის და მგონი, გამოგვდის. იმედი მაქვს, მაყურებელი ხვდება, რომ სინამდვილეში სხვანაირები ვართ. როცა ქუჩაში გამოვდივარ, არავის ვლანძღავ, არც გოიმს ვეძახი ვინმეს, არც დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე. ვინც მიცნობს, იცის, როგორიც ვარ.

- კომენტარებს ალბათ კითხულობ.

- ვკითხულობ და ერთ კომენტარზე დღემდე მეცინება. ეს ფიზიოლოგიურად დაიბადა ასეთი თუ ელარჯის ქვაბში იპოვესო? - წერდა ვიღაც ჩემს გატყლარჭვასთან დაკავშირებით. კარგად გავერთე. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვეტყვი ჩემს გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ბევრი მწერს, მაგრამ ვერ ვახერხებ ყველას პასუხი გავცე.

- მარიამ, ამ კუთხით განვითარებას თუ გეგმავ სამომავლოდ?

- თუ ყველაფერი კარგად იქნება, ნამდვილად მინდა, ამ სფეროში უფრო განვვითარდე და მეტს მივაღწიო. სულ რამდენიმე მონაწილე ვართ თვითნასწავლები, დანარჩენებს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილებაც აქვთ და ზოგმა კურსებიც გაიარა. მიხარია, რომ მათ გვერდით დაგვაყენეს და კონკურენციას ვუწევთ პროფესიონალებს. გამოდის, რომ პრაქტიკაში ვისწავლე, რომელ ინგრედიენტს რა უხდება. ექსპერიმენტების ჩატარება პირდაპირ გადაცემის დროს მიწევს.

- რომელ ინგრედიენტს იყენებ ხშირად?

- ძალიან მიყვარს ნიორი და ბევრ კერძში ვიყენებ, უხდება კიდეც, მით უმეტეს, ქართულ საჭმელებს.

- დესერტი?

- საერთოდ, არ მიყვარს ტკბილეული, წელიწადში ერთხელ თუ შევჭამ შოკოლადს ან ნამცხვარს. გემრიელი, მწარე, კაცური კერძები და სალათები უფრო მიყვარს. შესაბამისად, დესერტს ვამზადებ, მაგრამ ეს პროცესი მაინცდამაინც არ მიყვარს.

- შენი ძლიერი მხარე სხვა სხვა კონკურსანტებთან შედარებით, რა არის?

- დეტალებზე დაკვირვება, კონცენტრაცია, მობილიზაცია - ვფიქრობ, ეს ჩემი ძლიერი მხარეებია.

- რომელ ქვეყანაში წახვიდოდი იქაური სამზარეულოს დასაგემოვნებლად?

- ძალიან მაინტერესებს ინდური სამზარეულო. სუნელებით ქართულსაც ადარებენ. არ ვიცი, იქ რამდენად შევძლებ წასვლას, მაგრამ სურვილი დიდი მაქვს.

ნინო ჯავახიშვილი