ანა ქურთუბაძის ბედნიერება - გზაპრესი

ანა ქურთუბაძის ბედნიერება

"ბაღში რომ დავდიოდი, რეიტუზიანი რეზიკო მიყვარდა. სულ მასზე ვლაპარაკობდი, ალბათ ამ ფორმით გამოვხატავდი. ნეტავ, ახლა სად არის? მისი გვარიც არ ვიცი. ვერაზე ბაღში ერთად დავდიოდით. თუ ვახსოვარ და გამომეხმაურება, გამიხარდება", - ამბობს მსახიობი ანა ქურთუბაძე. რა არის მისი ოცნება, რას ვერ გააკეთებს ვერასდროს ვერანაირი თანხის სანაცვლოდ, რას საყვედურობს დედა და რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1988 წლის 7 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...გამყიდველი. არ ვიცი, ეს სურვილი რატომ მქონდა, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს დღე, როცა "გამყიდველობანა" ვითამაშე. მაშინ ვერაზე ვცხოვრობდით, სახლიდან ჩამოვიტანე პატარა სკამი, "ქინდერის" სათამაშოები. სკამი ქუჩაში დავდგი, ზედ ეს სათამაშოები დავალაგე, მივუჯექი და ვაჭრობა დავიწყე. დიდი დრო არ იყო გასული, როცა დედა სამსახურიდან მოვიდა, დამინახა, როგორ ვვაჭრობდი, გაგიჟდა, ჩემი სათამაშოებითა და სკამით სასწრაფოდ სახლში ამიყვანა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ისეთი შვილი, რომელზე ვერც ვიოცნებებდი. ის წლინახევრის არის. ჩემსავით ხუჭუჭა გოგოა. როცა "დიდ შესვენებას" ვიღებდით, რომელშიც მასწავლებლის როლი მქონდა, ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ სცენარის გადაკეთება რომ არ მომხდარიყო, ისე ვიღებდით, ეს მაყურებელს არ შეემჩნია. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ის პროფესია, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და არასდროს მღლის.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ძალიან ენერგიული და კარგი ენერგეტიკის გოგოაო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...შემიძლია ჩემი საქმე დაუღალავად ვაკეთო. არასდროს მაქვს ის მომენტი, რომ რეპეტიციამ ან გადაღებამ დამღალა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...არაპუნქტუალური ვიყავი და მგონი, ნელ-ნელა გამოვსწორდი. შემეძლო ბანაობა იმ დროს დამეწყო, როცა ტაქსი უკვე გამოძახებული მყავდა, დროს ვერ ვსაზღვარავდი.

- ვრისკავ...

- ...ძალიან ხშირად. რისკებზე წასვლა მიყვარს, მაგრამ გაუაზრებლად - არასდროს.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო მაშინ, როცა მუსიკისა და დრამის თეატრში აღმოვჩნდი, თავი დიდ სცენაზე ამოვყავი. მეორე კურსის სტუდენტი 20 წლის გოგოსთვის, ეს ნამდვილად წარმატება იყო. პატარ-პატარა წარმატებები მანამდეც მქონდა, მაგრამ ეს ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ეპიზოდი იყო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას. ბავშვობაში იმდენ რამეზე დავდიოდი, დღემდე მიკვირს, როგორ ვასწრებდი. დედა ჩემს დროს სწორად ანაწილებდა. ერთადერთი, რაც ვერ მოვახერხე, ჩელოზე სიარული იყო.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვჭამო შოკოლადი.

- მეშინია...

- ...სიბნელის? არა, დიდად არ მეშინია, უბრალოდ უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება. ისე თუ მოხდა, სახლში საღამოს მარტო აღმოვჩნდი, აუცილებლად ყველა ოთახში სინათლეს ვანთებ. ოჯახის წევრები შინ თუ არიან, მაშინ ეს განცდები არ მაქვს.

- ბოლოს ვიტირე...

- ფილმი "მარტო სახლში" უამრავჯერ მაქვს ნანახი, მაგრამ არის ერთი ეპიზოდი, რომელზეც სულ მეტირება: როცა დედა ჩამოდის და კევინი ხვდება, ტელევიზორს ვთიშავ და ვტირი.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ნიუ-იორკში, სადაც ერთხელ ყოფნის ბედნიერება უკვე მქონდა. იქ დაბრუნების სურვილი ჩემში სულ არის.

- როცა წონასწორობას ვკარგავ...

- ...ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა ძალიან, ძალიან რთულია. მოთმინების საოცარი უნარი გამაჩნია, მაგრამ საკუთარ თავზე კონტროლი თუ დავკარგე, მერე აღარაფერი მომეკითხება.

- ამის შემდეგ სიმშვიდეს...

- ...მალევე ვპოულობ. ეს ემოცია ჩემგან გამოდის და მერე ვწყნარდები. შემიძლია, ნახევარ წუთში ვიმღერო. საერთოდ, ძალიან არაპროგნოზირებადი ხასიათი მაქვს. შესაძლოა, ეს ჩემი ზოდიაქოს ბრალიც არის, ტყუპი ვარ.

- ვნანობ...

- ...ძალიან ბევრ რამეს, მაგრამ დროის მანქანა რომ არსებობდეს და წარსულში დაბრუნების შესაძლებლობა მქონდეს, ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებს შევცვლიდი.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...გამყიდველი (იცინის)

- სიყვარული ეს...

- ...ისეთი რამ არის, მსოფლიოში ვერავინ ახსნა და ახლა უეცრად ახსნა მე რომ მოვუძებნო, ძალიან სასაცილო იქნება.

- ხშირად მსაყვედურობს...

- ...დედა, ქარბორბალასავით დაქრიხარო. სახლში, თეატრში სულ გადარბენაზე ვარ. სულსწრაფი არ ვარ, მაგრამ იმდენ საქმეს ვაკეთებ, ქარბორბალა რომ არ ვიყო, ვერ შევძლებდი. როცა არ მეჩქარება, მაშინაც ვჩქარობ, მოსწრებაზე ვარ, დედა სულ მიმეორებს სიტყვას - "დამშვიდდი". ეს ალბათ ჩემი ემოციური ბუნების ბრალიც არის. უზომოდ ემოციური ვარ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ასეთი რამ არ მახსენდება. მინდოდა ჩელოზე დამეკრა, მეგობარმა მაჩუქა და ვისწავლე. საოჯახო საქმეებიდანაც ისეთი არაფერი მახსენდება, რომ ვერ მესწავლოს. უბრალოდ, ძალიან ცოტა დრო მაქვს და ხშირად რაღაცებს ვერ ვახერხებ.

- ჩვევად მაქვს, სცენაზე ყოველი გასვლის წინ...

- ...კედელს თავს სამჯერ ვურტყამ. თეატრალურში რომ ვსწავლობდით, მე და ზურა გორგაძეს ასეთი უცნაური ჩვეულება გვქონდა, ერთმანეთს თავს ვურტყამდით. ინსტიტუტი რომ დავამთავრეთ, ერთმანეთი აღარ გვყავდა, ახლა თავს კედელს ვურტყამ. არ ვიცი, ზურას ეს ჩვევა აქვს თუ არა შემორჩენილი.

- ჩემი პერსონაჟი სერიალში "მისამართის გარეშე"...

- ...ჩემთვის საინტერესო ტიპაჟია, ის არ არის ქართულად მოაზროვნე ადამიანი. ასეთი პერსონაჟი არასდროს განმისახიერებია. ის ბერლინში იზრდებოდა, არის საოცრად მოწესრიგებული, აქტიური და ენერგიული. საინტერესო სათამაშოა. მის ირგვლივ მოვლენები აქტიურად ვითარდება.

GzaPress - თავისუფლება... - ...არ არის ყველაფრის უფლება, ასე თუ იქცევი, ეს შეუგნებლობისა და უინტელექტობის ნიშანია. თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ქცევებზე აღებული პასუხისმგებლობაა. როცა რაღაც ძალიან გინდა, მაგრამ იცი, არ უნდა გააკეთო, ეს არის თავისუფლება. ყველაზე დიდი თავისუფლებაა, როცა საკუთარ თავს მოერევი.

- ბედისწერა...

- ...რა თქმა უნდა, არსებობს. თუმცა, ადამიანებს იმხელა ენერგეტიკა გვაქვს, შეგვიძლია სადღაც "გადავუხვიოთ".

- ინტუიცია...

- ...იმდენად კარგად მაქვს განვითარებული, რომ რაღაცების გამოცნობაც შემიძლია. ჩემი ინტუიცია არასდროს ცდება.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...საკუთარი კაბარე მექნებოდა, ეს ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ადამიანს ვერ მოვკლავ.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ის ადამიანი ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ისეთი რა უნდა დამიშავოს, რომ არ ვაპატიო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ძალიან ბევრი რამ. ისეთი ჭკვიანი არ ვარ, სხვის შეცდომებზე სწავლაც რომ შევძლო.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...არიან მეგობრები. როცა საქმე მეგობარს ეხება, ჩემთვის შეუძლებელი არაფერია. ეს განცდა და ურთიერთობა ძალიან ძვირფასია.

- ვუფრთხილდები...

- ...მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ურთიერთობებს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ადრე ვწითლდებოდი, მრცხვენოდა, ბოლო დროს სულ მიხარია. ახლა შექება ჩემთვის დიდი სტიმულია.

- ვიბნევი...

- ...ახლა დავიბენი. არ ვიცი, რა ვთქვა... ეს იშვიათად ხდება, გონება სულ მობილიზებული მაქვს.

- საკუთარ გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ადრე ცხვირის ოპერაციის გაკეთებას ვფიქრობდი, მაგრამ გადავიფიქრე, ნაოპერაციები იმდენად არაფერი მომწონს, მირჩევნია, ეს ცხვირი მქონდეს და ინდივიდუალიზმი არ დავკარგო, მით უმეტეს, ეს ჩემს პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია.

- მეზარება...

- ...დილით ადრე ადგომა მეზარებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, ადრე ადგომასაც მივეჩვიე. არაჩვეულებრივი გოგო მყავს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...დოისთან (რეჟისორი დავით დოიაშვილი) რეპეტიციები არის ძალიან საინტერესო. ცოტა ხნის წინ, პრემიერა გვქონდა, "შეყრა" ვითამაშეთ. ამ სპექტაკლში ღრმად მოხუცებული ქალს განვასახიერებ და ადვილი როლი ნამდვილად არ იყო. პრემიერის წინ, დილით რეპეტიციაზე მარტო დამიბარა, 40 წუთი ვისაუბრეთ, როგორი შეიძლება იყოს ამ ასაკის ადამიანი. ისეთი ამბები მიამბო, ფსიქოლოგიურად ისე მომამზადა, როლის ბოლომდე გათავისებაში დამეხმარა. დოის ლაპარაკი გონებაში იმდენად ჩამრჩა, სცენაზე სულ სხვა შეგრძნებით გავედი. სწორედ ამ შეგრძნების შედეგი იყო სპექტაკლის ბოლოს, დიდხანს ტაში და შეძახილები "ბრავო"!

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მადლობას, რომ დრო დამითმეთ და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. არასდროს გეგონოთ, რომ რაღაცას ვერ მოასწრებთ, ვერ გააკეთებთ, ვერ შეძლებთ... მთავარია, მივიღოთ სიახლეები, ვიყოთ მონდომებულები და მიუღწეველი არაფერია.

თამუნა კვინიკაძე