"ქართველებმა თვითგანადგურების სისტემა ჩავრთეთ" - გზაპრესი

"ქართველებმა თვითგანადგურების სისტემა ჩავრთეთ"

შეუძლებელია, საქართველოში ცხოვრობდე და ჩვენს ქვეყანაში არსებული ხანგრძლივი ქაოსური სიტუაციის მიმართ გულგრილი იყო. ამჯერად, მსახიობ დავით დვალიშვილის აზრით დავინტერესდით, თუ რა საკითხები აღელვებს მას ყველაზე მეტად...

- დღევანდელი სიტუაციიდან განსაკუთრებით, ეს დაუღვინებელი ხალხი მაღელვებს. იმის მომხრე არ ვარ, რომ დავმშვიდდეთ, გულზე ხელი დავიწყოთ, მაგრამ რაღაცას აზრი ხომ უნდა ჰქონდეს? რაც მთელი ცხოვრება გიკეთებია და სადამდეც ქვეყანა მიიყვანე, ახლა სხვას უნდა გადააბრალო? მიაჩნიათ, უჩვენოდ ქვეყანა დაიქცევაო. ასე არ არის. ქვეყანას სტაბილიზაცია სჭირდება, რომ განვითარდეს. ასე რომ, იმ ბაკქანალიის წინააღმდეგი ვარ, რაც დღეს ხდება. ერთი და იგივე ადამიანები ერთსა და იმავე სიბინძურეს წლების განმავლობაში სჩადიან. ეს როგორ შეიძლება? გაერთიანებული არ იყვნენ მთავრობაში? თუ რამის გაკეთება უნდოდათ, ყველა აქ არ იყო? თუკი ადამიანმა რაღაც საიდუმლო იცი, რაც ქვეყანას უშველის, თქვი, კაცო, გაამხილე და ისინი გააკეთებენ, ვინც ხელისუფლებაში არიან - თუ ქვეყანა გიყვარს, ასე მოიქცევი. თუ ქვეყნის შველა გინდა, გაამხილე საიდუმლო და უშველე, მაგრამ - არა: ყველას ქვეყნის სათავეში მოსვლა უნდა. იცით, ყველაზე დიდი საშინელება რა არის? სანამ მთავრობაში ყოფნა ფუფუნება იქნება, მედროვეც ყოველთვის იარსებებს. სახელმწიფოს სათავეში ისეთი ხალხი უნდა მოვიდეს, ვინც ამ საქმისთვის - ქვეყნის მართვისთვის მოწოდებულია და არა - ძვირად ღირებული ავტომობილებისთვის. მთავრობის წევრებს ასეთი მანქანები უნდა ჩამოართვა, ველოსიპედებიც არ უნდა მისცე. ვისაც სამშობლო მართლა უყვარს, სამსახურში ისედაც ივლის და საქმეს გააკეთებს.

- როგორ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ თანამდებობა ფუფუნება კი არა, მძიმე შრომა იყოს?

- ბოლო დროს ამაზე ბევრს ვფიქრობ. იცი, რა ხდება? აი, ის ძვირად ღირებული ავტომობილები მთავრობის ყველა წევრს უნდა ჩამოართვა - ყიდვის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, ამისთვის გარკვეული სასჯელი უნდა იყოს დაწესებული. ელექტრომობილებით რომ ისარგებლონ, რა, დანიშნულების ადგილამდე ვერ მივლენ? დაზოგილი ფულით ვერტმფრენი იყიდონ და იმ კაცს დაეხმარონ, შორეულ ადგილას მიტოვებულ სამშობლოს რომ იცავს, სადაც არც ექიმი ჰყავს, არც საავადმყოფოა... ადამიანებს ამბულატორია არ აქვთ, მანქანები არ ჰყავთ, ავადმყოფები რიგში დგანან, რომ საავადმყოფომდე წაიყვანონ, მთავრობის წევრებს კი სამთავრობო "ჯიპებით" ცოლ-შვილი და ნათესავები დაჰყავთ. იაპონიის პრემიერ-მინისტრი იმის გამო გადადგა, რომ მისი ცოლი მაღაზიაში სახელმწიფო მანქანით წავიდა. ჩვენ ასეთი რა უბედურება გვჭირს?!.

- თუნდაც, მთავრობის წევრებისთვის მხოლოდ ელექტრომობილებით სარგებლობის მოთხოვნით ხალხი ქუჩაში რომ გამოვიდეს, ალბათ, მათ ძველი პოლიტიკური სახეები გვერდით დაუდგებიან და ხალხის ნაწილი ისევ უკან დაიხევს, რომ მაგალითად, "ნაციონალური" პარტიის ლიდერების გვერდით არ იყვნენ...

- სათანადო კანონი უნდა არსებობდეს. ახლა პრემიერ-მინისტრი რომ გვყავს, მის შესახებ ამბობენ, - ნორმალური კაციაო. ღმერთმა ქნას, ასე იყოს. ვფიქრობ, ყველა სამინისტროს მხოლოდ 2 სამთავრობო, ძვირად ღირებული მანქანა უნდა ჰყავდეს, რომელიც სტუმრებს მოემსახურება, თავად მთავრობის წევრებმა კი ქუჩაში ელექტრომობილებით იარონ. ელექტრომანქანა 80 კმ-ს გადის. თბილისში, დღეში 80 კილომეტრი სად უნდა იარო, თუ წესიერად მუშაობ?!. ხალხს საქმე აქვს, პოლიტიკოსებს კი - არა და დღე და ღამე ქუჩაში ამიტომაც არიან. ხალხმა საკითხი დააყენა, ხომ? შემდეგ სახლში წავიდა, რომ ოჯახს მიხედოს. მერე ფუქსავატი ადამიანები ლიდერის ფუნქციებს ხელთ იგდებენ... კაცო, ბენზინი უფასო აქვთ, მძღოლის მომსახურებაც - უფასო, ხელფასი - უზარმაზარი... მთავრობა ამიტომ დავიქირავე? ის ხომ ჩემი დაქირავებულია? დღეს ხელფასი რომ მაქვს და საშემოსავლოს ვიხდი, მთავრობის წევრები ამით ცხოვრობენ.

GzaPress

- კიდევ, რა პრობლემა იქცევს თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას? - ის, რომ ახლა, ბიუჯეტის განხილვისას, კულტურა საერთოდ არ უხსენებიათ. ეს უვიცობა და სიბრიყვეა. ვიღაცამ თქვა, - კულტურამ საკუთარი თავი თვითონ უნდა ირჩინოსო. ახლა შეხედეთ, რა ხდება: როცა ომის შემდეგ იაპონია გაჩანაგებული იყო და ბიუჯეტს ადგენდნენ, იაპონელებმა ქვეყნის ბიუჯეტის 60 თუ 70% კულტურაში "ჩაუშვეს". ჰკითხეს: რას შვრებით, კაცო? მაგ ფულით ბრინჯი დაგეთესათ და მოგეყვანათო. უპასუხეს: - იაპონელი კაცი ბრინჯის გარეშე გაძლებს, კულტურის გარეშე კი - ვერაო... დღეს ეს ხალხი, პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ და თუკი სადმე მიდიან, ისევ ქართული კულტურით იწონებენ თავს, საკუთარ ქვეყანაში კულტურაზე უარს ამბობენ. ეს არის დაქცევა. თუ გინდა, ქვეყანა დაიქცეს, უნდა დაარტყა ეკლესიას და კულტურას; ქვეყანას ის უნდა გაუნადგურო, რაც ყველაზე ძლიერი აქვს. ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე კი კულტურაა. ეს ხელშეუხებელია... ჩვენ გვითხრეს, - ქამრები მოიჭირეთო, თეატრში ხალხს ხელფასები შეუმცირეს, თავად - ქამრები მოუშვეს.

- თქვენს პროტესტს როგორ გამოხატავთ ხოლმე?

- კაცო, თუ ვინმე შემეკითხება, ვიტყვი. ჰგონიათ, ყველაფერი მხოლოდ თავად იციან. ასე არ არის: რაც მათ იციან, იმდენი დამავიწყდა. კიდევ რომ არ დამავიწყდეს, ამიტომ თქვენ გეუბნებით... ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ - "დისქავერს" თუ მოვკრავ თვალს... ზიზღი გამიჩნდა უვიცობის, უკულტურობის, უზნეობისადმი. სოფელშიც დავდივარ, ადამიანებს ვხვდები და მათი აზრი ვიცი, ჩვენი მთავრობისგან განსხვავებით. ხალხი ხელჩაქნეულია და ყველაზე საშიში ეს არის. მერე, ყველაზე დიდი საშინელება რა ხდება: სომეხი, აზერბაიჯანელი, თურქი, რუსი ჩვენს კულტურას ეპოტინება: "სუხიშვილებში" იყო ერთი მოცეკვავე, რომელიც ანსამბლში ნასწავლს ახლა ოსურ ცეკვებად ასაღებს; ევროპაში ქართულ საგალობლებს აწერია - სომხურიაო... მალე ჩვენი კულტურა, ჩვენი მიწები სხვებს დარჩებათ. ამერიკის ელჩმა თქვა, - ქართველებს შეუძლიათ, ამერიკაში სამუშაო ვიზა მიიღონო. "ავშენებულვართ" და ეგ არის! კიდევ ერთი დაქცევა: ქართველები ამ ვითომ საოცნებო ქვეყანაში - ამერიკაში "გაერეკებიან"... ჩვენ ვასრულებთ ჩვენი ერის, საქართველოს ისტორიას. მაგალითად, ვტრაბახობდით - ჩვენი ცხვარი არაბებმა იყიდესო. მეცხვარემ ის ცხვარი გაყიდა, აღებული ფული ჯიბეში ჩაიდო და ამერიკაში წავიდა - ცხვარიც დავკარგეთ და მეცხვარეც. ახლა არც ერთი გვაქვს, არც - მეორე. მოკლედ, საშინელი სენი გვჭირს. ქართველებმა თვითგანადგურების სისტემა ჩავრთეთ... უამრავი პრობლემაა, ყველაფერი მაღელვებს: ღამით დასაძინებლად რომ ვწვები, ფიქრებთან ომმა დამღალა... თან, ჟურნალისტებთან შენიშვნა მაქვს: ჟურნალისტი ქვეყნის წინააღმდეგ არ უნდა წავიდეს, იმის გამო, რომ რაღაც ახალი ამბავი გაიგოს. ცოტა ტაქტი, პატრიოტული ხედვაა საჭირო. სიტყვა "პატრიოტიზმს" ხნიერი ხალხი ვიყენებთ, თორემ დღეს "სამშობლოს", "მამულს", "სარწმუნოებას" აღარ ახსენებენ და ამაში დიდი წვლილი ჟურნალისტებს მიუძღვით. ამ საკითხს სიფრთხილე სჭირდება. ჟურნალისტი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს. რასაც ვუყურებ, ყველას პოლიტიკოსობის პრეტენზია აქვს. ჟურნალისტმა შეკითხვა უნდა დამისვა, რესპონდენტმა კი - პასუხი გაგცე და მომისმინო, როცა ვლაპარაკობ. რომ გეტყვი, - კი, გასაგებია-მეთქი, გაჩერდი, მაგრამ არა: ბოლომდე უნდა ჩაათავონ ის სისულელე, რასაც პირიდან "გამოყრიან". რა არის, რა უბედურებაა?! წარმოიდგინე, ჟურნალისტი ამბობს, - დრო არ გვეყოფაო, მაგრამ თურმე, ის 4 სიტყვა ბოლომდე უნდა თქვას, რა სიბრიყვესაც ამბობს! თურმე, თავისთვის დრო აქვს, რესპონდენტისთვის კი - არა! მოკლედ, კითხვა-პასუხის მხრივაც, ჩვენი კულტურა ძალიან მისახედია.

- არსებული ქაოსური სიტუაციიდან გამოსავლად რა გესახებათ?

- სამინისტროებში ყველა პრივილეგია უნდა მოისპოს. მინისტრად პატრიოტი, განათლებული ადამიანი უნდა მოვიდეს და ის ხალხმა უნდა მოიყვანოს. არავითარი პრიორიტეტები არ უნდა ჰქონდეს. მთავრობის შრომა კატორღული შრომა უნდა იყოს, თუკი ქვეყანა უყვართ! ფეხი ფეხზე თუ გადაიდეს და "უფშვიტინეს", ქვეყანა ასე არ აშენდება.

- ვინმე გეგულებათ, ვინც მზადაა, მძიმე შრომა გასწიოს და ქვეყანა მართოს?

- აბა, რა ვიცი? ასეთი ხალხი სანთლითაა მოსაძებნი. ჰოდა, სანთელი ჩვენ არ გვაქვს, ძებნა არ გვიყვარს და ვის ვნახავთ?!.

ეთო ყორღანაშვილი