"ჯერ არც ერთი წიგნის ეკრანიზაცია არ მომწონებია"
font-large font-small
"ჯერ არც ერთი წიგნის ეკრანიზაცია არ მომწონებია"
რის წაკითხვას ურჩევს ანანო სირბილაძე "გზის" მკითხველს

მსახიობი ანანო სირბილაძე (ელენე, სერიალიდან - "იდეალური დედა") იმ წიგნების შესახებ გვესაუბრა, რომლებმაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მასზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა...


- დღესდღეობით შენს ცხოვრებაში წიგნს რა ადგილი უჭირავს?
- ძალიან მეცინება და ალბათ, ეს მკითხველებისთვისაც უცნაური იქნება, მაგრამ ზაფხულში, ასე ვთქვათ, ჩემთვის "კითხვის სეზონი" იწყება. თუმცა, სხვა დროსაც, რომელიმე წიგნის კითხვა ყოველთვის დაწყებული მაქვს და თავისუფალ დროს, ვცდილობ, "ჩავუჯდე", მაგრამ გვერდით თუ ტელეფონი მიდევს, მაინც მიწევს კითხვის შეწყვეტა, სატელეფონო ზარზე პასუხი და ა.შ. ზაფხულობით ეს ნაკლებად ხდება: თუ მთაში ვისვენებ, ეს წიგნის წასაკითხად საუკეთესო გარემოა. ზღვის სანაპიროზე სურვილი მიჩნდება, წიგნი მეც ამოვიღო და წავიკითხო, მაგრამ რაღაცნაირად, მართლა ვერ ვახერხებ - თავი სულ დახრილი მაქვს და ხმაურიც მაწუხებს ხოლმე.
- დამოუკიდებლად პირველად რომელი ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხე?
- "ტომ სოიერის თავგადასავალი" და "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი". ალბათ, ეს სიტყვები ყველას ახსოვს: "ტომ! პასუხი არ არის. ტომ! პასუხი არ არის..." მერე, ცოტათი რომ წამოვიზარდე, მახსოვს, მიხეილ ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი" წავიკითხე, რომელმაც ჩემზე ისე იმოქმედა, ფინალი რამდენჯერმე გადავიკითხე. შემდეგ ამ ნაწარმოების ეკრანიზაცია ვნახე და რომ არ მოგატყუოთ, არ მომეწონა. მგონია, ეკრანიზაცია იმ ამბის შესახებ შენს წარმოდგენებს ყოველთვის ავიწროებს, რაც უკვე წაკითხული გაქვს. ეს არაერთხელ დამმართნია. თუ გავიგებ, რომ ამა და ამ წიგნის ეკრანიზაცია არსებობს, ვცდილობ, ნაწარმოების წაკითხვამდე არ ვნახო. საერთოდ, ჯერ ლიტერატურული ნაწარმოების არც ერთი ეკრანიზაცია არ მომწონებია. მგონია, კითხვისას ადამიანის ფანტაზია ძალიან მდიდარია. მკითხველი პერსონაჟებს, გარემოს, ამბავს სულ სხვაგვარად წარმოიდგენს, ფილმის ნახვისას კი იმას ხედავს, რაც ერთმა კაცმა - რეჟისორმა დაინახა... ახლა უცებ ნიკოლას სპარქსის "არჩევანი" გამახსენდა: სიყვარულის ერთი ბანალური ისტორიაა, მაგრამ კითხვისას ამაღელვებელია. აი, ეკრანიზაციას რაც შეეხება, არ მომეწონა... კიდევ, მოზარდობის პერიოდში წაკითხული ნაწარმოებებიდან ძალიან მომეწონა "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი", რომლის წაკითხვის შემდეგაც გადავწყვიტე, - დეტექტივები მომწონს-მეთქი. თუ არ ვცდები, აგათა კრისტის ნაწარმოებების კითხვაც დავიწყე, მაგრამ ახლა არ მახსოვს, ზუსტად რა წავიკითხე. სამწუხაროდ, წიგნში მოთხრობილი ამბავი მავიწყდება. არადა, ზუსტად მახსოვს, რომ წაკითხული მაქვს.
- მშობლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ წიგნი შეგყვარებოდა?
- მთელი ბავშვობა "მებრძოდნენ" - წიგნი ხელში აიღეო, მაგრამ კითხით უფრო ზრდასრულ ასაკში "მოვიწამლე". ამიტომ, ბავშვობაში წაკითხული წიგნების შინაარსი დიდად არ მახსოვს... ძალიან საყვარელი და მშრომელი ბებო - ლამარა მყავს. მასთან სოფელში სტუმრად ჩასულს, ბებო სადაც წამიყვანდა (მინდორში, ბოსტანში თუ სადმე მშვიდ ადგილას), სულ იქვე, ჩრდილში ვიჯექი ხოლმე. ლამარა ბებოს ჩემთვის საკითხავი ლიტერატურა მოჰქონდა. მაშინ კითხვით თავს დიდად არ ვიკლავდი, მაგრამ მახსოვდა, რომ წიგნი იქვე იყო და უნდა წამეკითხა (იღიმის)... რომ არ მოგატყუო, ძალიან მოწესრიგებული ბავშვი ვიყავი. სკოლის მოსწავლეობის პერიოდში, სწავლასთან დაკავშირებული პრობლემა არ მქონია. მშობლები მენდობოდნენ, მაგრამ სულ მესმოდა, - წიგნი აიღე, ანანო, წაიკითხეო. ერთხელ დედამ მითხრა: წიგნს - "ქარწაღებულნი" რუსულად თუ წაიკითხავ, რასაც მეტყვი, აგისრულებო. კითხვა დავიწყე, მაგრამ ბოლომდე ვერ გავედი - ნებისყოფა არ მეყო. თან, მერე ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმიც რომ ვნახე, კითხვა ვეღარ გავაგრძელე...
GzaPress
- წიგნის კითხვა შენს გოგონას თუ უყვარს? წიგნებით მის დაინტერესებას როგორ ცდილობ?
- ვერ მოგატყუებ და ვერ გეტყვი, რომ წიგნის კითხვაზე გიჟდება. ვაძალებ ხოლმე, რომ წაიკითხოს, მაგრამ წიგნი ვერ ავაღებინე. ცოტათი რომ გაიზრდება, შეიძლება ისიც მერე დაინტერესდეს და რაღაცები თავად წაიკითხოს. ვცდილობ, მაგრამ ხომ იცი, თუ არ აინტერესებს, წაკითხვას აზრიც არ აქვს. მგონია, რომ სწორი ჟანრი უნდა შევურჩიო. ყველა ნაწარმოების შესახებ ამბობს, - ეს ძალიან საბავშვოა, არ მომწონსო, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ უბრალოდ, მიზეზებს იგონებს (იცინის). ხანდახან ცოტათი მშურს, როცა ისეთ ბავშვს ვუყურებ, ვისაც სმარტფონის ნაცვლად, ხელში წიგნი უჭირავს, მაგრამ ჩემს შვილს არ უნდა წიგნი და რა ვქნა (იცინის)?!.
- მშობლები თუ აქცევდნენ ყურადღებას, რომელ წიგნებს კითხულობდი? რამე აკრძალული ნაწარმოები თუ წაგიკითხავს?
- წასაკითხ წიგნებს მირჩევდნენ. ბავშვობაში თუ რამე წამიკითხავს, სიმართლე გითხრა, ჩემი არჩეული არც ერთი არ ყოფილა. მორჩილი ბავშვი ვიყავი და ამიტომ აკრძალული არაფერი წამიკითხავს.
- ამჟამად, წასაკითხ წიგნებს როგორ არჩევ?
- ხანდახან ჩემი მეგობრების რჩევებს ვითვალისწინებ, ხან - მაღაზიაში რომ შევდივარ, ბესტსელერებს თვალს გადავავლებ ხოლმე. კიდევ, ერთი პატარა მეგობარი - რუსა მყავს, რომელსაც კითხვა ძალიან უყვარს. მას ვურეკავ და რჩევას ვეკითხები. რუსა 17 წლის არის, მაგრამ ვენდობი.
- შენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი რომელია?
- თითქმის ყველა რომანში, რომელსაც ვკითხულობ, რომელიმე პერსონაჟში საკუთარ თავს აუცილებლად ვხედავ და მიყვარდება. წარმოვიდგენ, მის როლს როგორ ვითამაშებ. პირველი ლიტერატურული პერსონაჟი, რომლის განსახიერებაც მომინდა, სკარლეტ ო"ჰარა ("ქარწაღებულნი") იყო. ეს პერსონაჟი ნამდვილად არ მგავს, მაგრამ მახსოვს, მე-2 კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ბატონმა გიზო ჟორდანიამ გვითხრა, - პიესებიდან და რომანებიდან ის ნაწყვეტები მოიტანეთ, რისი თამაშიც გინდათო. პირველი, რაც მივარბენინე, სკარლეტის ერთ-ერთი სცენა იყო. სამწუხაროდ, ეს ნაწყვეტი არ დაგვიდგამს, მაგრამ მახსოვს, ბატონ გიზოს თვალებით ვეხვეწებოდი, - დამთანხმდი-მეთქი (იღიმის).
- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?
- თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა". ისე აღვფრთოვანდი, რომ მგონი, კითხვა დილით რომ დავიწყე, საღამოს უკვე დავასრულე - ძალიან საინტერესო იყო. ავტორის წერის სტილიც მომეწონა და ამბავიც. მეგონა, ისეთ ამბავს ვკითხულობდი, რომელიც აქვე, ჩემთან ახლოს მოხდა და იმ პერსონაჟებსაც ვიცნობდი. თითქოს ფილმს ვუყურებდი, რომლის ფინალიც საერთოდ ვერ წარმომედგინა. ერთი სული მაქვს, ამ წიგნის მიხედვით ფილმს როდის გადაიღებენ. მგონია, რომ ამჯერად, ეკრანიზაცია ძალიან მომეწონება (იღიმის). სხვათა შორის, ეს წიგნი ბევრმა წაიკითხა. სოციალურ ქსელში ამ ნაწარმოებიდან ამონარიდებს, რომელსაც სტატუსების სახე ჰქონდა, ბევრჯერ წავაწყდი. რამდენჯერაც გადავიკითხავდი, გული მიჩქარდებოდა. ალბათ, ამ წიგნის საუკეთესო შემფასებლად ვერ გამოვდგები, მაგრამ ბოლოს წაკითხული წიგნებიდან ეს მართლაც ძალიან გამორჩეული იყო. კიდევ, დავით გაბუნიას "დაშლა" მახსენდება - ესეც ძალიან მომეწონა: თითქმის ყველა პერსონაჟის სიმართლე მესმის. ამ რომანში ის სამწუხარო რეალობაა ასახული, რაც დღესდღეობით ქალისა და მამაკაცის (და არა მხოლოდ) ურთიერთობაში ხდება. კითხვა რომ დავასრულე, ცოტა ხანს გაოგნებული ვიჯექი. სევდიანი, მაგრამ ნამდვილად რეალობის ამსახველი ფინალი ჰქონდა.
- თავად თუ გაგჩენია წიგნის დაწერის სურვილი?
- კი, ბავშვობაში მოთხრობების წერა მეც მიცდია. კარგად ვწერდი, მაგრამ როცა წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო... მოგვიანებით, ჩემი მოთხრობები რომ გადავიკითხე, ლამის სიცილით მოვკვდი (იცინის).
- "გზის" მკითხველებს რომელი ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვას ურჩევ?
- ბაბლუანის რომანს ვურჩევ; დარწმუნებული ვარ, ყველას მოეწონება. ჩემ მიერ ამ ინტერვიუში ნახსენები ყველა წიგნი ძალიან მსუბუქი წასაკითხია. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ცოტათი უფრო მძიმე ლიტერატურა მოსწონთ და ცნობილი ფილოსოფოსების წიგნებს კითხულობენ, მერე სიამოვნებით არჩევენ, განიხილავენ, მაგრამ პირადად მე, მიმაჩნია, რომ ჩემთვის და ცხოვრების მიმართ ჩემი განწყობისთვის ჯობს, ცოტათი მსუბუქი და სასიამოვნოდ წასაკითხი ლიტერატურა ავირჩიო. ამჟამად ასეა, მომავალში ვნახოთ, როგორი პერიოდები მექნება და რისი წაკითხვა მესიამოვნება (იღიმის)...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
"ვერასდროს იგრძნობ, რომ ცნობილი ადამიანების შვილია"
უცნაური კომპლიმენტი და კუნთმაგარი ფინანსისტი
"არ ვარ ევროპელი და ამის გამო საბოდიშოდ არავისთან მაქვს საქმე"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2145 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი