"ეს არასოდეს გააკეთოთ, რადგან ძალიან აბერებს"
"ფლორენციაში თუნდაც უბრალო სილამაზის სალონში რომ შეხვიდე, სტილისტი ე.წ. ჩოლკასაც სულ სხვანაირად, ლამაზად და მოხდენილად შეგჭრის. გაკვირვებული გამოდიხარ სალონიდან, მაგრამ არაფერია გასაკვირი - ის ადამიანი მთელი ცხოვრება განსაცვიფრებელ სილამაზეს უყურებს, გამჯდარი აქვს ცნობიერში დახვეწილი გემოვნება", - ამბობს უმშვენიერესი და მრავალმხრივ ნიჭიერი ია ფარულავა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ დიდი ხანია, ინტერვიუ არავისთვის მიუცია...
- ვფიქრობ, დახვეწილი გემოვნება ბუნებისგან მომადლებული ნიჭია... დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოსაც, სადაც იზრდები. მაგალითად, ადამიანი თუ ფლორენციაში დაიბადება და ყოველდღე უმზერს ხელოვნების განსაცვიფრებელ ნიმუშებს - მიქელანჯელოს, ბრუნოს შემოქმედებას, უნდა თუ არა, სხვანაირი გემოვნება უყალიბდება... თუმცა, მინახავს ადამიანები, რომლებიც სოფელში გაიზარდნენ, იქ ბუნების მშვენიერებას ეზიარნენ და მათაც საოცრად კარგი გემოვნება აქვთ.
- მოდის სამყაროს ყველაზე ცნობილი ქალი - კოკო შანელიც ხომ არ იყო მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი?
- დიახ, კოკო შანელი არ იყო მაღალი წრიდან, მაგრამ ის მონასტერში იზრდებოდა და იქ ქალები ასწავლიდნენ კერვას, ქარგვას, ხელგარჯილობას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს! გემოვნება ბავშვობიდან ესთეტიკური ნორმების ჩამოყალიბებაა. მე პირადად, გემოვნება საუკეთესოდ მაქვს განვითარებული კლასიკური მუსიკის განხრით. ბავშვობიდან კლასიკურ მუსიკას ვუსმენდი, ოპერაში დავდიოდი; შემიძლია გავარჩიო იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოები რომელი მუსიკოსის შესრულებითაა უკეთესი. მიუხედავად იმისა, რომ ნოტები ერთი და იგივეა, ყველა სხვადასხვანაირად ასრულებს... კლასიკური მუსიკის სიყვარული დიდ გავლენას ახდენს ადამიანის გემოვნებაზე...
- მოგზაურობას ისტორიულად მდიდარი წარსულის მქონე ქვეყნებში ამჯობინებთ?
- რა თქმა უნდა, ისტორიულად მდიდარი წარსულის ქვეყნები უფრო მიზიდავს, თუმცა თანამედროვე მიღწევების ნახვაც მაინტერესებს. მხოლოდ ის ხომ არ არის ცხოვრება, ქანდაკებებს უყურო და თანამედროვეობას არ ეზიარო! ერთადერთი, რასაც ვერ გავუგე, ეს არის ძალიან თანამედროვე მუსიკა. რამდენიმე კონცერტს დავესწარი, მაგრამ ჩემთვის ჯერჯერობით ქაოსურია ეს ყველაფერი და იმედია, ამ მიმართულებითაც დავხვეწ ყურსა და გემოვნებას. მუსიკა ხომ ეპოქას ასახავს და იმას, რაც თანამედროვე ეპოქაში ადამიანის სულში ხდება. ამიტომაც, ამ თანამედროვეობასაც უნდა დავეწიო...
- რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე საუკეთესო შთაბეჭდილება, როგორც გემოვნებიანი ადამიანებით დასახლებულმა?
- იტალიამ! მგონია, ყოველი მეორე ქართველისთვის იტალია არის ხელოვნების აკვანი. საოცარი ქვეყანაა - მუზეუმი ღია ცის ქვეშ! ვენეციაში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ დაიტბორა და ვწუხვარ იქ მომხდარის გამო. იმედია, მალე ყველაფერი კარგად იქნება და წავალ. რატომღაც, ჯერ არ ვყოფილვარ ლონდონშიც - ეს საქმეც გამოსასწორებელია (იცინის)... ჩემთვის იტალიაა ყველაფრის პიკი - რომი, ფლორენცია, მილანი, თავის კუნძულებით, პატარ-პატარა ქალაქებით, ტოსკანით... მართლაც, საოცრებაა თავიდან ბოლომდე და ეს საოცრება მოსახლეობაზე დიდ გავლენას ახდენს.
- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან, ვის დაასახელებდით, როგორც მისაბაძად გემოვნებიანს? - უდახვეწილესი გემოვნება ჰქონდა ქალბატონ ნინო რამიშვილს! მას ჰქონდა საშუალება, მთელ მსოფლიოში ემოგზაურა, საუკეთესო დიზაინერების სამოსი ენახა... ასევე, გამორჩეული გემოვნება აქვს ნიანუ სუხიშვილს. ნებისმიერ ღონისძიებაზე ზუსტად იცის, რა უნდა ჩაიცვას. საუკეთესო მანერებიც ხელს უწყობს, ყველაფერი ბუნებრივად მოსდევს.
თბილისში ცხოვრობდა საოცარი ქალბატონი - ბუბუსია თვალავაძე, რომელიც დღეს ალბათ, ცოტას თუ ემახსოვრება. მას ძალიან კარგი გემოვნება ჰქონდა, საოცრად იმოსებოდა. ჩვენთან ხშირად მოდიოდა სტუმრად და ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა... ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს ნანი ბრეგვაძეს. ყოველთვის მოხდენილია, კარგ ფორმაში. არიან ქალბატონები, რომლებიც არ არიან ცნობილი და მათი ჩაცმულობა ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. მაგალითად, ლაპარასკოპისტი ლალი ცხოვრებაშვილი, რომელსაც ჩაცმულობაში დახვეწილი გემოვნებით ბადალი არ ჰყავს. მომწონს და ნატიფი გემოვნებით არის გამორჩეული გოგი ალექსი-მესხიშვილის მეუღლე მაკა მიქაძე. ყოველთვის მომწონდა ნინო გორდელაძე, რომელიც რეჟისორ ლელა გორდელაძის შვილი გახლავთ... საუკეთესო გემოვნებითაა გამორჩეული ჩემი ნათესავი - ეკა გოგლიძე, რომელიც ქრისტინე იმედაძის დეიდა გახლავთ.
ქრისტინეც გემოვნებიანი გოგოა! მყავს მეგობარი სალომე მებურიშვილი, რომელსაც ასევე კარგი გემოვნება აქვს და აქვე, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დავასახელო დალი ჩიტალაძე, რომელიც მოდის ექსპერტია, ასევე ულამაზესი მაკა ასათიანი, თეონა თავართქილაძე, ნინო ნადირაძე-კუზანოვა, ბაია დავითაია... თავისებური გემოვნება და განსხვავებული ხედვა აქვს ფოტოგრაფ ირმა შარიქაძეს... საბედნიეროდ, ბევრი გემოვნებიანი დიზაინერი და ცნობილი ქალბატონი გვყავს...
- ამბობენ, რომ თბილისში თბილისური მოდა დაიკარგა... რამდენად ეთანხმებით?
- აზრზე არ ვარ, რა არის თბილისური მოდა! თბილისში და განსაკუთრებით ვაკეში ყოველთვის კარგად ეცვათ... ახლა მით უმეტეს, ათასნაირი ბრენდი შემოვიდა და "მეორადებშიც" კი გადასარევი სამოსის შერჩევა შეიძლება... ვაკეში ჩვენ ასეთი ტენდენცია გვქონდა: საზღვარგარეთ იშვიათად დავდიოდით და იქ რომ სამოსს შევიძენდით, მერე აქ ერთმანეთისგან ვყიდულობდით... იყო ხვეწნა-მუდარა, მომყიდეო და დღემდე მიყვარს ვინმეს ნაცვამის ტარება, ამას სულაც არ ვთაკილობ.
კომუნისტურ პერიოდში, როდესაც მოსკოვში ჩავდიოდით, ვიღაცებისგან ვყიდულობდით სამოსს... მახსოვს, ერთ გოგოს "დოლჩე და გაბანას" შარვალი და კოსტიუმი ფაქტობრივად, გავხადეთ. ისე, გვარიანად ძვირად მოგვყიდა... ასე შევიძინე ტრუსარდის ფეხსაცმელები და ჩანთაც, რომელშიც იმ პერიოდში რეკორდული თანხა მაქვს გადახდილი - დაახლოებით პროფესორის ორი თვის ხელფასი, მაგრამ არ მერიდება ამის გამხელა, რადგან მიყვარდა კარგი ჩაცმა... ისე, თუ კარგი გემოვნება გაქვს, უბრალო სამოსსაც შეუხამებ ერთმანეთს. სულაც არ არის აუცილებელი ბრენდები გეცვას.
- გქონიათ შემთხვევა, როდესაც სასურველი სამოსის შესაძენად საკმარისი თანხა არ გქონდათ?
- რამდენჯერაც გინდათ და ახლაც ეგრეა! მაგალითად, განსაკუთრებულად მიყვარს "გუჩი", გართულება მაქვს ამ ბრენდზე. ძალიან მისტიკურია ჩემთვის და საოცარ ენერგიას ატარებს... თუმცა, არსებობს "გუჩის" კაბები, რომელსაც ვერასოდეს ვიყიდი, რადგან ოთხნიშნა და ხუთნიშნა ციფრები ღირს. გამორიცხულია, რომც მქონდეს, კაბებში ამდენი ფული გადავიხადო, ორჯერ ჩავიცვა და მერე კარადაში იდოს.
მადლობა ღმერთს, ჩემი სასტუმრო კარგად მუშაობს, მაგრამ ჩემი შემოსავლის ოც პროცენტს ქველმოქმედებას ვახმარ. სამ ოჯახს ვეხმარები. ეს ადამიანები აუცილებლად კარგად უნდა მეგულებოდნენ, რადგან ერთი უკვე პენსიონერია, თავის დროზე ფუფუნებაში ცხოვრობდა, ახლა კი პენსიის გარდა, არანაირი შემოსავალი არ აქვს. მან აუცილებლად უნდა მიიღოს თანხა ჩემგან, რომ ახლაც ღირსეულად იცხოვროს... მეორეა და მუშაობა შეუძლია, მაგრამ არ ეძებს სამსახურს და ვეუბნები, - სამსახური იშოვე, ასეთ ცხოვრებას ნუ მიეჩვევი-მეთქი...
- რა რჩევებს მისცემთ ქალბატონებს, ყოველთვის ფორმაში რომ იყვნენ?
- ერთადერთი, რასაც ქალბატონებს ვურჩევ, ეს არის ის, რომ სახის კანი ჰქონდეთ მოწესრიგებული, ფრჩხილები, თმა... რა ჯობია მოვლილ თმას, რომელიც ბზინავს?! კარგად ნაბანავები რომ სასიამოვნო სურნელის აფრქვევ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს?
ასევე, ქალებს ვურჩევ, თმა შავად არ შეიღებონ. არავის განვიკითხავ, მაგრამ შავად შეღებილი თმა ყოველთვის აბერებს. ერთხელ სტილისტს შეეშალა, საღებავი დიდხანს გამიჩერა და თმა მუქი შავი გამიხდა. ორი დღე ვიმალებოდი და მერე გადავიღებე... ვფიქრობ, ღია შოკოლადისფერი, კონიაკისფერი თმა ქალის დახვეწილობას უსვამს ხაზს.
- ყველა წრეში მუდმივი განხილვის თემაა წონა და დიეტა... ამაზე რას იტყვით?
- ეს საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ასეა! ჰოლივუდში არსებობს გამოთქმა, შენ ვერასოდეს იქნები ძალიან გამხდარი და ძალიან მდიდარიო... ანუ შენზე მდიდარი და გამხდარი ვიღაც აუცილებლად გამოჩნდებაო. სიგამხდრე, გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია, ვიზუალურადაც კარგია! სტივენ ჯობსის სიკვდილის სარეცელზე წარმოთქმული სიტყვებია, საჭმელი მიიღეთ როგორც წამალიო და არა ისე, როგორც ჩვენ ვჭამთ... ქართულ სუფრებზე ბოლო დროს ვეღარ დავდივარ, სულ ისმის: აბა, შემოვიდა ცხელი ხაჭაპური, ოჯახური, მწვადი, ხინკალი... ღმერთო ჩემო, ამდენი ჭამა როგორ შეიძლება?! ყველამ ვიცით, რომ სიგამხდრე უფრო მოხდენილს გვაჩენს და ამიტომაც, წონას ვებრძვით. მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონები შიმშილობენ, ხუთი საათის შემდეგ არაფერს ჭამენ. მეც რამდენჯერ დავიფიცე, რომ ხუთი საათის შემდეგ აღარაფერს გავსინჯავდი და რადგან დავიფიცე, არ ვჭამ, მაგრამ რად გინდა, ამის გამო ვეღარსად დავდივარ... ცუდ ხასიათზე ვდგები, როცა სხვა ჭამს და მე ვერა. ჩემს მეგობართან, აჩიკო მეფარიძესთან შეხვედრას ყოველთვის გულისფანცქალით ველოდები, რომ შემხედავს, მეუბნება: ია, დასაკლები გაქვს ორი კილო და ასი გრამი, ერთი კილო და შვიდასი გრამიო (იცინის)...
- ყოველდღიურად როგორ იმოსებით?
- ყოველდღიურად მიყვარს ბოტასი, ჯინსი, სვიტერი... თუმცა, ამ ბოლო დროს გადავწყვიტე, დილას სახლიდან ძალიან გამოპრანჭული გავიდე და ასეც ვიქცევი.
მე მყავდა დეიდა, რომელიც საკმაოდ მდიდარი ქალბატონი იყო და სახლშიც ყოველთვის ახალთახალი, ძვირფასი კაბები ეცვა. სადილებსაც ამ კაბებში გამოწყობილი აკეთებდა, მურაბებს ხარშავდა. კაბა დაესვრებოდა, მაგრამ ამბობდა, - აბა, როგორ, კაბამ ჩემზე დიდხანს რატომ უნდა "იცხოვროსო"?.. იმდენად მომწონს, ახლა რომ მახსენდება მისი ყოველდღიურობა, მეც უნდა მივბაძო; უნდა დავუარო ჩემს ძველ პიჟამოებს და გადავყარო. სახლშიც აუცილებლად გაპრანჭული უნდა ვიყო!
მანანა გაბრიჭიძე