ორი მსახიობის სიყვარული, რომანტიზმი და სასიამოვნო მოულოდნელობები - გზაპრესი

ორი მსახიობის სიყვარული, რომანტიზმი და სასიამოვნო მოულოდნელობები

მსახიობების - ანა ჯავახიშვილის და ლუკა თარხან-მოურავის სიყვარულის ამბავი 4 წლის წინ დაიწყო. მათ ურთიერთობაში ხშირია მოულოდნელობები, სიურპრიზები. უცნაურია, მაგრამ რეჟისორებიც ისე აწყვილებენ, მათი ლოვე სტორყ-ის შესახებ არაფერი იციან.

ლუკა:

- ანა თეატრალურ უნივერსიტეტში რომ აბარებდა, იმ წელს მიმღები კომისიის ასისტენტი ვიყავი. სასწავლებლის წინ აბიტურიენტები იყვნენ თავმოყრილი, უმრავლესობა ძალიან გადაპრანჭული და აქტიური იყო. ჩემი ყურადღება სკამზე მოკრძალებულად ჩამომჯდარმა გოგონამ მიიქცია. რადგან ჩემი მოვალეობა აბიტურიენტებთან ურთიერთობა იყო, მივედი და გამოველაპარაკე, - შენ ვინ ხარ? რა გქვია-მეთქი? სანამ შედეგები ოფიციალურად გამოქვეყნდებოდა, წინასწარ ვიცოდი, ვინ ჩააბარებდა და ვინ არა. ანა ჩვენს დეკანს, გიორგი შალუტაშვილს ძალიან მოეწონა. "ფეისბუკზე" დავამატე და მივწერე: შენ თეატრალურში გრანტით მოხვდი-მეთქი და მივულოცე. არ დამიჯერა, ეგონა ვეკაიფებოდი. 2 დღეში პასუხი ოფიციალურადაც გაიგო. თავდაპირველად ვმეგობრობდით, შემდეგ ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა.

ანა:

- მართლა ძალიან ვღელავდი, ვნერვიულობდი. ასეთ დროს, ყოველთვის საქმეზე ვარ კონცენტრირებული. რატომღაც ლუკასთან ურთიერთობაში მარტივად შევედი. ვიღაც სხვა რომ ყოფილიყო, ალბათ ვეტყოდი, გამოცდაზე უნდა შევიდე და გთხოვთ, ნუ მომაცდენთ-მეთქი. ლუკასგან კარგი აურა მოდიოდა, განსხვავებული იყო. ხომ არის შემთხვევები, უცნობი ადამიანებიდან ერთი რომ გამახსოვრდება. ზუსტად ასე მოხდა. ლუკა საინტერესო იყო და დღემდე ასეა. საერთო ენის გამონახვა არ გაგვჭირვებია, სალაპარაკო თემა სულ გვქონდა, ბევრი საერთო ინტერესი აღმოგვაჩნდა.

ლუკა:

- რა თქმა უნდა, ანა დანახვისთანავე ძალიან მომეწონა.

- სიყვარულში როგორ გამოუტყდი, მაგ დროს სად იყავით?

- ანა, სად ვიყავით?

ანა:

GzaPress - ვაიმე, არ მახსოვს, ტელეფონით ლაპარაკის დროს მითხარი? ლუკა:

- არა, მიყვარხარ-მეთქი, შეხვედრის დროს გითხარი, შენ ტელეფონით ლაპარაკისას წამოგცდა, მიყვარხარო. რა? რა თქვი-მეთქი? - ჩაგეძიე და არაფერიო (იცინის).

- მოულოდნელობებით, სიურპრიზებით ერთმანეთს ხშირად აოცებთ?

- კი, ეს ურთიერთობას უფრო საინტერესოს ხდის. ცოტა ხნის წინ რაღაც სისულელეზე ვიკამათეთ. ჩვენი მეგობრებისთვის ეს წარმოუდგენელი იყო, ძალიან გაუკვირდათ. 4 წელზე მეტია, ერთად ვართ.

ანა:

- მოსკოვში გადაღებაზე ერთად ვიყავით. იქ 3 თვე მაინც მიწევდა ყოფნა. მყავს კატა, რომელიც თბილისში დავტოვე. ამ ხნის განმავლობაში, ეს კატა ძალიან მომენატრა, სულ მინდოდა, იქაც მყოლოდა პატარა ცხოველი. ერთ დღეს მხოლოდ მე მქონდა გადაღება და ლუკა თავისუფალი იყო. გადასაღებ მოედანზე მოვიდა, 2 წუთით გამოდიო. მივედი და ხელში კურდღელი ეჭირა. მოსკოვში კურდღელი მაჩუქა (იცინის). მოკლედ ამ კურდღელს რეზიდენცია მოვუწყვეთ, ვუვლიდით, ვეფერებოდით, ბოლოს ჩვენს ახლობელს დავუტოვეთ.

ლუკა:

- სადღაც უცნაურ ადგილზე ვიყავი, იქ ერთი ქალი სახლში 100 კურდღელთან ერთად ცხოვრობდა და მისგან ვიყიდე. ამ ამბავს საინტერესო გაგრძელება აქვს. ანა "აიფონის" ფანია. მაშინ "აიფონ 7" ახალი გამოსული იყო, ანა გადაღებაზე რომ წავიდა, ჩუმად ვუყიდე, სახლში მოვიტანე და კურდღლის საჭმელში დავმალე. რომ მოვიდა, ვუთხარი, ჩვენი კურდღელი მთელი დღე მშიერია, დამავიწყდა და აჭამე-მეთქი. მივიდა, დაუყარა საჭმელი და უკან გამობრუნდა. კამერა მქონდა დაყენებული, რომ "აიფონის" ნახვისას, მისი ემოცია გადამეღო. უკან მივაბრუნე, - მიდი, ბევრი დაუყარე-მეთქი. მივიდა, დაუყარა და უკან ისე მობრუნდა, რომ ტელეფონი ვერ ნახა. ანა, კურდღელს კარგად აჭამე? - გავგიჟდი, რატომ ვერ პოულობს-მეთქი. ბოლოს რომ მივიდა, წყნარად იკითხა, - ეს რა არის?

ანა:

- რას წარმოვიდგენდი, კურდღლის საჭმელში "აიფონს" თუ დამალავდა. თურმე ტელეფონიც იქვე იდო და იღებდა, ჩართული კამერაც ვერ შევამჩნიე. იმ პერიოდში ლუკას დაბადების დღე იყო. რა თქმა უნდა, საჩუქრებით მეც გავახარე. ვიცოდი, ძალიან უნდოდა "სამაკატკა". მის ბიძაშვილთან ერთად წავედი, მაგრამ ვერსად ვნახეთ, მთელი დღე იმდენი ვიარეთ, დავიკარგეთ. გზა აგვერია, ტელეფონებიც დაგვიჯდა. მანამდე ლუკამ დარეკვა მოასწრო და გვებუზღუნა, ასეთი დაბადების დღე არ მინდა, მთელი დღე მარტო ვარო. დღის ბოლოს "სამაკატკას" რომელიღაც მაღაზიაში მივაკვლიეთ. სახლში მოვიტანე და საწოლის ქვეშ დავუმალე. ამ საჩუქრით მეც ძალიან გავახარე... ახლახან ნიუ-იორკში ვიყავით, 2 კვირა დავისვენეთ. ჩვენი ურთიერთობის 4 წლისთავის აღსანიშნავად, ლუკამ ბეჭედი მაჩუქა.

- ეს შეიძლება ნიშნობად ჩავთვალოთ?

ლუკა:

- ეს ჩვენი სიყვარულისა და ურთიერთობის სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელების სიმბოლოა.

ანა:

- ჩვენი ურთიერთობა უკვე იმ ფაზაშია, როცა ზედმეტი შეკითხვები აღარ ისმება. ლუკას მხრიდან ესეც სიურპრიზი იყო.

- თქვენ ძალიან ხშირად რეჟისორებიც გაწყვილებენ.

ლუკა:

- სულ ასე ხდება. "დიდ შესვენებაში" ჩვენი რომანი არ შედგა. კასტინგზე მე და ანა ერთად ვიყავით. ანა თავიდანვე დაამტკიცეს. ირაკლი კაკაბაძემ მითხრა, - მინდა შენც ითამაშო, როგორც კი საინტერესო როლი გამოჩნდება, დაგიძახებო. გადაღებები რომ დაიწყო, 3 კვირაში დამირეკეს და ანას თაყვანისმცემელ მეხორცე ზაურის როლზე დამამტკიცეს (იცინის). ყასაბი ზაურა გავხდი.

ერთ-ერთი რუსული ფილმის გადაღებისას, რეჟისორმა მე და ანა როლებზე ისე დაგვამტკიცა, ჩვენი ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდა. ერთი სცენაა, ანას ქორწილი აქვს, მე მთელი ცხოვრება ეს გოგო მიყვარს და სხვაზე თხოვდება (მისი საქმროს როლს ჩემი მეგობარი ბუბა ჭოღოშვილი ასრულებს). სიუჟეტი ისე ვითარდება: ქორწილში ანას ბუბა რაღაცას უხეშად ეტყვის, მე დანით ვკლავ და მერე ციხეში მივდივარ. რეჟისორი მიხსნის, ანას ისე უნდა შეხედო, თითქოს ეს გოგო გიყვარსო და ამ ახსნაში მთელი ემოციები ჩააქსოვა. გამეცინა, - ჩვენ ერთმანეთი მართლა გვიყვარს-მეთქი.

- თქვენ რუსულ პროექტებში ხშირად გიღებენ.

ანა:

- ფინანსური ინტერესით ვთანხმდებოდით, თან გამოცდილებას ვიღებდით. მსახიობისთვის ფორმაში ყოფნა აუცილებელია. როცა ერთი წელი ისე გავა, არც ფილმში გიღებენ, არც სერიალში, ვერ "ვარჯიშობ". გამოცდილება მივიღეთ და ამ ეტაპზე რუსული პროექტები საინტერესო აღარ არის.

- ერთმანეთს შენიშვნებს, რჩევებს ხშირად აძლევთ?

- რა თქმა უნდა. წელს თეატრალურ უნივერსიტეტს ვამთავრებ, მეორე უნივერსიტეტს "ლუკას უნივერსიტეტს" ვეძახი: აქაც 4 წელია ვსწავლობ და ბევრი რამ ვისწავლე.

GzaPress ლუკა: - ჩემი პედაგოგი გიზო ჟორდანია იყო. ანა გიორგი შალუტაშვილის ჯგუფშია. ამ ორი განსხვავებული სკოლის შეჯერებას ვახდენთ. ზოგადად, პედაგოგებს შორის, სწავლების სპეციფიკაში დიდი განსხვავებაა. - რაზე კამათობთ ხოლმე?

- სისულელეებზე. მე უფრო მეამბოხე და კრიტიკოსი ვარ, ანა მშვიდია. ფეთქებადი ხასიათი მაქვს, ბავშვობიდან ჰიპერემოციური ვარ.

- გაბუტვის შემდეგ პირველ ნაბიჯს რომელი დგამთ?

- ასეთი "დიდი" გაბუტვები არც გვქონია. შეიძლება ვიჩხუბოთ და 1 საათის შემდეგ ერთმანეთს მივწეროთ.

- როცა თქვენს ურთიერთობას ოფიციალური ფორმა მიეცემა, ქორწილის დღე როგორ წარმოგიდგენიათ?

- მეგობრებთან ერთად, ზღვის სანაპიროზე, ლამაზ გარემოში... თამადა, გრძელი სადღეგრძელოებითა და განსხვავებული სასმისებით არ გვინდა, თუმცა მსგავსი რამ ალბათ მაინც იქნება.

- ლუკა, ვიცი, რომ ბედს რეჟისურაშიც ცდი, ამაზე მიამბე.

- ბოლო დროს რეჟისორ-ოპერატორობა დავიწყე. ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის რეკლამებზე ვმუშაობ. ვიღებ მუსიკალურ კლიპს, რომელიც ჩვენი სიყვარულის ამბავზეა. მუსიკის ავტორი და შემსრულებელი ნეშ თავხელიძეა. სიმღერას ჰქვია "წახვედი". ძალიან ლამაზი კლიპი გამოდის. ადრე ანა ბალერინა იყო. სულ მელანდება ის და ახლოს რომ მივდივარ, ქრება, ხან ვხატავ, მაგრამ ვერასდროს ვუახლოვდები. პრეზენტაცია 2-3 კვირაში იქნება.

- ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას ფიქრობ?

- რეჟისორობა ძალიან მაინტერესებს. მალე მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას ვაპირებ. პაროდიების გაკეთებაც შემიძლია და ვლოგის ჩაწერას ვიწყებ. ვფიქრობ, საზოგადოება მხიარული ვიდეოებზე იხალისებს.

- ანა, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერამ, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებ, საქართველოში დაძაბულობის ფონზე ჩაიარა. ამაზე რას ფიქრობ, რა განცდა გქონდა?

- ძალიან სამწუხარო იყო, რაც მოხდა. საბედნიეროდ, იმ ნეგატივთან ერთად, გვქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერაც. ორ დღეში 6 000 ბილეთი გაიყიდა. ჩემი მშობლებისთვის 2 ბილეთის აღება ძლივს მოვახერხე. ოჯახის სხვა წევრებმა ფილმი ვერ ნახეს. მხარს იმდენი ადამიანი გვიჭერდა და გვამხნევებდა, რომ აგრესიული ტალღა მარტივად გადავლახეთ.

ლუკა:

- ყველაზე მეტად ანას ბოლო ნამუშევარი მომეწონა. ეს არის სადიპლომო სპექტაკლი "ლაბირინთი", სადაც მისი სრული გარდასახვა მოხდა. კარგად ითამაშა ჟანრში, რომელიც ძალიან მიყვარს, ეს არის გროტესკი. რთული სათამაშოა, უნდა გაამართლო ის, რაც აბსოლუტურად ყალბია.

ანა:

- ძალიან რთული პიესაა. ჩემი პერსონაჟია ქალი, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემები. მას ჰგონია, მიდის საზღვარგარეთ, სინამდვილეში კი მიდის ბაღში, სადაც მისი პირველი სიყვარული მოკლეს.

თამუნა კვინიკაძე