"მიყვარხარ" რომ მითხრა, უკვე მისი ცოლი ვიყავი" - გზაპრესი

"მიყვარხარ" რომ მითხრა, უკვე მისი ცოლი ვიყავი"

მიშა ცინცაძე და ნათია ჩემია უკვე 5 წელია, ცოლ-ქმარი არიან. ჰყავთ გოგონა - ბარბარე, რომელსაც მოსწონს, როცა "ბიბიკოს" ეძახიან. ამჟამად მიშა "მთავარი არხის" "ახალი შოუ პროდაქშენის" წევრი გახლავთ. ნათიაც იმავე არხზე, სოციალური მედიისა და ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობს. წყვილს "გამოცდა" მოვუწყვეთ: მათ ერთმანეთის შესახებ ცალ-ცალკე ვესაუბრეთ - ერთი და იგივე შეკითხვები დავუსვით...

- ვიდრე "გამოცდას" დავიწყებთ, მითხარი: როგორ ფიქრობ, მეუღლეს კარგად იცნობ თუ ჯერ კიდევ გაოცებს ხასიათის თვისებების გამოვლენით, წარსულის უცნობი დეტალებით?..

მიშა:

- მე და ნათია "სხვადასხვა პოლუსზე ვართ" - შეიძლება, განსხვავებული ინტერესები გვქონდეს, მაგრამ ერთმანეთს კარგად როგორ არ ვიცნობთ?!. მიუხედავად ამისა, ალბათ ჩვენი პასუხების ნაწილი ერთმანეთს არ დაემთხვევა.

ნათია:

- წარსულის დეტალებით ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, მაგრამ თანაცხოვრების შემდეგ, ხასიათში სიახლეებს ორივე ვავლენთ. ხანდახან რაღაცებით მაოცებს. ადამიანები ამომწურავად საკუთარ თავსაც არ ვიცნობთ.

- თქვენი პირველი პაემანი სად შედგა და როგორ გამოიყურებოდით?

მიშა:

- ერთ-ერთ ბარში. ნათიას ფოსფორისფერი ზედატანი და იმავე ფერის ფეხსაცმელები ეცვა - ეს ზუსტად მახსოვს. თმა შეკრული ჰქონდა და თუ არ ვცდები, ფოსფორისფერივე "აბადოკი" ეკეთა... მე რა მეცვა, ეგ არ მახსოვს.

ნათია:

- ზემო ფონიჭალაში შემთხვევით შევხვდით - პაემანი დანიშნული არ გვქონდა. მერე იქვე მდებარე რესტორანში წასვლა გადავწყვიტეთ. მიშამ ყავა და ჩაი შემომთავაზა, მაგრამ პირველ პაემანზე ლუდი მოვითხოვე (იცინის)... თუ არ ვცდები, მოვარდისფრო ზედატანი, ჯინსის შარვალი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მეცვა. სავარაუდოდ, თმა გაშლილი მექნებოდა. მას რა ეცვა, საერთოდ არ მახსოვს. შარვალი რომ ეცმეოდა, ეგ ვიცი, სავარაუდოდ - ჯინსის (იცინის).

- ერთმანეთს როდის და როგორ გამოუტყდით სიყვარულში?

მიშა:

- ყველაფერი ისე ბუნებრივად მოხდა, რომ როგორც მახსოვს, სიყვარულში არ გამოვტყდომივარ. ჩვენი ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდა. პირველად "მიყვარხარ" როდის ვუთხარი, არც მახსოვს, რადგან მაშინ ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიგვინიჭებია. ყველაფერი თავისთავად მოხდა: ერთმანეთს "მიყვარხარ" კი არ ვუთხარით, ვიგრძენით სიყვარული.

ნათია:

- "მიყვარხარ" რომ მითხრა, უკვე მისი ცოლი ვიყავი (იცინის). ურთიერთობა უცებ აგვეწყო და ოფიციალურში გადავიდა. ერთმანეთისთვის სიყვარული არ აგვიხსნია. რა ვიცი, ასე მახსოვს.

- "გააცინე და მოიგეში" ნათიას მონაწილეობისას, ჟიურის წევრები ვინ იყვნენ და მათ კითხვას, თუ რაში აპირებდა მოგებული თანხის დახარჯვას, ნათიამ რა უპასუხა?

მიშა:

- ჟიურის წევრები მიშა ანდღულაძე და ნიკა არაბიძე იყვნენ. მათ შეკითხვაზე ნათიას პასუხი რა იყო, ნამდვილად არ მახსოვს.

ნათია:

- ჟიურიში ნიკა არაბიძე და მიშა ანდღულაძე იყვნენ. როცა მკითხეს, მოგებული თანხის დახარჯვას რაში ვაპირებდი? ვუპასუხე, - ვალებს გავისტუმრებ-მეთქი. ამას რა დამავიწყებს (იცინის)?!.

- მფლანგველი ხარ? ის თუა მფლანგველი?

მიშა:

- მფლანგველი არც ერთი არ ვართ. უბრალოდ, ანგარიშმიუცემლად, რაღაც იდიოტობის ყიდვა მიყვარს. ყოველდღიურად ასე არ ვიქცევი. შეიძლება, ათასში ერთხელ ფული გადავიხადო მაგალითად, სათამაშო თოფში. ნათიას რაც შეეხება, ის გამოზომილად იქცევა - ანგარიშიანია. ხომ გეუბნები, ერთმანეთს ვავსებთ: მე ცოტათი მფლანგველი ვარ, ის - ანგარიშიანი.

ნათია:

- ფულის დახარჯვა მიყვარს, მაგრამ მფლანგველი არ ვარ. ჩემთან შედარებით, მიშა უფრო მფლანგველია.

- მიშა, შენ მიერ განსახიერებული კომიკური პერსონაჟებიდან განსაკუთრებულად რომელი გმირი მოგწონს? ნათიას რომელი მოსწონს?

მიშა:

- მე - არც ერთი (იცინის). მუშაობისას მომწონს განსახიერება, მაგრამ ესა და ეს გმირი მომწონს და სულ ამას "გავაკეთებ"-მეთქი, ასე არც ერთი პერსონაჟის მიმართ არ ვარ განწყობილი. მგონი, ნათიაც ასე ფიქრობს, მაგრამ შეიძლება, ჩემი ერთ-ერთი პერსონაჟი - მიგელი გაიხსენოს.

ნათია:

- ყველაზე მეტად "ოპერატორის" სკეტჩი მომეწონა. პერსონაჟებს ყურადღებას დიდად არ ვაქცევ. შემიძლია, მუსიკალური კლიპი დავასახელო: "დამირეკე, ტელეფონო" ძალიან მომეწონა. თავად ალბათ, "ვანოს შოუში" არაადეკვატური ტიპის როლს რომ ასრულებს და "ცინკვესები" აქვს, ეგ მოსწონს. პრინციპში, ამ პერსონაჟს მეც გამოვარჩევ.

- დაასახელე თქვენი ქორწინების თარიღი.

მიშა:

- 14 ივნისი, 2014 წელი.

ნათია:

- 14 ივნისი, 2014 წელი.

- ერთმანეთს რა მეტსახელებით მიმართავთ?

მიშა:

- მეტსახელი არ გვაქვს ამოჩემებული. ერთმანეთს რაღაცებს ვეძახით, მაგალითად: ბარტყი, ბაჭია, ბასა, ბუსა, სასა... ყველაფერი (იცინის)!..

ნათია:

- ბუსა; ხანდახან "ბასასუნას" ვეძახი.

- მას რომელი კერძი ან საკვები ინგრედიენტი არ უყვარს? შენ რომელი არ გიყვარს?

მიშა:

- მაგრად არ უყვარს ყველი და ხახვი. მე ბროწეული არასოდეს გამისინჯავს - მისი ვიზუალი ისე არ მიზიდავს, რომ გასინჯვამდე მივიდეს საქმე.

ნათია:

- საერთოდ, ქათმის ხორცი არ უყვარს - ეგ ვიცი. მე ბევრი რამ არ მიყვარს, მაგალითად - ხახვი. საერთოდ, ხახვს არ ვჭამ, ახლოს არ ვეკარები. კიდევ, სუპს ვერ ვიტან. ხინკლის მოყვარულიც არ ვარ - იშვიათად მივირთმევ.

- სკოლაში სწავლისას, რომელ საგანში იყავი ძლიერი? ის რომელში იყო ძლიერი?

მიშა:

- ტექნიკურ საგნებში - ნათია, ჰუმანიტარულში - მე.

ნათია:

- ალბათ, ის ჰუმანიტარულ საგნებში იქნებოდა ძლიერი, მე - მათემატიკაში.

- რომელ პოლიტიკურ პარტიას გულშემატკივრობს? შენ რომელს გულშემატკივრობ?

მიშა:

- საერთოდ, არც ერთს არ ვგულშემატკივრობთ. ვცდილობთ, სახლში პოლიტიკისგან შორს ვიყოთ და ერთმანეთს უფრო მეტი დრო დავუთმოთ.

GzaPress ნათია: - არც ერთს (იცინის), ოღონდ - მართლა. კონკრეტულად რომელიმე პარტია ამორჩეული არ გვაქვს. აპარტიული ვარ, მაგრამ აპოლიტიკური - არა, რადგან პოლიტიკა მაინტერესებს. პოლიტიკასთან დაკავშირებით, აზრს მე უფრო გამოვხატავ, მიშა - არა.

- შენი ფეხის ზომა რომელია? მისი?

მიშა:

- ჩემი - 42, ნათიასი - 37-38.

ნათია:

- ჩემი - 38-39, მისი - 42.

- დაასახელე სამოსი, რომელსაც ის არასოდეს ჩაიცვამს. შენ რომელს არ ჩაიცვამ არასოდეს?

მიშა:

- ალბათ, შოტლანდიურ კაბას არასოდეს ჩავიცვამ, მაგრამ რავი, რატომაც არა? შეიძლება, ჩავიცვა კიდეც. არ არსებობს სამოსი, რომელსაც არ ჩავიცვამ. ნათიას რაც შეეხება, არასოდეს გამიგია, ეთქვას - ამას არ ჩავიცვამ, მეზიზღებაო.

ნათია:

- ალბათ, არ არსებობს სამოსი, რომელსაც მიშა არ ჩაიცვამს. როლის გამო ჩაცმა რომ მოუწიოს?.. ისე, ალბათ, ზოლიან სპორტულ სამოსს (აი, ბანძი "სპორტულები" რომ არის) არასოდეს ჩაიცვამს... ალბათ, მე ძალიან გრძელ კაბას არ ჩავიცვამ. მოკლედ, არ ვიცი. სიმართლე გითხრა, ყველაფერს ვიცვამ ხოლმე.

- რამდენ კილოგრამს იწონი? ის რამდენს იწონის?

მიშა:

- მე - 69-ს, ნათია ბოლოს 70 კგ-ს იწონიდა.

ნათია:

- უიი... უკვე 70 კილოგრამს ვიწონი. ორსულობისას წონაში ძალიან მომატებული ვიყავი. თუ არ ვცდები, მიშა 68 კგ-ს იწონის.

- ყველაზე ხშირად რას საყვედურობთ ერთმანეთს?

მიშა:

- მობილური ტელეფონის ხშირი სარგებლობის გამო ვსაყვედურობ.

ნათია:

- გონებაგაფანტულობის გამო ვსაყვედურობ, ის კი იმის გამო, როცა შინ კარგი საჭმელი არ დახვდება ანუ იმას ვგულისხმობ, რომ ვერ ვახერხებ, ყოველდღიურად სადილი დავახვედრო, თორემ ჩემ მიერ მომზადებული კერძები მოსწონს. ყოველ შემთხვევაში, არ უთქვამს და არც მიგრძნია, რომ არ მოსწონს.

- მისი ცუდი განწყობის უებარი წამალი რა არის? შენი?

მიშა:

- მისი - "შეშვება" ანუ ცოტა ხნით უნდა შეეშვა, ჩემი - განმარტოება, ცოტა ხნით მარტო უნდა ვიყო. პრინციპში, ერთი და იგივე გამოდის.

ნათია:

- ცუდი განწყობის უებარი წამალი ორივესთვის ჩვენს ბავშვთან ერთად ყოფნაა.

- როგორ ფიქრობ, თქვენი პასუხები ერთმანეთს რამდენი პროცენტით დაემთხვევა?

მიშა:

- აზრზე არ ვარ. შეიძლება, ყველა დაემთხვეს, შეიძლება - არც ერთი.

ნათია:

- ალბათ, 60%-ით.

ეთო ყორღანაშვილი