ლადო ათანელის 30 წლის სცენური და 26 წლის სიყვარულის იუბილე - გზაპრესი

ლადო ათანელის 30 წლის სცენური და 26 წლის სიყვარულის იუბილე

ახლახან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართველი საოპერო მომღერლის, მსოფლიოს ვარსკვლავის - ლადო ათანელის სცენაზე მოღვაწეობის 30 წლის იუბილე აღინიშნა. ქართველ მაყურებელს კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება მოესმინა ბარიტონისთვის, რომელიც მუსიკის კრიტიკოსებმა მოიხსენეს, როგორც "ოქროს ყელი საქართველოდან", მისი ხმა კი "ასკარატიან ბრილიანტს" შეადარეს. მომღერლის ხმა (რომლის სიმძლავრეც ჟურნალ "ორფეოსში" 355 ცხენის ძალას გაუტოლეს), ამჯერად სცენის ნაცვლად, ოჯახურ გარემოში მოვისმინე - ლადო ათანელმა და მისმა მეუღლემ, მანანა ჩიქოვანმა მათი პირადი და შემოქმედებითი თანაცხოვრების შესახებ არაერთი ექსკლუზიური დეტალი გაგვიმხილეს...

- ახლახან ოპერის თეატრში თქვენი სცენაზე მოღვაწეობის 30 წლის იუბილე აღინიშნა. მიგაჩნიათ, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმის გახარჯვა მოახერხეთ?

- ნამდვილად ასეა! თუმცა, ვფიქრობ, ამერიკელი ან იტალიელი რომ ვყოფილიყავი, უფრო ფართომასშტაბიანი პიარის შესაძლებლობა მომეცემოდა.

- მეუღლეს, რომელიც თქვენი პირადი კონცერტმაისტერია, "ღვთისგან ბოძებულ ანგელოზს" უწოდებთ...

- მანანამ ორი საოცარი წიგნის გამოცემას უხელმძღვანელა, მისი დამსახურებით არსებობს უამრავი აუდიო თუ ვიდეოჩანაწერი, აქტიურად მონაწილეობს საკონცერტო პროგრამების განხილვაში. მოკლედ, დიდი ძალაა, როცა გვერდით ნამდვილი პროფესიონალი, გასაოცარი ენერგიისა და ინტუიციის მქონე, განათლებული და გემოვნებიანი ადამიანი გყავს. მასთან ერთად 43 საოპერო როლი მოვამზადე, მისი თანადგომით გავიმარჯვე ორ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კონკურსზე. ის მეგობარია როგორც შემოქმედებით, ისე პირად ცხოვრებაში.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

მანანა ჩიქოვანი:

- 27 ნოემბერს ჩვენი ერთად ყოფნიდან 26 წელი გავიდა. მადლობა თქვენს ჟურნალს ინტერვიუს სახით გაკეთებული საჩუქრისთვის. კონსერვატორიაში თანამშრომლები ვიყავით. ლადომ თავის ერთ-ერთ გამოსვლაზე დაგვპატიჟა. მისი ნამღერი რომ მოვისმინე, ვთქვი, ლადო ძალიან ჰგავს მარიო ლანცას, დიდი მომღერალი გამოვა-მეთქი. კულისებში წარმატებული გამოსვლა მივულოცე და აღვნიშნე, სცენაზე ძალიან კარგი ხართ-მეთქი. ეწყინა, ანუ სცენის მიღმა კარგი არ ვარო (იღიმის)?.. სამი წლიდან ოპერაში ვიზრდებოდი. მამა, შალვა ჩიქოვანი მხატვარი, დედა კი მომღერალი, მეცოსოპრანო გახლდათ. ამიტომ, ერთი ნახვით ვგრძნობდი, ვის როგორი მომავალი ექნებოდა. როცა პირველად საოპერო სტუდიაში პაატა ბურჭულაძის გამოსვლა მოვისმინე, ვთქვი, მსოფლიო ბანი გახდება-მეთქი, ლადოს კი მსოფლიო ბარიტონობა ვუწინასწარმეტყველე (იცინის). მაშინ გაეცინა, მაგრამ ჩემი ნათქვამი ახდა. ბედნიერი ვარ, რომ მისი წარმატება და აღფრთოვანებული მაყურებელი მსოფლიოს უდიდეს სცენებზე მაქვს ნანახი. რად ღირს, თუნდაც, სხვადასხვა პროექტზე პლასიდო დომინგოსთან ერთად მუშაობა. პლასიდოს მეუღლე, მარტა დომინგო ლადოს ხმით აღფრთოვანებული იყო და სადაც კი სპექტაკლს დადგამდა, მხოლოდ ათანელს ითხოვდა. ჯვარი 1993 წლის 27 ნოემბერს დავიწერეთ. მახსოვს, ყველაფერი თოვლით იყო გადათეთრებული. ლადომ მკითხა, რა ყვავილი მიყვარდა. ვუთხარი, გვირილა მიყვარს, მაგრამ ამ თოვლში ვერსად ნახავ-მეთქი. მოახერხა და ჯვრისწერის დღეს გვირილების უზარმაზარი თაიგული მომართვა. ჩვენი მეჯვარე მაესტრო ნოდარ ანდღულაძე გახლდათ, რომელმაც ქორწილი საკუთარ სახლში გადაგვიხადა. როცა მოსაღამოვდა, დრო სანთლის შუქზე, რომანტიკულად გავატარეთ (იცინის), მაშინ ხომ ელექტროენერგია სანატრელი გვქონდა... სუფრის წევრებს შორის გახლდნენ ცისანა ტატიშვილი და გოგი თოთიბაძე. საოცარი დამთხვევა იყო, როცა საქორწინო საჩუქრად ოთახში გოგი თოთიბაძის ნამუშევარი - გვირილების ულამაზესი სურათი შემოიტანეს.

ლადო ათანელი:

- 1995 წელს გერმანიიდან კონკურსზე მივიღეთ მიწვევა. ჩასვლისთანავე მიმიწვიეს თეატრში და მას შემდეგ 21 წლის მანძილზე, მე და მანანამ მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ერთად ვიმოგზაურეთ, საოცარი საგანძური შევქმენით როგორც მოგონებების, ისე ფირზე აღბეჭდილი დიდი წარმატების სახით.

- რომელსაც ქალბატონი მანანა დიდი რისკის ფასად აგროვებდა...

მანანა ჩიქოვანი:

- 250-მდე ვიდეოჩანაწერი მაქვს. მოგეხსენებათ, ეს იკრძალება, თუმცა, ამას ჩუმად, დაძაბულობის ფასად ვახერხებდი. შედეგად, თვალში სისხლი ჩამექცა. საყრდენის გარეშე გადაღების გამო დამიზიანდა ხელი, მტკიოდა წელის არე. ლადოს ვეუბნები ხოლმე, მთელი ცხოვრება და ჯანმრთელობა შემოგწირე-მეთქი.

- გადაღებისას უხერხულობა არასოდეს შექმნილა?

- ძლიერი ინტუიცია მაქვს და "საფრთხეს" რომ ვიგრძნობდი, ერთი ადგილიდან მეორეზე გადავჯდებოდი ხოლმე. მადრიდში ჯოკონდას პრემიერა იმართებოდა. თითქოს, გულმა მიგრძნო, რომ არ უნდა გადამეღო, მაგრამ ლადომ მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი. ბოლო სცენა იყო, ლადოს დარბაზი აპლოდისმენტებით აცილებდა. ამ დროს ჩემ გვერდით მამაკაცმა ფოტო გადაიღო და ფოტოაპარატის განათების დანახვისთანავე ჩემკენ ორი მამაკაცი წამოვიდა. ლოჟიდან გამოქცეულს, ერთ-ერთი დამედევნა, კარში ჩადგა და აპარატის წართმევა დააპირა. ხელზე დავარტყი, კარი გავაღე და ლადოს საგრიმიოროში შევვარდი. მოგვიანებით უთქვამს, ჩემ წინ ანგელოზივით ქალი იდგა და მოულოდნელად დამარტყაო... მეორე შემთხვევა ლა სკალაში იყო. სამი მოქმედება მქონდა გადაღებული, როცა ვიგრძენი, რომ ერთმა ქალბატონმა დარბაზი დატოვა. მივხვდი, უნდა დავესმინე. გადამღები პატარა ჩანთაში ჩავდე და გავედი. გარს სამი მამაკაცი შემომეხვია. ჩანთის გახსნა ვერ მაკადრეს, მაგრამ გამაფრთხილეს, გადაღება აღარ გააგრძელოთო...

- ამბობენ, რომ ისიც კი განგების ნებაა, როგორი ადამიანები შეგხვდება ცხოვრების გზაზე. ამ მხრივ განებივრებული ხართ?

GzaPress ლადო ათანელი: - დიახ, ასეთი ადამიანები გავლენას ახდენენ ცხოვრების გზის აღმართ-დაღმართზე. ყველას არ ჰქონდა საშუალება ისეთი ახლო ურთიერთობის ბედნიერება ჰქონოდა, მაგალითად, ნოდარ ანდღულაძესთან, როგორიც მე გამაჩნდა. ნოდარის მამის, დავითისა და მისი მეუღლის, ბარბარა მამამთავრიშვილის გარემოცვაში ყოფნა უდიდესი სულიერი და ინტელექტუალური საზრდო გახლდათ. მათ სახლს კულტურის დიდ კერად ვიხსენიებდით და საბედნიეროდ, იქ ოჯახის წევრებივით ვიყავით მიღებული. მაესტროს განათლების ხარისხი, ღირებულებები, თავაზიანობა, თავმდაბლობა, გულუხვობა სამაგალითო გახლდათ. მაგიდის გარშემო თავმოყრილ სტუდენტებს ხშირად გვიმასპინძლდებოდა ტორტითა და ჩაით. ყოველდღიურად, დილიდან საღამომდე, მოწაფეებს როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ცოდნას გადასცემდა, ბოლომდე იხარჯებოდა... გამორჩეული გახლდათ ჩემი პირველი პედაგოგი, ჯემალ ლორთქიფანიძე, რომელთანაც ვოკალური "აი ია" დავიწყე. გურამ ქაშაკაშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი გახლდათ. პირველ კონკურსში ჩემი მონაწილეობისთვის კულტურის სამინისტროში სახსრები ვერ გამოიძებნა. მონაწილეობის საშუალება ბატონი გურამის დაფინანსებით მომეცა და პირველი პრემიაც ავიღე. გამოვყოფდი ასევე, ინსტრუმენტალისტსა და დირიჟორს, ზაქრო ხუროძეს. კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში მასთან მოვამზადე "ფიგაროს ქორწინება". რეკომენდაცია გამიწია, რომ მოესმინათ ჩემთვის თეატრში. მაშინ პირველად შევხვდი დიდ მაესტრო ჯანსუღ კახიძეს. ის დიდი მუსიკოსი და არაჩვეულებრივი, სხარტი აზროვნების პიროვნება იყო. მიხვდა, რომ ჩემგან "რაღაც" გამოვიდოდა (იცინის). მეხუთე კურსზე უკვე თეატრში მუშაობის ერთი წლის სტაჟი მქონდა. რომ დავამთავრე, ერთ კვირაში თეატრში ჩემი დებიუტი შედგა... გამოვყოფ ასევე, მეტროპოლიტენის მთავარ დირიჟორს, ჯეიმს ლივაინს. პირველად რომ მომისმინა, მოხსნა სხვა ბარიტონი და "ნაბუკოს" სპექტაკლები დამინიშნა, რომელიც მთელ მსოფლიოში პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს შემოქმედებით წინსვლაში პლასიდოსთან ურთიერთობას. კომპაქტდისკის ჩაწერისას შემადგენლობას ეძებდა. ჩემმა ამერიკელმა მენეჯერმა ჩანაწერი გაუგზავნა. მოგვიანებით აღნიშნა, - როცა მოვისმინე, მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის ხმა იყო, რომელსაც ჩემთან ერთად უნდა ემღერაო.

- რამეზე გწყდებათ გული?

- გული იმ ადამიანებზე მწყდება, ვინც ამ ქვეყნიდან წავიდნენ. კიდევ იმას ვდარდობ, რომ მამას ისე ვერ მოვეფერე, როგორც საჭირო იყო. რაც შეეხება პროფესიულ მხარეს, გული არაფერზე მწყდება...

- ქალბატონო მანანა, თქვენ აღნიშნეთ: გყავდეს სახლში ხელოვანი, ნიშნავს იმავეს, ბავშვს უვლიდეო...

- მართლაც ასეა, განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. როცა უნდა იმღეროს, წინა სამი დღე თითის წვერებზე დავდივარ... თუ შენიშვნას მომცემს, ვფიქრობ ხოლმე, - ერთი იმღერე და მერე გიპასუხებ-მეთქი, მაგრამ ისე იმღერებს, წყენა მავიწყდება (იცინის).

- თქვენი განსაზღვრებით, რა არის სიყვარული?

ლადო ათანელი:

- ეს არის გრძნობა, რის გამოც სიმშვიდე დაკარგული გაქვს. ცხოვრება, ერთი მხრივ, აღმაფრენით მიდის, მეორე მხრივ კი - ტანჯვით. ესაა ერთგულება, გულწრფელობა და პატივისცემა. სიყვარულია, როცა ადამიანი მუდმივად გენატრება და მის გამო თავსაც უყოყმანოდ გაწირავ.

მანანა ჩიქოვანი:

- სიყვარულია, როცა პირველ რიგში მასზე ფიქრობ და არა საკუთარ თავზე. ბევრი მეუღლე სპექტაკლზე არ მიდის იმ მიზეზით, რომ არ ინერვიულოს...

ლადო ათანელი:

- მათი მეუღლეები ალბათ, კარგად ვერ მღერიან... (იცინის)

მანანა ჩიქოვანი:

- მე თან იმის გამო ვღელავ, რომ მღერის... თან ვიდეოს ვიღებ. სიყვარულია, როცა ამას ნებაყოფლობით აკეთებ. არც რეჟისორად მიმუშავია, არც გამნათებლად და არც სცენის მუშად, მაგრამ როცა საჭირო გახდა, შევძელი. როცა გიყვარს, სიყვარული თვითონ გკარნახობს რაღაცებს და ყველაფერი შესაძლებელი ხდება.

შორენა ლაბაძე