"თუ არ იცი, რა არის სიყვარული, გაგიჭირდება ქართული ცეკვა შეასრულო"
font-large font-small
"თუ არ იცი, რა არის სიყვარული, გაგიჭირდება ქართული ცეკვა შეასრულო"
ქართველი ბავშვების წარმატება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ

კახა დაშნიანს და მის "ლაშქარს" საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ კარგად იცნობენ. ქართული ცეკვის სწავლა მხოლოდ სცენაზე შესრულებული მოძრაობები არ არის, ის მოზარდს სხვა ღირებულებებს, კულტურას და წესრიგსაც აჩვევს. სწორედ ასე ზრდის თავის მოსწავლეებს კახა დაშნიანი. ის ცნობილი ქორეოგრაფის - ტაცია დაშნიანის შვილია. მამისგან გენეტიკურად მიღებულ ცეკვის სიყვარულს, ახლა საკუთარ შვილებს ასწავლის და მათთან ერთად იმ უამრავ მოზარდს, რომლებიც დღეს მასთან სასახლეში დადიან.



- 5 წლიდან ვცეკვავ. მამა მურთაზ (ტაცია) დაშნიანი ქორეოგრაფი იყო, სტუდიაში ბავშვობიდან დავყვებოდი. სასახლეში ჯერ თამაზ ჟორჟოლიანთან შემიყვანა, შემდეგ - ზაურ პაპიაშვილთან. ორივე მკაცრი პედაგოგი იყო. ბატონ ზაურს ხშირად ზღვაზე ავყავდით და იქ გვავარჯიშებდა.
- მამა ამ ნიშნით ქორეოგრაფებს სპეციალურად გირჩევდათ?
- ასე გამოდის.
- თქვენთვის ქართული ცეკვა რა არის?
- ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველაფერია. ნებისმიერ ცეკვას ხომ თავისი ხასიათი აქვს. ბავშვობიდანვე ვაჟკაცური ცეკვები მიყვარდა, გამორჩეულად - ფარიკაობა. ჩემს მოსწავლეებს სულ ვეუბნები, წარმოიდგინეთ, ჩვენი წინაპრები როგორ იბრძოდნენ-მეთქი. ყველა ცეკვას ხომ თავისი ისტორია და შინაარსი აქვს. ფარიკაობა მებრძოლი ცეკვაა. ქართული ცეკვა სატრფიალოა. ჩემი აზრით, ქართული ცეკვა ბავშვის შესასრულებელი არ არის. ძნელია, 8 წლის ბიჭს აუხსნა, როგორ ეტრფიალოს გოგოს. ქალის სიყვარული გულით თუ არ გიგრძნია, ემოცია მაყურებლამდე როგორ უნდა მიიტანო? რასაც ცეკვავ, ის უნდა აღიქვა. თუ არ იცი, რა არის სიყვარული, გაგიჭირდება, ქართული ცეკვა შეასრულო.
ძალიან მინდა, ბავშვები ქართული ცეკვებით დაინტერესდნენ, ეს მათ პიროვნულ განვითარებაზე აუცილებლად დადებითად აისახება. "სუხიშვილებში" ძველი თაობის მოცეკვავეებთანაც ვიყავი და ახლებთანაც, "ასა ფართი" პირველად მე და თეა დარჩიამ ვიცეკვეთ.
- თქვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მამას მეგობრები, მათ შორის, ბევრი ძალიან ცნობილი ქორეოგრაფი. იმ შეკრებებიდან რა გახსოვთ?
- ისინი ჩემთვის სამაგალითოები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, ამას ვაცნობიერებდი. ხშირად ლაპარაკობდნენ ხელოვნებაზე. მახსოვს, ასანთის კოლოფიდან ღერებს იღებდნენ, ვითომ ეს ღერები მოცეკვავეები იყვნენ, მაგიდაზე ალაგებდნენ და მერე გადაადგილებებს ახდენდნენ. ამ ფორმით ცეკვებს "დგამდნენ". მაშინ რთული პერიოდი იყო. მტკივნეულად განიცდიდნენ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, შემდეგ - ამ ტერიტორიის დაკარგვას. მათზე ომმა ძალიან იმოქმედა, აფხაზეთში ბევრი მეგობარი ჰყავდათ.
მამა მოულოდნელად გარდაიცვალა, არტოს ბაღში იდგა, ფრიდონ სულაბერიძეს ელაპარაკებოდა და... მანამდე არანაირი ჩივილი არ ჰქონია. ისიც კი არ უთქვამს, ცუდად ვარო. მისი ანსამბლი "მართვე" გასტროლისთვის ემზადებოდა, მაროკოში მიდიოდნენ, ბილეთები უკვე აღებული ჰქონდათ. ეს გასტროლი არ ჩავშალეთ. მაშინ მე "სუხიშვილებში" ვცეკვავდი. ანსამბლი ამერიკაში გასტროლზე მიდიოდა და უარი ვთქვი.
- რატომ?
- მამას გარდაცვალების შემდეგ, "სუხიშვილებსა" და "მართვეში" ყოფნას ერთდროულად ვეღარ ვახერხებდი. ბატონმა თენგიზმა მითხრა, აქედან ნუ წახვალ, გაფორმებული მაინც იყავი, რა იცი, რა ხდებაო.
თენგიზ სუხიშვილი უზომოდ თბილი ადამიანი იყო. ერთხელ ახალგაზრდობაში რაღაცამ წამომიარა, განცხადება დავწერე, ანსამბლიდან წასვლა მინდა-მეთქი და ხელი რომ მოეწერა, მასთან კაბინეტში შევედი. მკითხა, რატომ მიდიხარო? რაღაც პრობლემები მაქვს-მეთქი, - ჩავილაპარაკე. აქ დამელოდეო და დამტოვა. სხვა რა გზა მქონდა, გავიდა 40 წუთი და ეს კაცი არ ჩანს. არადა, ველოდები, განცხადებაზე ხელი უნდა მოვაწერინო. მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო. არ ვიცი, როგორ მოახერხა, მამაჩემი მოუძებნია და ოთახში მასთან ერთად დაბრუნდა. მამამ დამტუქსა, რას აკეთებო, ხალხი შენს ადგილზე ყოფნას ნატრობს და შენ რა დაგემართაო?
"სუხიშვილების" მიმართ ყოველთვის დიდი სიყვარული მქონდა და დღესაც ასეა. ამ ოჯახში არა მარტო ძლიერი პროფესიონალები, პირველ რიგში, კარგი ადამიანები არიან. შეიძლება მათი იმედი გქონდეს, ყველაფერი გულთან მიაქვთ.
- მამის გარდაცვალების შემდეგ, "სუხიშვილებიდან" წამოხვედით და "მართვეს" ხელმძღვანელი გახდით, არა?
- დიახ. მერე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ქორეოგრაფად მოვედი. ასაკით ყველაზე პატარა ქორეოგრაფი ვიყავი. სასახლეს მაშინ სხვა ღირსება ჰქონდა, აქ თუ მოხვდებოდი, ეს იმას ნიშნავდა, რომ რაღაცას წარმოადგენდი.
GzaPress
- "ლაშქარი" როდის შექმენით?
- 2002 წელს, "მართვედან" მოცეკვავეების დიდი ნაწილი წამოვიყვანე, აქ ჩემი ანსამბლით მოვედი. წლების განმავლობაში ძალიან ბევრი წარმატება გვქონდა, ეს მახარებს. ჩვენთან ბევრი სოციალურად დაცველი ბავშვი დადის.
- ამ თაობაზე რას გვეტყვით?
- ჩემს ახალგაზრდობაში უფრო სხარტი ბავშვები ვიყავით, ახლანდელები ტელეფონმა და ინტერნეტმა გონებაგაფანტულები გახადა. სტუდიაში ზოგიერთი ბავშვი არა საკუთარი, არამედ მშობლის სურვილით დადის. აქ რომ მოდის, რეგისტრაციას გაივლის და ვერ გაუშვებ. პრინციპში, არც უნდა გაუშვა, რადგან სხვაგან ყოფნას სჯობს, სასახლეში იყოს.
- მკაცრი პედაგოგი ხართ?
- სანამ შვილები მეყოლებოდა, ძალიან მკაცრი ვიყავი, ახლა შედარებით ლმობიერი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დისციპლინა არ მაქვს. იქ, სადაც დისციპლინა უმაღლეს დონეზე არ არის, წარმატებას ვერასდროს მიაღწევ, მით უმეტეს - ბავშვებთან.
სტუდიაში ბევრი ბავშვი დადის, მაგრამ ანსამბლში ისინი გადამყავს, რომლებიც ძლიერები, მონდომებულები არიან და ცეკვის სურვილი და სიყვარული აქვთ.
ვინც კარგად ცეკვავს და ეკონომიკური შესაძლებლობა არ აქვს, ის ამის გამო არ იჩაგრება. როგორღაც ვახერხებ, გული არ დავწყვიტო. მომავალშიც ასეთი მიდგომა მექნება. დავაკვირდი და ვინც ასეთი ოჯახებიდან არიან, ისინი უფრო მეტად მონდომებულები, მოტივირებულები, მშრომელები, სიცოცხლით სავსე და ენერგიულები არიან. ზოგიერთ ბავშვს 9 მანქანა ემსახურება და არაფრის გამკეთებელი არაა.
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ რაიონში ვიყავი. ზოგადად, რეგიონებში ყოველთვის კარგი ანსამბლებია. ბავშვები შრომობენ, სახლში უფროსებს ეხმარებიან, თან სწავლობენ, თან ცეკვავენ... ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, ყოველდღე სავარჯიშოდ რომ მიდიან, კილომეტრებს ფეხით გადიან. ასეთ ბავშვებზე ვგიჟდები, შრომის ფასი იციან. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი გასტროლი გვქონდა - კოლუმბია, ეკვადორი, ვენესუელა და პერუ მოვიარეთ. ისე მოხდა, თითოეულ ბავშვს 800 დოლარი გადაუხადეს, თან უფასოდ წაგვიყვანეს. მშობლებმა არც იცოდნენ, თანხას თუ აიღებდნენ. ბავშვებს ფული რომ მივეცი, ბევრმა უაზროდ დახარჯვა დაიწყო. უნდა გენახათ, ის ბავშვები, რომლებიც შეძლებული ოჯახიდან არ იყვნენ, იმ თანხას როგორ ინახავდნენ, გული მიკვდებოდა. მათ ფული მშობლებს ჩამოუტანეს. ერთ-ერთმა ოჯახმა ამ ფულით ვალი გაისტუმრა.
ბავშვებთან იმდენად ახლოს ვარ, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. ვიღაცას დედა რომ ენატრება, ვიცი, რაც უნდა ვუთხრა. პატარები არიან, ვუნერგავ ყველაფერი ქართული უყვარდეთ. ერთხელ მგზავრობის დროს აღმოვაჩინე, რომ ქართული ფილმები არ ჰქონდათ ნანახი. ერთი რომ ნახეს, დაინტერესდნენ. ამიტომ ყოველი მგზავრობისას ან გასტროლზე ქართულ ფილმებს ვაყურებინებდი.
- თქვენს მეუღლეზე მიამბეთ...
- ჩემი მეუღლე მოცეკვავეა. ერთმანეთი გასტროლზე გავიცანით. მისი ანსამბლი გასტროლზე მიდიოდა და მთხოვეს, მათთან ერთად 4 ბავშვი წამეყვანა. თავად 30-ზე მეტი იყვნენ. ერთი გოგო ჩემს ბავშვებთან ხშირად მოდიოდა და ეკითხებოდა, - რამე ხომ არ გინდათო? პატარებისადმი დიდ მზრუნველობას და ყურადღებას იჩენდა. 11 წლის ბავშვები მყავდა წაყვანილი და 2 თვე ყველა ერთად ვცხოვრობდით. ამ გოგოს ვაკვირდებოდი, მისი ეს დამოკიდებულება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. თავად რუსთავში ცხოვრობდა, დედა დაღუპული ჰყავდა, მამაც არ ჰყავდა, ფუფუნებაში გაზრდილი არ იყო (ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია) და ძალიან, ძალიან კარგად ცეკვავდა. საქართველოში რომ დავბრუნდით, შევთავაზე, ჩემთან რეპეტიტორად იმუშავებ-მეთქი? დამთანხმდა. 4 წელი შეყვარებული ისე ვიყავი, ერთი სიტყვაც არ მითქვამს.
- 4 წელი ჩუმად ყოფნა როგორ შეძელით?
- არ ვიცი, როგორღაც მოვახერხე. როგორც - სხვებს, მასაც ისე ვექცეოდი. ერთ დღეს დავურეკე, ფორმებისთვის ქსოვილი უნდა ვიყიდოთ-მეთქი. მერე პირდაპირ ვუთხარი, უკვე დავიღალე და თუ მომყვები, წამომყევი-მეთქი. გაკვირვებული დარჩა. ცუდი ბიჭი მეც არ ვიყავი და ოჯახი შევქმენით. ახლა 2 გოგო გვყავს. უფროსი 9 წლის არის.
- ცეკვავს?
- ცეკვა ორივეს დავაწყებინე. უფროსს შევატყვე, რომ დიდად არ ინტერესდებოდა, არ ინდომებდა და იმავე ჯგუფში დავტოვე. ჩემი შვილი რომ ხარ, იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე პრივილეგიით ისარგებლებ-მეთქი. ახლა ვატყობ, მეტად მონდომებული გახდა. მას სახლში ცალკე არასდროს ვამეცადინებ, სტუდიაში სხვა ბავშვებთან ერთად სწავლობს. სოლო პარტიას ყველა მოცეკვავეს ვასწავლი, რომ არ თქვან, მე არ მასწავლა, თორემ ვიცეკვებდიო. მერე ამ ბევრი ბავშვიდან მას ვაცეკვებ, რომელიც ყველაზე კარგად ასრულებს.
მინდა, ეს ანსამბლი არ დაიკარგოს და როცა მე არ ვიქნები, ეს საქმე ჩემმა შვილებმა გააგრძელონ. თავად მამას ადრეული ასაკიდან დავყვებოდი, თითქოს ამ საქმისთვის მამზადებდა, ამიტომაც გამიადვილდა. სულ მარიგებდა, ბავშვს არ აწყენინოო. მამა თავმდაბალი კაცი იყო. სულ მინდა, მისი მსგავსი ვიყო და ხშირად არ გამომდის.
- ახლახან გრიბოედოვის თეატრში წარმატებული გამოსვლა გქონდათ, ამერიკიდან მიწვევაც მიიღეთ. ამ წარმატების შესახებ მიამბეთ.
- მართლაც კარგი კონცერტი გამოგვივიდა, სცენაზე 10-კაციანი ბენდი დავსვით. გავაკეთე ცეკვა "ილოური", რომლიც ილიკოს და ნინოს ხსოვნას მივუძღვენი. ბავშვებს ყოველთვის ვუხსნი, იმ ადამიანების დამსახურებებს, რომლებსაც ქართული ცეკვის განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი.
კონცერტის შემდეგ გადმოგვცეს მოწვევა ამერიკიდან. ჩვენ მხოლოდ გზის ხარჯი უნდა დავფაროთ. იმედია, წასვლას მოვახერხებთ. იქ დარბაზს და ოჯახებში ცხოვრებას თავად უზრუნველყოფენ, შეძლებულ ოჯახებზეა ლაპარაკი, მათ შორის ადგილობრივი მერიის თანამშრომლებზე.
- როდესაც გასტროლზე ხართ, უცხოელი მაყურებლის მხრიდან უმეტესად რა გესმით, ბავშვებზე რას ამბობენ?
- ხალხი გაკვირვებული კითხულობს, ბავშვები ამას როგორ ახერხებენო? ამდენი ბავშვის ჩაბარება უდიდესი პასუხისმგებლობაა. ბიჭებს ბანაობაში ხშირად ვეხმარები, გოგონებს ჩემი და პატრონობს. რომ ჩამოვდივართ, მშობლები მადლობას მიხდიან, როგორი მოწესრიგებულები დაგვიბრუნდნენო. საკუთარ საწოლებს ყოველთვის თავად ვალაგებინებ, წესრიგს ვაჩვევ.
ახლახან ბულგარეთში საერთაშორისო ფესტივალზე ვიყავით და გრან-პრი ავიღეთ. მიწვევა გვაქვს ბელგიიდან და საფრანგეთიდან. ბელგიაში სამჯერ ვიყავით, იქ ჩვენი ბავშვები ძალიან მოსწონთ. მათ დისციპლინასა და წესრიგზე გიჟდებიან. უნდა ნახო, იქაური ბავშვები როგორ იქცევიან. ყველგან ქაოსი შეაქვთ, ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა. ჩვენები შენობაში რომ შედიან, საოცრად ზრდილობიანები, მოწესრიგებულები არიან, ყველამ დანა-ჩანგლის ხმარება იცის. ტრანსპორტშიც ასე იქცევიან, თავიანთ ფორმებს უვლიან. რასაც ვეტყვი, მიჯერებენ, პატივს მცემენ.
- მამათქვენის მეტსახელი ტაცია იყო, რის გამო შეარქვეს? ამ მეტსახელით თქვენც ბევრი ადამიანი გიცნობთ.
- მამას ტაცია იმიტომ შეარქვეს რომ კარგ იდეებს, კარგ სვლებს, მოძრაობებს ძალიან მარტივად იტაცებდა. მან გააკეთა პირველად ორ მუხლზე ტრიალი, რომელსაც ტაციას სოლო შეარქვეს. მერე "სუხიშვილებში" მეც ვაკეთებდი... მიხარია, რომ დღეს "ლაშქარში" ოჯახური გარემოა. 2002 წლის შემდეგ ბევრი წელი გავიდა, პირველი თაობის მოცეკვავეებს ახლა უკვე ჩემთან თავიანთი შვილები მოჰყავთ, უკვე ერთ ოჯახად შევიკარით.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი