"რაც უნდა მოამზადოს, ყველაფერი მეგემრიელება" - გზაპრესი

"რაც უნდა მოამზადოს, ყველაფერი მეგემრიელება"

"მასტერშეფში" მონაწილეობა გაგა ვარდანიძეს მეუღლემ გადააწყვეტინა. სკოლის ასაკიდანვე ჰქონია ინტერესი კულინარიისადმი, თუმცა თავდაპირველად, საქართველოს უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ჩაუბარებია და შემდეგ - კულინარიულ აკადემიაში. როგორც მითხრა, უცხოურ გადაცემებსაც აქტიურად ადევნებდა თვალს და ქართული "მასტერშეფის" პირველ სეზონსაც. კულინარია მისთვის უკვე იქცა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და როგორც ყველა შეფი, გაგაც საკუთარი რესტორნის გახსნაზე ოცნებობს.

- 16 წლის მივხვდი, რომ კულინარია ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა, მაგრამ ჩემს გატაცებას უფრო მოგვიანებით მივუდექი სერიოზულად და კულინარიულ აკადემიაში ჩავაბარე. მაშინვე მივხვდი, ეს იყო ჩემი და სხვა არაფრის კეთება არ მინდოდა. როდესაც ეს პროექტი ქართულ ტელესივრცეში გამოჩნდა, მე და ჩემი მეუღლე აქტიურად ვგულშემატკივრობდით მანჯის, თინასა და იას. ჩემი მეუღლე მთხოვდა, მონაწილეობა მიმეღო, მე კი თავს ვიკავებდი გარკვეული მიზეზების გამო. მანამდე ერთ-ერთ რესტორანში შეფმზარეულად ვმუშაობდი და არ მინდოდა, ვინმეს ეთქვა, უკვე შეფია, გამოცდილება აქვს და დამწყებებთან ერთად რატომ მონაწილეობსო? მერე ვიფიქრე, მოდი, ვცდი, შეიძლება ვერ გავიმარჯვო, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თანაც ეს სტიმული იქნება სხვა დამწყები შეფებისთვის-მეთქი. მაგ პერიოდში ესპანეთში ვცხოვრობდით. 10 სექტემბერს ჩამოვდიოდით საქართველოში, კასტინგი კი 6-ში მთავრდებოდა, მაგრამ ჩემდა გასახარად, გადაავადეს. მოკლედ, გამიმართლა.

- ალბათ ელოდით, რომ ათეულში მოხვდებოდით, არა?

- კი, ნამდვილად მქონდა ამის მოლოდინი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჟიურის წევრების რჩევები და შენიშვნები. შეიძლება ვთქვა, რომ რაც აქამდე მისწავლია, იმაზე მეტი ვისწავლე ამ მოკლე დროში. ძალიან საინტერესო პროექტია ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება ჟიურის სიმკაცრეს, ვთვლი, რომ ლმობიერები არიან. სამზარეულოში ბევრი შეცდომის უფლება არ გაქვს და შესაბამისად, ვერც ისინი აპატიებენ კონკურსანტებს მნიშვნელოვან შეცდომებს. ვისაც სამზარეულოში უმუშავია, დამეთანხმება, რომ ეს მარტივი არ არის. თუ სტრესს ვერ უძლებ, თუ არ მოგწონს მკაცრი მიმართვები, მაშინ შენი ადგილი კულინარიაში არ არის.

- თვითონ როგორი შეფი იყავით?

- (იცინის) ცოტა რთული კითხვაა, კარგი იქნება, ჩემს მზარეულებს ჰკითხოთ. ვფიქრობ, ობიექტური და ნაკლებად კრიტიკული. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი გამოცდილება მეც არ მქონდა, უფრო ლმობიერი ვიყავი, მეც ბევრ რამეს ვსწავლობდი მათგან და ასე გუნდურად ვაკეთებდით საქმეს. შეფი ვარ და შავი საქმის კეთებას ვთაკილობ-მეთქი, ასე არ იყო. დილიდან საღამომდე ჩაბმული ვიყავი საქმეში, - ეს იქნებოდა დარბაზის მომზადება, კერძის მომზადება თუ სერვირება.

- ძალიან შრომატევადი პროფესიაა, ხომ?

- მართლაც, რთული და შრომატევადი პროფესიაა, სტრესულიც. დიდი პასუხისმგებლობა გაქვს, რადგან შენი ნახელავი სტუმარმა უნდა დააგემოვნოს. შეიძლება ითქვას, მის ჯანმრთელობაზეც კი აგებ პასუხს.

GzaPress

- კარგი მზარეული რომ გახდე, ამისთვის რა არის საჭირო? - პირველ რიგში, სამზარეულო უნდა გიყვარდეს, მიზანდასახული იყო, სტრესულ გარემოში შეგეძლოს მუშაობა, ძლიერი უნდა იყო სულიერადაც და ფიზიკურადაც. ეს საქმე თუ არ გიყვარს, არასდროს არაფერი გამოგივა. ხელოვნების დონემდე უნდა აიყვანო ეს საქმე. უნდა იცოდე, რომ შენი ხასიათი გადადის კერძზეც. თუ სიყვარულით არ ამზადებ, ის კერძი გემრიელი არ გამოდის, ჩემს შემთხვევაში ასეა.

- და რამდენად ხშირად ხდება ასე?

- კერძი ბევრჯერ გამომსვლია ცუდი, განსაკუთრებით ექსპერიმენტების დროს. ამ პროფესიაში არ გაქვს უფლება, რამეს შეუშინდე, მე მიყვარს ექსპერიმენტები, 70% ამართლებს, 30% - არა, მაგრამ იმდენს ვსწავლობ, რომ ღირს.

- ინგრედიენტი, რომელსაც ხშირად იყენებთ, რომელია?

- განსაკუთრებული სიყვარული მაქვს ქინძისა და ნივრის მიმართ და ეს ჩემს კერძებს ეტყობა კიდეც. დარიჩინი და მარილიც მიყვარს.

- ჭამა თუ გიყვართ?

- მიყვარს, არადა, ბავშვობაში ძალიან პრეტენზიული ვიყავი, მხოლოდ შემწვარ კარტოფილს მივირთმევდი (იცინის).

- ახლა კი თქვენი პროფესიის გამო ბევრი რამის დაგემოვნება გიწევთ.

- მოდი, ასე ვთქვათ, ყველაფრის დაგემოვნება მიწევს და ჭამაც შემიყვარდა.

- თქვენი მომზადებული რა უფრო უყვართ თქვენს მეგობრებს, ახლობლებს, მეუღლეს?

- სამწუხაროდ, დრო არ მაქვს და ხშირად ვერ ვამზადებ მათთვის, მაგრამ თბილისში, რამდენიმე რესტორანში ჩემი რეცეპტით მზადდება ბურგერები და იქ მიდიან ხოლმე დასაგემოვნებლად. მაქვს სხვა საავტორო კერძები, თუმცა ჯერ არ გავასაჯაროებ და სიურპრიზად დავტოვებ. როცა მხოლოდ სამზარეულოზე ფიქრობ, მაშინ ჩნდება ახალი გემოები, ახალი კერძები და სწორედ ეს პროექტი გაძლევს ამის საშუალებას.

- რომელი ქვეყნის სამზარეულოა თქვენთვის პირველ ადგილზე?

- დიდ პატივს ვცემ ქართულ სამზარეულოს, რომელსაც ვერც ერთი ქვეყნის სამზარეულოს ვერ შევადარებ, თუმცა მხოლოდ ქართულშიც არ ვიკარგები. მსგავსი პროექტების საშუალებით ქართული სამზარეულო მალე უფრო მეტად დაიხვეწება და ვფიქრობ, ბევრ სხვას აჯობებს კიდეც. დიდი რესურსი გვაქვს, სუნელ-სანელებლებით განსაკუთრებით გამოვირჩევით.

- მეუღლეც გაგვაცანით, მას როგორი დამოკიდებულება აქვს ამ ყველაფრის მიმართ? ბევრს ჰგონია, რომ ქალს უმართლებს, როცა კულინარი მეუღლე ხვდება.

- მარიამმა დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი, უცხო ენების ფაკულტეტი და თავისი პროფესიით მუშაობს. გეთანხმებით, ქალებს ჰგონიათ, რომ გაუმართლათ და სამზარეულოში ტრიალი აღარ მოუწევთ, მაგრამ სულ ტყუილად, ისინი ცდებიან. შეფმზარეულებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ, რომ მეუღლეები გაანებივრონ. მეც იშვიათად ვახერხებ მისთვის რამე გემრიელი მოვამზადო. შეიძლება, ვინც მიყვარს, მასზე ყოველ წამს ვფიქრობდე, მაგრამ სურვილის მიუხედავად, ვერ ვუმზადებდე სადილს.

- თქვენ ხომ არ უწუნებთ ნახელავს?

- არ ვარ კრიტიკული, რაც უნდა მოამზადოს, ყველაფერი მეგემრიელება. როცა შენი საყვარელი ადამიანი შენთვის სიყვარულით ამზადებს, როგორ შეიძლება რამე დაუწუნო?

- ალბათ ყველაზე მეტად, სწორედ მეუღლე ნერვიულობს...

- მთელი ოჯახი ჩემი გულშემატკივარია - მშობლები, ძმა, ძმისშვილი, უსაყვარლესი ბებია, ბიძა. პატარაობისას, როდესაც მამას ვთხოვდი რამის გაკეთება დაევალებინა ჩემთვის, უარს მეუბნებოდა, ისწავლე და უნივერსიტეტში ჩააბარეო. ახლა ვხვდები, რატომაც - იცოდა, რომ ეს რთული საქმე იყო. მამა თვითონაც მზარეულია, უფრო კარგად თურქული სამზარეულო გამოსდის. ჩემი ძმაც მზარეულია. ერთმანეთისთვისაც კი აღარ გვრჩება დრო. სახლში ბებო ამზადებს უგემრიელესად და შეუდარებლად, თან სხვანაირად გემრიელია მისი ნახელავი.

- გაგა, კონკურენტებზე რას იტყვით?

- საერთოდ, ემოციების გამოხატვა მიჭირს, შეიძლება ძალიან ვნერვიულობდე, მაგრამ ვერ გამოვხატავ. არიან კონკურსანტები, რომლებიც ნერვიულობენ და ემჩნევათ კიდეც. თავიდან უფრო ვღელავდი, მერე გარემოს შევეჩვიე. ძლიერი კონკურენტები მყავს. ვერ გაიგებ, ვინ როდის რას გააკეთებს. ზოგის ვიზუალური მხარე არ მომწონს, მაგრამ გემოებს კარგად სვამს, ზოგს კი სწორედ ვიზუალური მხარე აქვს ძლიერი. ყველას წარმატებას ვუსურვებ!

- ამ პროექტმა თუ შეცვალა თქვენი სამომავლო გეგმები?

- სიმართლე გითხრათ, უკვე შეიცვალა და რა იქნება სამომავლოდ, ეს პროექტზეცაა დამოკიდებული. ვნახოთ, გავიმარჯვებ თუ ვერა. დროებით ესპანეთში ცხოვრებას და კულინარიაში ცოდნის გაღრმავებას ვაპირებდი, მაგრამ თუ გავიმარჯვე, ალბათ საქართველოში დავრჩები. შეიძლება მხოლოდ რამდენიმე თვით წავიდე სასწავლებლად. საქართველო ის ადგილია, სადაც მინდა ვიცხოვრო.

ნინო ჯავახიშვილი