"კარგი ქმრობა რთულია" - გზაპრესი

"კარგი ქმრობა რთულია"

მსახიობი და ტელეწამყვანი დავით ველიჯანაშვილი უკვე მესამე წელია, გადაცემის - "ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი" წამყვანი გახლავთ. ახლახან სერიალში - "იდეალური დედა" ვანოს როლით გამოჩნდა. საქმიანი, ენერგიული და პოზიტიური დავით ველიჯანაშვილი, მეუღლესთან - ირინა ფრუიძესთან ერთად, 2 შვილს ზრდის. თუ რატომ მოსწონს გადაცემის წამყვანობა, რა თვისება განასხვავებს ვანოსგან მკვეთრად, რატომ არის კარგი ქმრობა რთული და რისი ეშინია ყველაზე მეტად? - ამის შესახებ დავითი თავად გვესაუბრება...

- გადაცემის - "ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი" წამყვანად თავს გადასარევად ვგრძნობ! ეს გადაცემა ძალიან მომწონს: ჯერ ერთი, Metro Goldwyn Mayer-ის პროექტია, რომელიც თავის დროზე, 50-ზე მეტი ქვეყნის ტელეეთერში გავიდა. შესაბამისად, ჩვენთანაც ლიცენზიით, ოფიციალურად გადის. თავდაპირველად, როცა გადაცემას ვამზადებდით, Metro Goldwyn Mayer-ის წარმომადგენლებთან კავშირი გვქონდა. ე.წ. პილოტიც ნახეს, რეკომენდაციებიც მოგვცეს... მეორე მიზეზი, რის გამოც ეს გადაცემა მომწონს, ის არის, რომ როგორც მახსოვს, არც ერთ ქვეყანაში ამ პროექტს ის დეტალი არ ჰქონია, რაც ჩვენ დავუმატეთ: გადაცემის სტუმარ "სელებრითს" მოგებული თანხა არ მიაქვს - ქველმოქმედებას ახმარს. ყველა სიხარულით თანხმდება, რომ მოგებული თანხა ქველმოქმედებაში დააბრუნოს. შეიძლება, ქველმოქმედება ბევრნაირი იყოს: მაგალითად, ისეთი ბავშვებისთვის მხარში ამოდგომა, რომლებსაც მცირე ბიძგი სჭირდებათ, მთაში ცხოვრობენ, წიგნები, ინტერნეტი არ აქვთ... შესაძლოა, ბავშვი ვიოლინოზე კარგად უკრავს, მაგრამ მუსიკალური ინსტრუმენტი არ აქვს და ა.შ. გარდა ამისა, ზოგ სოფელში 25-30 ადამიანი ცხოვრობს. იქ სკოლებში უკვე მხოლოდ 4 ბავშვი დადის. გადაცემაში მოგებული თანხით ასეთი სკოლებისთვისაც ვყიდულობთ იმას, რაც სჭირდებათ: სასკოლო ინვენტარს, წიგნებს, ლეპტოპს... ვინც ქალაქში ვცხოვრობთ, თითქოს ჩვენს შვილებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისთვის, რესურსის განვითარებისთვის და მომავლის დაგეგმვისთვის ყველაფერი აქვთ. ხშირად ეს რესურსი სხვებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, უნდა იყოს. ჩვენი გადაცემის სლოგანიც ასეთია: "ცოდნა ცვლის მომავალს". ქვეყანაში ხომ ბევრი პრობლემაა? ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განათლების საკითხია, რომ მომავალი თაობა ბევრად გათვითცნობიერებული იყოს, ბევრი იცოდეს. ბავშვები რაც უფრო განათლებულები იქნებიან, მით უკეთესი ქვეყანა გვექნება... კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ ბავშვებისთვის კასტინგებს მთელი საქართველოს მასშტაბით ვატარებთ: მოგეხსენებათ, გადაცემაში მონაწილე მოსწავლეები ყოველ სეზონზე იცვლებიან, რადგან აუცილებელი პირობაა, რომ ისინი მეექვსეკლასელები იყვნენ. ბავშვების შესარჩევად მთელ საქართველოში ჩავდივართ, თითქმის ყველა რაიონულ ცენტრს ვსტუმრობთ, სადაც უამრავი მოსწავლე მოდის და ორეტაპიან კასტინგს გადის. ახლა გადაცემაში მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეული 25 საუკეთესო ბავშვი გვყავს. გადაცემაში მოხვედრა მათთვისაც ერთგვარი გამოწვევაა: ერთმანეთს ეჯიბრებიან, ქულებს აგროვებენ, სხვებისთვის მაგალითი ხდებიან... აი, ამ ყველაფრის გამო, გადაცემაში - "ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი" ყოფნა მომწონს.

GzaPress

- გადაცემაში სტუმრობაზე ცნობილების დათანხმება არ გიჭირთ? - ვერ ვიტყვი, რომ - არა. ის საკითხი, რომ მოგებული თანხა ქველმოქმედებას ხმარდება, ძალიან კარგად "მუშაობს". გადაცემის არსი ის არის, რომ შეკითხვები სასკოლო პროგრამიდანაა დასმული, რაც თავის დროზე, უკვე ვისწავლეთ. შეიძლება, სტუმრებს წლების წინ ნასწავლი აღარ ახსოვდეთ. პასუხის სწორად გაცემაში მეექვსეკლასელები ეხმარებიან, ანუ სტუმარიც და სკოლის მოსწავლეებიც ერთად, ერთი მიზნისთვის თამაშობენ. "სელებრითებს" გადაცემაში სტუმრობის ცოტათი ეშინიათ - უხერხული სიტუაცია იქმნება ხოლმე (იღიმის). თუმცა, საბოლოო ჯამში მაინც მოდიან და დიდი მხიარულებაა. თამაშისას ზოგი რისკავს, ზოგი - არა. უმეტესად, გარისკვისგან თავს იკავებენ, როცა წაგების სუნი სცემთ - ურჩევნიათ, მოგებული თანხა შეინარჩუნონ. ყველა აღნიშნავს - ჩემი ჯიბისთვის რომ ვთამაშობდე, გავრისკავდიო, მაგრამ არ უნდათ, რომ სკოლას, ბიბლიოთეკას თუ ბავშვს, რომელსაც მხარში ამოდგომა სჭირდება, თანხა დააკლონ. როგორი სტუმარიც გვყავს, გადაცემაც ისეთი გამოდის: ხან - წყნარი, მშვიდი, ღიმილიანი, ხან - გიჟური...

- როგორ ფიქრობთ, ხართ მეექვსეკლასელზე ჭკვიანი?

- (იცინის) როგორც ჩემი სტუმრები, საკუთარ თავს მეც საშუალო დონეში "გავატარებდი": ვერ ვიტყვი, რომ სკოლის სასწავლო პროგრამა განსაკუთრებულად კარგად მახსოვს. შეიძლება, ის ფაქტი ცოტათი მეხმარება, რომ მეექვსეკლასელი შვილი მყავს და ასე თუ ისე, მის გაკვეთილებს ყურადღებას ვაქცევ, თუმცა დამოუკიდებლად სწავლობს - გაკვეთილების ჩაბარების თემა დიდად აქტუალური აღარ არის. იშვიათად, როცა დახმარება სჭირდება, ვეხმარები.

- თქვენს გოგონას გადაცემაში მონაწილეობის სურვილი არ გამოუთქვამს?

- კი, ამის სურვილი ჰქონდა, მაგრამ გადავწყვიტეთ, კასტინგში მონაწილეობა არ მიეღო. პირდაპირ გეტყვით: დიდად სწორი არ მგონია, რომ გადაცემის წამყვანის შვილი 25 საუკეთესო ბავშვს შორის იყოს და გადაცემაში მონაწილეობდეს. ამ უხერხული სიტუაციის თავიდან ასარიდებლად, ჩემს გოგონას - სალომეს კასტინგში მონაწილეობაზე უარი ვუთხარი.

- თქვენი უარი არ გააპროტესტა?

- არა. ავუხსენი, რომ კასტინგში მისი მონაწილეობა სასურველი არ იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მონაწილეობის შემთხვევაში, კასტინგს წარმატებით გაივლიდა. საკმაოდ დიდი კონკურსია, ძლიერი ბავშვები მონაწილეობენ და მათ შორის გამორჩეულად ყოფნა (არა მხოლოდ ცოდნით - კიდევ ბევრი რამ მოეთხოვებათ), საკმაოდ რთულია. ჩემს შვილზე დიდი წარმოდგენა სულაც არ მაქვს. თავისუფლად ვუშვებ იმ შემთხვევას, რომ კასტინგში წარმატებით ვერ გასულიყო ან შეიძლება, გასულიყო კიდეც... მოკლედ, შვილთან მეგობრულად ვილაპარაკე და გამიგო.

- სერიალ "იდეალურ დედაში", რომელშიც ვანოს როლს ასრულებთ, როგორ მოხვდით?

- ამ სერიალზე მომუშავე გუნდთან დიდი ხნის ნაცნობობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. მათთან პირველი შეხება სერიალზე - "შუა ქალაქში" მუშაობისას მქონდა. მას შემდეგ კიდევ ბევრი რამ გააკეთეს, მაგრამ ყველა პროექტში სულაც არ ვყოფილვარ დაკავებული: შეიძლება, ადამიანმა 5 ფილმი გადაიღო, მაგრამ უახლოეს მეგობრებს იმ ფილმებში "ვერ ხედავდე" - ამაში საწყენი არაფერია. ახლა, ისე მოხდა, რომ "იდეალურ დედაში" ვანოს როლის შესრულება შემომთავაზეს. არც კი მიფიქრია, ისე დავთანხმდი - ჩემთვის ეს საინტერესო გამოწვევა იყო. ვანოს სახით, სერიალში პერსონაჟის გარკვეული სახე შეიქმნა.

- ვანო როგორი ადამიანია?

- ჩემგან ძალიან განსხვავებულია. ასეთ შემთხვევაში, მსახიობისთვის როლის შესრულება უფრო საინტერესოა. საერთოდ, სერიალებში რეალურ ადამიანებს გვიხატავენ - შესაძლოა, პერსონაჟების შემხედვარეს თუნდაც მეზობელი გაგახსენდეს. ვანოს მსგავსი ადამიანებიც არსებობენ: შესაძლოა, სხვადასხვა სივრცეში შეგხვდეს ჯუჯღუნა, ცოტათი ხითხითა ტიპები. ისინი კეთილად ჯუჯღუნებენ და გარშემო მყოფებს ცოტათი ნერვებს უშლიან.

- თქვენი პიროვნებისგან მკვეთრად განმასხვავებელი რა თვისება ახასიათებს ვანოს?

- ადამიანს არაფერი რომ არ მოსწონს და ყველაფრის გამო ჯუჯღუნებს, ეს თვისება ჩემგან ძალიან შორს არის. ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერში დადებითი, პოზიტიური დავინახო. მეღიმება თუ არა, ყოველთვის ვიღიმი, რადგან ღიმილი გადამდები და აუცილებელია. წარმოიდგინე, ადამიანმა ძალიან გაგაბრაზა - საკუთარი ავტომობილით გზა ჩაგიკეტა და აღარ მოდის. 15 წუთი გალოდინა. ბოლოს ძლივს იპოვე, გაცეცხლებული ხარ, რადგან დაგაგვიანდა, საქმე გაგიფუჭდა. ამ დროს ის ღიმილით ჩამოდის, - ვაიმე, ბოდიშიო. მორჩა, პირადად მე, ცუდს ვერაფერს ვეუბნები, - კარგი. პირიქით, ბოდიში, რომ შეგაწუხე-მეთქი (იცინის)... ერთმანეთს რაც უფრო ხშირად გავუღიმებთ, ეს ქვეყანა მით უფრო უკეთესი იქნება.

GzaPress

- სამსახურებრივი ინტრიგის მსხვერპლი ან შემსწრე გამხდარხართ? - შემსწრე გავმხდარვარ, მსხვერპლი - ნაკლებად. ცხოვრებაში ინტრიგებს რა გამოლევს? ყოველთვის ვცდილობ, ასეთ სიტუაციებს თავი ავარიდო. "სახლში ავალ და იქ ვიმუშავებ" - შეიძლება, ასეთი რამ ვთქვა, რადგან მსგავსი გარემო ჩემზე ნეგატიურად მოქმედებს. მირჩევნია, გავერიდო. მერე ყველას უკვირს, - შენ ეს არ იცოდიო? არ ვიცოდი, არც მაინტერესებდა და შეგიძლიათ, არც მომიყვეთ-მეთქი, - ვამბობ ხოლმე. შესაბამისად, ჯანსაღი გარემოს მიმართ მიზიდულობის ძალა მაქვს. საბედნიეროდ, ჯანსაღი გარემო ხშირად მხვდება იმ ადამიანებთან ურთიერთობისას, ვისთანაც მუშაობა მიწევს. როდესაც ადამიანი პროფესიონალია, თან - ერთგული და კეთილი, მას არანაირი ინტრიგა არ სჭირდება. ასეთი ადამიანებისგან იქმნება ჯგუფი, სადაც ყოფნა უბრალოდ გსიამოვნებს, აღმაფრენას განგაცდევინებს და სწორედ ასეთ გარემოში იქმნება საინტერესო პროდუქტი.

- ცოტა რამ თქვენს პირად ცხოვრებაზეც გვითხარით: პოლიტიკოსის ქმრობა რთულია?

- საერთოდ, ქმრობაა რთული (იცინის). პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს - კარგი ქმრობა, მამობა, პროფესიონალობა, ადამიანობა რთულდება ხოლმე, მაგრამ კარგი უნდა ვიყოთ, სხვა რა გავაკეთოთ? ადვილი არ არის, რადგან ყველანი ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, შემდეგ საერთო პასუხისმგებლობებს ვინაწილებთ. როცა ადამიანი ოჯახს ქმნი და მით უმეტეს, ბავშვების ყოლას გადაწყვეტ, ამ ნაბიჯების მნიშვნელობა წინასწარ გაცნობიერებული უნდა გქონდეს. მეც და ჩემი მეუღლეც უკიდურესად დაკავებული ვართ. მასაც ისევე შეუძლია, თქვას - კარგი ცოლობა რთულიაო, როგორც მე ვამბობ, რომ კარგი ქმრობა რთულია. ჩვენი თანაცხოვრების დაწყებიდანვე ასეთი სიტუაცია იყო: ორივე ჩვენი საქმით დაკავებულები ვიყავით, მაგრამ პასუხისმგებლობების გადანაწილებას და ურთიერთმხარდაჭერას ყოველთვის ვახერხებდით.

- ოჯახურ გარემოში სამსახურის საქმეებისგან გამიჯვნას ახერხებთ?

- სამსახურთან დაკავშირებით, ერთმანეთს რაღაცებს ვუყვებით - ამის გარეშეც არ არის. რა თქმა უნდა, კარგია, როცა ადამიანი ბევრ საქმეს აკეთებ - ამით შენი ცხოვრება მრავალფეროვნდება, მაგრამ შეიძლება, ყველაზე მთავარი გამოგრჩეს - ბავშვთან გატარებული დროის დანაკლისს ვეღარასდროს დაიბრუნებ, რადგან ბავშვი რომ მოირბენს და გეტყვის, - მინდა, რაღაც გითხრაო, შენ კი პასუხობ, - 1 წუთით მოიცა, მერე მითხარიო, ის დრო უკვე დაკარგულია: 1 წუთის შემდეგ ბავშვი იმას აღარ გეტყვის, რისი თქმაც უნდოდა ან სხვაგვარად გეტყვის - ემოცია დაიკარგება... თითქოს არაფერია, მაგრამ რამდენი ასეთი დაკარგული წუთი გროვდება? ამის მეშინია, რომ ბევრი ასეთი წუთი არ დავკარგო. ვცდილობთ, კვირაში ნახევარი დღე მაინც ოჯახის წევრები ერთად ვიყოთ, ერთმანეთს ვუყუროთ, გავუღიმოთ, ამბებს მოვუყვეთ...

ეთო ყორღანაშვილი