ნანა ფაჩუაშვილი მოდაზე, თავის მოვლასა და საინტერესოდ განვლილ წლებზე... - გზაპრესი

ნანა ფაჩუაშვილი მოდაზე, თავის მოვლასა და საინტერესოდ განვლილ წლებზე...

"...მეგობრები ანცს მეძახიან, რადგან მიყვარს ისეთი რამეების კეთება, რაც ჩემს ასაკს აღარ შეეფერება. მაგალითად, საჭესთან შეუფერებელი საქციელი მაქვს... არ მინდა გარკვეული წლები ისე გავატარო, რომ დეპრესიული ვიყო. რა თქმა უნდა, ასეთი მომენტებიც არის, მაგრამ შენს თავს უნდა შეებრძოლო და რაღაცები გადალახო", - ამბობს ცნობილი მსახიობი, ცოცხალი ლეგენდა ნანა ფაჩუაშვილი. იგი რუბრიკა "გემოვნების" სტუმარია...

- ქალბატონო ნანა, რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ადამიანის დახვეწილი გემოვნების ჩამოყალიბებაზე?

- ვერ გეტყვით, ამის რეცეპტი ალბათ არ არსებობს. შეიძლება სულაც არ ჰქონდეს ადამიანს ისეთი გარემო, ესთეტიკისადმი რომ იყოს მიდრეკილი, მაგრამ განსაკუთრებული ხედვა ჰქონდეს... კოკო შანელი ხომ ამის ნათელი მაგალითია! მოგეხსენებათ, იგი სულაც არ იყო დიდგვაროვანთა წრიდან, პირიქით - სიღარიბეში იზრდებოდა, მაგრამ სწორედ მან ჩამოუყალიბა ძალიან დახვეწილი გემოვნება მთელ მსოფლიოს! ეს რაღაც განსაკუთრებული ნიჭიერებაა...

ერთი საპირისპირო მაგალითი მსურს მოგიყვანოთ: საქართველოში იყო უნიჭიერესი, გამორჩეული მსახიობი, რომლის ჩაცმულობაზეც სულ შენიშვნები ისმოდა. იგი ჩემზე ცოტა უფროსი იყო, პიროვნულად ძალიან დიდი ადამიანი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მეც გადავწყვიტე, მისთვის გულახდილად მეთქვა ჩაცმულობის შესახებ და წვეულებაზე რომ ვიმყოფებოდით, ვუთხარი, - იქნებ ეს შარფი ამ ჩაცმულობაზე არ გაიკეთოთ-მეთქი... მომიბრუნდა და მითხრა, - არასოდეს არავის არაფერი უთხრა ჩაცმულობის შესახებ, მე ეს შარფი მომწონს და შენ თუ არ მოგწონს, ეს იმას არ ნიშნავს, მე აღარ გავიკეთოო... ვფიქრობ, ადამიანს რაც მოსწონს და თვითონ როგორც უნდა გამოიყურებოდეს, ისეთი უნდა მივიღოთ!

კი, ფერების შეუთავსებლობა ან წლოვანება რომ არ გიწყობს ხელს და მაინც იმას იცვამ, რაც არ შეგეფერება, თვალში მოსახვედრია, მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანს თავისუფლებას ანიჭებს! მით უფრო, ამ დროში, როდესაც თავისუფლებისთვის ამდენს ვიბრძვით, ამაზე ლაპარაკი საჭირო არაა! მოდი, ყველამ გავიხაროთ და ისე შევიმოსოთ, როგორც გვინდა და ნურავის გავკიცხავთ! ყველამ გაიხაროს და ისიამოვნოს!

ზოგჯერ იტყვიან, მეტის საშუალება არ აქვსო, მაგრამ ადამიანს თუ ფინანსები ხელს არ უწყობს ბრენდების შესაძენად, მას შეუძლია ფერები კარგად შეუხამოს ერთმანეთს. მთავარია იცოდეს, რა უხდება და რა არა!

ერთი ამბავი მსურს გიამბოთ: ცოტა ხნით სესილია თაყაიშვილის მეზობლად ვცხოვრობდი... ქალბატონი სესილია აივანზე დადგებოდა, სიგარეტს ეწეოდა და ყველა გამვლელ-გამომვლელს ესაუბრებოდა... ერთხელ გავიარე და იმ დღეს ქურქი მეცვა. ქალბატონმა სესილიამ დამიძახა, მოდი გოგო შენ აქო და შენიშვნა მომცა, - მე არ მომწონს რაც შენ გაცვია, გამომწვევიაო. ქურქი იყო ყავისფერი და თეთრი ფერებით, რომელიც ძალიან მომწონდა. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, თორემ ახლა ნამდვილად აღარ მომხიბლავდა... ვერ წარმოიდგენთ, როგორ მეწყინა მისი შენიშვნა. ჯერ ერთი, ახალგაზრდას არ უყვარს შენიშვნები და მეორეც, მე ქურქი ძალიან მომწონდა... არ გავითვალისწინე დიდი მსახიობის შენიშვნა. ახლა უკვე მეცინება, ეს ამბავი რომ მახსენდება და ვფიქრობ, უნდა დამეჯერებინა ქალბატონი სესილიას ნათქვამი...

სესილია ძალიან სადა ქალბატონი იყო და მან უფლება მისცა თავს, შენიშვნა მიეცა ახალგაზრდა გოგონასთვის, მსახიობისთვის... თუმცა, მე არ მივიღე...

- ნებისმიერი ასაკის ქალბატონებიდან ვინ გახსენდებათ, როგორც მისაბაძად გემოვნებიანი?

- გულახდილად გეტყვით, ჩვენ ხომ საქართველოში ისე ვერაფერს ვაკეთებთ, როგორც გვინდა, მით უფრო მსახიობები. როგორი ცხოვრება და ჩაცმაც გვინდა, ისე არ გამოგვდის. აქედან გამომდინარე, ჩვენი ყოფაა ისეთი, რომ სრულყოფილი და მისაბაძი თითქმის არავინ მეგულება... შეიძლება სხვაზე რაღაც მომწონდეს, მაგრამ ის ჩემი სტილი არ იყოს, არ მიხდებოდეს. მაგალითად, მე ყოველთვის მომწონდა სპორტული სტილი, მაგრამ ის ჩემი გამოძახილი არ არის.

რომ გითხრათ, ვინ არის ასე კონკრეტულად მისაბაძად გემოვნებიანი - არც არავინ! შეიძლება მომწონდეს ვინმეს ფეხსაცმელი, ლაბადა, ქურქი, მაგრამ თავიდან ბოლომდე რომ ყველაფრით აღფრთოვანებული ვიყო, ასეთი არ მახსენდება...

ახლა უკვე ასაკში შევედი და განსაკუთრებულად სისადავე მომწონს. მკვეთრი ფერები არ მიზიდავს. ახალგაზრდობაში ძალიან მომწონდა ფირუზისფერი, ვარდისფერი, ცისფერი... სცენაზეც ხშირად, სპექტაკლებში ამ ფერებში ვიყავი შემოსილი... ახლა კი აღარ მომწონს ხასხასა ფერები! ჩემი ფერი გახდა ნაცრისფერი.

- ძალიან გიხდებათ თეთრი...

- თეთრი ყველას უხდება, თეთრი და შავი. მიყვარს ეს ფერები... როგორც მოგახსენეთ, სისადავე მომწონს და ნაზი ფერები. დიდი მნიშვნელობა აქვს ქსოვილის ხარისხს. მიყვარს ჰაეროვანი ქსოვილი, ხავერდი, ბეწვი და ტყავი...

მომწონს ბიჟუტერია, ოღონდ ბევრი არა... ადრე ძალიან მიყვარდა ბევრი ბეჭედი, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთს თუ გავიკეთებ. მიყვარს ხელზე ერთადერთი კარგი სამაჯური ან კარგი საათი...

ძალიან მიყვარს თავის შეფუთვა - ქუდები, შარფები, რომლებიც ქმნიან ილუზიას, რომ მოწესრიგებული ხარ... ზაფხულშიც მაქვს შესაფერისი ქუდები. ადრე ხარისხიანი თმა მქონდა, ამით ვტრაბახობდი...

- რამდენჯერმე ახსენეთ ასაკი... როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა, რომ წლების მატება მტკივნეული არ იყოს?

- მტკივნეული აუცილებლად იქნება, როდესაც გარკვეული ასაკი მოახლოვდება... გეცვლება გუნება-განწყობილება, მაგრამ ეს შენს თავთან ბრძოლაა. მეგობრები ანცს მეძახიან, რადგან მიყვარს ისეთი რამეების კეთება, რაც ჩემს ასაკს აღარ შეეფერება. მაგალითად, საჭესთან შეუფერებელი საქციელი მაქვს.

არ მინდა გარკვეული წლები ისე გავატარო, რომ დეპრესიული ვიყო. რა თქმა უნდა, ასეთი მომენტებიც არის, მაგრამ შენს თავს უნდა შეებრძოლო და რაღაცები გადალახო.

თეატრშიც ცვლილებებს ძალიან მოქნილად შევეგუე. ადრე თუ ლამაზმანების როლები მქონდა, მერე დიდი სურვილი გამიჩნდა და უფრო უსუსურის, მარტოსულის, დეპრესიული ქალების როლებით შევცვალე. ამ მხრივ თეატრმაც შემიწყო ხელი. მესამე ეტაპი იყო ძალიან ძლიერი, შურისმაძიებელი ქალთა პერსონაჟები... ჩემი შემოქმედებითი გარდატეხა თავისთავად მოვიდა და მე ამის მადლიერი ვარ. ცვლილებებით მე შემოქმედებითად გავმდიდრდი.

ჩვენთან თეატრში არიან ახალგაზრდები, მათთან ერთად ვდგავარ სცენაზე, გაიხსნება ფარდა და რით უნდა დავაინტერესო მაყურებელი? - გამოცდილებით, ოსტატობით და თამაშის ხარისხით... თუ როლი იძლევა საშუალებას, ბოლო წლებში ვცდილობ, რთული და საინტერესო გრიმი მქონდეს. მაგალითად, იყო სპექტაკლი, სადაც მე და ნინო კასრაძე ვთამაშობდით. ნინო იყო ულამაზესი, მოცეკვავის კაბაში, თავად მოვუტანე პარიკი, რომელიც საოცრად შვენოდა. ჩემთვის კი უცხოეთიდან ღაბაბიანი ნიღაბი გამოვიწერე, სხეულიც შევცვალე და ამით საინტერესო სახე გამოვიდა... ნინო კასრაძეც მთავარ როლს თამაშობდა, მეც და ასეთი კონტრასტული გარეგნობით ბევრად საინტერესო ვჩანდი.

როდესაც ვუყურებ ტოპმოდელებს და საერთოდ მოდას, რა თქმა უნდა, ბევრი რამ მომწონს, მაგრამ არა ჩემთვის. ჩაცმულობაზე, თუნდაც პოლიტიკაზეც ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ სულ ვცდილობ, ეს თავს არავის მოვახვიო...

GzaPress

- უამრავ ქვეყანაში ყოფილხართ. ამჯერად სად ისურვებდით წასვლას, იქ, სადაც თანამედროვე მიღწევებია თუ?.. - დიახ, რატომღაც, უფრო თანამედროვე მიღწევები მიზიდავს... მაინტერესებს 21-ე საუკუნის მიღწევები ყველა საკითხში: მედიცინაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში და ასე შემდეგ... ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და ყველა თავისებურად საინტერესოა...

იტალია საოცარი ქვეყანაა ხელოვნების ნიმუშების მხრივ. კულტურის თვალსაზრისით არ შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არის: საფრანგეთი, ინგლისი, საბერძნეთი და ასე შემდეგ...

ზოგიერთი ადამიანისთვის ინდოეთია გამორჩეული, მაგრამ მე ამ ქვეყანაში მეორედ აღარ წავალ. არ მინდა კიდევ ვნახო ის სიღარიბე, რაც იქ ვნახე... ვაღიარებ, კომფორტის მოყვარული ვარ.

დუბაი მომეწონა. საოცრებაა - ადამიანებს არ აქვთ მიწა, ნორმალური კლიმატი და სასწაულებს ახდენენ, განსაცვიფრებელ ხელოვნურ კუნძულებს ქმნიან. მახსოვს გემი იდგა ვეებერთელა ქვებით დატვირთული, რომლისგანაც პატარ-პატარა კუნძულები შექმნეს... ჩვენი ქვეყანა სავსეა ულამაზესი მთა-ბარებით, გვაქვს ზღვა, ბუნებით საოცრად მდიდრები ვართ და რა უდიერად ვექცევით, ეს გულს მიკლავს, მე ხომ ჩემი ქვეყანა უზომოდ მიყვარს!

- ქალბატონო ნანა, რა რჩევებს მისცემდით ქალბატონებს?

- არაფერი რჩევა არ არის საჭირო! მთავარია, კარგ განწყობაზე ვიყოთ და ეს გარეგნობაზეც აისახება! უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი დღე ღმერთის ნაჩუქარია. შეიძლება ძვირფასი არაფერი გეცვას, მაგრამ რაც გაქვს, ის უნდა მოიხდინო, იფანტაზიორო... ღმერთმა ყველა დაიფაროს უბედურებისგან და სხვა შემთხვევაში, უნდა მოვახერხოთ განწყობილების ამაღლება, სიკეთეზე ფიქრი. შენ თუ არ უბიძგე თავს, სხვა შენზე არ იზრუნებს... არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვას უდიერად მოეპყრო, იქილიკო!

- საქართველოში პირველი ქალი პრეზიდენტი გვყავს... თუ გაქვთ სურვილი ვისაუბროთ მის გემოვნებაზე, ჩაცმულობაზე...

- არ მსურს... რომ გითხრათ, აღფრთოვანებული ვარ, ასე ნამდვილად არ არის. თუმცა არც მაღიზიანებს. არ მინდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტზე ვისაუბრო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მქონია მასთან მცირე ხნით ურთიერთობები. როდესაც მთაწმინდის დეპუტატი იყო, ჩვენთან მოდიოდა თეატრში. პირადად ჩემთან დარეკა, მოვიდა და მკითხა, რას მირჩევთ, რა გჭირდებათო... მას უყვარს თეატრი, ხელოვნება.

როცა რჩევა იკითხა, მე ვუთხარი, ვთქვათ ქალაქში სკამები რომ იყოს ლითონის, წარწერებით - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება", ეს სკამი ქალაქს ამან და ამან უსახსოვრაო... მოეწონა იდეა. მე კი იმის თქმა მინდა, რომ როდესაც შენი ქვეყანა გიყვარს, აუცილებლად ერთი აგური უნდა დადო!

მანანა გაბრიჭიძე