"ცეცხლმოკიდებული ფასები" და ცნობილთა საახალწლო სურვილები - გზაპრესი

"ცეცხლმოკიდებული ფასები" და ცნობილთა საახალწლო სურვილები

შობა-ახალი წლის დღეები ახლოვდება და ჩვენმა დიასახლისებმა უკვე დაიწყეს ფიქრი, რა შეიძინონ და რით შეამკონ საახალწლო სუფრა. მით უმეტეს, რომ ყველაფერი, რაც ტრადიციული, ქართული კერძების მოსამზადებლად არის საჭირო, ძალიან ძვირი ღირს. როგორც ხალხში ამბობენ, ბაზრობებსა და მაღაზიებში ყველაფერს "ცეცხლი უკიდია!"

როგორი განწყობით ხვდებიან შობა-ახალ წელს ცნობილი ადამიანები და რას ფიქრობენ გაძვირებულ ცხოვრებაზე? - ამის შესახებ თავად გვესაუბრებიან.

"ჩემთვის მთავარია, რომ ერთმანეთის დანახვა გვიხარია"

ზალიკო სულაკაური, მხატვარი: GzaPress - მე სულაც არ ვფიქრობ, რომ საახალწლო სუფრაზე ნაირ-ნაირი კერძი უნდა მქონდეს და ჩემს სუფრას აუცილებლად გოჭი და ინდაური ამშვენებდეს. ცხადია, თუ ხელი მიგიწვდება, გოჭიც უნდა შეიძინო და ორნაირი ხიზილალაც, მაგრამ მთავარია, ახალ წელს იმედიანად და ღირსეულად შეხვდე. მე მაგალითად, თუ ტკბილეული მექნება და ერთი ჭიქა ღვინო, რომ სტუმართან ერთად ოჯახი ვადღეგრძელო, ე.ი. კარგი ახალი წელი მექნება. როგორც ჩვენი ძველები ამბობდნენ, "საბანი სანამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა დაიფარო". შობა-ახალი წლის დღეებში კი, მთავარი მაინც ის არის, რომ შენს საყვარელ ადამიანებთან ხარ, რომ შეგიძლია მათ კიდევ ერთი ახალი წლის დადგომა მიულოცო. ჩემთვის მთავარია, რომ ვარსებობთ, რომ ერთმანეთის დანახვა გვიხარია; მთავარია, ჩემიანებს ჩავეხუტო - დედ-მამას, ნათესავებს, ახლობლებს. თუ კარგად დაბარდნის და თბილისს თოვლი გადაათეთრებს, მთლად უკეთესი იქნება, თუ არადა, თოვლის გარეშეც კარგად ვიქნებით. წინასწარ მათბობს განცდა, რომ მეგობრებს და ნათესავებს უნდა ვესტუმრო, იმათაც მივულოცო. ეს დღეები ხომ ყველას უხარია, ყველას გაბრწყინებული სახე აქვს და სიძვირეზეც არავინ ფიქრობს. ალბათ თქვენც დამეთანხმებით: ზოგიერთ ოჯახში შეხვალ, შეიძლება სუფრაზე ხიზილალა და ინდაურის ხორცი არ იდოს, მაგრამ ისე თბილად, ისე გულიანად დაგხვდებიან, ისე ლამაზად, შეუმჩნევლად გაირბენს დრო, რომ ყველა პრობლემა დაგავიწყდება. მთავარი ღიმილი და თბილი დახვედრაა, თორემ მე ისეთ სუფრასთანაც ვყოფილვარ, სადაც ყველაფერი დახვავებული იყო, მაგრამ უჟმური სიტუაციის გამო ერთი სული მქონდა, როდის გამოვიქცეოდი. როცა ადამიანი ალალად გხვდება, მისი ყველი და პურიც კი ძვირფას დელიკატესად გეჩვენება.

"ყველა დაღმართს აღმართი მოსდევს"

ნუცა ჯანელიძე, მუსიკოსი: - თუკი შობა-ახალი წლის დღეებში გოზინაყი და წითელი ღვინო გაქვს, ე.ი. შეიძლება ახალი წელი აღნიშნო. კარგი იქნებოდა, ყველას გოგია უიშვილივით დატვირთული სუფრა გვქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ, არ გვექნება, ამიტომ, მთავარი ჩვენი განწყობაა. შეიძლება ვიღაცამ მისაყვედუროს - ჩემს შვილებს განწყობა ვაჭამოო? - მაგრამ სრულ სიმართლეს ვამბობ. მეც მქონია ისეთი ახალი წელი, როცა არ ვმუშაობდი და ახალ წელს შემწვარი ხახვითა და პურით შევხვდი, მაგრამ იმედი არ დამიკარგავს. მთავარი ოპტიმიზმი და იმის რწმენაა, რომ ყველა დაღმართს აღმართი მოსდევს. ღმერთმაც ხომ უთხრა ადამიანს - ცოტა ხელი გაანძრიე და გეშველებაო? ჩვენთან ყველას მინისტრობა უნდა, ყველას რაღაცის უფროსობა სურს და საქმე ვინ უნდა აკეთოს? - ამაზე არავინ ფიქრობს. რასაკვირველია, ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ამაზე უარესი მდგომარეობაც გვქონია: 1990-იან წლებში არც შუქი იყო, არც - გაზი, პურის საყიდლად ღამისთევა გვიწევდა, მაგრამ გადავრჩით. დღეს კი, იმ წლებთან შედარებით ათჯერ უფრო კარგად ვცხოვრობთ, ამიტომ, მომავლის იმედი არ უნდა დავკარგოთ და ახალ 2020 წელს ღიმილით შევეგებოთ.

"არსებული სოციალური ფონი ყველას ერთნაირად გვაწუხებს"

მანანა ნაჭყებია, პოლიტიკოსი: GzaPress - დღეს საქართველოში ფასები კატასტროფულია, ყველაფერი ძალიან ძვირია და, რა თქმა უნდა, გაძვირება ყველას ერთნაირად გვაწუხებს. კიდევ კარგი, ქართველი დიასახლისები ამ მხრივ საკმაოდ გამოცდილები არიან და იციან, სიდუხჭირეს როგორ გაუმკლავდნენ. სამწუხარო გამოცდილება შევიძინეთ - როცა მწირი ბიუჯეტი გაქვს და ისეთ ლამაზ დღესასწაულს უნდა შეხვდე, როგორიც ახალი წელია. ძნელია ამ დროს ვინმეს რჩევა მისცე, თუმცა, ერთი რჩევა მაინც მაქვს: ახალი წლის დღეებში ქართველებს გადამეტება გვიყვარს, ალბათ უმჯობესია, ზომიერება გამოვიჩინოთ და დიდი ხორაგის დახვავებაზე უარი ვთქვათ. ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, შესაბამისად, ამ დღეს მთავარია, მთელი ოჯახი შეიკრიბოს და ერთად შეხვდეს ახალ წელს. სამწუხაროდ, დღეს უამრავი ოჯახი გაყოფილია: ჩვენი მოქალაქეების ნაწილი საზღვარგარეთ არის და იძულებულია თავისი ახლობლები იქიდან არჩინოს. 2020 წელს ჩვენი ოჯახიც ვერ შეხვდება ერთად, რადგან ჩემი ქალიშვილი და სიძე გერმანიაში ცხოვრობენ. კიდევ კარგი, ინტერნეტი არსებობს და მისი წყალობით ვახერხებთ ერთმანეთს ხმა მივაწვდინოთ და ერთად დავლოცოთ ეს მშვენიერი დღესასწაული. ისევ და ისევ ქართული სული და ტრადიციები გვეხმარება: ნათესავები და ახლობლები თუ დაეხმარებიან ერთმანეთს და ყველა ისე შეხვდება შობა-ახალ წელს, როგორც ამ დღესასწაულს შეეფერება.

"ზოგიერთი ოჯახის შემხედვარეს გული მიკვდება!"

გივი სიხარულიძე, პროზაიკოსი: GzaPress - მეგობრები მყავს - ძალიან მდიდარი ხალხი და როცა მათთან გაჭირვებაზე ვსაუბრობ, შემომიტევენ ხოლმე: ხალხს მუშაობა არ უნდა, თორემ სამუშაოც ბევრია და ხელფასებიც ნორმალურიო... რა თქმა უნდა, მათ არ ვეთანხმები, რადგან ჩვენს ხალხს ძალიან უჭირს. ზოგიერთი ოჯახის შემხედვარეს გული მიკვდება, რადგან მე თვითონაც პედაგოგების ოჯახში გავიზარდე და ვიცი: პატიოსანი ადამიანი ამ ქვეყანაში ყოველთვის გაჭირვებული და გაუბედურებულია. 21-ე საუკუნეა, 2020 წელი მოდის და ბუნებრივია, ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებებია საჭირო, მაგრამ ვერასოდეს გავიზიარებ ოპოზიციის შეხედულებას, რომ დღეს არსებული მძიმე სოციალური ფონი ბიძინა ივანიშვილის ბრალია. ოპოზიციაში ახალ სახეებს და მოაზროვნე ხალხს რომ ვხედავდე, კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩვენს ოპოზიციას ნაფთალინის სუნი ასდის! მათ შორის ერთი კაცი მაინც რომ მეგულებოდეს პატიოსანი და საქართველოს მოყვარული, სულ სხვაგვარად ვიფიქრებდი, მაგრამ ასე არ არის. არ მიყვარს, როცა ადამიანს სიკეთეს უკარგავენ. რა სიკეთეც ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ერს გაუკეთა, ამის დავიწყება როგორ შეიძლება? ამ ჩვენს აფერისტ ინტელიგენციას ფულები დაურიგა და მერე ერთმანეთი დაჭამეს - ჩემს ძმას ჩემზე მეტ თანხას რატომ აძლევსო? - მგონი, მსგავსი რამ მთელ მსოფლიოში არასოდეს მომხდარა. თვითონაც ხომ ამბობს - უამრავი პრობლემა გვაქვს და წლები დაგვჭირდება, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეთო. დაწყებული შევარდნაძის ეპოქიდან, ვერც ერთმა მთავრობამ საქართველო ვერ შეიყვარა, ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობდა და საქართველო ყველას გასამდიდრებლად სჭირდებოდა... უკვე 2020 წელი მოდის და ეს საშინელი ტენდენცია დღემდე გრძელდება. მე არც პოზიციის მომხრე ვარ და არც ამ მატყუარა ოპოზიციისა, ბედნიერი კი მაშინ ვიქნები, როცა ჩვენს ქუჩებში დაღონებულ, შეწუხებულ ადამიანებს აღარ დავინახავ - მომავალ ახალ წელს სწორედ ასეთი განწყობით ვხვდები. ხათუნა ჩიგოგიძე