როგორ გახდა "ეკუჩას" ოჯახი ტროლების მსხვერპლი - გზაპრესი

როგორ გახდა "ეკუჩას" ოჯახი ტროლების მსხვერპლი

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მსახიობი ხატია ხაზიური ტროლების ქარხნის დირექტორის ნათესავის და ამავე ქარხნის თანამშრომლის - ეკუჩას როლს ასრულებს. რეალურ ცხოვრებაში, ტროლების თემა ხატიასთვის უცხო არ ყოფილა - მისი მეუღლის შესახებ გავრცელებულ ცრუინფორმაციასთან დაკავშირებით, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს...

ხატიასთან ინტერვიუ სერიალში მისი პერსონაჟის განხილვით დავიწყეთ...

- ჩემი აზრით, ჩემს პერსონაჟთან დაკავშირებული თემა აქტუალურია: როდესაც მამაკაცები ლამაზი სიტყვებით ქალებს თავბრუს ახვევენ, ხშირად ქალები ტყუილის მსხვერპლი ხდებიან. ქალს მამაკაცის სჯერა, საბოლოო ჯამში კი მსხვერპლის როლში აღმოჩნდება ხოლმე. როდესაც ქალი ცოლიან მამაკაცთან თუნდაც ფლირტს თანხმდება, ალბათ, ეს ნაბიჯი თავიდანვე განწირულია იმ ცუდი შედეგისთვის, ტკივილისთვის, ტირილისთვის, რაც სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში სცენარისტს კარგად აქვს დაწერილი, როდესაც ეკუჩას ელვირი ეუბნება, - მერე შენი ცრემლიანი თვალების, ტირილის ყურების თავი არ მაქვსო და ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობას უკრძალავს. ვფიქრობ, ჩემი პერსონაჟი იმ ქალებისთვის კარგი მესიჯია, ვინც კიდევ შეიძლება, მოტყუვდნენ და მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ალბათ, ქალი უნდა დაფიქრდე, ურთიერთობას ვისთან იწყებ. როდესაც ურთიერთობას ცოლიან მამაკაცთან წამოიწყებ, მერე მზადაც უნდა იყო, რომ ვიღაცის სათამაშო აღმოჩნდები, შენზე უარს მარტივად იტყვიან - ისე, როგორც ჩემს პერსონაჟთან დაკავშირებით ვითარდება მოვლენები. ასევე, ჩემს პერსონაჟს იდუმალსა და ამოუცნობს ხდის ის ფაქტი, რომ ტროლების ქარხანაში მუშაობს, მაგრამ რეალურად, თავად ტროლი არ არის.

- რეალურად, მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილხართ, როგორშიც ეკუჩაა?

- არა. ამის კონტროლი ადვილად შეიძლება: ქალს უნარი აქვს, მამაკაცი მიახვედროს, რომ მასთან ფლირტი არ დაიწყოს. ამიტომ ნამდვილად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცოლიან მამაკაცს ჩემთან ფლირტი არასოდეს წამოუწყია.

GzaPress

- ეკუჩას როლი როგორ მოირგეთ? - ეს არც ძალიან რთული ყოფილა და არც - მარტივი, მაგრამ პერსონაჟს ისე კარგად გამოკვეთილი "ხაზები" ჰქონდა, რომ მისი როლის მორგებაც რთული არ იყო.

- ეკუჩამ შემტევი ქალის შთაბეჭდილება დატოვა, როცა გიორგი ბახუტაშვილის პერსონაჟს დაემუქრა...

- ეს ეპიზოდი საზოგადოებამ საკმაოდ აიტაცა. "გიფები", მემეები გავრცელდა (იცინის)... არ ვამბობ, რომ კონკრეტულად ჩემი პერსონაჟია ის ადამიანი, ვინც შეიძლება, მსხვერპლი გახდეს, მაგრამ დაზღვეული არავინ არის. შეყვარებული ადამიანი, რომელიც საპასუხო გრძნობას ვერ იღებს, რბილად რომ ვთქვათ, შეიძლება არასასურველ სიტუაციაში აღმოჩნდეს, თუმცა "ტროლების ქარხანაში" მომუშავე ქალები მარტივად მოსატყუებლები არ არიან, მაგრამ ერთია, იცოდე, როგორ მოიქცე და მეორე - ნამდვილად ისე მოიქცე, როგორც საჭიროა, რადგან როდესაც საქმე გრძნობას ეხება, ძნელია ტვინის კარნახით იმოქმედო.

- რეალურ ცხოვრებაში ბილწსიტყვაობა გჩვევიათ?

- მსგავსი ბილწსიტყვაობა, რაც ჩემმა პერსონაჟმა სერიალში გამოავლინა, არა. თან, ცოტათი კომიკურიც იყო: რეჟისორს ვუთხარი, - ვერ ვხვდები, ეს სიტყვები მე როგორ უნდა ვთქვა? მგონია, არ გამოვა-მეთქი. მითხრეს, - არ ინერვიულოო. ჩემთვის ადვილი არ იყო. ტელეეკრანიდან ბილწსიტყვაობას დიდად არ მივესალმები, თუმცა ცხოვრებაში, როცა გვაბრაზებენ, რაღაც-რაღაც სიტყვებს ვამბობთ, მაგრამ ეკუჩას მსგავსად ნამდვილად არ ვიმუქრები ხოლმე (იცინის).

- კარგი გასამრჯელოს ფასად, "ტროლების ქარხანაში" მუშაობას დასთანხმდებოდით?

- არა. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. შეიძლება, ისეთი რამ დაწერო, რომ ბევრი ადამიანი სიკვდილის პირასაც კი მიიყვანო. შეიძლება, ეს ისეთივე იარაღი აღმოჩნდეს, როგორიც ნებისმიერი სასიკვდილო იარაღი.

- ტროლების გამო, პირადად თუ შეგქმნიათ პრობლემა?

- ჩემი მეუღლე ცნობილი რეჟისორი - ნიკოლოზ საბაშვილი გახლავთ. მის შესახებ სრულიად აბსურდული "ფეიკ ნიუსი" დაწერეს, თითქოს ის არაბულ რესტორნებთან თანამშრომლობს, მათ არასრულწლოვანი გოგონებით ამარაგებს. ქვემოთ უამრავი კომენტარი ეწერა, - მოვკლათ, ოჯახი ჩავუქოლოთო. კომენტარებიც ტროლების ნამუშევარი იყო. საერთოდ, "ფეისბუკზე" ძალიან აქტიური არ ვარ. ტროლების თემაც ჩემთვის აქტუალური არ იყო, მაგრამ ისეთი რაღაც შეგვემთხვა, რომ ამ საკითხში კარგად ჩავიხედეთ. ეს "ქარხანა" აქტიურად მუშაობს.

- თქვენი ოჯახის მიმართ საზოგადოების მხრიდან უარყოფითი ტალღა ხომ არ გრძელდება?

- არა, რადგან ჩემი მეუღლე საზოგადოებისთვის იმდენად ნაცნობია, რომ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დაჯერება წარმოუდგენელი იყო. მერე, გავრცელებულ "ფეიკ ნიუსს" ჩვენც გამოვეხმაურეთ და ალბათ, საზოგადოების ის ნაწილიც, ვინც ჩემს მეუღლეს არ იცნობდა, მიხვდა, რომ ასეთი რამ წარმოუდგენელია. გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი არანაირი ფაქტი რომ არ არსებობს, ამაზეც არაა საუბარი. უბრალოდ, რატომ შეიძლება, რომ ერთ დღეს ადგე და ვიღაცის შესახებ რაღაც აბსურდი დაწერო? საზოგადოება მომართულია, რომ ინფორმაციის გადამოწმების გარეშე ვიღაც გალანძღოს და მიწასთან გაასწოროს.

- როგორ ფიქრობთ, რატომ და ვის დასჭირდა, რომ თქვენი მეუღლის შესახებ ასეთი ინფორმაცია გაევრცელებინა?

- ეჭვი ნამდვილად არ გვაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.

- ხატია, "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობის გარდა, კიდევ რას საქმიანობთ?

- თეატრალურ სტუდიას ვხელმძღვანელობ. ამ ეტაპზე, ჩემი ძირითადი საქმიანობა ეს არის. პერიოდულად გადაღებები, სპექტაკლები მაქვს...

GzaPress

- პროფესიით მსახიობი ხართ თუ რეჟისორი? - პროფესიით მსახიობი ვარ, თუმცა რადგან თეატრალურ სტუდიას ვხელმძღვანელობ, სპექტაკლებს თავად ვდგამ. რამდენიმე წელია, ამ საქმიანობით ვარ დაკავებული, ოღონდ ეს ჯერ ჩემთვისაც ექსპერიმენტია, რაღაც ახალია... ჯერ საკუთარ თავს "რეჟისორს" ნამდვილად ვერ დავარქმევ. უბრალოდ, ჩემსავე სტუდიაში სპექტაკლები დამიდგამს. ბავშვებთან და მოზარდებთან ვმუშაობ, თუმცა პროფესიონალ მსახიობებთანაც ვთანამშრომლობთ. ამ მიმართულებით განვითარებას ახლა ვიწყებთ. ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო საინტერესოა.

- თქვენს ახალ საქმიანობაზე გარკვეულწილად, მეუღლემ ხომ არ მოახდინა ზეგავლენა?

- კი, ნამდვილად მისი გავლენაა.

- როცა მის სპექტაკლში თამაშობთ, თქვენ მიმართ უფრო მეტ სიმკაცრეს ხომ არ იჩენს?

- ნამდვილად. ჩემთვის რთულია, როცა სპექტაკლის რეჟისორი ჩემი მეუღლეა, რადგან მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ალბათ, ეს ჩვეული სიტუაცია მისთვისაც არ არის. ამიტომ - კი, ჩემ მიმართ ნამდვილად უფრო მეტ სიმკაცრეს იჩენს. მგონი, ეს ლოგიკურიც არის.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" თქვენ მიერ შესრულებულ როლთან დაკავშირებით, შენიშვნებს გაძლევთ?

- თავისთავად, შენიშვნებს მაძლევს. ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა უფრო მეტად დადებითად მაფასებს.

- თავად როგორ აფასებთ თქვენ მიერ შესრულებულ როლს?

- ამ სერიალს წინათაც ვუყურებდი, რადგან მასში ჩემი კოლეგები თამაშობენ და ისედაც, ეს სერიალი ნამდვილად დიდ ინტერესს იწვევდა. "ჩემი ცოლის დაქალების" ყურება და აღქმა ახლა სხვანაირად დავიწყე - ძალიან სუბიექტური გავხდი. ჩემი მონაწილეობით გადაღებული ეპიზოდების ყურება ჩემთვის ადვილი არ არის. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვარ, სულ რაღაც არ მომწონს: ხან - თმა, ხან - ცხვირი, თვალი (იცინის)... შენიშვნები და კომენტარები სულ მაქვს. ამიტომ მირჩევნია, მარტომ ვუყურო.

- ცოტა რამ თქვენი ოჯახური ცხოვრების შესახებაც გვიამბეთ...

- მეც და ჩემს მეუღლესაც დაძაბული რეჟიმი გვაქვს, მაგრამ საერთო პროფესიის გამო ხშირად "ვიკვეთებით" და დროის ერთად გატარება გვიწევს. არის შემთხვევები, როცა მის სპექტაკლებში ვთამაშობ ან გადაღებები ერთად გვაქვს. ამიტომ ურთიერთობის დეფიციტს არ განვიცდით. ჩვენი შვილი - დანიელი 2 წლის ხდება. მისი ასაკის პირობაზე კარგად განვითარებული უნარები აქვს: კარგად ლაპარაკობს, ბევრი ლექსი იცის, სიმღერა უყვარს და ა.შ. ძალიან აქტიური ბავშვია. ვცდილობ, ეკრანთან ნაკლები დრო გაატაროს. აქვე აღვნიშნავ, რომ დედაჩემის გარეშე ვერაფერს მოვახერხებდი, რადგან ის ჩემი შვილისთვის მეორე დედასავით არის - დანიელთან ერთად ბევრ დროს ატარებს...

ეთო ყორღანაშვილი