თათია შეთეკაურის ოცნება, ფშავიდან გამოყოლილი მოგონებები და ინტრიგანი ჟურნალისტის როლი
"სერიალში ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟი შევქმენი და რადგან ეს გოგო ადამიანებს აღიზიანებს, ე.ი. გამომივიდა", - ამბობს მსახიობი თათია შეთეკაური. რატომ გააიგივეს პერსონაჟთან და რას წერდნენ სოციალურ ქსელში, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რას ვერ გააკეთებს ვერანაირი თანხის სანაცვლოდ და რა როლი ითამაშა ფშაველმა ბებიამ მის ცხოვრებაში? - ამ ყველაფერს თათიას მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1983 წლის 4 აგვისტო.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ..მსახიობი. სულ ეს სურვილი მქონდა, ფშავში ბებიას მონოსპექტაკლებს ვუდგამდი.
- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...
- ...ეპიზოდური როლი ადრეც შევასრულე, მაშინაც ჟურნალისტი ვიყავი, პატარა ჩართვა მქონდა. შემდეგ გავიგე, რომ კასტინგი ტარდებოდა, ხელმეორედ მივედი. მალე დამირეკეს და მითხრეს, რომ როლზე ვიყავი დამტკიცებული, ძალიან გამიხარდა.
- ჩემი პერსონაჟი...
- ...ინტრიგანი გოგოა. ყველას გაუკვირდა, შენ ამას როგორ თამაშობ? უარყოფით როლს რატომ დათანხმდიო? ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟი შევქმენი და რადგან ეს გოგო ადამიანებს აღიზიანებს, ე.ი. გამომივიდა. ამ ყველაფერში ცუდი ის არის, რომ საოცრებებს მწერდნენ: "ბავშვს რას ასწავლი", "რომ გნახავ, თმით გითრევ", "ეს ცხოვრებაშიც ასეთი იქნება, ისე ვერ ითამაშებდა", "შენ შენს შვილებსაც ასე გაზრდი"... მსგავსი წინადადება ბევრი იყო. ამ ყველაფერზე რეაქცია საერთოდ არ მქონდა. ჩემი ახლობლები და ოჯახის წევრები კი მართლა ნერვიულობდნენ, მირეკავდნენ არ წაიკითხოო.
- ჩემზე ამბობენ...
- ...რომ ვარ ძალიან მიმნდობი და გულუბრყვილო. მართლა ასეთი ვარ. ეშმაკობა, თვალთმაქცობა არ შემიძლია, ამას ვერც ვისწავლი. ის ადამიანი არ ვარ, რომელსაც სხვისი ცუდი უხარია ან უნდა. ასეთი აზრები თავში საერთოდ არ მომდის. როცა სხვა გულს მტკენს ან მატყუებს, ვერაფრით ვხვდები, ამას რატომ აკეთებს, ამით რა სიამოვნებას იღებს? ყველას ვენდობი. არ მესმის, ვინმემ ცუდი რატომ უნდა გამიკეთოს? მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევა არაერთხელ მქონია, მაინც ასეთად დავრჩი.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...ჩემი შვილებისა და პროფესიის გარდა, ბევრ რამეს შევცვლიდი. გარკვეულ ნაბიჯებს აღარ გადავდგამდი, განათლების მიღებას მეტ დროს დავუთმობდი.
- ჩემი პირველი წარმატება იყო...
- ...მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დავდიოდი და იქ სპექტაკლში ვითამაშე.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ოჯახს, განსაკუთრებით - ბებიას.
- ბებიისგან ვისწავლე... - ...ყველაფერი. თუ რაიმე კარგი გამაჩნია, ყველაფერი ბებიისგან მაქვს ნასწავლი.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...ორი არაჩვეულებრივი შვილი მყავს. უტა 18 წლის არის, გოგო 11-ისაა, მას ბებიაჩემის სახელი - დედუკა დავარქვი.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...შევძლო ადამიანებს უფრო მეტი გავუკეთო, ვიდრე - ვაკეთებ.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...სიყვარულისა და სითბოს გამოხატვა შემიძლია. მომწონს ის, რომ ბოროტი არ ვარ.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ხანდახან სიზარმაცე მძლევს, დილით ადრე გაღვიძება მიჭირს.
- ვრისკავ....
- ...ხშირად. სულ ვრისკავ, ფრთხილი ნაკლებად ვარ. ბევრჯერ გაუაზრებელ რისკზეც წავსულვარ, ისეთ გვირაბშიც არაერთხელ შევსულვარ, ბოლოში სინათლე რომ არ ჩანდა. ალბათ გენეტიკა თავისას შვრება, ამასთან ერთად ზოდიაქოთი ლომი ვარ, შესაბამისად - უშიშარიც.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...სულ ვნანობ, განვიცდი.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ყველაფერი. ცხოვრება ვისწავლე.
- პატიება შემიძლია...
- ...რთულად. არის საკითხები, რომლის პატიებაც მიჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ბოღმა არ ვარ. როცა ადამიანი ჩემთან ისეთ შეცდომას უშვებს, რომელიც ჩემთვის მიუღებელია და მისი დანახვისას მუდმივად მემახსოვრება, ასეთთან ურთიერთობას ვწყვეტ, არ მინდა, ვერ ვითამაშებ. ის ადამიანი კარგად თუ იქნება, გამიხარდება, მაგრამ ჩემთან - არა, თავისთვის იყოს.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...ჩემი თავი წარმომიდგენია ფშავში, ლამაზ სახლში, წიგნებთან, შვილებთან, შვილიშვილებთან, ბუხართან და შინაურ ცხოველებთან ერთად. ეს ჩემი ოცნებაა. ფშავთან დაკავშირებით ჩემი გეგმები მაქვს.
- ვიბნევი...
- ...არ ვიბნევი.
- ვნანობ...
- ...ძალიან ბევრ რამეს.
- ამ წუთში ძალიან მინდა, ვიყო...
- ...ის, ვინც ვარ.
- ჩემი ჰობია...
- ...მოგზაურობა, კითხვა, ფოტოგრაფია.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...უსამართლობას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს უსამართლობა პირადად მე მეხება თუ სხვასთან ვაწყდები, ასეთ დროს ნებისმიერთან შემიძლია მისვლა და თქმა, რომ ის სწორ გზაზე არ დგას, ცუდად იქცევა.
- მეზარება...
- ...დილით ადრე გაღვიძება.
- სიყვარული ეს...
- ...ჩემთვის ყველაფერი სიყვარულია. სიყვარულია ის, რომ ცოცხალი ვარ და შემიძლია ვისუნთქო.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ძალიან ემოციური და თბილი ვარ, ბაღის ასაკში შემიყვარდა ჩემი ჯგუფელი. ყველასთან ვამბობდი, რომ ძალიან მიყვარდა. სამწუხაროდ, ის ბავშვი დენის დარტყმით გარდაიცვალა და ეს ამბავი ძალიან განვიცადე.
- მიკვირს...
- ...ძალიან ბევრი რამ. მიკვირს ადამიანების დამოკიდებულება რიგი საკითხებისადმი. მიკვირს ადამიანების ცხვირაწეულობა, ამპარტავნება... სულ მაქვს განცდა, რომ დღეს ვარ, ხვალ არ ვიქნები და მინდა, ისე ვიცხოვრო, ყველასთვის მისაღები ვიყო. ამას ძალიან გულწრფელად ვამბობ, არ ვთამაშობ.
- განსხვავება მთაში (მაგალითად, ფშავში) მცხოვრებ და ქალაქელ ადამიანებს შორის...
- ...ძალიან დიდია. მთაში გაურყვნელები, ძალიან გულწრფელნი, თბილები არიან. იქ ადამიანები რასაც გეუბნებიან, ისაა, ქვეტექსტები არ აქვთ. "შიშვლები" არიან, არაფერს მალავენ და ეს ძალიან მომწონს.
- ვამაყობ... - ...ჩემი ოჯახით, წარმომავლობით და იმით, რომ ცუდი ადამიანი არ ვარ.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...ეს ჩემს შვილებს შეუძლიათ.
- ბოლოს ვიტირე...
- ...ძალიან მტირალა ვარ. შემიძლია ფილმზე, მოსმენილ ამბავზე ვიტირო.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...მრცხვენია და არ მინდა. ქვეცნობიერში მიხარია, მომწონს, მაგრამ სირცხვილის განცდა უფრო ძლიერია.
- მეშინია...
- ...ჩემ გარშემო ადამიანებს ცუდი არ დაემართოთ.
- ვმალავ...
- ...არაფერს, რადგან დასამალი არც არაფერი მაქვს. ღია და გახსნილი ვარ.
- ხშირად მსაყვედურობს...
- ...დედა, სიზარმაცის გამო.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...ადრე ცხვირი არ მომწონდა, ახლა აღარაფერს შევცვლი.
- ვუფრთხილდები...
- ...ურთიერთობებს.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...ძალიან ბევრი რამ. თუ ვინდომებ, ყველაფერს ვსწავლობ. ბევრ უცხო ენას ვისწავლიდი, მაგრამ როგორც ჩანს, სათანადოდ არც მოვინდომე და ვერ მოვახერხე.
- ვიტყუები...
- ...ვერასდროს. ამ დროს იმდენად მოუხერხებელი ვარ, ეგრევე "ვიწვები", არაბუნებრივი მოქმედებები მაქვს, ტყუილი არ მიყვარს.
- ყოველთვის მრცხვენია...
- ...როცა მაქებენ.
- თავისუფლება...
- ...ძალიან ფართო ცნებაა. ჩემი თავისუფლებაა პიროვნულად არავინ შემზღუდოს, ვინმეზე დამოკიდებული არ ვიყო.
- ინტუიცია...
- ...მაქვს საოცარი და ჩემი ინტუიციის მეშინია. ზუსტად ვგრძნობ ხოლმე ჩემს ცხოვრებაში რა მოხდება. ეს სასიამოვნო სულაც არ არის.
- როცა მარტო ვარ...
- ...ეს მდგომარეობა არ მიყვარს, მაგრამ როცა მარტო ვარ, ჩემს თავს ველაპარაკები.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...არ მინდა. ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ და ბევრი კომპლექსი აწუხებთ. მინდა, იმდენი მქონდეს, ადამიანების დახმარება შემეძლოს. ის, რომ დაცვა მჭირდებოდეს, კომპლექსები გამიჩნდეს, ვფიქრობდე, რომ ვიღაც ჩემი სიმდიდრის გამო მემეგობრება, არ მინდა.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...უზნეოდ ვერასდროს მოვიქცევი.
- მენატრება...
- ...ჩემი ბებო. საოცარი ბებო მყავდა, ფშავში ცხოვრობდა. 5 შვილი გაზარდა, უაღრესად მშრომელი და პატიოსანი იყო. 57 წლის ასაკში დაქვრივდა. ყველა შვილს მისცა განათლება. იყო მორწმუნე, კეთილი და გემოვნებიანი. არასდროს მინახავს, ბებოს მოუწესრიგებლად ეზოს გარეთ ფეხი რომ გადაედგას. მას თავის მკერავი ჰყავდა, კაბებს იკერავდა. ძალიან სადა, საყვარელი და წიგნიერი იყო. "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცოდა. ბებოს დედუკა ერქვა. პირველ შვილზე ვიყავი ორსულად, როცა გარდაიცვალა. ვოცნებობდი, გოგო დაბადებულიყო, რომ მისი სახელი დამერქმია, ბიჭი დაიბადა და უტა დავარქვი - ეს სახელი "დიდოსტატის მარჯვენიდან" შემიყვარდა. 11 წლის წინ გოგო გავაჩინე და ბებოს სიყვარულით დედუკა დავარქვი.
- ვაგროვებ...
- ...კარგ მოგონებებს.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ არ ვარ ისეთი, როგორ პერსონაჟსაც ეკრანზე ვთამაშობ. შემდეგ გეტყვით, დააგროვეთ ბევრი სიყვარული! ჩვენ ერთმანეთის გატანა უნდა შევძლოთ. რატომღაც ბევრი ჩასაფრებულ პოზიციაშია, ვინმეს შეცდომები უპოვონ, ეს არ მომწონს. პირიქით, თუ ვინმეს უჭირს, მხარში დავუდგეთ, გავამხნევოთ, ვანუგეშოთ - ეს ცხოვრება სხვა არაფერია.
თამუნა კვინიკაძე