რატომ აღმოჩნდა ამიკო ჩოხარაძისთვის პრემიერ-მინისტრის დასახელება განსაცდელი? - გზაპრესი

რატომ აღმოჩნდა ამიკო ჩოხარაძისთვის პრემიერ-მინისტრის დასახელება განსაცდელი?

სახელი, გვარი: ამიკო (ოფიციალურად - ამირან) ჩოხარაძე.

ასაკი: 32 წლის.

განათლება: დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის "კომედი ჯგუფის" თანამშრომელი, "გვიანი შოუს" წამყვანი", "ნიკა არაბიძის შოუს" სცენარისტი, "კომედი შოუს" სცენარისტი და მსახიობი.

პირველი წარმატება: 11 წლისამ მუსიკალურ ფესტივალზე - "სლავიანსკი ბაზარი" საუკეთესო ვოკალისთვის გრან-პრი აიღო.

- ამიკო, წარმოიდგინე, შენ შესახებ არავინ არაფერი იცის. საზოგადოებას საკუთარ თავს როგორ წარუდგენდი?

- მე ვარ ამიკო ჩოხარაძე ბათუმიდან, რომელმაც თინეიჯერობის ძალიან კარგი პერიოდი ბათუმში გაატარა. 11 წლიდან პოპულარობას მივეჩვიე. იმ ასაკში ჩემთვის საკმარისი იყო, რომ ჩემს პატარა ქალაქში მცნობდნენ. შესაბამისად, ჩემს ცხოვრებაში პოპულარობა ისეთივე ჩვეულებრივი რამ გახდა, როგორიც - სუნთქვა. მგონია, რომ ადრეულ ასაკში პოპულარობამ ჩემზე კარგად იმოქმედა - თავში არ ამივარდა. ასე რომ, ყველას ისე ვხვდები, თითქოს ნათესავი, მეგობარი ან მეზობელი იყოს. მინდა იცოდნენ, რომ ის ვარ, ვინც ვარ.

- ბათუმიდან დედაქალაქში ჩამოსულს თბილისელების მიმართ უნდობლობა რატომ გაგიჩნდა?

- უცხო ქალაქში მარტო ჩამოვედი, უცხო გარემოში მოვხვდი. მაქსიმალურად ვცდილობდი, მეგობრული და კარგი ვყოფილიყავი. ჩემმა ნდობამ და სიალალემ ცოტათი დამაზიანა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოგებული მაინც მე ვრჩები, რადგან ალალი, კარგი და კეთილი ადამიანები წაგებული არასდროს არიან. პრინციპში, ჩემს დამოკიდებულებას "უნდობლობას" ვერ დავარქმევ: ყველა ადამიანს სიახლის მიმართ შიში ან აგრესია აქვს, ან სიფრთხილეს იჩენს. მაგალითად, ადამიანის შთაგონებაში რატომ არის უცხოპლანეტელი მწვანე, ჩვენზე მახინჯი და ბოროტი, რომელიც ჩვენთან ჩამოდის და დედამიწას იპყრობს? ხომ შეიძლება, რომ კეთილი იყოს? მაგრამ არა! ადამიანის ტვინი ასეა მომართული, რომ ყოველთვის ფრთხილი ვიყავი. ამ შემთხვევაში, თბილისში ვიქნებოდი, ქუთაისში თუ ნიუ-იორკში, მნიშვნელობა არ აქვს - მაინც ასეთი ფრთხილი ვიქნებოდი.

- ოჯახთან ერთად, ახალი წლის დღესასწაულს ბოლოს როდის შეხვდი?

- აუ, არ მახსოვს... ახალი წლის თითქმის ყოველ დღესასწაულზე სხვა ადამიანების გახარება, კარგ ხასიათზე დაყენება მიწევს. მათთან ერთად მეც ვერთობი... უფრო ზუსტად, დიდი ხანია, ახალ წელს სახლში არ შევხვედრივარ, თორემ სადაც მივდივარ - საახალწლო წვეულებაზე, კონცერტზე თუ კორპორაციულ ღონისძიებაზე, ჩემი მეუღლე და ბავშვებიც იქ არიან, ასევე - შეძლებისდაგვარად, დედა, მამა, ძმა, რძალი (ვინც ახერხებს)... ბევრნი ვართ (იცინის).

- დაასახელე სამი რამ, რაც შენი აზრით, ადამიანმა მის სიცოცხლეში აუცილებლად უნდა გააკეთოს.

- ცხოვრება ისეთი უკიდეგანო, შეუსწავლელია, რომ არა მგონია, სამის ან უფრო მეტის დასახელებამ დამაკმაყოფილოს. ვფიქრობ, ბევრი რამ არსებობს იმისთვის, რომ მიხვდე, ცხოვრება აუცილებლად საჭიროა, ის უნდა გინდოდეს და გიყვარდეს... ამ შეკითხვაზე ბევრი გიპასუხებს, - პირველ რიგში, ცოლი, შვილები, სიყვარულიო, მაგრამ ეს ბანალური ფრაზებია. კიდევ ბევრ კარგ ფრაზას დავამატებდი, რის გამოც შეიძლება, სიცოცხლე ღირდეს. საერთო ჯამში, სიყვარულის გამო ღირს სიცოცხლე.

- ადამიანი, ვინც შენზე ძლიერ ზეგავლენას ახდენს...

- ჩემი მეგობრების, ოჯახის წევრების (დედისაც კი) პრობლემა ის არის, რომ ჩემზე ზეგავლენას ვერ ახდენენ (იცინის). მე თუ მინდა, ისე იქნება, როგორც მინდა.

- საყვარელი ტელეგადაცემა...

- რუსული გადაცემა - "კომედი ქლაბი", რომელიც "ტეენტეზე" გადის. ვფიქრობ, გადაცემის წარმომადგენლებს ძალიან ძლიერი იუმორი აქვთ. ვცდილობ, იქიდან რაღაცები ვისწავლო, თუნდაც - ფორმულირება, თუ როგორ ვთქვა ესა თუ ის ხუმრობა, რომ შემდეგ ჩემი გადაცემა ვიღაცისთვის საყვარელი გახდეს.

GzaPress

- 1 კვირის განმავლობაში, მხოლოდ 1 კერძის ჭამის უფლება რომ გქონდეს, რას აირჩევდი? - (იცინის) ამას ისედაც ვაკეთებ: შემწვარი კარტოფილი ძალიან მიყვარს. ჩემთვის ის ყველაზე გემრიელი საჭმელია, რაც კი ადამიანს მოუგონია.

- ანუ ყოფილა შემთხვევა, რომ 1 კვირის განმავლობაში მხოლოდ შემწვარი კარტოფილი გიჭამია?

- არა. კვირის განმავლობაში შეიძლება, საჭმელი ორჯერ შევცვალო: შემწვარი კარტოფილი შემდეგ ლობიოთი ჩავანაცვლო. საერთოდ, საკვებთან დაკავშირებით, წუნია ვარ. კონკრეტული კერძები მიყვარს.

- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვინ არის?

- (ფიქრობს) მოიცა, "დავგუგლო" (იცინის)... არ ვიცი. კალაძე? არა, კალაძე მერია. აა, გახარია! აი, ძმაკაცმა მიკარნახა. გახარია პოლიციელების უფროსი არაა? შინაგან საქმეთა მინისტრი. არა, არა... გომელაურიც არაა. ღარიბაშვილი?.. რა გინდა ახლა? განსაცდელში ჩამაგდე. რაიმე მარტივი მკითხე (იცინის). პოლიტიკაში მართლა ვერ ვერკვევი, რა გავაკეთო? ეს სფერო ძალიან არ მიყვარს და ვფიქრობ, იუმორშიც არაფერი ესაქმება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა ყველაზე აქტუალური თემაა და ამაზე ხუმრობა გვიწევს, მაგრამ არა უშავს: მოვა დრო, როცა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს უკეთეს ხუმრობებს შევთავაზებთ, პოლიტიკას მაქსიმალურად მოვერიდებით. პირადად მე, არ მომწონს, როცა 8 წლის ბავშვი ტელევიზორიდან მისთვის გაუგებარი თანამდებობის პირების გვარ-სახელებს ისმენს და ვერ ხვდება, საერთოდ რა ხდება... მიმაჩნია, რომ შეიძლება პოლიტიკაზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იხუმრო, მაგრამ მაინც არ მომწონს. ამიტომაც პოლიტიკა ჩემს გადაცემაში ნაკლები დოზითაა. თან, ვერ ვერკვევი. შესაბამისად, იმას ხელს არ ვკიდებ, რაშიც ვერ ვერკვევი. რაშიც ვერკვევი, იმას ხელს ვკიდებ და მგონი, კარგადაც გამომდის, არა?

- რა თქმა უნდა... მოულოდნელად მილიონი დოლარი რომ მიიღო, როგორ გაანაწილებ?

- მილიონსვე დავარიგებდი, რადგან მაინც ვერ შევირგებდი. ჯობია, ისევ ჩემი ნაშრომით ვიარსებო (იცინის).

- საყვარელი სიმღერა, რომლის იუმორისტული რიმეიქი ჯერ არ შეგისრულებია და გინდა, შეასრულო...

- კონკრეტულად ერთ სიმღერას ვერ დავასახელებ, მაგრამ შოუს ელემენტებით, დოზირებული იუმორით (შარჟი და კლოუნადა რომ არ იყოს), მაიკლ ჯექსონის რომელიმე "დრაივიან", "ხორციან", "გემრიელ" სიმღერას სიამოვნებით "გავაკეთებდი", მაგალითად - Dangerous-ს ან Jam-ს. ბევრი ვერსია მაქვს - ჯექსონი ხომ ჩემი ბავშვობის კერპია!

- შენ შესახებ გავრცელებული უცნაური ჭორი...

- ჩემ შესახებ გამიგონია, რომ თურმე, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ვარ. ძალიან გამეცინა, რადგან ამის მიზეზი არავისთვის მიმიცია (იცინის).

- ბოლოს როდის იტირე?

- შეიძლება 1 კვირის წინ, რომელიმე ფილმის ნახვისას გული ამიჩუყდა.

- ყველა დროის ყველაზე ლამაზ ქალად ვის მიიჩნევ?

- ჩემთვის ასეთი ვინც არის, ჩემ გვერდითაა.

- ზუსტად რომ იცოდე, ახალი წლის დღესასწაულზე ჩაფიქრებული სურვილი აგიხდება, რას ინატრებდი?

- უფრო მეტად დალხენილი, მხიარული, გაღიმებული, დამშვიდებული საქართველო გვქონდეს, რომ ჩემი შვილები თავს ბედნიერად გრძნობდნენ და მეც ხუმრობა გამიმარტივდეს.

ეთო ყორღანაშვილი