მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელის თავბრუდამხვევი წარმატებები და ადამიანური სისუსტე
font-large font-small
მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელის თავბრუდამხვევი წარმატებები და ადამიანური სისუსტე
"ქართველი ვარ და სხვა ქვეყნის დროშით როგორ გამოვიდე"

ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანის ცხოვრებაში, მთელ მის მომავალს ერთი დღე და ერთი შეხვედრა წყვეტს. მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილის შემთხვევაშიც ასე მოხდა. იმ დღეს დარბაზში სავარჯიშოდ მისული, მკლავჭიდელმა ლადო ხუციშვილმა შენიშნა და უთხრა, შენში დიდ პოტენციალს ვხედავო. არც შემცდარა. ამ შეხვედრის შემდეგ, 12 წელი გავიდა. ლევანის ტიტულების ჩამონათვალი კი ძალიან შთამბეჭდავია, ის ევროპის 6-გზის, მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი, 4-ჯერ მსოფლიოს თასის მფლობელი და მკლავჭიდში უმაღლესი რანგის შეჯიბრების "ტოპ 8"-ის გამარჯვებულია.



- იმ პერიოდში უბრალოდ ვვარჯიშობდი, ძალიან მინდოდა, სპორტის რომელიმე სახეობით დავკავებულიყავი. ლადო ხუციშვილი იმდენად დამაჯერებლად მელაპარაკა, ვარჯიშის დაწყებაზე დავთანხმდი.
- პირველი წარმატება გაიხსენე.
- საქართველოს ჩემპიონატზე გავედი, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონ გენადი კვიკვინიას ფინალში შევხვდი და ერთი გადაწევა მოვუგე. მაშინ ვარჯიში სულ 2 წლის დაწყებული მქონდა.
- ამ ფაქტმა ალბათ თავდაჯერებულობა შეგმატა, მოტივაცია გაგიძლიერა.
- რა თქმა უნდა, დავრწმუნდი, რაღაც შემძლებია-მეთქი. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში არაერთი წარმატება იყო.
- ტიტულების ჩამონათვალი როგორია?
- ევროპის ჩემპიონი 6-ჯერ გავხდი, მსოფლიოს ჩემპიონი - 7-ჯერ, 4-ჯერ მსოფლიოს თასი მოვიგე და ახლახან "ტოპ 8"-ის მაღალი რანგის შეჯიბრების გამარჯვებული გავხდი. რანგით ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მაღლა დგას. ამ სპორტში, ამაზე მაღალი აღარაფერი არსებობს. რამდენიმე წელია, მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელი მამაკაცის ტიტულს ვატარებ, მაგრამ ამ ბოლო გამარჯვებით, ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოხსნილია.
- სამომავლო გეგმები როგორია?
- შემდეგ წელს იმავე "ტოპ 8"-ის შეჯიბრებაზე გავალ. მონაწილეების შემადგენლობა შეიცვლება. წლევანდელი შემადგენლობიდან ორი მონაწილე დატოვებს და ორი ახალი დაემატება. ყოველ წელს, მსოფლიოს მასშტაბით, 8 უძლიერესი მკლავჭიდელის შეჯიბრება მოხდება.
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე აღარ გამოვალ. თითქოს ერთ ადგილს ვტკეპნი. მგონია, რომ ჩემი შესაძლებლობები უკვე დავამტკიცე და ამოვწურე. მსოფლიოს ჩემპიონი 7-ჯერ გახდები თუ 10-ჯერ, უკვე დიდი განსხვავება აღარ არის.
"ტოპ 8" თავისი საპრიზო ფონდითა და ორგანიზების კუთხით, მკლავჭიდისთვის საოცრება იყო. საპრიზო ფონდი მოგებულზე 50.000 დოლარი გახლდათ. ეს მაშინ, როცა შეჯიბრებები ტარდება, მოგებულზე გასაცემი თანხის რაოდენობა 2.000 ან 1.500 დოლარია. "ტოპ 8"-ისთვის შესარჩევი ტურნირები წონითი კატეგორიების მიხედვით ტარდება, 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობს და მათგან 8 საუკეთესო ირჩევა. შეჯიბრება შემდეგ წელსაც ჩატარდება და ვეცდები, ისევ გავიმარჯვო.
- მოგებულ თანხას რაში დახარჯავ, განსაზღვრული გაქვს?
- ბინის ყიდვა მინდა.
- ამ ასპარეზობის ფარგლებში, სამ მკლავჭიდელთან შეხვედრა გქონდა. მათგან ყველაზე ძლიერი რომელი იყო?
- რუსი მოწინააღმდეგე ვიტალი ლალეტინი ყველაზე ძლიერი იყო; როგორც მე, მანაც ფინალამდე გზა გამარჯვებებით გაიარა. ისეთი მოლოდინი იყო, თითქოს მას უნდა დავემარცხებინე, მაგრამ არ გამოუვიდა. პირველი შეხვედრისას რომ შევეჭიდე, როგორც ჩანს, ერთ მომენტში უპირატესობა იგრძნო და ქართულად მითხრა "გამარჯობა!" მგონი, ცუდად მოიქცა, არ უნდა გავებრაზებინე, ხელი გადავუწიე, ვუთხარი "გაგიმარჯოს!" და ასპარეზობა დავასრულე. მერე მკითხა, რა მითხარიო? ისეთი ტონი მქონდა, ეგონა, ცუდი რაღაც ვუთხარი, შეურაცხყოფა მივაყენე. შენ ხომ მომესალმე და მეც მოგესალმე-მეთქი. "გაგიმარჯოს!" თქმა, მართლა ემოციურად გამომივიდა, იქ სიმშვიდე არც გამოდის.
- მისი წარმომავლობა, გარდაუვალი გამარჯვებისთვის ალბათ კიდევ ერთი მიზეზი იყო, არა?
- რა თქმა უნდა, გასვლის წინ სულ მაგაზე ვფიქრობდი, მასთან დამარცხება არ მინდოდა. რუსეთის დროშა რომ დავინახე, სპორტულ ჟინს საბრძოლო განწყობაც დაემატა. გასვლის დროს ფსიქოლოგიურად ყოველთვის ვემზადები. გადაწევის დროს უფრო მოწინააღმდეგეზე, ტექნიკაზე ვერთვები და საკუთარ თავს მობილიზებას ვუკეთებ.
- იქ დარბაზში ვინ გგულშემატკივრობდა?
- ბევრი შეჯიბრება ისე გავიარე, სულ მარტო ვიყავი. ფინალზე მორაგბეები ჩამოვიდნენ და მიქომაგეს. სეკუნდანტები არ მყოლია, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ჩემი ბელორუსიელი მეგობარი დამეხმარა. ახლა "ტოპ 8"-ის ასპარეზობაზე ჩემმა სპონსორმა გადამღები ჯგუფი გამომაყოლა. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა ჩემს სპონსორს გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვეტყვი. მათი თანადგომა მართლა ძალიან მჭირდებოდა.
- ლევან, წლების განმავლობაში აღწევდი წარმატებებს და მიუხედავად მსოფლიოს მასშტაბით მიღწეული არაერთი გამარჯვებისა, ამ ქვეყანაში მაინც ჩრდილში იყავი. რატომ?
- არ ვიცი. რადგან მკლავჭიდი ოლიმპიური სახეობა არ არის, არაფრად მიაჩნიათ. ახლაც ასეთი ძლიერი ასპარეზობიდან დავბრუნდი და მხოლოდ ოჯახის წევრები დამხვდნენ.
- ამ დროს ქვეყანაში არსებობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეს მათი სირცხვილია.
- მეგობრები და რამდენიმე ჟურნალისტი დამხვდა.
- გული დაგწყდა?
- (იღიმის) არა, მიჩვეული ვარ.
- იყო შემთხვევა, როცა სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას ფიქრობდი?
- ამ დაუფასებლობაზე ჩემი გულისწყვეტა მხოლოდ ერთ ინტერვიუში გამოვხატე. ზოგმა ეს ინტერვიუ სხვაგვარად გაიგო. ზოგს ეგონა, ვინმესგან რამეს ვითხოვდი. მსგავსი არაფერი, მოლოცვითაც არავის მიულოცავს. თბილისის საკრებულოში მქონდა მხოლოდ ერთი შეხვედრა. სექტემბერში ისრაელში ვიყავი, ძალიან კარგი შემოთავაზება მივიღე, მთხოვდნენ, იმ ქვეყნის სახელით მეასპარეზა, მაგრამ უარი ვთქვი.
- რატომ?
- არ შემიძლია, მე ქართველი ვარ და სხვა ქვეყნის დროშით როგორ გამოვიდე? ამას ვერაფრით შევძლებ, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ძალიან კარგი წინადადებები მაქვს.
- იმ სპორტსმენებს, რომლებთან ერთადაც ასპარეზობდი, თავიანთ ქვეყნებში როგორ ხვდებიან?
- სექტემბერში ნახევარფინალში რომელი სპორტსმენიც დავამარცხე, სამშობლოში რომ ჩავიდა, ძალიან დიდი პატივით, ღირსეულად დახვდნენ. მე გამარჯვებული ჩამოვედი...
GzaPress
- ლევან, მკლავჭიდელებს შორის იმითაც ხარ გამორჩეული, რომ მარცხენა ხელით ასპარეზობაც შეგიძლია, არა?
- დიახ, უმრავლესობა ან მარჯვენა ხელით ასპარეზობს, ან - მარცხენა ხელით, მე ორივე ხელში ერთნაირი ძალა მაქვს და ეს იშვიათობაა.
- ვიცი, რომ უცხოელებმა ფილმში გადაგიღეს, ამის შესახებ მიამბე.
- დიახ, კინოსტუდიიდან მეგობრები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ დიდი ბრიტანეთიდან გადამღები ჯგუფი იყო ჩამოსული და ჩემთან შეხვედრა უნდოდათ. მივედი, გავისაუბრეთ და ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლის როლზე დამამტკიცეს. გადაღებები 5 დღის განმავლობაში, ვაზიანში გვქონდა.
- მსახიობობა რთული აღმოჩნდა?
- არ გამჭირვებია. ერთი დიდი სცენა, სადაც საკმაოდ ვრცელი ტექსტიც მქონდა, ერთი დუბლით გადავიღეთ. ბრიტანელები გაკვირვებულები იყვნენ. ისინი ჩემი აღნაგობით დაინტერესდნენ. როგორც მითხრეს, ასეთი მასშტაბის ფილმი საქართველოში ჯერ არც გადაღებულა. ფილმი მუჰამედის ცხოვრებაზეა. როგორც ვიცი, პრემიერა ზაფხულში, ლონდონში უნდა იყოს. დიდი სურვილი მაქვს, პრემიერას დავესწრო. ჩემი თამაშით კმაყოფილები რომ დარჩნენ, გამიხარდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი შეჯიბრება მოვიგე.
- მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღება არ გექცევა, თანამოქალაქეებს ძალიან უყვარხარ, ქუჩაში გაჩერებენ, გილოცავენ, ამის მოწმე თავადაც გავხდი. ეს რა შეგრძნებაა?
- აქამდე 10 ადამიანიდან 3 თუ მაჩერებდა, დღეს 9 მაჩერებს და მილოცავს (იცინის), რაც მახარებს. სოციალურ ქსელში უამრავი წერილი მომდის, ყველას ვერ ვპასუხობ და ვთხოვ, არ მიწყინონ. მკლავჭიდი ძალიან ბევრ ქვეყანაში პოპულარული გახდა. მალაიზიაში შეჯიბრებაზე რომ ვიყავით, ერთ-ერთ სკოლაში მიგვიწვიეს, ბავშვებმა თბილი შეხვედრა მოგვიწყვეს. მიხარია, რომ საქართველოში მკლავჭიდელების ძლიერი ნაკრები გვყავს. ბიჭები დიდ წარმატებებს აღწევენ.
- ახლა რას საქმიანობ?
- ახლა ვისვენებ. ასპარეზობის წინა დღეებში, ყოველდღე ტონობით სიმძიმეს ვეწევი. ტვირთის გადაზიდვის რომელიმე კომპანიაში რომ მემუშავა, გაცილებით უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა მექნებოდა, დიდ თანხას გამოვიმუშავებდი.
- ოჯახზე რას გვეტყვი?
- მყავს ძმა და მშობლები.
- პირად ცხოვრებაზე გკითხავ, დაოჯახებული ხარ?
- არა.
- შეყვარებული?
- არა.
- როგორი გოგონები მოგწონს?
- გოგო უბრალოებით გამორჩეული უნდა იყოს, კეთილი, ზრდილობიანი, კარგ ოჯახში აღზრდილი. ოჯახის თემა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანი თავისი ოჯახის სახეა.
- ფიზიკურად ძალიან ძლიერი ხარ, რა ადამიანური სისუსტეები გაქვს.
- ემოციური ვარ და ყველაფერი გულთან მიმაქვს. კარგი მოლაპარაკეც არ ვარ.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
- მეგობრებთან ერთად ყოფნა და ფეხბურთი მიყვარს. ბავშვობაში ფეხბურთელობაც მინდოდა. ალკოჰოლი არც მიყვარს, არც შეიძლება. ავტომოყვარული ვარ.
- ჰალკი როდის შეგარქვეს?
- ჰალკი ვარჯიშის დასაწყისშივე შემარქვეს, ხელები სწრაფად მეზრდებოდა და ჰალკს მეძახდნენ.
- ხელის დიდ მტევანს ასპარეზობისას დიდი მნიშვნელობა აქვს?
- რა თქმა უნდა. ჩემზე დიდი ხელები არავის აქვს. ახლა ფინალში ვისაც შევხვდი, თითების სიგრძეში და ხელის სიმაღლეში უპირატესობა მას ჰქონდა.
- ახალი წელი მოდის, ამ დღესასწაულს როგორ ხვდები?
- ოჯახში ყველანი ერთად ვხვდებით, ეს ჩვენი უცვლელი ტრადიციაა.
- ბავშვობაში მეკვლედ გეპატიჟებოდნენ?
- ხშირად. მეკვლე ალბათ წელსაც ვიქნები.
- თოვლის ბაბუას წერილებს სწერდი?
- არა.
- ახლა რას მისწერდი?
- რა შეიძლება ვთხოვო? ჩემი და ახლობლების ჯანმრთელობა.
- საახალწლოდ ყველაზე მეტად, რა გაგახარებდა?
- ახალი ბინის გასაღები, უჰ! მართლა ძალიან გავიხარებდი.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
"ვერასდროს იგრძნობ, რომ ცნობილი ადამიანების შვილია"
უცნაური კომპლიმენტი და კუნთმაგარი ფინანსისტი
"არ ვარ ევროპელი და ამის გამო საბოდიშოდ არავისთან მაქვს საქმე"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2145 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი