"შავი მანქანებით, შავი სათვალეებით კი არ იარონ, ხალხს მიეფერონ..."
font-large font-small
"შავი მანქანებით, შავი სათვალეებით კი არ იარონ, ხალხს მიეფერონ..."
რას უსურვებს ცნობილი მუსიკოსი ქართველ პოლიტიკოსებს?

"შობა-ახალი წელი მოდის. ეს ღიმილისა და იმედის დღესასწაულია, ამიტომ, მე ტრადიციად შემოვიღებდი, რომ ამ დღეებში უცნობებიც ერთმანეთს უღიმოდნენ, ლოცავდნენ, ეფერებოდნენ და ჩვენ ვნახავთ, როგორ შეიცვლება ირგვლივ ყველაფერი, როგორ შეიცვლება სამყარო!" - ამბობს მუსიკოსი გია მაჭარაშვილი და ახალი 2020 წლის მოსვლას ულოცავს თავის ხალხს, მთელ საქართველოს...


- რა ასოციაციას იწვევს თქვენში ახალი წლის შემობრძანება?
- ალბათ ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ შობა-ახალი წლის დღეებში ჩემი ბავშვობა მაგონდება, როცა ჩემი მშობლები ცოცხლები იყვნენ და ერთ ოჯახად ვცხოვრობდით. პირველ იანვარს, დილის 7-8 საათიდან იწყებოდა ჩვენს ოჯახში სტუმრიანობა. იანვრის პირველი რიცხვები განსაკუთრებული ხალისითა და სიხარულით იყო სავსე. საბედნიეროდ, სიმღერა ყველას ეხერხებოდა - დედას, მამას, ბიძაჩემს და ახალ წელსაც ყოველთვის სიმღერითა და ჟრიამულით ვხვდებოდით. საღამოს სხვები გვპატიჟებდნენ - ნათესავები, ახლობლები, მეზობლები. იანვრის პირველი დღეები ამ მხრივ ძალიან დატვირთული იყო. იცით, უცნაური რა არის? - არ არსებობდა ახალ წლამდე თოვლი არ მოსულიყო. თითქოს სპეციალურად, 30-31 დეკემბერს წამოვიდოდა მშვენიერი, თეთრი ფიფქები და თბილისი თეთრად დაიბარდნებოდა. იანვარში ჩვენს ქუჩებში ყოველთვის იდო თოვლი. მთელი დღე ვგუნდაობდით და ვთამაშობდით. მთელი უბანი ციგაობდა, არც ბაკურიანში წასვლა გვჭირდებოდა და არც - გუდაურში. სხვათა შორის, გული მწყდება, რომ ბოლო რამდენიმე წელია თბილისში თოვლი აღარ მინახავს. ვიცი, ეს გლობალური დათბობის ბრალია, მაგრამ ახალი წელი თოვლის გარეშე მაინც ვერ წარმომიდგენია.
- ამბობენ, თუ მოინდომებენ, მამაკაცები საუკეთესო მზარეულები არიანო... თქვენ თუ ეხმარებით მეუღლეს საახალწლო სამზადისში?
- თუ უღრან ტყეში არ მოვხვდი, შიმშილით თავს არ მოვიკლავ და თუ სახლში კარტოფილი და კვერცხი მაქვს, შემიძლია ყოველდღე ვჭამო - ორივე ძალიან მიყვარს, არ მომბეზრდება. აი, სერიოზული კერძების მომზადებას ნამდვილად ვერ შევეჭიდები და ვერც იმას დავიკვეხნი, რომ კარგი მზარეული ვარ. ამიტომ, მეუღლეს მარტო პროდუქტის შეძენაში ვეხმარები. მაგალითად: წელს საახალწლო სამზადისი 2 კვირით ადრე დავიწყეთ და ბევრი რამ წინასწარ შევიძინეთ. დეკემბრის ბოლოს ქალაქში ყოველთვის საცობებია და ყველაფერი ძვირდება, ამიტომ, რაც ახალ წლამდე გაძლებს, წინასწარ ვყიდულობთ. შარშან მომიხდა 31 დეკემბერს ბაზარში წასვლა და ისე გავწვალდი, რომ ჩემს თავს პირობა მივეცი, ახალი წლის წინა დღეებში საყიდლებზე აღარ წავიდე. როცა ყველაფერი მომარაგებული გვაქვს, სამზარეულოში ტრიალს ჩემი მეუღლე იწყებს და საახალწლო სუფრასაც ის აწყობს. საკმაოდ კარგი კულინარია და ბოლო წლებში ჩურჩხელების ამოვლებაც კი დაიწყო, გოზინაყიც კარგი გამოსდის და სხვა კერძებიც. დღეს ძალიან ბევრ ოჯახში ინახავენ მარხვას, მე და ჩემი მეუღლეც მარხვაზე ვართ, ამიტომ, სამარხვო მენიუც გვაქვს და ტრადიციული, საახალწლო კერძებიც იმათთვის, ვინც არ მარხულობს. ჩვენ კი, ძირითადად, ვეგეტარიანულ საკვებს ვჯერდებით ხოლმე.
- ნაძვის ხის მორთვა თუ მოგწონთ?
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია: ნაძვის ხეს ყველა ერთად ვრთავთ. ჩემი შვილი - ანა 21 წლისაა და განსაკუთრებით უხარია ნაძვის ხის აწყობა. ბოლო წლებში ცოცხალ ნაძვის ხეს ვყიდულობდით, წელს კი ხელოვნური შევიძინეთ - უფრო პრაქტიკულია და დიდხანს ძლებს. ფასდაკლებით ვისარგებლეთ და აქვე, ჩვენს სახლთან ვიყიდეთ დიდი, ორმეტრიანი ნაძვის ხე, რომელიც ბარბარობის წინადღეს მოვრთეთ. პირველ იანვრამდე ახალ-ახალ სათამაშოებს ვამატებთ - მოკლედ, ამ საახალწლო ჩვეულებასაც არ ვღალატობთ.
GzaPress
- როგორ ეგებება თქვენი ოჯახი ახალ წელს?
- ვცდილობთ, ახალი წლის ღამეს სახლში შევხვდეთ. პირველ იანვარს კი, უკვე სტუმრად წასვლაც შეიძლება და სტუმრების მიღებაც - ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. რესტორანსა და ბარში ახალი წლის შეხვედრას მირჩევნია, სტუმრები ჩემთან მოვიდნენ. მეკვლის სტუმრობაც ძალიან მიხარია. ადრე სხვადასხვა მეკვლე გვყავდა, ახლა კი ჩემმა შვილმა ბიძამისი ამოიჩემა და ბოლო წლებში ის არის ჩვენი მეკვლე. საახალწლო ზეიმი მარტო დათრობა და პირში გარჭობილი ბარკალი არ არის, ეს ტრადიციები მას სულ სხვა ხალისს და ლაზათს მატებს. პირველ იანვარს მეგობრებთან მივდივართ, მერე კი, ჩემი მეგობრები მოდიან ჩემს ოჯახში. ხშირად გვსტუმრობენ გია ბაღაშვილი და მერაბ სეფაშვილი, რომელიც ჩემი გოგონას ნათლიაა. ხან ვინ მოდის სტუმრად და ხან - ვინ. ვმღერით, გიტარაზეც ვუკრავთ, სხვა ინსტრუმენტებზეც და ვცდილობთ, ახალი წლის დღეები ხალისიანად გავატაროთ. ყოველთვის გვახარებს ჩვენი ახლობლების ჩამოსვლა ისრაელიდან - ეს ქართველი ებრაელების საოცრად თბილი და საყვარელი ოჯახია, რომელიც ახალ წელს ხშირად ჩამოდის საქართველოში. ჩვენც მივდივართ მათთან სტუმრად. ღვინო წელსაც კახეთიდან ჩამოგვივა - ჩვენი ოჯახის მეგობარი ზურაბ ბეროზაშვილი მეღვინეა და მისი მეუღლე - არაჩვეულებრივი, სათნო ქალბატონი ყოველ წელს გვიგზავნის ბადაგს, ჩურჩხელებს და საუკეთესო კახურ ღვინოს. ასეთი ხალხის გვერდში ყოფნა მიხალისებს ცხოვრებას და ვხვდები, რომ მეგობრების გარეშე ჩვენი ცხოვრება უსიხარულო, უიმედო და უღიმღამო იქნებოდა.
- შობა-ახალი წლის მომდევნო დღეების გატარება სად მოგწონთ?
- ზამთარში ბაკურიანი საუკეთესოა. ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი დასასვენებელი ადგილია. მართალია, შაბათ-კვირას გუდაურშიც ბევრი მიდის, მაგრამ მე ყოველთვის ბაკურიანს ვარჩევდი და დღემდე ასეა. ბაკურიანი ის ადგილია, სადაც შეიძლება მშვიდად დაისვენო, სუფთა ჰაერი ჩაყლაპო და სასიამოვნო დრო გაატარო.
- ალბათ ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. სად ხვდებიან ახალ წელს ყველაზე ლამაზად და გამორჩეულად?
- საახალწლო კონცერტების დროს ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და უნდა ვაღიარო, რომ ამ დღესასწაულს ევროპელები გამორჩეულად ხვდებიან. ძალიან მომწონს მათი ტრადიცია, როცა შობა-ახალი წლის დღეებში ყველა სახლი, ყველა ქუჩა საახალწლოდ არის მორთული. ყველაფერი თვალისმომჭრელი და შეუდარებლად ლამაზია. სახლების წინა ფასადი განათებული უნდა იყოს - ეს მათი ადათ-წესია და მათ ქალაქებს რომ ხედავ, გული გინათდება. სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები იმდენად ლამაზად არის მორთული, რომ თავი ზღაპარში გგონია. სხვათა შორის, ახლა წელს მოსკოვშიც საკმაოდ ლამაზად და ხალისიანად ხვდებიან. მე ისრაელში ხშირად მიწევს ჩასვლა. ყველამ ვიცით ამ ქვეყანას რამდენი პრობლემა აქვს, იქ გოგონებიც კი ჯარში მიდიან, მაგრამ ვერც მიხვდებით, რომ რამდენიმე კილომეტრში ომია. ისრაელში პატარა, კოხტა ქალაქებიც შენდება, დღესასწაულებსაც აღნიშნავენ და ადამიანურადაც ცხოვრობენ. ახალ წელს ისინი პირველ სექტემბერს აღნიშნავენ და ამ დღეს გამორჩეულად ზეიმობენ. მართალია, პირველ იანვარსაც აღნიშნავენ, მაგრამ სექტემბერს უფრო ლამაზად, ზეიმით ხვდებიან. ძალიან მინდა, ჩვენი ქალაქის ქუჩებიც ასე ლამაზად იყოს მორთული და გაჩახჩახებული.
- თუმცა, ბევრს კამათობენ იმაზე, რომ თანხა, რომელიც თბილისის ქუჩების განათებაზე იხარჯება, სოციალურად დაუცველებს უნდა მოახმარონ...
- მაპატიოს ყველამ, მაგრამ განათებული თბილისი ძალიან ლამაზია. ეს მშვენიერი, ფერადი განათებები ადამიანის გულსაც ახალისებს და გონებასაც. ამ თანხით სოციალურად დაუცველთა პრობლემებს მაინც ვერ მოვაგვარებთ, ორკვირიანი განათების ფული ფეხზე მაინც ვერ დააყენებს გაჭირვებულ ოჯახებს, ამას ქვეყნის ბიუჯეტმა, სახელმწიფომ სხვანაირად უნდა მიხედოს. აბა, როგორ მოვიქცეთ? - ჩავაქროთ შუქი, სანთლები ავანთოთ და ასე, სანთლის შუქზე შევხვდეთ დღესასწაულს? საერთოდ გავაუქმოთ ახალი წლის საღამო? თუ ეს მოგვიტანს შვებას, კი ბატონო! მე მგონი, პირიქით უნდა მოვიქცეთ: დროებით მაინც ჩამოვიფხიკოთ და ჩამოვიფერთხოთ ის დარდი, რომელიც ყველას გვაქვს და რომელიც ჩვენი მოქალაქეების თვალებში ჩანს. რამდენიმე დღით, ხელოვნურად მაინც გავიხალისოთ თავი და ერთმანეთს ღიმილი ვაჩუქოთ. ერთი წამით წარმოიდგინეთ, უცხო ადამიანი რომ გაგაჩერებს, გაგიღიმებს და მოგილოცავს, სულ სხვა სიხარული დაგეუფლება. ძალიან მინდა, თუნდაც 1-2 კვირით ჩემს ქალაქში და საქართველოში ღიმილიან სახეებს ვხედავდე, მაგრამ ამის ნაცვლად რა ხდება? - 2-3 იანვრიდან ჩართავ ტელევიზორს და ისევ კამათი, ისევ ერთმანეთის შეურაცხყოფა და დედის გინება იწყება. ხომ შეიძლება ამ ჩვენმა პოლიტიკოსებმა ერთთვიანი არდადეგები აიღონ და შავი მანქანებით, შავი სათვალეებით კი არ იარონ, ხალხს მიეფერონ, გაუღიმონ, სამახსოვრო ფოტოები გადაიღონ? ჩვენს სამშობლოში მხოლოდ 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რამდენიმე დღით მაინც ნუ დავჭამთ ერთმანეთს - ეს ხომ უნდა მოვახერხოთ? ვიცი, რომ ქვეყანაში საკმაოდ რთული სოციალური ფონია, მაგრამ ასეთ ლამაზ დღეებს მაინც შევხვდეთ იმედითა და ოპტიმიზმით. ჩვენი შვილების ხათრით მაინც უნდა გავიხალისოთ თავი, რადგან დადებითი მუხტი, დადებითი ენერგია ყოველთვის გადამდებია.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
ვისთან არ სჭირდება თამაში და ნიღბის ტარება პაატა გულიაშვილს
მსახიობი და სპორტსმენი საინტერესო გამოცდილებით
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი