"გრინჩმა საქართველოში თოვლიც ხომ არ მოიპარა?" - გზაპრესი

"გრინჩმა საქართველოში თოვლიც ხომ არ მოიპარა?"

ცნობილი ადამიანები საკუთარ საახალწლო ტრადიციებს იხსენებენ, წარსულისა თუ დღევანდელი ახალი წლის ემოციებს გვიზიარებენ. ამჯერად, სამივე რესპონდენტი რეალისტი აღმოჩნდა, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეულ მათგანს თოვლის ბაბუის არსებობა არ სჯეროდა და იცოდა, რომ საახალწლო საჩუქარი მისთვის დედას, მამას თუ ახლობელს მოჰქონდა.

საოჯახო და ფილოსოფიური ტრადიციები

რუსუდან ბოლქვაძე: - ბუნდოვნად მახსოვს ღრმა ბავშვობის ერთი ეპიზოდი, როცა დედაჩემის სამსახურში ზეიმი ტარდებოდა და თოვლის ბაბუამ ხელში ამიყვანა. მე შემეშინდა და ტირილი დავიწყე. როცა გავიზარდე, დედა მიყვებოდა, რომ ის თოვლის ბაბუა მისი ნაცნობი ყოფილა და სწორედ იმიტომ დამავლო ხელი. ძალიან პატარა ვიყავი და მიწებებული წვერი არ მომეწონა, ამიტომ ვიტირე. ასეთი იყო ჩემი შეგრძნება. მახსოვს სპეციალური მოხატული შეკვრები არსებობდა, რომელსაც გვირიგებდნენ საახალწლო ღონისძიებებზე. შიგნით ეწყო კანფეტები, მანდარინი, ორცხობილა, დათუნია შოკოლადი... ხელიხელჩაკიდებული ბავშვები წრეზე დავდიოდით უზარმაზარი ნაძვის ხის გარშემო, თუმცა მაშინ შეიძლება ზომებში უფრო დიდი მეჩვენებოდა, ვიდრე ალბათ, სინამდვილეში იყო.

ოჯახში მამაჩემს ჰქონდა ასეთი ტრადიცია - როცა გვეძინა, საჩუქრებს ბალიშის ქვეშ გვიდებდა. დილით გავიღვიძებდით და დაგვხვდებოდა. ნაძვის ხის მორთვაც რიტუალი იყო მამასთვის. მე, ჩემი ძმა და მამა ერთად ვაწყობდით ხოლმე, მოსართავებსაც ხშირად თავად ვამზადებდით. მამაჩემს ძალიან უყვარდა ბავშვებთან თამაში და რაღაც თამაშობებს იგონებდა კიდეც. ყოველ წელს, ნაძვის ხეს ახლებურად ვრთავდით, ფერად ნათურებსაც სხვადასხვანაირად ვკიდებდით. მამა ნაძვის ხეს ხან ქვემოდან ანათებდა და გვეუბნებოდა, ვითომ თოვლის ბაბუის სახლიაო. რამდენიმე სათამაშოს თავისი განკუთვნილი ადგილი ჰქონდა და მაინცდამაინც იქ უნდა ყოფილიყო ჩამოკიდებული. მარტო ნაძვის ხეს კი არა, მთელ ოთახს ვრთავდით, ოთახის ერთი კუთხიდან მეორემდე ჯვარედინად და ჭერშიც გვქონდა ჩამოკიდებული ფერადი გირლანდები. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო და მიყვარდა ეს პროცესი. ნაძვის ხის აღების შემდეგ მეჩვენებოდა, რომ ოთახი ცარიელდებოდა, იმდენად იყო მორთული.

მერე სათამაშოები ფრთხილად უნდა ჩაგვედო ბამბებში, რათა არ დამტვრეულიყო და პატარა საკუჭნაოში ვინახავდით მომავალ წლამდე. ძველი ყაიდის ბებიას რიტუალსაც აუცილებლად ვასრულებდით. ოჯახის წევრებს ხელი უნდა ჩაგვეკიდა ერთმანეთისთვის, 1-2 წრე დაგვერტყა ნაძვის ხის გარშემო და გვემღერა - "ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო, რა ლამაზი ხარ". ძველ სათამაშოებს კარგა ხანს ვინახავდი, მერე რაღაცები დაიმტვრა. საერთოდ, მიყვარს ძველი ნივთების შენახვა. დღემდე გვაქვს შემორჩენილი დედაჩემის ბავშვობის დროინდელი პაწაწინა ნაძვის ხე (ორი მტკაველი იქნება) თავისი პაწაწკინტელა სათამაშოებით. ეს ფაქტობრივად ჩვენი რელიკვიაა. ზოგჯერ დიდ ნაძვის ხეს აღარც ვდგამთ, ამ პატარას გადმოვასკუპებთ ხოლმე ახალი წლის დადგომამდე ხუთი წუთით ადრე (იცინის).

ყოველთვის ვიცოდი, რომ საახალწლო საჩუქარი დედას ან მამას მოჰქონდა. მისტიკური თოვლის ბაბუის არსებობის არ მჯეროდა. მშობლები არ მატყუებდნენ, საჩუქარი თოვლის ბაბუამ მოგიტანაო. ყველა ბავშვი გიჟდება და მეც, გოზინაყი დღემდე მიყვარს. მახსოვს გოზინაყს როგორ შემოდებდნენ ხოლმე კარადის თავზე, რომ დროზე ადრე არ გვეჭამა. 12 საათი რომ შესრულდებოდა, ბებიაჩემი გოზინაყით გაგვიმასპინძლდებოდა და, - ასე ტკბილად დამიბერდითო, გვისურვებდა.

GzaPress- მიხეილ თუმანიშვილს ჰქონდა ახალი წლის გამორჩეული რიტუალი, ამის შესახებ მიამბეთ. - ეს იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი რიტუალი. 31 დეკემბერს, დაახლოებით დღის 12 საათზე ყველანი თეატრში ვიკრიბებოდით. მას მოჰქონდა წითელი ვაშლები და წითელი ღვინო. ერთად ვსხდებოდით წრეში და თითოეული თავის შთაბეჭდილებას ჰყვებოდა - იმ წელს მისთვის მნიშვნელოვანი რა მოხდა? თუ დავუშვათ, ვინმე ვინმეზე ნაწყენი იყო, ისინი რიგდებოდნენ. ერთ მსახიობს წარმატებულ როლს ვულოცავდით, მეორეს პრემიერას და ა.შ. ვაჯამებდით განვლილ წელს. მერე ბატონი მიშა წითელ ვაშლს ამოავლებდა წითელ ღვინოში, გვჩუქნიდა სათითაოდ და ეს ვაშლი სახლში მოგვქონდა. საღამოს, ახალი წლის დადგომისთანავე ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს ვუნაწილებდით და ერთად მივირთმევდით. ეს იყო ჩემი აზრით, საკმაოდ ფილოსოფიური ტრადიცია, რომელიც ძალიან დიდხანს გრძელდებოდა. თუმანიშვილის გარდაცვალების მერეც, სადამდეც შევძელით, ვინარჩუნებდით...

- დაასახელეთ ახალი წელი, რომელსაც განსხვავებულად შეხვდით.

- 2000 წელი რომ დადგა, მეგობრები რიყეზე, რესტორანში ერთად შევხვდით ახალ წელს. მახსოვს, თენდებოდა, როცა მეტეხის ხიდზე გავედით და მზის პირველი სხივის ამოსვლას იქ დავესწარით. ძალიან ამაღელვებელი დღე იყო. ერთხელ, ძველით ახალ წელს ჭიათურაში წარმოვადგინეთ იმ დროს პოპულარული და საყვარელი სპექტაკლი "წუთისოფელი ასეა". სახლში რომ ვბრუნდებოდით, თოვლი წამოვიდა. ახალ წელს თოვლი განსაკუთრებულად უხდება.

- როგორია თქვენი საახალწლო სურვილი?

- ადამიანებს შორის მეტი სიყვარული და ურთიერთგაგება მინდა იყოს. სიმშვიდე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა რომ აუცილებელია, ამაზე აღარაფერს ვიტყვი. ეს ყველა ადამიანის სურვილია, მით უმეტეს საქართველოში. პირველ რიგში, ჩემი აზრით, მთავარია საზოგადოების გამთლიანება, ისე ქვეყანა ვერ გამთლიანდება.

"დღემდე ის ბავშვური შთაბეჭდილებები მახსენდება"

მანანა კაზაკოვა: - ბავშვობას რაც უკავშირდება, ყველაფერი ლამაზად და ტკბილად მახსენდება, მით უფრო, ახალი წელი. ვერ გეტყვით, რომ თოვლის ბაბუის დიდხანს მჯეროდა. როგორც დედა და ბებია მიყვებიან (მეც მახსოვს ჩემი თავი), ჩაფიქრებული ბავშვი ვიყავი და ბევრ ლოგიკურ შეკითხვას ვსვამდი ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, საიდან იცის თოვლის ბაბუამ, რა საჩუქარი მინდა? ზუსტად ერთსა და იმავე დროს რანაირად მოდის? როგორ ასწრებს ყველასთან მისვლას და ა.შ. (იღიმის). თუმცა, კარგი განწყობა თავისთავად ყოველთვის იყო. ეს განწყობა დღემდე მომყვება, რაც პირველ რიგში, ჩემი მშობლების დამსახურებაა. ისინი ქმნიდნენ იმ გარემოს და კოდს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს, ამას გნებავთ ტრადიცია დაარქვით და გნებავთ - რიტუალი. ახლოვდება ახალი წელი და დღემდე ის ბავშვური შთაბეჭდილებები მახსენდება, მიხარია და თითქოს გული უფრო სწრაფად ძგერს.

GzaPress

- რით იყო გამორჩეული ბავშვობის ახალი წლები? - მაშინ ყველაფერი საუკეთესოდ გეჩვენება... თოვლი მიყვარს ძალიან და მახსოვს, თბილისში ახალ წელს ვგუნდაობდით ხოლმე, ციგაც მქონდა... ზოგჯერ ვამბობ, გრინჩმა საქართველოში თოვლიც ხომ არ მოიპარა-მეთქი? ჩემს ასაკში, უფრო რეალური და მიწიერი ხდები ადამიანი, მაგრამ ზეიმის შეგრძნება რომ გაქვს, ეს ბავშვობის დამსახურებაა. როგორც საახალწლო სუფრის გაწყობა, დიასახლისისთვის ნაძვის ხის მორთვაც ერთგვარი შეჯიბრებაა, ვისი ნაძვის ხე უფრო ლამაზი იქნება? მაგალითად, ჩვენ ირგვლივ, მსახიობებს შორის გამორჩეულია ნატო მურვანიძის ნაძვის ხე. მე თუ მკითხავთ, ესაა შედევრი, რომლის სანახავად ცალკე უნდა მიხვიდე. ონისე ონიანს რამდენიმე ნაძვის ხე აქვს სახლში... მიდის მერე ფოტოების დადება - აბა, ვის როგორი ნაძვის ხე აქვს? მთელი მუღამი არის აწყობაში. ჩვენთან ეს ფუნქცია, რამდენიმე წელია, თინათინმა აიღო ხელში. წელსაც მან გააწყო ნაძვის ხე, რასაც რამდენიმე დღე მოანდომა.

- ახალ სახლში ახალი ნაძვის ხე დადგით?

- ონისემ დიდი თეთრი ნაძვის ხე გვაჩუქა და მის მორთვაშიც მონაწილეობდა. ქალაქგარეთ, ოქროყანაში ვცხოვრობთ და დათოვლილი ნაძვის ხე თითქოს უფრო უხდება ახალ სახლს, თან გარედანაც ჩანს, სასიამოვნო სანახავია. ჩემს ბავშვობაში, საბჭოთა პერიოდში ყველას ერთნაირი "ვერხუშკები" გვქონდა. ახლა კი, პირდაპირ თვალები გაგირბის, ისეთი საოცარი და ჯადოსნური სათამაშოების სამყაროა. ბავშვობაში რომ მენახა ასეთი სათამაშოები, ალბათ უფრო გახსნილი ფანტაზიის ადამიანი ვიქნებოდი (იცინის).

- ოჯახის წევრებისთვის შერჩეულ საჩუქრებს საგულდაგულოდ მალავთ ხოლმე.

- კი, ახალ წლამდე არ ვაჩენთ. რაც ლევანს ცოლად გავყევი, ამ ტრადიციას რუდუნებით ვიცავთ. სხვათა შორის, დედაჩემიც ასე იყო. საახალწლო სადილს არ გვაჭმევდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გამზადებული ჰქონდა. მოვიდეს ახალი წელი და მერეო. ასევე ხდებოდა საჩუქარზე, ვერაფრით გამოტეხავდი. ასე რომ, ლევანმა დედაჩემის ტრადიცია გააგრძელა, 12 საათამდე ვერავინ გაიგებს რამეს საჩუქრის შესახებ. კიდევ ისაა საინტერესო, რომ ჩვენ უნდა გამოვიცნოთ, ვინ რაზე ოცნებობს. აბა, პირდაპირ თუ გითხრა, რა სიურპრიზი იქნება? დგება ახალი წელი, ყველას გამოგვაქვს ჩვენი სამალავებიდან საჩუქრები და იწყება: ვაი, საიდან იცოდი? როგორ გამოიცანი?

- ახალ წელს სახლში ხვდებით და მერე, სადმე მიდიხართ?

- ადრე, ახალი წლის დადგომის შემდეგ, მეგობრებთან მივდიოდით. თინათინი გათხოვდა და წელს ცოტა მოწყენილობა გვაქვს, სახლი თითქოს დაცარიელდა. თუმცა, ლევანს ძალიან უყვარს სახლში ყოფნა. სადღესასწაულო სუფრა გაშლილია, ზის ტელევიზორთან და თავს კარგად გრძნობს, ამას ლუარსაბობას ვეძახი...

- დაბოლოს, რას იტყვით?

- მინდა ქვეყანამ ამოისუნთქოს, ამდენმა გაჭირვებამ და შიმშილმა დაღალა ხალხი. ვისურვოთ, ვილოცოთ და ვიფიქროთ, რომ მალე უკეთესობა იქნება.

პროფესიონალი მეკვლე და "არაპროფესიონალი" მომღერალი

ლაშა ღლონტი: - სკოლა ბათუმში დავამთავრე, მიყვარდა ახალი წელი ბათუმში. ამ დროს ძალიან ლამაზი იყო ჩემი ქალაქი. სკოლის საახალწლო ღონისძიებებში ვმონაწილეობდი, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, სხვა ბავშვების მსგავსად, მეც ისე რა ვმღეროდი. ასევე, ხშირად დავდიოდით "ალილოზე" კარდაკარ და ვმღეროდით. საბავშვო ბაღის პერიოდში გამხდარი ვიყავი და მახსოვს, "შალახოს" ვცეკვავდი, ელემენტარულ მოძრაობებს ვაკეთებდი. დიდი მოცეკვავე არ ვიყავი და მერე ცეკვა აღარ გამიგრძელებია, თავი დავანებე.

საახალწლოდ ბევრ საჩუქარს ვიღებდი, მაგრამ ზღაპარი თოვლის ბაბუაზე არასოდეს მჯეროდა. რეალისტი ვიყავი. ვიცოდი, რომ საჩუქრები მშობლებს და ახლობლებს მოჰქონდათ. ზოგჯერ რაიმე საჩუქარი მომითხოვია კიდეც და სურვილს ყოველთვის მისრულებდნენ. ბაღის ასაკისას ძალიან მიყვარდა ახალი წლის დღეებში ავტობუსით სეირნობა, განსაკუთრებით მაშინ, თუკი თოვლი იყო. ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო "ინტურისტის" უკან ვცხოვრობდი. ჩემი სახლის წინ ჩერდებოდა #1 ავტობუსი, რომელიც მწვანე კონცხზე მიდიოდა. ავტობუსით სასეირნოდ მამიდას დავყავდი, ჩავსხდებოდით და რამდენიმე წრეს ვარტყამდით. კიდევ ძალიან მიყვარდა ერთი თამაში, რომელიც თავად მოვიგონე. ჩემს ქუჩაზე დიდი მოძრაობა იყო და მანქანებს ვითვლიდი, მარჯვნიდან წამოსულებს ცალკე და მარცხნიდან მომავალს - ცალკე. ათამდე დავითვლიდი და რომელი მხარეც ამ რიცხვს მიაღწევდა, ის გაიმარჯვებდა. მერე თვლას თავიდან ვიწყებდი. ასე ჩემებურად ვერთობოდი და ამ თამაშსაც, რატომღაც, ახალი წლის დღეებს ვუთმობდი.

GzaPress

- მეკვლე თუ ყოფილხართ? - სხვათა შორის, "კარგი ფეხი" მაქვს და ხშირად მეძახიან. პროფესიონალი მეკვლე ვარ, მაგრამ განსაკუთრებული ტექსტი არა მაქვს. შევდივარ ოჯახში და ახალ წელს ჩვეულებრივად ვულოცავ.

- ნაძვის ხეს რამდენი ხნით ადრე დგამთ ხოლმე?

- ახალი წლის დადგომამდე ორი კვირით ადრე. სახლის გარდა, აივანიც მოვრთეთ ფერადი ნათურებით და ღამე განათებული გვაქვს. უცხოეთში ხშირად ვარ გასტროლებზე, სადაც ძალიან მომწონს წინასაახალწლოდ გალამაზებული სახლები და იქიდან რაღაცები აქეთ გადმოვიტანე.

- შვილიშვილისთვის მოამზადეთ საჩუქარი?

- მას ძალიან უყვარს თოვლის ბაბუა და სახლში, თითქმის ყველა ზომის თოვლის ბაბუის კოლექცია გვაქვს. ახალ წელს, შვილიშვილთან ერთად მეორე წელია ვიკრიბებით, მაგრამ ბოლო ათი წელია, 31 დეკემბერს როგორც წესი, 4-5 კონცერტი მაქვს, ამიტომ სახლში ძალიან გვიან მივდივარ. მე არა ვარ პროფესიონალი მომღერალი (მუსიკალური განათლება არა მაქვს), მაგრამ როცა ხალხს შენი სიმღერები უყვარს და მოთხოვნადი ხარ, რა თქმა უნდა, მახარებს. ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა, ისეთმა მომღერლებმა და კომპოზიტორებმა ჩამომაყალიბეს და მომცეს "ვიზა", რომ მემღერა. მათ შორის იყვნენ გურამ თამაზაშვილი, ზაურ ბოლქვაძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი და სხვები. 2020 წლის ორ იანვარს, ბედობა დღეს, ბათუმში მაქვს კონცერტი.

ნანული ზოტიკიშვილი