ვინ არის ბესო ზანგურის უკანასკნელი სიყვარული დედამიწაზე - გზაპრესი

ვინ არის ბესო ზანგურის უკანასკნელი სიყვარული დედამიწაზე

რუსთაველის თეატრის მსახიობის, ბესო ზანგურის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი, რომელშიც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უშვერი სიტყვებით იყო მოხსენიებული, "ფეიკი" აღმოჩნდა. მსახიობისა და მისი ოჯახის მისამართით საზოგადოებისგან აგრესია აბსოლუტურად დაუმსახურებლად წამოვიდა, რამაც, ბუნებრივია, გააღიზიანა და გულიც დასწყვიტა. ჩვენი საუბრის ძირითადი თემაც სწორედ ეს არის.

- რატომღაც იმის დამტკიცება დამჭირდა, რომ ცუდი ადამიანი არ ვარ. 10 დეკემბერს პროფილის ფოტოდ მქონდა დაყენებული ამ ადამიანის მხარდასაჭერი ლოზუნგი - "თავისუფლება ვაჟა ექიმს". აგონიაში გახლავართ და საერთოდ აზრზე არ ვარ, რა პოსტზეა საუბარი, რაზე ატყდა ამხელა ამბავი? უბრალოდ, ვერ გავიგე, რაში დასჭირდათ ეს ყველაფერი. არც ბოდიშის მოხდა მეთაკილება და არც იმის თქმის მრცხვენია, რა პოზიცია მაქვს, მაგრამ იმაზე, რაც არ მითქვამს და არ გამიკეთებია, რა უნდა ვთქვა? "ბრიყვი" - ეს სიტყვა ჩემს ლექსიკაში საერთოდ არ არის. თავიდან ბოლომდე იყო "ფეიკი", არც წერტილი გახლდათ ჩემი და არც მძიმე. ამიტომ ბოდიშს ვერავის მოვუხდი. პირველ რიგში, რა საშიშროებასაც ვხედავ, ის არის, რომ ადამიანებმა ღმერთი დავკარგეთ - როგორ ვიქცევით, როგორ არ ვინდობთ ერთმანეთს, ეს ხომ კარგად ჩანს? უფრო სწორედ, ღმერთმა კი არ მიგვატოვა, ჩვენ თვითონ მივატოვეთ ის და ჩვენში აღარ ვუშვებთ. ზეპირად გვწამს, ზეპირად გვიყვარს, ზეპირად გვძულს, შენდობა არ შეგვიძლია და რაც მთავარია, თუნდაც დამნაშავე და მტყუანი ვიყო, რა შუაშია ჩემი 3 თვის შვილი? ჩხუბის დროსაც კი ცოლ-შვილი არავისთვის შეგვიგინებია არც მე და არც ჩემს მეგობრებს. ახლა ოღონდ გაამწარონ ადამიანი და სწვდებიან ყველაფერ წმინდას, რაც მის იქით დგას. არის რაღაც დაუწერელი კანონები, რასაც არ უნდა გადაახტე კაცობაში. დედის გინება საკმარისი აღარ არის, აღარც თავისი დედა ჰყოფნით, აღარც სხვისი და ახლა უკვე ბავშვებსაც სწვდებიან. ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. რაც გოგონების მამა გავხდი, უფრო ფრთხილი ვარ, ვაკონტროლებ ჩემს თითოეულ ნაბიჯს. ბიჭებს სხვანაირად ფაქიზი ბუნება აქვთ, მაგრამ გოგოს მამობა კიდევ უფრო სხვა ტვირთია. მინდა, ხალხმა ისწავლოს დანდობა და სიყვარული, ღიმილი. ქართველს ყოველთვის სხვანაირი სიყვარული შეეძლო, ომშიც კი სიმღერით მიდიოდა, ახლა რა დაგვემართა, ვისმა ცოდვამ გვიწია? ღმერთს ყველა თავის ენაზე ელაპარაკება და ამ დღეებში ლოცვისას წამომცდა, - უფალო, ასეთი რა ცოდვა გვაქვს, რომ ეს ბავშვები ასე გაგვიუბედურდნენ-მეთქი? ეს ბოლო კვირა მართლაც მძიმე აღმოჩნდა ჩვენთვის - 15 წლის მოზარდი სახურავიდან რომ ხტება, მშვიდად როგორ უნდა იყო? 18 და 13 წლის შვილები მყავს მეც. დედას რასაც არ ეუბნებიან, მე მიყვებიან. ვცდილობ, მეგობრები ვიყოთ და ჩვენ შორის კედელი არ აღიმართოს. არ გვყავს დასაკარგი თაობა. სხვათა შორის, წელს ძალიან გამახარა უფროსმა ბიჭმა, 100%-იანი დაფინასებით ჩააბარა უნივერსიტეტში ბიზნესსოციოლოგიის ფაკულტეტზე და პარალელურად, ფრანკფურტის ბიზნესაკადემიაში. მინდა იცოდეს, რომ ჩემი პირველი შვილია და ყველაზე მეტად მიყვარს დედამიწაზე.

- გილოცავთ!.. მსგავსი პრობლემები ალბათ თვითონაც გქონდათ თინეიჯერობის ასაკში. როგორ უმკლავდებოდით?

- მქონდა, როგორ არ მქონდა, სახლიდანაც კი გავქცეულვარ, მაგრამ ასე მგონია, შვილებს ძალიან დავცილდით. ცხოვრების მთავარი არსი გახდა სოციალურ ქსელში შესვლა და გულისტკენა. ისე შემოიჭრებიან შენს ოჯახში და ისე შეგეხებიან, არ შეგეკითხებიან არაფერს. "ფეიკი" პოსტის შემდეგ ყველა მესიჯი იწყებოდა გინებით - მომაკვდავი დედის, ცოლის, 3 თვის შვილის... ველოდებოდი, მაინტერესებდა, ერთი ადამიანი მაინც თუ დაწერდა, რა დაგემართათ ან ასე რამ გაგაბოროტათო. დიახ, ვიბრძოდი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ერქვა. სახლში შემოცვივდნენ და რომ არა მაკა რაზმაძე, მომკლავდნენ. როდესაც დაიჭირეს, ვისი გამოგზავნილებიც იყვნენ, ისიც კი არ მილანძღია. სხვათა შორის, მაშინ აგრესია იყო პირადად ჩემზე და ჩემს ცოლ-შვილს, ოჯახს არავინ შეხებია.

GzaPress

- რატომ დაგიპირისპირდნენ მაშინ, რა გახდა ამის მიზეზი? - ყოველთვის პირდაპირ ვწერდი, რასაც ვფიქრობდი, ხაზს ვუსვამდი უსამართლობას. რობერტ სტურუა რომ გაუშვეს თეატრიდან, სპექტაკლები ჩავშალე. მემუქრებოდნენ, სიაც გამომიგზავნეს, მე-17 ვიყავი სიაში ცოცხით მიხატული, გამიტაცეს კიდეც. კოჯრის ტყეში წამიყვანეს და მცემეს. პირადად მე შევეწირები და ამათ უკან მობრუნებას არ დავუშვებ. პოლიტიკაში არ არის საქმე; ყველანაირი პოლიტიკისთვის მიმიფურთხებია, თუ შვილები დაგვეღუპება, თუ ერთმანეთს შევჭამთ, თუ რწმენას დავკარგავთ. და რწმენას თუ დავკარგავთ, იქ ყველაფერი მოსულა. ქართველი კაცისთვის რა არის წმინდა? - რწმენა, დედა, ცოლი, შვილი. ამ ყველაფერს თუ წაუბილწავ, ასეთი ადამიანების მართვა ადვილია. საუბედუროდ, ქრისტიანობის ღერძს მოვწყდით. სანამ სულ არ დაგვიანებულა, უნდა ვისწავლოთ სიყვარული. სიყვარული თუ არ შეგვიძლია, არ უნდა გავბოროტდეთ მაინც.

- ერთ პოსტში ლგბტ თემის შესახებ დაუფარავად გამოხატავდით თქვენს დამოკიდებულებას: "თქვენ არანაირად არ ხართ ავად, თქვენ ხართ გახრწნილი ადამიანები და ვინმე არ შემეკამათოს. მე ვარ გოიმი, ვიმეორებ, და სოფლელი. მშვიდობაში მოგახმაროთ "პრადვინუტ" ლგბტ ტიპები..."

- ერთმნიშვნელოვნად არა ლგბტ-ს. გარყვნილების პროპაგანდაა და საქართველო ამისთვის მზად არ არის. მოვლილი მაქვს ევროპა, მიცხოვრია კიდეც იქ და ვიცი, როგორ უდგებიან ამ საკითხს, არსად არ დაჰყავთ ხელისგულზე და არც თვითონ ითხოვენ ამას. სხვათა შორის, მყავს სხვა ორიენტაციის მეგობრები და ურთიერთობაში არასდროს არაფერი შეშლიათ. უნდა ვთქვა, ძალიან კარგი მეგობრობაც იციან, მაგრამ არ მომწონს, როცა პროპაგანდას უწევენ და მეუბნებიან, შენი პატრიარქი ცუდია და ლგბტ კარგიო. მე ვამბობ, ესენი არიან დაფინანსებაზე ორიენტირებული ადამიანები. მე ვიღებ მათ ისეთებად, როგორებადაც დაიბადნენ, მაგრამ ყოველთვის ვიტყვი - არა ლგბტ-ს.

- არატოლერანტულობაში დაგადანაშაულებენ.

- კი ბატონო, ვიქნები არატოლერანტული, თუმცა ამ ფობიას ვერ დამწამებენ, რადგან ვიმეორებ, მყავს ყველა ჯურის მეგობარი. ჩემი ოჯახის წევრი რომ აღმოჩნდეს, ვერაფერს ვეტყვი, მაგრამ არ გამიხარდება. დააბრუნონ სკოლებში ღმერთი, ჩაატარონ რელიგიის გაკვეთილები, ხომ შესაძლებელია? მე კავკასიელი ვარ, არ ვარ ევროპელი და ამის გამო საბოდიშოდ არავისთან მაქვს საქმე. საერთოდ, ადამიანში სინათლეს ვეძებ. ვთვლი, რომ ყველაში არის რაღაც კარგი, მთავარია, დავინახოთ. ერთადერთი, პედოფილებსა და მანიაკებზე ვერ ვიტყვი ამას.

- ნუ გიკვირთ ჩემი თავისუფლებისო, ამბობთ. რა არის თავისუფლება?

- ისე მოხდა, რომ ცხოვრებაში ბევრჯერ უსამართლოდ მეტკინა გული. დედა, ჩემი ყველაზე დიდი პატრონი, ვინც გამზარდა, ცუდად გამიხდა, ინსულტი დაემართა. ახლაც ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის, თუმცა ფსიქოლოგიურად ძლიერია და მდგომარეობას არ ეპუება. ცხოვრებისეული პრობლემები 37 წლის ასაკში განსაკუთრებულად მძაფრად ვიგრძენი. ისეთმა ადამიანებმა მიღალატეს, ცილი დამწამეს, იჭორავეს, რომ აღარაფერი მაკვირვებს. ვერ ვიტყვი, რომ ყველამ მიმატოვა, მაგრამ ჩემ გვერდით აღმოჩნდა მხოლოდ რამდენიმე კაცი. სამჯერ მიმიყვანეს საავადმყოფოში აპარატის გამოსართავად, აღარ გადარჩებაო და მამაო წავიყვანე. როდესაც სულის გაყვანის ლოცვის კითხვა დაიწყო, დედას ხელით შევეხე და ვთხოვე, - გეხვეწები, ოღონდ ახლა არ დამტოვო და როცა გინდა, მაშინ წადი, ახლა ყველამ მიმატოვა-მეთქი. ამის თქმა იყო და თვალები გაახილა, შემომხედა და ცრემლები წამოუვიდა. მამაოს წიგნი გაუვარდა ხელიდან... ეს მოხდა შარშან, ჯერაც არ გამნელებია ტკივილი. მე მაშინ სახლიც დავკარგე, ქუჩაში დავრჩი. მეუღლემ მკითხა, სად წავიდეთო? არ ვიცოდი, წასასვლელი არსად მქონდა, ჯიბეში კი სულ 15 ლარი მედო. ბოლოს ერთი პატარა ოთახი ვიქირავეთ, მაგრამ დედაჩემივით მეც არ ვნებდები წინააღმდეგობებს. თავიდან დავდექი ფეხზე. ბევრი ტკივილი მქონდა, თუმცა სინდისს ვერასდროს გადავაბიჯე, ვერც ასეთი განსაცდელის დროს.

- ახლა კარგ ამბებზე ვისაუბროთ. 5 შვილის მამა ხართ, საოცარი სიტყვებით ეფერებით შვილებს. მომიყევით თქვენს მამაშვილობაზე.

- 16 წლის ვიყავი, როცა პირველად გავხდი მამა და მგონი, მთელმა ქალაქმა იცის, რომ შვილებზე გადაყოლილი ვარ. მამობა ჩემთვის არ არის მხოლოდ "პამპერსებისა" და საკვების ყიდვა. გაჩნდა ბავშვი და მეც გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრება შვილების აღზრდისთვის დამეთმო. 28 აგვისტოს, მარიამობას ვარ დაბადებული, სულ მინდოდა გოგო მყოლოდა. 3 ბიჭის მერე გაჩნდა მარიამი და ბოლოს - ელენა. ექოსკოპიაზე რომ მივედით და გოგო გვითხრეს, მეუღლეს ეგონა, მეწყინებოდა. მე კი პირიქით, ძალიან გამიხარდა, მამობის ხიბლი სწორედ გოგომ, მარიამმა მაგრძნობინა. მახსოვს, რაღაც პრობლემა მქონდა და ვნერვიულობდი. მარიამი 3 წლის იყო, ჩემ გვერდით დაჯდა და ხელებით რაღაცებს აკეთებდა. რას აკეთებ-მეთქი? - მამიკო რომ ნერვიულობს, მეც ვნერვიულობო, - მითხრა. მაშინ მივხვდი, რომ ამ ადამიანზე ვიყავი პასუხისმგებელი. ნაბოლარა გოგოზე კი სული მელევა, ისეთი სიტყვებით ვეფერები ხოლმე. ჩემი სულის ნაკადულია, სინათლის სხივი, ჩემი უკანასკნელი სიყვარული დედამიწაზე. ყველაზე მეტად ელენა მგავს, თუმცა, სხვებიც მე უფრო მგვანან და ეს ძალიან მახარებს (იცინის). სახლში სულ უნდა გყავდეს პატარა, 16 წლიდან მე ასე ვარ და ცუდად არ ვგრძნობ თავს. იყოლიეთ ბევრი შვილი და მოსცილდით სოციალურ ქსელებს. დამიჯერეთ, უკეთესად იქნებით.

- ახალ წელს სად ხვდებით?

- ტრადიციულად, საქართველოში ვხვდებით ხოლმე, თუმცა ამჯერად მინდა, ცოლ-შვილი წავიყვანო სადმე, ძალიან ცხელ ადგილას, სადაც მზე და ზღვა იქნება.

- ბავშვობაში თოვლის ბაბუის არსებობის თუ გჯეროდათ?

- იმის მიუხედავად, რომ ბავშვობაში განებივრებული არ ვიყავი საახალწლო საჩუქრებით, რადგან მამა ციხეში იყო და დედა - სტუდენტი, მაინც მჯეროდა და ახლაც მჯერა, მართლა გეუბნებით. ახლა მე ვარ თოვლის ბაბუა ჩემი შვილებისთვის ახალ წელსაც და ყოველდღეც, რადგან ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მივულოცო დამდეგი 2020 წელი. სიხარულისა და სიყვარულის წელი ყოფილიყოს!

ნინო ჯავახიშვილი