"რა კარგია, როგორ გახდი!.." - გზაპრესი

"რა კარგია, როგორ გახდი!.."

სახელი, გვარი: გიორგი ორბელაძე.

ასაკი: 28 წლის.

პროფესია: ფინანსისტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის ფიტნესკლუბის ფილიალების მენეჯერი (ფიტნესის მიმართულებით) და პერსონალური მწვრთნელი. ასევე, მონაწილეობს სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები".

ჰობი: რაგბი.

- ახალი წლის დღესასწაულს სპორტდარბაზში შეხვედრიხარ?

- არა.

- უცნაურ სიტუაციაში?

- მაგალითად, კლიპის გადასაღებ მოედანზე.

- ბოლოს ვინ და რის გამო შეგაქო?

- ჩემი სპორტული მიღწევების გამო უცხო ადამიანმა შემაქო.

- როცა გოგონა გეფლირტავება, როგორ იქცევი?

- ძირითადად, ვერ ვხვდები ხოლმე.

- და როცა ხვდები?

- უკვე ვცდილობ მივახვედრო, რომ ფლირტითვე ვერ ვუპასუხებ, რადგან დაქორწინებული ვარ.

- პირველი ავტოგრაფი...

- არ მახსოვს. ეს დიდი ხნის წინ იყო... ძირითადად, ფოტოების გადაღებას მთხოვენ.

- კარგი მსახიობი ხარ?

- ვფიქრობ, რომ მსახიობი საერთოდ არ ვარ.

- სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შენ მიერ შესრულებულ როლს როგორ აფასებ?

- თავდაპირველად მუშაობა გამიჭირდა, მაგრამ სერიიდან სერიამდე მივხვდი, რა როგორ გამეკეთებინა და შეცდომები გამოვასწორე.

GzaPress

- შენს პერსონაჟთან რა საერთო და განმასხვავებელი თვისებები გაქვს? - ერთადერთი საერთო ის მაქვს, რომ ორივე ფიტნესის სფეროში ვმუშაობთ. ეს პერსონაჟი სტერეოტიპულად არის "აღებული" - კუნთმაგარი და ცოტათი გონებაჩლუნგი. ვარჯიშის, სწორი კვების, ცხოვრების ჯანსაღი წესის მიღმა არაფერი იცის და არც აინტერესებს. ასეთი აზროვნებისგან ნამდვილად "შორს ვარ", მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრება ჩემი სტილია - მივყვები და პროპაგანდას ვუწევ. ისე არ ვარ, რომ მხოლოდ ვარჯიში მაინტერესებდეს. თან, ფიტნესინსტრუქტორობა ჩემი მეორე პროფესიაა. ცხოვრებაში ბევრი სხვა ინტერესი მაქვს.

- სერიალში ასეთი როლის გამო პროტესტის გრძნობა არ გაგიჩნდა?

- არანაირად, რადგან იშვიათად ხდება, რომ ვინმემ საკუთარი თავის თამაში შემოგთავაზოს.

- შენი საახალწლო სუფრაც ჯანსაღი კვების პრინციპითაა მომზადებული?

- არა. ტრადიციული ქართული სუფრა მიყვარს. შესაბამისად, არა მხოლოდ ახალი წლის დღესასწაულზე, არამედ ყოველდღიურადაც ქართულ კერძებს ხშირად მივირთმევ.

- რეალურად, ჰიტ ლეჯერის მიერ განსახიერებული ჯოკერი უფრო მეტად მოგწონს თუ ხოაკინ ფენიქსის?

- ხოაკინ ფენიქსის. საერთოდ, თუ გაინტერესებთ, ჩემთვის ჯოკერი არის ჯეკ ნიკოლსონი. მას ყველაზე მაგარ მსახიობად მივიჩნევ და არც ერთს არ შევადარებ, თუმცა თავად ფილმი - "ჯოკერი" ბოლოს ბევრად სერიოზული ნამუშევარი გამოვიდა. ამიტომ კამათობენ - ჰიტ ლეჯერი ჯობს თუ ხოაკინ ფენიქსი.

- შენი მიღწევებიდან ყველაზე მეტად, რითი ამაყობ?

- შარშან, 10 ნოემბერს საერთაშორისო შეჯიბრებაზე - "მისტერ ოლიმპია" მეორე ადგილი დავიკავე - ვერცხლის მედალი ავიღე.

- ცნობილი კომიქსების ეკრანიზაციებიდან რომელი სუპერგმირის როლს ითამაშებდი?

- ბეტმენის, სუპერმენის, ლოგანის... ალბათ, გარეგნულად ეს გმირები უფრო შემეფერება.

- რაიმე უცნაური კომპლიმენტი მიგიღია?

- კი. მაგალითად, "რა კარგია, როგორ გახდი!.." ზედმეტ წონას არასოდეს შევუწუხებივარ, გასახდომი არ ვყოფილვარ.

- თოვლის ბაბუის არსებობის რომელ ასაკამდე გჯეროდა?

- თუ მჯეროდა, არ მახსოვს. ალბათ, ეს ისეთ ადრეულ ასაკში იყო, რომ მეხსიერებაში არ შემომრჩა... მცირე ასაკიდან "თოვლის ბაბუისგან" საჩუქრებს ვიღებდი, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ყველაფერი მშობლებს მოჰქონდათ - ვერ მატყუებდნენ.

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- ვფიქრობ, ჩემი მუშაობით (ფიტნესის სფეროს ვგულისხმობ) ბევრ ადამიანს სარგებელი უკვე მოვუტანე - მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალე, არაჯანსაღიდან ჯანსაღი ცხოვრებისკენ "მოვაქციე" და ამას ვაგრძელებ.

- დაასახელე ახალ წელს ჩაფიქრებული სურვილი, რომელიც აგიხდა...

- საერთოდ, ახალი წლის დღესასწაულზე ან დაბადების დღეზე სურვილების ჩაფიქრება არ მჩვევია. თუკი რაღაც სურვილი და მიზანი მაქვს, ვცდილობ, ამას შრომით მივაღწიო - სასწაულების არ მჯერა...

ეთო ყორღანაშვილი