"მაინტერესებდა, როგორი რეაქცია ექნებოდა ჟიურის" - გზაპრესი

"მაინტერესებდა, როგორი რეაქცია ექნებოდა ჟიურის"

ნიკა შუბითიძე პოპულარული მუსიკალური პროექტის - "მხოლოდ ქართულის" მონაწილეა. რატომ გადაწყვიტა ნიკამ ამ კონკურსში ეცადა ბედი და რას ნიშნავს მისთვის ქართული სიმღერა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

- დავიბადე და გავიზარდე რუსთავში. ვცხოვრობ მშობლებთან ერთად, ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი. ჩემს ოჯახში არავინ მღერის. მესამე კლასში ვიყავი, დედას რომ ვუთხარი, სიმღერა მინდა და მუსიკალურ სკოლაში მატარე-მეთქი. მართლაც, ფორტეპიანოზე შემიყვანეს. პედაგოგმა შემომთავაზა, მემღერა კიდეც. ექვსწლედი დავამთავრე და მას შემდეგ აღარ მიმღერია. გარდატეხის ასაკში თავი დავანებე. მსგავს პროექტებშიც არასდროს არ მიმიღია მონაწილეობა, უნივერსიტეტის შიდა საფაკულტეტო ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით.

- ამ პროექტში რატომ მიხვედი, ქართული სიმღერა განსაკუთრებულად გიყვარს?

- ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს, გავსულიყავი და ბედი მეცადა. დავთანხმდი, თუმცა სერიოზული მიზანი ნამდვილად არ მქონია, როცა მონაწილეობა გადავწყვიტე. გარდა ამისა, ქართულ სიმღერას აქვს ამოუწურავი რესურსი, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოგვიყენებია. მსგავსი პროექტები სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ამიტომაც არის დროული და მნიშვნელოვანი.

- ანუ არ გეგონა, რომ ათეულში მოხვდებოდი?

- ვფიქრობდი, ბევრ ადამიანს გავიცნობდი და ურთიერთობა მექნებოდა კარგ მუსიკოსებთან, ეს იყო და ეს. პრინციპში, ასეც მოხდა.

- ნიკა, როგორია შენი მუსიკალური გემოვნება, ვინ მოახდინა ამ მხრივ შენზე გავლენა?

- ბევრ ჟანრს ვუსმენ განწყობის მიხედვით. ფანკს ვუსმენ, როცა კარგ ხასიათზე ვარ. ქართული შემოქმედებიდან, რაც უნდა გასაკვირი იყოს, დიდ პატივს ვცემ "კაიკატას" - უცნაური, წინააღმდეგობებით სავსე ჯგუფია. მიყვარდა რეპიც. იყო პერიოდი, როცა მარტო ბლუზს ვუსმენდი. მოკლედ, განწყობა სულ მეცვლება. გარდა ამისა, ბევრ საკრავზე ვუკრავ. მაგალითად, დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ელექტროგიტარაზე (გიტარა ჩემთვის ყველაფერია). საერთოდ, ყველაფერი მიყვარს ჩემი გაკეთებული, არ მომწონს ვინმეს მიბაძვა და კოპირება. მუსიკაშიც ბევრ რამეს სწორედ საკუთარი ინტერპრეტაციით ვაკეთებ. ჩემი გამოსვლაც ექსპერიმენტი იყო. მაინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა ჟიურის, რას იფიქრებდნენ ჩემს მუსიკაზე.

GzaPress

- შეფასება, რომელიც განსაკუთრებით მოგწონს, როგორი უნდა იყოს? - ყველაზე მეტად გიორგი უშიკიშვილის სიტყვები დამამახსოვრდა, როდესაც თქვა, ნიკა სიმღერის დროს ფიქრობსო. მუსიკაშიც და ნებისმიერ სფეროშიც ეს აუცილებელია.

- რას საქმიანობ, სხვა რა გატაცება გაქვს?

- მხიარულთა და საზრიანთა კლუბში ვთამაშობ უკვე 5 წელია. ქართულ "გააცინე და მოიგეში" ვმონაწილეობდი და თანხაც მოვიგე, უკრაინულ "გააცინე და მოიგეშიც" გამოვდიოდი. "მანსანკანის" საქართველოს ნაკრებში ვარ. წარმოშობით იმერელი გახლავართ, საჩხერეში მაქვს სოფელი, დედა ქუთაისელია და ბუნებრივია, ალბათ იმერული ელფერი დაჰკრავს ჩემს ხუმრობებს. უპირატესობას ვანიჭებ "განათლებულ", ინტელექტუალურ იუმორს. ვცდილობ, სულ კარგ ხასიათზე ვიყო. ჩემთან ერთად ადვილი არ არის მოწყენა.

- რას იტყვი კონკურსანტებზე და საერთოდ, რა მოლოდინი გაქვს ამ პროექტისგან?

- ძლიერი კონკურსანტები არიან, მაგრამ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. როდესაც სცენაზე ვდგები, ბუნებრივია, მაქვს ნერვიულობის მომენტი, მაგრამ დავიწყებ თუ არა სიმღერას, მაშინვე ყველაფერი მავიწყდება. ვფიქრობ, ხალხი დაინახავს, რას ვმღერი და როგორ. თუ მოვიგებ, კარგი იქნება.

- ახალ წელს სად ხვდები?

- ახალ წელს სავარაუდოდ, რუსთავში, ოჯახთან ერთად შევხვდები და მერე, თუ დრო გამოვნახე, აუცილებლად წავალ საჩხერეში, ჩვენს სოფელში. შემთხვევით ვისარგებლებ და ყველას ბედნიერსა და წარმატებულ წელს ვუსურვებ!

ნინო ჯავახიშვილი