სალომე კორკოტაშვილის საინტერესო "წიგნი", გულწრფელობა და განცდები, რომელიც მელოდიად აქცია - გზაპრესი

სალომე კორკოტაშვილის საინტერესო "წიგნი", გულწრფელობა და განცდები, რომელიც მელოდიად აქცია

"დიდი სცენა" "რუსთავი 2"-ის ახალი მუსიკალური მეგაპროექტია, ინოვაციური წესებითა და განსხვავებული შინაარსით. სცენაზე შესრულდება როგორც ქართული, ისე უცხოური ჰიტები. პროექტის ორგანიზატორების თქმით, "დიდ სცენაზე" ახალი ვარსკვლავები დაიბადებიან. ნახევარფინალში ხუთი კონკურსანტისგან, ჟიური და მაყურებელი სამ ფინალისტს ირჩევს, პროექტის გამარჯვებული კი მაყურებლის ფავორიტი ხდება. "დიდ სცენას" 5 იანვრიდან ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს. სპეციალურად ამ პროექტისთვის ამერიკიდან მომღერალი სალომე კორკოტაშვილი ჩამოვიდა, ის ჟიურის წევრია.

- სალომე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში არ იყავი. დაბრუნება ამ პროექტს უკავშირდება?

- დიახ. ეს პროექტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ დავბრუნდი. ადამიანები, რომლებიც მასზე მუშაობენ, არიან ძალიან გემოვნებიანები, ნიჭიერები და საინტერესოები. ამ გუნდის წევრად ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია.

- პროექტის ფარგლებში, ბევრი ნიჭიერი კონკურსანტის აღმოჩენა მოხდა?

- დიახ და ეს მახარებს. ერთი სული მაქვს, მაყურებელი ამ ადამიანებს დიდ სცენაზე როდის ნახავს. ისინი იმუშავებენ ბენდთან, ორკესტრთან ერთად და ყველანაირი პირობა ექნებათ საიმისოდ, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ. ეს გადაცემაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

- ქართულ სატელევიზიო სივრცეში არაერთი მუსიკალური პროექტი არსებობს. "დიდი სცენა" მათგან რით არის გამორჩეული?

- ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია დაჯილდოებული კარგი სმენით, ხმით, არტისტიზმით, მაგრამ მხოლოდ ხმა და სმენა არ არის საკმარისი, რომ კარგი მომღერალი იყო. აუცილებლად გჭირდება ადამიანი, რომელიც სწორ გზას გიჩვენებს. შემდეგ უკვე გექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ სცენაზე მყარად დადგე და თავი სახლში იგრძნო. ამ პროექტს სწორედ ეს მისია აკისრია.

- ჟიურის მეოთხე წევრის ვინაობა ჯერ საიდუმლოდ რჩება. ერთი დეტალი გაგვიმხილე, ქართველია?

- (იცინის) კი.

- კონკურსანტებიდან გამორჩეულად რომელიმე დაგამახსოვრდა? მათგან ფავორიტი გყავს?

- რა თქმა უნდა, არაერთ ძლიერ კონკურსანტს შორის ჩემი ფავორიტი მყავს, მაგრამ ვერ დავასახელებ. "ლაივი" 5 იანვრიდან დაიწყება, პროექტი თებერვლის ბოლოს მთავრდება.

თუ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე აეწყობა, როგორც ვფიქრობ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მუსიკალური კოლეჯი გავაკეთო, სადაც კარგი პედაგოგები იქნებიან და ყველანაირ მუსიკალურ ჟანრს ასწავლიან. თავად შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, ხალხურ სიმღერასაც ვსწავლობდი, გალობასაც... მერე უკვე მოგზაურობა დავიწყე. სხვა ქვეყნების კულტურა, მუსიკა შევისწავლე. ეს ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. მოგზაურობას არასდროს შევწყვეტ, რადგან ეს საუკეთესო "წიგნია". ბედნიერი ვარ, რომ აღარ მეშინია იმის, სად დავრჩები, რა იქნება და როგორ იქნება. ეს შიშები ჩემს თავში უკვე დავძლიე.

- ამ "საინტერესო წიგნის" პირველი ნაბიჯები როგორი იყო?

- ძალიან დასტრესილი ვიყავი, ცუდი პერიოდი მქონდა და მეგობრებმა მირჩიეს, მემოგზაურა. ავიღე ზურგჩანთა და მათთან ერთად ბერლინში წავედი. ელექტრონულ მუსიკას ბერლინში უნდა მოუსმინო. იქ მართლა შოკი მივიღე, არც ვიცოდი, ასეთი მუსიკა თუ არსებობდა. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, მათ ჩემზე დიდი გავლენა იქონიეს. შემდეგ ნიუ-იორკსა და ნიუ-ორლეანში წავედი. ნიუ-ორლეანის მთავარი ჯაზფესტივალის დამაარსებელი ქვინს დევისი ბათუმის ჯაზფესტივალზე იყო ჩამოსული. მან მომისმინა, შემდეგ კი მე და ჩემი ბენდი ამერიკაში დაგვპატიჟა. ეს ბენდის წევრებისთვის იმდენად დაუჯერებელი იყო, ყველამ სიცილი დაიწყო, ჩვენ ამერიკაში როგორ წავალთო? მაგრამ წავედით და იქ უკვე ვარსკვლავები გავიცანით.

უდიდესი გამოცდილება მივიღე. დღეს უკვე ვიცი, რომ არასდროს არც ერთ დაბრკოლებას არ უნდა დავნებდე; შეიძლება იყოს ქარიშხალიც, სიცივეც, მაგრამ ამან უფრო მაგარი მუსიკა უნდა დამაწერინოს.

- მუსიკაში შენი მთავარი ნიშა რა არის? რის ხარჯზე ხარ წარმატებული?

- გულწრფელობა. მუსიკას ბავშვობიდან ვწერ. 10 წლის ვიყავი, "ვარსკვლავები" რომ დავწერე. იმ მომენტში რასაც ვგრძნობდი, რა შინაგანი განცდებიც მქონდა, იყო "ვარსკვლავები". დღეს უკვე სხვა სიმღერებს ვწერ და ჩემს შინაგან განცდებს ამ ფორმით გადმოვცემ. სათქმელს სიმღერით უფრო მარტივად ვამბობ, ლაპარაკი მეძნელება.

- ამერიკაში რას საქმიანობდი, რით იყავი დაკავებული?

- სექტემბერში ნიუ-იორკში ვიყავი და იქ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, მათ შორის პროდიუსერი ბობ სქვინქსი. ლანჩზე დამპატიჟა და მითხრა, ნიუ-იორკში თუ გადმოხვალ, ერთად მართლა ყველაფერს შევძლებთო. ეს ჩემი 2020 წლის გეგმაა. ნიუ-იორკში ცხოვრება ძალიან მარტივია, ქუჩაში ერთი გასვლითაც კი იმდენ პოზიტივს იღებ, ისეთი დადებითი ენერგიით ივსები, არც ვიცი, რას შევადარო. იქ შეიძლება კომპლიმენტი ფერადი ქურთუკის გამო გითხრან, ვიღაც ღიმილისთვის შეგაქებს და ბედნიერებით ივსები. როცა ადამიანები სიყვარულის სხივით გათბობენ, მერე შენც კარგ განწყობაზე დგები და იღიმი. ღიმილი ხომ უფასოა! ხომ შეგვიძლია, ერთმანეთს აქაც ვუღიმოდეთ?!

- ამის შემდეგ თბილისი ალბათ ძალიან სევდიანი გეჩვენება, არა?

- გეთანხმები, სევდიანია. არავის განვიკითხავ, მესმის ადამიანების, რომლებიც უამრავი სოციალური პრობლემით არიან დამძიმებულები. ამას რომ ჩავუღრმავდე, ახლა ტირილს დავიწყებ.

GzaPress

- ტირილი არ გვინდა, პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი? - ბედნიერი ვარ. ბედნიერება აუცილებლად ყოველდღე უნდა იპოვო. არავინ იცის, ხვალინდელი დღე იქნება თუ არა. უნდა ეცადო, ხალხს არ აწყენინო. ვიღაც რომ მეჩხუბება, მეცინება.

- ეს შენს ხასიათში იყო, თუ გარკვეულწილად გავლენა საზღვარგარეთ ცხოვრებამ მოახდინა?

- ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მედიტაციის ათმა დღემ. სპეციალურად ამ კურსის გასავლელად ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე 10 დღით ჩავედი. ეს კურსი უფასოა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიაროს.

- ამ 10 დღის განმავლობაში რა ხდება?

- თიშავ ტელეფონს, არ გაქვს ინტერნეტი, არავის ელაპარაკები, არავის ეხები... შენს თავთან მარტო რჩები და ძალიან ბევრი საინტერესო დასკვნა გამოგაქვს. საბოლოოდ კი ხვდები, რომ ადამიანებს მხოლოდ სიყვარული სჭირდებათ, სხვა ყველაფერი აბსურდია. ყველას სიყვარულით უნდა ელაპარაკო. სულ 80 ადამიანი ვიყავით, სხვადასხვა ქვეყნიდან.

- არ გაგიჭირდა?

- როგორ არ გამიჭირდა, მესამე და მეოთხე დღეს - განსაკუთრებით. გვითხრეს, აგრესია გაგიჩნდებათო და ეს მართლა მქონდა. ყველაზე კარგი მოსწავლე ვიყავი, დილის 4 საათზე ვიღვიძებდი და ამის ნიშნად ზარს ვაძლევდი.

- რას აკეთებდი, რა დავალებებს გაძლევდნენ?

- 9 საათი ვიჯექი ლოტოსის პოზაში, ტვინს ბოლომდე ვთიშავდი და მხოლოდ სუნთქვაზე ვფიქრობდი. იქ გვქონდა სპეციალური საკვები, რომელსაც გვაწვდიდნენ, ძირითადად ხილი იყო. დღის 12 საათის შემდეგ საერთოდ არ ვჭამდით.

- ამან შენს ცხოვრებაში რა შეცვალა, მე-11 დღიდან ცხოვრება როგორ გაგრძელდა?

- ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, თავის დროზე იქ ყველა სხვადასხვა პრობლემით იყო მოსული, შემდეგ კი ყველა - ძალიან ბედნიერი გახლდათ. ერთი ორსულიც იყო. სხვაგვარად ფიქრი დავიწყე და ცხოვრების მთავარი დასკვნა გამოვიტანე, აგრესია ანგრევს ადამიანს.

- ყველაზე ლმობიერი ჟიურის წევრი ამიტომ ხარ?

- (იცინის) კი, ძალიან ლმობიერი ვარ. კონკურსანტი ისე არ უნდა გააკრიტიკო, რომ მუსიკა საერთოდ აღარ მოუნდეს. მე მათ ყველანაირად დავეხმარები, სწორ რჩევებს მივცემ. როგორ შეიძლება, ადამიანი დაამცირო, უთხრა, მიკროფონს ხელი არასდროს მოჰკიდოო.

- ჩვენ ასეთი შეფასებები არაერთხელ მოგვისმენია.

- ყველას თავისი სტილი აქვს. ადამიანებს დამამცირებლად არასდროს ველაპარაკები. ჩემს შვილთანაც ასეთი ურთიერთობა მაქვს. ზუკასთან ვმეგობრობ. ვეუბნები, სჯობს ასე მოიქცე და ვუხსნი, რატომ სჯობს. მეგობრობა ყველაზე მთავარია.

- ზუკა რამდენი წლის არის?

- 10 წლისაა, ძალიან საყვარელი ბიჭია, კარგად სწავლობს. ოცნება აქვს, რომ გაიზრდება, ბევრი ფული იშოვოს, რომ დედიკო დააფინანსოს.

- მღერის?

- ძალიან მუსიკალურია, უკრავს პიანინოზე, უსმენს გემოვნებიან მუსიკას და სულ რჩევას მეკითხება. უცხო ენებს სწავლობს, ინგლისურად კარგად ლაპარაკობს. ზუკა ჩემს მშობლებთან ცხოვრობს. ჯერ ვერ ვახერხებ, ჩემთან ერთად მყავდეს. შვილი ჩემი პირველი გულშემატკივარია. ინტერნეტით სულ ველაპარაკები. მადლობა ჩემს ოჯახს მხარში დგომისთვის.

- მამაზე გკითხავ, ბატონი გიას აქტივობებს, მის გამოსვლებს ხშირად კრიტიკა ახლავს. ამ ყველაფერზე რას იტყვი?

- მამა ძალიან მიყვარს, ჩემი კარგი მეგობარია. მის აზრებს პატივს ვცემ. ზოგიერთ საკითხში არ ვეთანხმები, ყველა ადამიანი ერთ აზრზე ხომ ვერ იქნება? ჩვენ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, ეს ყველაზე მთავარი არის და ყველაზე მეტად გვაკლია. აგრესია ურთიერთობის ყველაზე ცუდი ფორმაა.

- ახალი წლის დღეებია, ამ დღესასწაულს ოჯახში როგორ აღნიშნავთ?

- ახალ წელს ჩემი ბენდის წევრებთან ერთად, ყოველთვის სცენაზე ვხვდები. ბენდი ჩემი მეორე ოჯახია. ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრები აუცილებლად ვიკრიბებით და ერთმანეთს მადლობას ვეუბნებით.

- სიმღერა და მოლხენა არ გაგიჭირდებათ.

- (იცინის) რა თქმა უნდა, დიდი მხიარულება გვაქვს.

თამუნა კვინიკაძე