რატომ შეხვდნენ "ფორტელები" ახალ წელს ქუჩაში - გზაპრესი

რატომ შეხვდნენ "ფორტელები" ახალ წელს ქუჩაში

როგორ შეხვდნენ ახალ წელს, რა მოამზადეს საახალწლო სუფრისთვის და სჯერათ თუ არა მეკვლეობის ტრადიციის? - ამის შესახებ ნუცა ჯანელიძე და დალი ჩიტალაძე გვესაუბრებიან.

"ყველაფერზე "მე" კი არ უნდა იძახო, ზოგჯერ "ჩვენც" უნდა წამოგცდეს"

ნუცა ჯანელიძე: - სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ჩემი ბავშვობისას რა ხდებოდა სამზარეულოში ან რას ყიდულობდნენ უფროსები მაღაზიებში, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ ყოველ წელს ერთ ახალ სათამაშოს მაძლევდნენ და მეუბნებოდნენ, შენ ჩამოკიდე ნაძვის ხეზეო. მიკვირდა, ამდენი სათამაშოა და ეს რაღად უნდა დავკიდო-მეთქი? დედა მიხსნიდა, წესია, ყოველ ახალ წელს ერთი ახალი სათამაშო უნდა დაამატო, ეს ნიშნავს, რომ დამდეგი ბარაქისა და წარმატების მომტანი იქნებაო. როგორც ყველა ბავშვს, მეც მიყვარდა და მიხაროდა ახალი წლის დღესასწაული. ყოველთვის რაღაცას მჩუქნიდნენ, მაგრამ თოვლის ბაბუის ფორმით არავინ მოდიოდა. კარგად ვიცოდი, ვინც იყვნენ თოვლის ბაბუები.

- გამორჩეული ახალი წელი გაიხსენეთ.

- მოსკოვში ყოფნის დროს "ფორტელები" გულის ხეთქებით წამოვედით სამსახურიდან, რომ როგორმე მოგვესწრო დამდეგის სახლში შეხვედრა, მაგრამ კარი ჩაკეტილი დაგვხვდა. ჩვენი დირექტორი იყო არჩილ გომიაშვილი, მანქანით გამოგვიშვა, დროზე მიხვალთ სახლშიო, ჩვენ კი სადარბაზოში შევხვდით ახალ წელს. შიგნით ზურას ცოლი იყო ბავშვთან ერთად. ზურა გარედან კარნახობდა, დანა მოიტანე, დაშალე საკეტი, ასე გადაატრიალე, ისე გადმოატრიალე... ბოლოს სპეციალური სამსახური გამოვიძახეთ და მათ გაგვიხსნეს კარი. ამასობაში 2-ის ნახევარიც გახდა.

- რას ამზადებთ ხოლმე აუცილებლად ყოველ ახალ წელს?

- რას ვამზადებ და მთელმა ქვეყანამ იცის, რომ გოჭის ხორცზე ვგიჟდები. ტრადიციულ ქართულ კერძებს ვაკეთებ. მთლად გადასარევი მზარეული ვერ ვარ, მაგრამ სადილებს ვამზადებ. არ ვიცი საცივის გაკეთება, დესერტიდან კი მხოლოდ ვაშლის "პეროგის" გამოცხობა შემიძლია. მოკლედ, გამზადებულის ჭამა მირჩევნია (იცინის). უიმე, ყავას ვადუღებ კიდევ საუკეთესოდ, ჩემს მეგობრებს ძალიან უყვართ ჩემი მოდუღებული ყავა. არ უნდა დაგენანოს, ბევრი უნდა ჩაყარო და გემრიელი გამოვა.

- შეიძლება ითქვას, რომ გურმანი ხართ?

- კი, გურმანი ნამდვილად ვარ. საზღვარგარეთ ყოფნისას უცხო კერძებს ყოველთვის ვაგემოვნებ, ძალიან მაინტერესებს. კარგა ხნის წინ ბულგარეთში ვჭამე ხახვის წვნიანი, თან ცივი. სასტუმროში ვიყავით და პირველ კერძად ეს მოგვართვეს. ეტყობა, იქ ძალიან უყვართ. იაპონიაშიც ნამყოფი ვარ, მაგრამ სუში ვერ შევიყვარე, ამაში მოდას ჩამოვრჩი. საკე კი მომეწონა, მშვენიერი დასალევია. ევროპული სამზარეულო მომწონს, მაგრამ ქართული განსაკუთრებით მიყვარს. ძალიან აქებენ ინდურ სამზარეულოსაც. აქ, საქართველოში გავსინჯე პირველად და ცხარე გემოებით მომეწონა.

- სად შეხვდით ამ ახალ წელს?

- სახლში, ისევე როგორც შარშან და მერე მეგობრებთან. უნდა გითხრათ, რომ მეკვლეობის არ მჯერა, მე მწამს მხოლოდ ღმერთის. არც მომწონს ეს დაგეგმილი, ნაძალადევი მეკვლეობა. მაშინ შემთხვევით ვინც მოვა, ეგ უნდა იყოს. "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების", ხომ გაგიგიათ?

- რას უსურვებთ საქართველოსა და ქართველებს?

- ყველას ვუსურვებ სიმშვიდეს ოჯახებში, სამსახურებში, ქვეყანაში, რადგან სიმშვიდე განაწყობს ადამიანს სიკეთისკენ. ორიგინალური ვიქნები და ყველას ბევრი ფულის შოვნასაც ვუსურვებ, რადგან მაშინ ეხმარები საკუთარ თავსაც და სხვა დანარჩენსაც, შვილებსაც ასწავლი, ოღონდ ამ ფულმა არ უნდა გაგაყოყოჩოს და ყველაფერზე "მე" კი არ უნდა იძახო, ზოგჯერ "ჩვენც" უნდა წამოგცდეს.

"მეუღლის დამსახურებაა ჩემი მეგრულ სამზარეულოში დახელოვნებაც"

დალი ჩიტალაძე: GzaPress- ქალბატონებს, რომლებიც 50 წლისანი გახდნენ და ჰგონიათ, რომ ცხოვრება დამთავრდა, მინდა ვუთხრა, რომ ასე არ არის. სწორედ ამ ასაკში იწყება ახალი ცხოვრება და იხსნება ახალი სუნთქვა. ყველაფერი თქვენს სურვილებზეა დამოკიდებული. მე მქონდა სურვილი, იმ სფეროში გამომეცადა თავი, რაც მაინტერესებდა და რაც ყველაზე მეტად მიყვარდა - მიყვარს გემრიელად მომზადება, ჭამა, მოდა და მუსიკა. მოდაში ჩავაბარე გამოცდა, 5 წლის წინ ვცადე სიმღერაც და ანრი ჯოხაძესთან ერთად ვიდექი სცენაზე. დაბოლოს, ვფიქრობ, კულინარიულ სფეროშიც არანაკლები წარმატებით ჩავაბარე გამოცდა - ვგულისხმობ "მასტერშეფს". ჩემს გაკეთებულ საჭმელზე ყველა გიჟდებოდა და აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი სამზარეულოდან ამ პროექტში მოვხვდი, პროფესიონალებს შევეჯიბრე. მე ხომ არანაირი განათლება არ მაქვს კულინარიაში. რთული აღმოჩნდა სხვის სამზარეულოში ტრიალი, მით უფრო, როცა დრო გაქვს ჩართული და კამერები გიყურებენ.

- თქვენი ოჯახის წევრებს რა უყვართ თქვენი მომზადებული?

- ბევრი რამ უყვართ: პასტა, ღომი და ხარჩო, ახლა უკვე ლოქოს ხინკალიც. ჟიურისაც მოეწონა. ერთი ეგ იყო, ცომს მოხარშვა აკლდა, თითქმის უმი ჭამეს და მაინც გემრიელიაო, თქვეს. საერთოდ, ექსპერიმენტები მომწონს. სამზარეულოში ტრიალი პატარასაც მიყვარდა. ჩვენს სახლში ყოველთვის ამაზე იყო ჩხუბი, რადგან როდესაც რამეს ვაკეთებ, სამზარეულოში სრული ქაოსია... დედას უყვარდა შუადღეს ძილი, სწორედ ამ დროს შევდიოდი სამზარეულოში და ექსპერიმენტებს ვატარებდი. დედა საოცრად გემრიელ კერძებს ამზადებს, სტუმრიანი ოჯახი გვქონდა მაშინაც და ახლაც, ჩვენი სახლის კარი არასდროს იკეტებოდა. სხვათა შორის, ბაბუაჩემი (მამის მხრიდან) ქერჩში რომ დაჭრილა, თურმე ჩვენს ჯარისკაცებს აპურებდა, მზარეულობდა. ბებია სულ ამბობდა, - ბაბუაშენი როგორ გემრიელადაც აკეთებს, მე ვერ ვამზადებ ისეო. ეტყობა, გენეტიკურადაც მოგვდგამს სამზარეულოს სიყვარული. სხვათა შორის, ჩემი მეუღლეც გურმანია და "გემრიელი ხელიც" აქვს, ოღონდ უყვარს ყველაფერი მეგრული და სწორედ მისი დამსახურებაა ჩემი მეგრულ სამზარეულოში დახელოვნებაც (იცინის).

- რომელი ქვეყნის სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას?

- ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და დამიგემოვნებია იქაური ტრადიციული კერძები, მიყვარს ევროპული სამზარეულო, მაგრამ მერწმუნეთ, ქართულზე გემრიელი არ არის. კარგია, რომ ქართული კულინარიული ხელოვნება კიდევ უფრო იხვეწება და მზარეულის პროფესია უფრო და უფრო პოპულარული ხდება. "მასტერშეფმა" ამაში დიდი წვლილი შეიტანა. პატარებიც კი უყურებენ, მიგზავნიან ვიდეოებს, როგორ თამაშობენ "დალიობანას" და როგორ ცდილობენ რამის მომზადებას.

- ახალ წელს როგორ შეხვდით?

- ტრადიციული საახალწლო კერძები მოვამზადე, ღომი - აუცილებლად! ისე, როგორც ყოველ წელს, ბუხარი ავანთეთ, საჩუქრები მოვამზადეთ ერთმანეთისთვის. გოჭს 7 იანვარს ვწვავ ხოლმე, რადგან ჩემი შვილი მარხულობს. რაც მთავარია, ახალ წელს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ, ჩემთვის ახალი წელი რაღაც ახლისა და კარგის დასაწყისია.

ხვავსა და ბარაქას ვუსურვებ ყველას, ბედნიერებას და რაც მთავარია, ჯანმრთელობას.

ნინო ჯავახიშვილი