როგორები არიან და რას ელოდებიან ცნობილი "ვირთხები" 2020 წლისგან? - გზაპრესი

როგორები არიან და რას ელოდებიან ცნობილი "ვირთხები" 2020 წლისგან?

"ის ყოველთვის ცდილობს ნებისმიერი ურთიერთობიდან ნახოს გამორჩენა. სასურველი მიზნის მისაღწევად, არც საკუთარი შარმისა და მომხიბვლელობის გამოყენებაა უცხო. ვირთხა დიდსულოვანია მის მიმართ, ვინც უყვარს, საყვარელი ადამიანისთვის მთელი ქონების განიავებაც კი შეუძლია. გულის სწორმა პერიოდულად მისი მხრიდან წამოსული ცინიზმი და და აგრესიის შეტევებიც მოთმინებით უნდა აიტანოს, ემოციების გამოხატვაში ძალზე თავშეკავებულია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვირთხის წელში დაბადებულ ადამიანებს. ვნახოთ, რამდენად ემთხვევა ეს დახასიათება ცნობილი "ვირთხების" ხასიათს და როგორი შეგრძნებებით შეხვდნენ "მათი წლის" შემობრძანებას.

"სათქმელს გულში არ ვიტოვებ..."

GzaPress

სალომე ბაკურაძე: - ვირთხის წელში დაბადებული კირჩხიბი ვარ, 2020 წლისგან ყველაფერ კარგსა და განსაკუთრებულს ველოდები. სხვა შეგრძნებაა, როცა იცი, შენი წელი მოვიდა. ჩემთვის 12 წლის წინანდელი ვირთხის წელიც განსაკუთრებული იყო. "ჯეოსტარის" წელი გახლდათ, ტრამპლინი ჩემს ცხოვრებაში. ასტროლოგიით ძალიან ვინტერესდები, ჩაკირკიტებული ვარ. როცა ვხვდები ადამიანს, რომელსაც ასტროლოგიაში ჩემზე დიდი ცოდნა აქვს, უამრავ შეკითხვას ვუსვამ.

- "აგრესიულია, მისი მშვიდი და ინდიფერენტული გამომეტყველება ნუ მოგატყუებთ, მას შესანიშნავად ეხერხება სიმშვიდის ნიღბის უკან საკუთარი ემოციები დამალოს".

- არ ვიცი, რამდენად აგრესიული ვარ, მაგრამ სიმშვიდის მიღმა ემოციების დაფარვა ნამდვილად შემიძლია, მათ შორის სიბრაზის დამალვაც, საამისოდ 2-წუთიანი განმარტოებაც საკმარისია. "აფეთქებით" არასდროს არაფერი მომიგია.

- "უზომოდ მგრძნობიარეა".

- ემოციური ვარ, ამაში კირჩხიბიც მიწყობს ხელს.

- ემოციების გამოხატვაში თავშეკავებულობა გჩვევია?

- სიტუაციას გააჩნია, ზოგჯერ არ გამოვხატავ, ზოგჯერ ფორმას ვეძებ, გამოხატვის დროს თავიც დამიკარგავს და არ მომიზომია.

- "ის ყოველთვის ცდილობს ნებისმიერი ურთიერთობიდან ნახოს გამორჩენა. სასურველი მიზნის მისაღწევად, არც საკუთარი შარმისა და მომხიბვლელობის გამოყენებაა უცხო".

- "გამორჩენა" ცუდი სიტყვაა. მიზანდასახული ვარ, მიზნისკენ გვერდის ავლით წავალ თუ პირდაპირ ვივლი, ეს სხვა საქმეა. შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ მიზნისკენ ნაბიჯსაც არ ვდგამ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ფიქრის მომენტი მაქვს და აუცილებლად ვიმოქმედებ. მიზნის მიღწევაში ჩემი შარმიც თუ დამეხმარება, რატომაც არ უნდა გამოვიყენო? აი, "გამორჩენა" ჩემგან ძალიან შორსაა, საჩუქრებსაც კი უანგაროდ გავცემ. ადამიანების გახარება იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რომ ამას ყოველთვის სიამოვნებით ვაკეთებ.

- "ვალდებულებებისა და შეზღუდვების პანიკურად ეშინია".

- მგონი ასეა, ზოგჯერ იმაზე გაცილებით მძიმე ტვირთს ვიღებ, რომელიც არ მეკუთვნის, არ მეხება. ასტროლოგიის ძალიან მჯერა. ზოგჯერ ჩვენი თვისებები, ხასიათი თავად არ გვაქვს ხოლმე ბოლომდე გააზრებული, შესწავლილი. სიღრმეში თუ ჩავალთ, ქვეცნობიერში შეიძლება ბევრი აღმოჩენა გავაკეთოთ.

- "აზარტულია, დღევანდელი დღით ცხოვრებას ამჯობინებს და იშვიათად ფიქრობს მომავალზე".

- წაგება არ მიყვარს, ალბათ არც არავის უყვარს, მაგრამ ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ისეთ ნაბიჯებს არასდროს ვდგამ, რომელიც ვიცი, განწირულია. ფრთხილი ვარ, უაზროდ არასდროს ვრისკავ. ჩემი აზარტი ჩემს საქმესთანაა დაკავშირებული. გასართობი თამაშებით საერთოდ არ ვინტერესდები, არც ვიცი, როგორ ვითამაშო. წაგების მომენტი ძალიან ცუდად მოქმედებს. ისეთ რამეს არ ვაკეთებ, რაც სიამოვნებას არ მანიჭებს. რაც შეეხება დღევანდელი დღით ცხოვრებას, ამ შემთხვევაში, ჩემს ხასიათთან დიდი აცდენაა. წინდახედული ვარ და მომავალზე ყოველთვის ვფიქრობ.

- ფინანსური ალღო გაქვს?

- კი.

- "ვირთხა დიდსულოვანია მის მიმართ, ვინც უყვარს. საყვარელი ადამიანისთვის მთელი ქონების განიავებაც კი შეუძლია".

- ნამდვილად ასეა. შეიძლება ჩემთვის არ მქონდეს და სხვისთვის წარმოუდგენელი რამ გავაკეთო. ამ შემთხვევაში მხოლოდ საყვარელ მამაკაცს არ ვგულისხმობ. ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, ნათესავი, მეგობარი.

- "გულის სწორმა პერიოდულად მისი მხრიდან წამოსული ცინიზმი და აგრესიის შეტევები მოთმინებით უნდა აიტანოს".

- სათქმელს გულში არ ვიტოვებ, შეიძლება ამას ვინმემ იუმორი დაარქვას, ვინმემ - ცინიზმი. დაარქვას კი არა, ასეც ხდება ხოლმე, არ გავიპრანჭები. მგონია, რომ ძალიან სამართლიანი ადამიანი ვარ. ჩემი იუმორი თუ სარკაზმი ყოველთვის სიმართლესთან კავშირშია. მხოლოდ იმისთვის, რომ ვინმე გავაბრაზო, არასდროს ვმოქმედებ.

- ამ დროს მეორე მხრიდან რეაქცია როგორია?

- ნებისმიერ სიტუაციაში ყოველთვის ყველაფრის ახსნა და გარკვევა მიყვარს. ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან დისკომფორტში ყოფნას ვერ ვიტან. არ შემიძლია, ვიღაც ჩემ გამო გაღიზიანებული ან ნაწყენი იყოს, ამიტომ ყველაფერს ბოლომდე ვარკვევ და სიტუაცია აუცილებლად მიმყავს იქამდე, რომ მართალი ვიყავი. კითხვის ნიშნები აღარ უნდა დარჩეს.

- "მას უყვარს ხალხთან ურთიერთობა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ადვილად ექცევა".

- იმიტომ, რომ თავად მიყვარს ადამიანები. ურთიერთობა არასდროს მიჭირს, პირიქით - მიადვილდება, ჩემთვის ეს სიამოვნებაა, ალბათ ამას გრძნობენ და ყურადღებით, სიყვარულით ამიტომ მაჯილდოებენ.

- "უყვარს ჭორაობა, ავ სიტყვასაც არ ერიდება"

- პირიქით, ჭორაობის მეშინია, ფობია მაქვს, ჩემი ნათქვამი სადმე არ დამხვდეს. ადამიანების ზურგს უკან ლაპარაკს ყოველთვის ვერიდები.

- მელანქოლიის ტყვეობაში ხშირად ხარ?

- პერიოდულად, მაგრამ ეს მდგომარეობა მალე მწყინდება, მბეზრდება და ჩემს თავს თავადვე ვშველი.

- "შურს ისე ოსტატურად იძიებს, გარშემო ვერავინ ვერაფერს ხვდება".

- "შურისძიება" ცუდი სიტყვაა. იმ ადამიანებს, რომლებმაც წარსულში მაწყენინეს და გული მატკინეს, სამაგიეროს არასდროს ვუხდი. იმდენად კარგად ვექცევი, ფიქრობენ, რომ შეცდნენ. მერე ძალიან იბნევიან, შოკური მდგომარეობა აქვთ. აი, ასეთი "შურისძიება" ვიცი.

"ერთი პერიოდი "ჩემი" მოწყალების მთხოვნელები მყავდა" GzaPress

ზუზუ კუცია: - ვირთხის წელში დაბადებული მშვილდოსანი ვარ. ყოველ ახალ წელს დიდი სიხარულით ველოდები და წელს, რადგან ჩემი წელი დაიწყო, განცდებიც უფრო გამძაფრებული მაქვს. გასული წელიც კარგი იყო. რატომღაც მგონია, რომ წლევანდელი უკეთესი იქნება.

- ახალ წელს როგორ შეხვდი?

- რაც ბავშვი გამიჩნდა, შვილთან ერთად ვხვდები, დანარჩენ ახალ წელს კი ხან სად ვიყავი, ხან - სად. ერთი პერიოდი ბავშვთა გასართობ ცენტრში ვმუშაობდი, გამოძახებაზე მივდიოდით. მანქანა გაგვიფუჭდა და ახალ წელს ავტოგასამართ სადგურზე, სანტასთან ერთად შევხვდი. რაც მთავარია, ტკბილეული და შამპანური გვქონდა, ასე აღვნიშნეთ... ერთ ახალ წელს ისრაელში ვიყავი. იქ ხომ საერთოდ სხვა წელთაღრიცხვაა, სხვა კლიმატია, ძალიან ცხელოდა. ჩვენი კალენდრით ახალი წელი იყო, მათი კალენდრით - ერთი ჩვეულებრივი დღე და საერთოდ ვერ ვიგრძენი. 2014 წელი რომ დადგა, ეს ახალი წელი გამოტოვებული მაქვს.

- შრომისმოყვარეობა თქვენი თვისებაა?

- ნამდვილად, ვირთხა ყველაზე შრომისმოყვარე და ოჯახში შემომტანია.

- "ბუნებით შემგროვებელია, მაგრამ თანხა შეუძლია მომენტალურად, ერთ წუთში დახარჯოს".

- ზუსტად ასეა. მით უმეტეს, თუ თანხას ჩემი შვილისთვის ვხარჯავ. შეიძლება ჩემთვის იმდენი ვერ გავიმეტო, რამდენიც შვილისთვის.

- აგრესიული რა დროს ხდები?

- როცა მატყუებენ. ტყუილს ყოველთვის მწარე სიმართლე მირჩევნია. ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ.

- "ამ დროს ავი სიტყვების თქმასაც არ ერიდება".

- ეგრეა. არ ვფიქრობ, ის ადამიანი ვინ არის, როგორია, რანაირია... ჩემთვის ის მატყუარაა და დანარჩენს მნიშვნელობა აღარ აქვს.

- "თავის დარდებს არ ამჟღავნებს".

- პრობლემებს ყოველთვის ჩემში ვინახავ და ვცდილობ, კარგ ხასიათზე ვიყო.

- ეს რთული არ არის?

- რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ სხვას თავს ხომ არ მოვახვევ? როცა რაღაც მაწუხებს, მირჩევნია, გარეთ გავიდე, ხალხთან ურთიერთობა მქონდეს, ამ დროს ჩაკეტვა, მარტო ყოფნა არ შემიძლია. გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან ვპოულობ. ჩემს გასაკეთებელს ჩემზე უკეთ სხვა ვერ გააკეთებს, ნდობა არ მაქვს.

- "ცხოვრობს დღევანდელი დღით, მაგრამ ოცნებობს, უზრუნველყოს თავისი სიბერე. ქალი ვირთხა ამ მიზეზით კარადას ტანსაცმლით ავსებს ხოლმე".

- ვაიმე, ზუსტია! უამრავი ტანსაცმელი მაქვს, ყველა ფერადია, შავი არ მიყვარს, არც ბრენდებს ვანიჭებ უპირატესობას. მთავარია, თავს კომფორტულად ვგრძნობდე. ყველაზე მეტად სიბერის მეშინია. ასაკიანი ხალხი აღარ უნდათ და არ მინდა, მარტო დავრჩე.

- საკვებსაც ზედმეტად ბევრს იმარაგებ?

- არა, ეს თემა საერთოდ არ მაინტერესებს. განსაკუთრებული და საყვარელი კერძი არ მაქვს. ზოგჯერ მგონია, ჰაერით ვიკვებები, გურმანი საერთოდ არ ვარ.

- "ვირთხას შეუძლია საკუთარი სიამოვნებისთვის ყველაფერი მოსპოს".

- ეს იმ შემთხვევაში და იმ ადამიანებთან, რომლებიც მე არ მითვალისწინებენ, პატივს არ მცემენ. ასეთ შემთხვევაში ძალიან ახლობელი ნათესავიც კი შემიძლია დავკარგო, თავმოყვარეობის საკითხია. როგორც ოჯახის წევრების, ასევე სხვების მხრიდან პატივისცემა ჩემთვის აუცილებელია.

- "თავს არასდროს დაიჩაგრავს. თანხას თუ გასცემს, მხოლოდ ანგარებით".

- თავს მართლა არასდროს დავიჩაგრავ და არც სხვას დავაჩაგვრინებ, მაგრამ თანხის გაცემის ამბავში ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები. ერთი პერიოდი "ჩემი" მოწყალების მთხოვნელები მყავდა. რუსთაველიდან თავისუფლებამდე ფეხით სპეციალურად მივდიოდი, რომ ისინი შემხვედროდნენ. ზოგჯერ სხვა ადგილზეც მხვდებოდნენ და მეხუტებოდნენ, სხვებს ეს უკვირდათ.

"სხვის ხარჯზე არასდროს მიცხოვრია"

ნინო მუმლაძე: GzaPress- ვირთხა და ლომი ერთდროულად ვარ. იმედი მაქვს, კარგი წელი მექნება. ასტროლოგიით ვინტერესდები და როგორც ამბობენ, ახალი 12-წლიანი ციკლი იწყება. იმედია, ცვლილებებიც იქნება, ჩემს ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი დაიწყება.

- ამბობენ, ვირთხა აგრესიულიაო, ეთანხმები?

- თუ არ გააღიზიანებ, ვირთხა აგრესიული ცხოველი არ არის, თავისთვისაა და არავის ერჩის. თუ გამოიწვევ, შეტევაზე გადავა. ვირთხასთან ერთად ლომიც ვარ. შემიძლია, ძალიან დიდხანს ვითმინო, პოზიტიური და გაღიმებული ვიყო, მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი, ამ ზღვარს არ უნდა გადააბიჯონ.

- ემოციებს ყოველთვის გულწრფელად გამოხატავ თუ თავშეკავებულობა გჩვევია?

- მინდა თუ არა, ყველაფერი სახეზე მაწერია, ამიტომ მირჩევნია, არ ვითამაშო და გულწრფელი ვიყო.

- სხვისთვის უფრო იხარჯები, თუ საკუთარი თავისთვის?

- მგონი, ამ ცხოვრებისგან თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღოთ. ჩემი დამოკიდებულება ასეთია. ეს ცხოვრება ხომ იმ მოგონებებისგან შედგება, რომელსაც მერე ვიხსენებთ. ეს მოგონებები რაც შეიძლება სასიამოვნო მომენტებით სავსე უნდა იყოს. ამიტომ თანხასა და რესურსს არც ჩემი თავისთვის და არც სხვებისთვის არასდროს ვზოგავ. თუ სიტუაცია ჩემი კომფორტისთვის მოითხოვს, სხვა დამელოდოს ან ცოტა ხანი მოითმინოს, ეს მარტივად შემიძლია ვითხოვო.

- ვირთხა შემგროვებელია, ლომი - მფლანგველი. ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- ხან ერთი ვარ, ხან - მეორე. როცა საშუალება მაქვს, დანაზოგს ვაკეთებ. მერე ფინანსურად თუ გამიჭირდება, ჩემში ლომი იღვიძებს და ვირთხის დანაზოგს ფლანგავს. როცა რაღაც მინდა და მახსენდება, რომ საამისოდ თანხა არ მაქვს, დიდ დისკომფორტს განვიცდი. ამ დროს ჩემი ყულაბები იხსნება და ერთიანად იფლანგება.

- თავს რა შემთხვევაში იჩაგრავ ან როგორია შენი რეაქცია, როცა ხვდები, ვიღაც დაჩაგვრას გიპირებს?

- ვიჩაგრები იმ შემთხვევაში, როცა ვიცი, ჩემი ზედმეტი პრეტენზიულობით შეიძლება ახლობელს ვაწყენინო, რომლის წყენინებაც არ მინდა, ურთიერთობის გაფუჭებას ვერიდები. ამ დროს სხვა ადამიანებს ანგარიშს ყოველთვის ვუწევ. თუ ვხვდები, ის ვიღაც შეტევაზე გადმოდის და ჩემს დაჩაგვრას შეგნებულად ცდილობს, მაშინ უკან არაფერზე ვიხევ.

- შრომისმოყვარე ხარ?

- თუ ძალიან მომწონს საქმე, რომელსაც ვაკეთებ, შრომა არ მეზარება.

- "ვირთხას ურჩევნია იცხოვროს სხვის ხარჯზე, რომელიც მისთვის მუხლჩაუხრელად იშრომებს".

- არასდროს არავის მივცემ უფლებას, რომ ვინმემ რამე დამაყვედროს, ეს ჩემი ლომური სიამაყეა. თუ არის საშუალება, ვინმეს ვთხოვო დამილაგოს, გამირეცხოს ან დამიუთოოს, ამას მაქსიმალურად ვიყენებ. სხვის ხარჯზე კი არასდროს მიცხოვრია, ამის უფლებას ჩემი სიამაყე არასდროს მომცემს.

- კარადაში ტანსაცმელს მართლა აგროვებ?

- ამას ერთი მარტივი ახსნა აქვს, სხვადასხვა წელს სხვადასხვა ზომა ვარ და აბა, რა გავაკეთო? ხან ვერ ვეტევი, ხან დიდი მაქვს და ახლის შეძენა მიწევს.

- "ლომს" უყვარს ეფექტურად ჩაცმა, რითაც პიროვნულ გამორჩეულობას ხაზს უსვამს".

- მართალია, ლომებს კარგი ჩაცმა უყვართ. კონცერტი ან გადაღება თუ არ მაქვს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ჩვეულებრივად მაცვია. ტანსაცმელს არ ვაფეტიშებ, მასში ბევრი ფულის დახარჯვა მენანება. მირჩევნია გართობისთვის, დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის შემოვინახო.

- "ერთი შეხედვით უწყინარი ჩანს, მაგრამ გახსოვდეთ, კლანჭები აქვს დამალული".

- პოზიტივს გავცემ, ადამიანებს სულ ვუღიმი, მათდამი კეთილგანწყობილი ვარ, მაგრამ თუ დამჭირდება, კრიტიკულ სიტუაციაში კლანჭების გამოჩენაც ადვილად შემიძლია. მადლობა ღმერთს, რომ ეს ხშირად არ ხდება.

- "სურვილი აქვს, მართოს ოჯახი, მეგობრები, ახლობლები..."

- სამსახურში ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერზე კონტროლი საკუთარ თავზე ავიღო. ეს მთლად კარგი თვისება არ არის, მაგრამ ვერ ვმშვიდდები. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი მაქვს. რაიმეს რომ ვიკითხავ და ჩემი და მეტყვის ასეაო, არ არსებობს დავუჯერო, სანამ თავად არ გადავამოწმებ, რის გამოც მიბრაზდება ხოლმე.

- "უყვარს ჭორები. სურს იცოდეს ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება".

- ეს ცნობისმოყვარეობაა. ინფორმაციის შემგროვებელი უფრო მეტად ვარ, ვიდრე - გამცემი. ჭორაობა არ მიყვარს. ბევრი მეგობრისთვის საიმედო მესაიდუმლე ვარ. ჩემი ნდობა თამამად შეიძლება.

თამუნა კვინიკაძე