რისთვის სჭირდება თიკო ბულიას სუპერძალა - გზაპრესი

რისთვის სჭირდება თიკო ბულიას სუპერძალა

სახელი, გვარი: თიკო ბულია.

ასაკი: 10 წლის.

ამჟამინდელი საქმიანობა: სწავლობს სკოლაში (მე-5 კლასის მოსწავლეა), არის "კომედი შოუს" მსახიობი.

ჰობი: ხატვა, ცეკვა და სიმღერა.

არ გამორიცხავს, რომ ლაპლანდიელი სანტა-კლაუსი არსებობს, მაგრამ არ სჯერა, რომ საქართველოში ჩამოდის.

- ხშირად მეკითხებიან, - სად იყავი, "კომედი შოუში" რატომ არ ჩანდიო? საბავშვო სტუდიასთან ერთად, გასტროლებზე დავდივარ, ძირითადად - ქუთაისში, მაგრამ საერთოდ, კონცერტებს საქართველოს მასშტაბით ვატარებთ. მაგალითად, სამეგრელოში ბევრი კონცერტი გავმართეთ... 2 ინტერნეტგადაცემა გვაქვს. ერთი გადაცემის თემა "მეზღვაურები" იყო. ხალხს გავაცანით, მეზღვაურის პროფესია რთულია თუ არა, მეზღვაურებს ქვეყნიდან წასვლა რამდენი ხნით უწევთ და ა.შ.

- შენთვის იდეალური სკოლა როგორია?

- 4-5-სართულიანი, სადაც კვებისთვის სპეციალური ოთახი იქნებოდა გამოყოფილი და მოსწავლეს ნებისმიერ დასვენებაზე ჩასვლა შეგეძლებოდა. კლასები დიდი უნდა იყოს, ყველა კლასს - ტელევიზორი ჰქონდეს. მაგალითად, მაღალ კლასებში ტელევიზორები არის - ფიზიკისა და ქიმიის გაკვეთილზე იყენებენ. კიდევ, დერეფანი გრძელი და განიერი უნდა იყოს, რომ დასვენებაზე ბავშვები კარგად გაერთონ.

- მასწავლებლები როგორები უნდა იყვნენ?

- ზომიერად გულთბილები და ზომიერად მკაცრები.

- შენი საყვარელი სასწავლო საგანი რომელია?

- ინფორმატიკა, ქართული, ინგლისური ენა და ხელოვნება. არ არსებობს საგანი, რომელიც არ მიყვარს.

- საკონტროლო წერისას მეგობრისგან გადაგიწერია?

- არასდროს. "შპარგალკაც" არ გამომიყენებია. იყო შემთხვევა, როცა მათემატიკის ოლიმპიადაზე მეგობართან ერთად ვერ დავჯექი, ადგილები არ იყო. არადა, გვინდოდა, ერთმანეთისთვის პასუხები გვეთქვა. ამიტომ თითებით ვაჩვენებდით, ესა და ეს პასუხია სწორიო, მაგრამ მეგობრისგან არასოდეს გადამიწერია.

- დედიკომ ბოლოს რის გამო გისაყვედურა?

- იმის გამო, რომ ჭამის დროს დიდ ბურთზე ვხტუნავდი. ძალიან დიდი ბურთი მაქვს. სკამის ნაცვლად, მასზე ვზივარ. თან, ამ ბურთზე ვხტუნავ, თან - საჭმელს ვჭამ.

- როგორ ახერხებ?

- რა ვიცი, თან ვინელებ, თან - ვჭამ (იცინის).

GzaPress

- დაიკოსთან რის გამო კამათობ? - ჩემი და 15 წლისაა. მასთან ყველგან (თუნდაც - ქუჩაში) და ძალიან ხშირად ვკამათობ. ვაღიზიანებ ხოლმე: ხან თმას მოვქაჩავ, ხან - ვუჩქმეტ. ის ძალიან მშვიდია - მითმენს, მითმობს, მაგრამ თავადაც ისე რომ მექცევა, როგორც მას ვექცევი, მაშინვე ვცოფდები!

- როცა ისეთ საჩუქარს გჩუქნიან, რომელიც არ მოგწონს, როგორ იქცევი?

- საერთოდ, ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს: საჩუქარი თავად თუ არ ავარჩიე, შეიძლება, საერთოდ არ გავეკარო, მაგრამ ზოგჯერ ჩემს არჩეულზე მეტადაც მომწონებია. თუ საჩუქარი არ მომწონს, არ ვიმჩნევ, რომ ადამიანს არ ეწყინოს. საკუთარ თავს მის ადგილას წარმოვიდგენ და ვხვდები, რომ მეწყინება, თუ მეტყვიან, შენი საჩუქარი არ მომეწონაო.

- რომელი სუპერძალა გინდა, რომ გქონდეს?

- ერთი სერიალია - "უბრალოდ დაამატე წყალი". ეს სერიალი 3 გოგონას შესახებაა, რომლებსაც როგორც კი წყალი შეეხებათ, მაშინვე ქალთევზები ხდებიან. ეს ნამდვილად არ მინდა, მაგრამ ერთ-ერთ გოგონას - კლეოს სუპერძალა აქვს, რომლის მეშვეობითაც ხელებით სითხის ამოძრავება შეუძლია. მინდა, ეს მეც შემეძლოს. მაგალითად, წყლის დალევა რომ მომინდება, არ ავდგები - ონკანიდან წყალს პირდაპირ პირში შევისხამ.

- უჩინარი რომ იყო, რას გააკეთებდი?

- სხვის თავში ჩავძვრებოდი და მის აზრებს წავიკითხავდი.

- განსაკუთრებულად ვისი აზრები გაინტერესებს?

- ჩემი დის.

- შენთვის საყვარელი იუმორისტი ვინ არის?

- "კომედი შოუდან" ყველაზე მეტად ნიკა არაბიძე მიყვარს.

- რატომ?

- ძალიან კარგი ადამიანია. ცხოვრებაშიც ისეთივე ხუმარაა, როგორიც ტელეეკრანზე. ძალიან საყვარელია. მაგალითად, მისთვის "ნიკათი" არასოდეს მიმიმართავს - სულ "ღიპუცას" ვეძახი.

- შენს უარყოფით თვისებად რა მიგაჩნია?

- უნაკლო ადამიანი არ არსებობს. ჩემი უარყოფითი თვისება ის არის, რომ ჩემს დას ვაბრაზებ. სხვაგვარად არ შემიძლია. როცა სოფელში მიდის, ჩემი და კი არა, მასთან ჩხუბი მენატრება.

- რამ შეიძლება, ცუდ ხასიათზე დაგაყენოს?

- მარტო ყოფნა არ მიყვარს. ასევე, არ მიყვარს, როცა ადამიანი რამეს შემპირდება და არ ასრულებს. ეს მაღიზიანებს.

- 10 წლის მერე, შენი ცხოვრება როგორ წარმოგიდგენია?

- უკვე კარგად გაზრდილი, აზრზე მოსული, ჩამოყალიბებული ვიქნები, ჩემს დას აღარ ვეჩხუბები. ალბათ, არ დამეზარება და სწავლას გავაგრძელებ - მსახიობის პროფესიას უკეთ გავეცნობი, გადაღებებზე ვივლი... მინდა, კინომსახიობი გავხდე.

ეთო ყორღანაშვილი